სახელშეკრულებო ვალდებულების ძირითადი საფუძვლები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სახელშეკრულებო ვალდებულების ძირითადი საფუძვლები

ხელშეკრულება წარმოადგენს ორი ან მეტი პირის შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო უფლება-მოვალეობის წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას. იგი გარიგების ნაირსახეობაა და ამიტომ მასზე ვრცელდება ის ზოგადი დებულებები, რაც კანონით გარიგების მიმართ არის დადგენილი. გარიგება შეიძლება იყოს ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა. გარიგება უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე ხელშეკრულება. ყოველი ხელშეკრულება ამავე დროს გარიგებას წარმოადგენს, მაგრამ ყველა გარიგება ხელშეკრულება არ არის. მაგალითად, უარის თქმა სამკვიდრო ქონების მიღებაზე. აქ ერთი პირის ნებაა გამოხატული და ასეთი მოქმედება არ შეიძლება ჩაითვალოს ხელშეკრულებად, რადგან ხელშეკრულება ყოველთვის გულისხმობს პირთა შეთანხმებას. ნასყიდობის ხელშეკრულება ხელშეკრულების ყველაზე გავრცელებული სახეა, რომლის თანახმადაც, გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს ქონებაზე საკუთრების უფლება, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი ვალდებულია, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

- შეიძლება თუ არა, ხელშეკრულებაში არ იყოს მითითებული ქონების ფასი?

- თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე. 2007 წლის 15 მარტს ამოქმედდა საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 8 დეკემბრის #3879 კანონი, რომლის თანახმადაც, ცვლილება შევიდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 479-ე მუხლში: მიწის ნაკვეთისა და სხვა უძრავი ნივთის გამყიდველს ეკისრება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და ამისთვის აუცილებელი საბუთების წარდგენის ხარჯები, თუ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. გარდა ამისა, მიწის ნაკვეთის გამყიდველი ვალდებულია გადაიხადოს ამ ნაკვეთის ათვისებისა და მსგავსი ღონისძიებების გატარებისთვის ხელშეკრულების დადებამდე გაწეული ხარჯები, მიუხედავად გადახდის ვალდებულების წარმოშობის მომენტისა.

- როგორ წყდება საკითხი, თუ გამყიდველმა ერთი და იგივე საქონელი რამდენიმე პირს მიჰყიდა? რომელ მყიდველს ენიჭება უპირატესობა?

- ამ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ მყიდველს, რომლის მფლობელობაშიც პირველად გადავიდა იგი, ხოლო თუ საქონელი არც ერთს არ გადასცემია, მაშინ მას, ვისთანაც ხელშეკრულება უფრო ადრე დაიდო. მოძრავ ნივთებზე საკუთრების გადაცემისთვის საჭიროა, მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე შემძენს გადასცეს ნივთი. კანონი მიუთითებს, თუ რა ჩაითვლება ნივთის გადაცემად. ეს არის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში შემძენისთვის, ხოლო მყიდველი ნაყიდი ნივთის მესაკუთრე გახდება გამყიდველის მიერ მისთვის ნივთის გადაცემის მომენტიდან. გამყიდველი ვალდებულია, მყიდველს გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. ნივთი ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა იმ შემთხვევაში, თუ იგი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხისაა, ხოლო თუ მისი ხარისხი ხელშეკრულებით არ იყო განსაზღვრული - თუ ვარგისია სარგებლობისთვის. ნაკლის მქონე ნივთის გაყიდვის შემთხვევაში უპირველესად უნდა გაირკვეს, იცოდა თუ არა მყიდველმა ნივთის ნაკლის შესახებ. თუ მან ამის შესახებ იცოდა და მაინც მიიღო ნაკლის მქონე ნივთი, ასეთ მყიდველს ნივთის ნაკლის გამო ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება არ წარმოეშობა. აქვე გასათვალისწინებელია, რომ, კანონით, მყიდველს ნაყიდი ნივთის ხარისხის შემოწმება მაშინვე არ ევალება, ამიტომ თუ მყიდველმა მალევე აღმოაჩინა ნაკლი, მას შეუძლია, ნივთი დაუბრუნოს გამყიდველს, ხოლო გამყიდველი, თავის მხრივ, ვალდებულია, გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს იგი საამისოდ აუცილებელ ვადაში.


- რა ვალდებულება ეკისრება გამყიდველს, როცა ნივთი ნაკლის მქონეა და შეუძლია თუ არა მას უარი თქვას ნაკლის გამოსწორებაზე?

