დღევანდელ სტატიაში დავამთავრებთ ჩვენი ჟურნალის წინა ნომერში დაწყებულ საუბარს ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ. კერძოდ, მოგაწვდით ინფორმაციას:
ტურისტულ მომსახურებასთან, ბარგის გადაზიდვასთან, მგზავრთა გადაყვანასთან, საკუთრების მინდობასთან, მიბარებასთან, დაზღვევასთან, საბანკო კრედიტთან, თავდებობასთან, უსაფუძვლო გამდიდრებასა და ზოგიერთ სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ტურისტული ხელშეკრულებით მოგზაურობის მომწყობი (ტურისტული საწარმო) მოვალეა გაუწიოს ტურისტს (მოგზაურს) შეთანხმებული მომსახურება, ხოლო ტურისტი ვალდებულია მოგზაურობის მომწყობს გადაუხადოს შეპირებული ანაზღაურება გაწეული მომსახურებისათვის.
- რას წარმოადგენს ტურისტული
- ტურისტული მომსახურების პაკეტი მომსახურების ორი ან მეტი კომპონენტისაგან (კვება, ღამისთევა, სატრანსპორტო მომსახურება და სხვა) შემდგარი კომპლექსია, რომელთა ღირებულებაც შედის პაკეტის ფასში. მოგზაურობასთან (პაკეტთან) დაკავშირებული ნებისმიერი აღწერილობითი ფორმა, ღირებულება და ხელშეკრულების სხვა პირობები, რომლითაც ტურისტი უზრუნველყოფილია მოგზაურობის მომწყობის მიერ, არ უნდა შეიცავდეს ყალბ, არასათანადო და შეცდომაში შემყვან ინფორმაციას (28.04.2006 წ. #2946). ტურისტს მოგზაურობასთან (პაკეტთან) დაკავშირებით ხელშეკრულების დადებამდე, წერილობით ან ტურისტისთვის მისაღები სხვა ფორმით, უნდა მიეწოდოს დაწვრილებითი ინფორმაცია: ღირებულების, მისი გადახდის მეთოდებისა და განრიგის შესახებ; დანიშნულების ადგილისა და მიზნების, გამოსაყენებელი სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი დახასიათების შესახებ; განთავსების ტიპის, მდგომარეობის, კატეგორიის, მომსახურების ხარისხის, მისი კლასიფიკაციისა და სხვა ძირითადი მახასიათებლების, კვების, მარშრუტის, პასპორტთან და ვიზასთან, აგრეთვე მოგზაურობისათვის აუცილებელ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების, პაკეტის ღირებულებაში შესული ვიზიტების, ექსკურსიებისა და სხვა მომსახურების, ტურისტული მოგზაურობის მოსაწყობად აუცილებელი ტურისტთა გარკვეული რაოდენობის შეუგროვებლობის გამო ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ტურისტის ინფორმირების უკანასკნელი ვადის შესახებ და სხვა (28.04.2006 წ. #2946). თუ ტურისტი მოგზაურობის დაწყებამდე წყვეტს ხელშეკრულებას, პაკეტი უქმდება და მოგზაურობის მომწყობი ვალდებულია ტურისტს შესთავაზოს თავდაპირველის ეკვივალენტური პაკეტი, აანაზღაუროს ფასში განსხვავება, როცა ახალი პაკეტი არის ნაკლები ღირებულების ან დაუყოვნებლივ დაუბრუნოს ხელშეკრულების თანახმად გადახდილი თანხა. როდესაც მოგზაურობის მომწყობი მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით იძულებულია გამგზავრებამდე მნიშვნელოვნად შეცვალოს ხელშეკრულების არსებული პირობები, იგი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს ტურისტს, რათა ამ უკანასკნელმა მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის ან მისი შეცვლილი პირობების მიღების თაობაზე, რის შესახებაც დროულად უნდა აცნობოს მოგზაურობის მომწყობს.
- აქვს თუ არა ტურისტს უფლება მოითხოვოს მის ნაცვლად მოგზაურობაში მესამე პირის მონაწილეობა?
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 658-ე მუხლის შესაბამისად, მოგზაურობის დაწყებამდე ტურისტს უფლება აქვს მოითხოვოს მის ნაცვლად მოგზაურობაში მესამე პირის მონაწილეობა, მაგრამ აქვე გასათვალისწინებელია, რომ მოგზაურობის მომწყობს შეუძლია უარი განაცხადოს მესამე პირის მონაწილეობაზე, თუ იგი არ აკმაყოფილებს მოგზაურობისათვის აუცილებელ პირობებს. საპატიო მიზეზების არსებობისას ტურისტის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა დასაშვებია იმ შემთხვევაში, როცა მოგზაურობის მომწყობი პირი არ აღმოფხვრის ხარვეზებს დადგენილ ვადაში. ტურისტის მიერ ვადის განსაზღვრა არ არის აუცილებელი, თუ ხარვეზების გამოსწორება შეუძლებელია ან მოგზაურობის მომწყობი პირი უარს იტყვის მათ აღმოფხვრაზე, ან ხელშეკრულების შეწყვეტა გამართლებულია ტურისტის განსაკუთრებული ინტერესებით. თუ მოგზაურობა ჩაიშალა ან იგი არაჯეროვნად იყო ორგანიზებული, ტურისტს შეუძლია მოითხოვოს ასევე შვებულების უსარგებლოდ დაკარგვით გამოწვეული შესაბამისი ფულადი ანაზღაურება. იმ შემთხვევაში, როცა ხელშეკრულება, ტურისტის ბრალის გარეშე, მოგზაურობის დაწყებამდე შეწყდა, მას უფლება აქვს მოითხოვოს შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ: ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია მოგზაურობის მოსაწყობად აუცილებელ პირთა რაოდენობის სიმცირე, რის შესახებაც ტურისტს წერილობითი ფორმით ეცნობება იმ ვადის განმავლობაში, რომელიც მითითებულია მოგზაურობის (პაკეტის) აღწერილობაში; ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზია დაუძლეველი ძალა. აღსანიშნავია, რომ მოგზაურობის მომწყობი ან მისი წარმომადგენელი ვალდებულია სწრაფი რეაგირება მოახდინოს ტურისტის საჩივარზე და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება (28.04.2006 #2946).