საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვა მოქმედი კანონის შესაბამისად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვა მოქმედი კანონის შესაბამისად

სურთ, უფრო სრულყოფილი წარმოდგენა ჰქონდეთ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დაცვის საკითხებზე; გვიგზავნიან შეკითხვებს, რათა ჩვენ მიერ გაცემული პასუხები, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენონ საკუთარი უფლებების დასაცავად; მადლობას უხდიან რედაქციას უფასო იურიდიული კონსულტაციებისთვის. ჩვენც მადლობას მოვახსენებთ თითოეულ მათგანს (განსაკუთრებით - საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს, რომელთაც, მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ძალიან უყვართ ჩვენი ჟურნალი) უამრავი თბილი და საქმიანი ზარისთვის, ერთხელ კიდევ შევახსენებთ ტელეფონის ნომერს, რომელზეც შეუძლიათ დაურეკონ რუბრიკის წამყვანს - 593 359909 - და ვპირდებით, რომ ყველა კითხვაზე კონკრეტულ პასუხს მიიღებენ.

დაინტერესებულ მკითხველთა თხოვნით, უპირველესად განვმარტავთ, რას გულისხმობს ნაწარმოების ავტორთა პირადი არაქონებრივი და ქონებრივი უფლებები. მოქმედი კანონის შესაბამისად. ნაწარმოების ავტორის უფლებებია, აღიარებულ იქნეს ნაწარმოების ავტორად და მოითხოვოს ასეთი აღიარება ნაწარმოების ყოველ ეგზემპლარზე ან ნებისმიერი სახით გამოყენებისას, ავტორის სახელის მითითების მოთხოვნის უფლების ჩათვლით (ავტორობის უფლება); მიუთითოს ფსევდონიმი სახელის ნაცვლად და მოითხოვოს ასეთი აღიარება ნაწარმოების ყოველ ეგზემპლარზე ან ნებისმიერი სახით გამოყენებისას, აგრეთვე უარი თქვას სახელის აღნიშვნაზე (სახელის უფლება); გადაწყვიტოს, როდის, სად და რა ფორმით გახადოს ცნობილი ნაწარმოების შექმნის ფაქტი; ნება დართოს სხვა პირებს, შეიტანონ ცვლილებები როგორც თვით ნაწარმოებში, ისე მის სახელწოდებაში (სათაურსა და ავტორის სახელში), აგრეთვე წინ აღუდგეს მისი თანხმობის გარეშე ნაწარმოებში ცვლილებების შეტანას (ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლება).

იქნებ აგვიხსნათ, სამართლებრივად რით გამოიხატება ნაწარმოების გამოხმობის და ავტორის რეპუტაციის პატივისცემის უფლება.

- ნაწარმოების გამოხმობა გულისხმობს ავტორის უფლებას, მოითხოვოს ნაწარმოების გამოყენების შეწყვეტა. ამ შემთხვევაში ავტორი ვალდებულია, საჯაროდ განაცხადოს ნაწარმოების გამოხმობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ნაწარმოების გამოხმობის უფლება არ ვრცელდება სამსახურებრივ ნაწარმოებებზე. რეპუტაციის პატივისცემის უფლება არის ავტორის შესაძლებლობა, დაიცვას ნაწარმოები ყოველგვარი დამახინჯების ან სხვაგვარი ხელყოფისგან, რომელმაც შეიძლება შელახოს ავტორის პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია. მნიშვნელოვანია, რომ პირადი არაქონებრივი უფლებები ავტორს ეკუთვნის მისი ქონებრივი უფლებებისგან დამოუკიდებლად და უნარჩუნდება ამ უფლების დათმობის შემთხვევაშიც. რაც შეეხება ნაწარმოების ავტორთა ქონებრივ უფლებებს, ისინი შემდეგში მდგომარეობს: ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება. ეს უკანასკნელი ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს ნაწარმოების რეპროდუცირება, მისი ორიგინალის ან ასლების გავრცელება გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით (გავრცელების უფლება); ნაწარმოების ასლების იმპორტირება გაყიდვის ან გაქირავების ანდა საკუთრების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის მიზნით, იმ ასლების ჩათვლით, რომლებიც დამზადებულია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობით (იმპორტის უფლება); ნაწარმოების საჯარო ჩვენება, საჯარო გადაცემა; საჯარო შესრულება და სხვა.