- კანონის თანახმად, გამყიდველს ეკისრება ნაკლის გამოსწორებისთვის აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება, მათ შორის - ტრანსპორტირების, სამუშაოს შესრულებისა და მასალის ღირებულების ხარჯებისა, მაგრამ გამყიდველს შეუძლია უარი თქვას როგორც ნაკლის გამოსწორებაზე, ასევე ნივთის შეცვლაზეც, თუ ეს შეუსაბამოდ დიდ ხარჯებს მოითხოვს. აქვე გასათვალისწინებელია, რომ თუ გამყიდველი ნაკლის გამოსწორების მიზნით მყიდველს გადასცემს უნაკლო ნივთს, მას შეუძლია მყიდველს მოსთხოვოს ნაკლის მქონე ნივთის უკან დაბრუნება. თუ მყიდველი მეწარმეა, იგი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეამოწმოს ნივთი. თუ იგი ნაკლის აღმოჩენიდან შესაბამის ვადაში ან იმ ვადაში, რომლის განმავლობაშიც ცნობილი უნდა ყოფილიყო მისთვის ნაკლის არსებობა, არ წარუდგენს გამყიდველს პრეტენზიას, მას ერთმევა ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლება. თუ გამყიდველი ნივთის ვარგისობის ვადას განსაზღვრავს, ივარაუდება, რომ ამ ვადის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლი მყიდველს აძლევს მოთხოვნის უფლებას. ხელშეკრულებით შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს გამყიდველის პასუხისმგებლობა ნაკლის მქონე ნივთის გაყიდვისას, მაგრამ ასეთი შეთანხმება ბათილი იქნება, თუ გამყიდველი განზრახ დუმდა ნივთის ნაკლის შესახებ. კანონი ადგენს გამყიდველის მიერ გაყიდული ნივთის შენახვის მოვალეობას იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი დროულად არ მიიღებს ნივთს ან თავის დროზე არ გადაიხდის ფასს. ასევე გამყიდველს უფლება აქვს დაიტოვოს ნივთი ან დააკავოს გზაში, ვიდრე მყიდველი არ აუნაზღაურებს შესაბამის ხარჯს. მხარეს, რომელიც ვალდებულია შეინახოს ნივთი, შეუძლია მეორე მხარის ხარჯზე ნივთი შეინახოს მესამე პირის საწყობში, თუ ეს არ წარმოშობს არათანაზომიერ ხარჯებს.

- აქვს თუ არა უფლება მხარეს, რომელიც ნივთს ინახავს, გაყიდოს იგი და თუ აქვს, კანონის თანახმად, რა ვალდებულება ეკისრება მას ნივთის გაყიდვის შემთხვევაში?

- მხარეს, რომელიც კანონით გათვალისწინებული წესების დაცვით ინახავს ნივთს, შეუძლია გაყიდოს ეს ნივთი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეორე მხარე აყოვნებს ნივთის მიღებას ან შენახვის ხარჯების ანაზღაურებას. ამის შესახებ მან უნდა აცნობოს მეორე მხარეს. ამავე დროს, იგი უფლებამოსილია, ნავაჭრიდან დაიტოვოს თანხა, რომელიც შეესაბამება ნივთის შენახვისა და გაყიდვის ხარჯებს, დანარჩენი კი გადასცეს მეორე მხარეს. სხვაგვარად წყდება საკითხი, როცა საქმე გვაქვს განვადებით ნასყიდობასთან. ამ შემთხვევაში გამყიდველი ვალდებულია, გადასცეს ნივთი მყიდველს ფასის გადახდამდე. ნივთის ფასს მყიდველი გადაიხდის ნაწილ-ნაწილ, დროის განსაზღვრულ შუალედში.

- გთხოვთ აგვიხსნათ, ნივთის განვადებით შეძენისას რა ფორმით უნდა დაიდოს განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება და რა უნდა აღინიშნოს მასში.

- განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით. ხელშეკრულებაში უნდა აღინიშნოს: ნაღდი გადახდის ოდენობა; ნაწილ-ნაწილ გადასახდელი თანხის ოდენობა და გადახდის დრო; წლიური პროცენტის ოდენობა. ამასთან, გამყიდველი ვალდებულია, მყიდველს გადასცეს ნასყიდობის საბუთის ასლი. ვალდებულების შეუსრულებლობისას თუ გამყიდველი იტოვებს უფლებას, უარი თქვას ხელშეკრულებაზე იმ შემთხვევისთვის, როცა მყიდველი არ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს, უარის თქმისას ორივე მხარე ვალდებულია, დაუბრუნოს ერთმანეთს ის, რაც ხელშეკრულებით მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ამის საწინააღმდეგო შეთანხმება ბათილია. თუ გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს ნივთის გამოსყიდვის უფლება, ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია გამყიდველის ნებაზე. გამოსყიდვა ხდება თავდაპირველი ფასით. ამასთან, მყიდველს უფლება აქვს, მოითხოვოს ის თანხაც, რომლითაც გაიზარდა საქონლის ღირებულება გამოსყიდვის მომენტამდე სასარგებლო დანახარჯების შედეგად, ხოლო გამომსყიდველს შეუძლია მოითხოვოს იმ თანხის გამოკლება, რომლითაც შემცირდა საქონლის ღირებულება მის გამოსყიდვამდე.

- განსაზღვრულია თუ არა ნივთის გამოსასყიდად გარკვეული ვადა?

- დიახ, განსაზღვრულია და იგი არ შეიძლება აღემატებოდეს ხუთ წელს. ამ ვადის გაგრძელება კანონით დაუშვებელია. კანონი მიუთითებს ზოგიერთ შემთხვევაზე, როდესაც პირს აქვს ნივთის უპირატესი შესყიდვის უფლება. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ უფლების მქონე პირებს სხვებთან შედარებით აქვთ უპირატესი უფლება, იყიდონ ესა თუ ის ქონება. მაგ., საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1470-ე მუხლის თანახმად, თანამემკვიდრის მიერ სამკვიდროდან თავისი წილის განკარგვის შემთხვევაში სხვა თანამემკვიდრეებს უპირატესი შესყიდვის უფლება აქვთ. მნიშვნელოვანია, რომ გამყიდველს, ანუ ვალდებულ პირსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულება ბათილია, თუ ამით ნასყიდობის ხელშეკრულება დამოკიდებული ხდება უპირატესი შესყიდვის უფლების გამოუყენებლობაზე. ე.ი. ვალდებულ პირს უფლება არ აქვს, შეუთანხმდეს მესამე პირს ქონების მიყიდვაზე, თუ უპირატესი შესყიდვის მქონე პირი ამ უფლების გამოყენებაზე უარს იტყვის.