გთხოვთ, აგვიხსნათ: 1. არის თუ არა კანონით გათვალისწინებული ისეთი შემთხვევები, როდესაც დაუშვებელია საჯარო ჩვენების უფლების გამოყენება. 2. ნაწარმოების საჯარო გადაცემა მხოლოდ პირველ გადაცემას გულისხმობს თუ ხელახალსაც.

- 1. ნაწარმოების საჯარო ჩვენების უფლება არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საჯარო ჩვენება არის სამოქალაქო ბრუნვაში გაშვებული ნაწარმოების კანონიერი შესყიდვის შედეგი. 2. ნაწარმოების საჯარო გადაცემა გულისხმობს როგორც პირველ, ისე ხელახალ გადაცემას, აგრეთვე ნაწარმოების გადაცემას სადენით ან უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით, ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისთვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან. ავტორს ან განსაკუთრებული საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს მიიღოს საავტორო ჰონორარი მისი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისთვის. საავტორო ჰონორარის ოდენობა, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენებისთვის დგინდება, ერთი მხრივ, ავტორს, საავტორო უფლების სხვა მფლობელს ან ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას და, მეორე მხრივ, მოსარგებლეს შორის დადებული ხელშეკრულებით. ნაწარმოების კაბელით ხელახალი გადაცემის შემთხვევაში, საავტორო ჰონორარის ოდენობას, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესს ადგენს მხოლოდ ამ ორგანიზაციასა და მოსარგებლეს შორის დადებული ხელშეკრულება.


ვის კომპეტენციაში შედის სადავო საკითხის საბოლოო გადაწყვეტა, თუ მმართველმა ორგანიზაციამ და მოსარგებლემ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ჰონორარის ოდენობისა და გადახდის წესის თაობაზე?

- თქვენ მიერ აღნიშნულ შემთხვევაში ჰონორარის ოდენობას, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესს ერთ-ერთი მხარის ან მხარეების მიმართვის საფუძველზე განსაზღვრავს "საქპატენტი", რომლის გადაწყვეტილებაც შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში გადაწყვეტილების მიღებიდან ორი თვის ვადაში. მოქმედი კანონით განსაზღვრულია კომპიუტერული პროგრამის ავტორის უფლებები პროგრამებსა და მონაცემთა ბაზებზე. იგი სარგებლობს უფლებით, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს კომპიუტერული პროგრამის რეპროდუცირება ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით, მთლიანად ან ნაწილობრივ, მაგრამ აქვე გასათვალისწინებელია, რომ თუ ასეთი რეპროდუცირება ესაჭიროება კომპიუტერული პროგრამის ჩატვირთვას, ჩვენებას, მუშაობას, გადაცემას (ტრანსმისიას) ან შენახვას, აუცილებელია ავტორის თანხმობა.

მაინტერესებს, რა უფლებით სარგებლობს მონაცემთა ბაზის ავტორი; სახელდობრ, რისი განხორციელების, ნების დართვის ან აკრძალვის შესაძლებლობა აქვს მას.

- მოქმედი კანონის თანახმად, მონაცემთა ბაზის ავტორი განსაზღვრულ უფლებებთან ერთად სარგებლობს განსაკუთრებული უფლებით, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს მონაცემთა ბაზის დროებითი ან მუდმივი რეპროდუცირება ნებისმიერი საშუალებით და ფორმით, მთლიანად ან ნაწილობრივ; მონაცემთა ბაზის თარგმნა, ადაპტირება, სისტემატიზება ან სხვაგვარი ცვლილება და მიღებული შედეგების რეპროდუცირება, გავრცელება, საჯარო გადაცემა, ჩვენება ან შესრულება, ნებისმიერი გადაცემა, ჩვენება ან შესრულება საზოგადოების წინაშე, დიალოგური, პირდაპირი ტრანსლაციის ჩათვლით. კიდევ უფრო სრულყოფილად ასახავს კანონი სახვითი ხელოვნების ნაწარმოებების ავტორთა უფლებებს. მათ უფლება აქვთ მოსთხოვონ ნაწარმოების მესაკუთრეს საშუალება მისცეს განახორციელონ თავიანთი ნაწარმოების რეპროდუცირება (დაშვების უფლება), მაგრამ გათვალისწინებულია ისიც, რომ მესაკუთრეს არ შეიძლება მოეთხოვოს ნაწარმოების მიტანა ავტორთან. სახვითი ხელოვნებისა და ფოტოგრაფიული ნაწარმოების ორიგინალის პირველად გასხვისების შემდეგ მისი ყოველი მომდევნო გაყიდვის შემთხვევაში ავტორს ან მის მემკვიდრეებს უფლება აქვთ, გამყიდველისგან მიიღონ ჰონორარი შემდეგი ოდენობით: თუ გასაყიდი ფასია 500 ლარიდან 100 000 ლარამდე - 4%; თუ გასაყიდი ფასია 100000,01 ლარიდან 400 000 ლარამდე - 4000 ლარს + 100 000,01 ლარს ზემოთ თანხის 3%; თუ გასაყიდი ფასია 400 000,01 ლარიდან 700 000 ლარამდე - 13 000 ლარს + 400 000,01 ლარს ზემოთ თანხის 1%; თუ გასაყიდი ფასია 700 000,01 ლარიდან 1 000 000 ლარამდე - 16000 ლარს + 700 000,01 ლარს ზემოთ თანხის 0,5% თუ გასაყიდი ფასია 1 000 000 ლარზე მეტი -  17500 ლარს + 1 000 000 ლარს ზემოთ თანხის 0,25%. ზემოაღნიშნული წესით დადგენილი ჰონორარი (გადასახადების გადახდის გარეშე) არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.

გთხოვთ, გვითხრათ, ნებადართულია თუ არა კანონით რომელიმე სახის ნაწარმოების რეპროდუცირება ფიზიკურ პირთა მიერ პირადი სარგებლობისთვის, თუნდაც ჰონორარის გადახდის გარეშე?

- ნებადართულია მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ნაწარმოების რეპროდუცირება ფიზიკურ პირთა მიერ მხოლოდ პირადი სარგებლობისთვის ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე. იმ მკითხველთა საყურადღებოდ, რომლებიც დაინტერესებული არიან ბიბლიოთეკების არქივებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ნაწარმოების რეპროგრაფიული გამრავლების სამართლებრივი საკითხებით, განვმარტავთ, რომ კანონით გათვალისწინებულია რეპროგრაფიული გამრავლება პირდაპირი და არაპირდაპირი მოგების მიუღებლად, ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, მაგრამ გამოყენებული ნაწარმოების ავტორისა და დასესხების წყაროს აუცილებელი მითითებით, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში - იმ მოცულობით, რომელიც განსაზღვრულია დასახული მიზნით. მსგავსი რეპროგრაფიული გამრავლება დაიშვება ერთეულ ასლებად, მართლზომიერად გამოცემული ნაწარმოებების, განადგურებული, დაკარგული და სარგებლობისთვის გამოუსადეგარი ასლების შესაცვლელად ბიბლიოთეკებისა და არქივების მიერ, სხვა ბიბლიოთეკების ფონდებიდან დაკარგული, განადგურებული ან სარგებლობისთვის გამოუსადეგარი ასლების შესაცვლელად ამ ბიბლიოთეკებისთვის გადაცემის მიზნით, თუ ასეთი ასლების მიღება სხვა გზით შეუძლებელია, ერთეულ ასლად, მართლზომიერად გამოცემული ცალკეული სტატიებისა და სხვა მცირე მოცულობის ნაწარმოებების ან წერილობითი ნაწარმოების, მოკლე ნაწყვეტების (კომპიუტერული პროგრამების გარდა) ბიბლიოთეკებისა და არქივების მიერ, ფიზიკურ პირთა მოთხოვნით, სასწავლო, სამეცნიერო ან პირადი მიზნით; მართლზომიერად გამოცემული ცალკეული სტატიებისა და სხვა მცირე მოცულობის ნაწარმოებების ან წერილობითი ნაწარმოებების მოკლე ნაწყვეტებისა (კომპიუტერული პროგრამების გარდა) საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მეცადინეობისთვის.