სოციალური პრობლემები

ოჯახი და სამართალი

ოჯახი და სამართალი

რუბრიკას უძღვება "ოჯახის მკურნალის" ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში, იურისტი და ჟურნალისტი ირინე ღლონტი.

გთხოვთ, ამიხსნათ, როგორი წესით მოხდება იძულებით გა-დაადგილებული პირებისთვის (დევნილებისთვის) დანამატის გადაანგარიშება და გაცემა ასაკის მომატებასთან დაკავშირებით. მაინტერესებს, ხომ არ უნდა მივმართო ამის თაობაზე განცხადებით სოციალური უზრუნველყოფის განყოფილებას, ვთქვათ, როცა შემისრულდება 71 წელი, თუ პენსიაზე ავტომატურად დამერიცხება 10-ლარიანი დანამატი?

- ამ შემთხვევაში სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულისთვის (ყოფილი სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება) მიმართვა საჭირო არ არის. დანამატის გადაანგარიშება და გაცემა მოხდება ავტომატურად, შესაბამისი ასაკის შესრულების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.  აქვე მნიშვნელოვანია

ერთი გარემოება: იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილს,  რომელიც შემდგომში მოიპოვებს შრომის სტაჟის დამადასტურებელ დოკუმენტებს, უფლება აქვს მათ საფუძველზე მოითხოვოს დანამატის დანიშვნა და გადაანგარიშება საქართველოს დანარჩენი პენსიონერებისთვის გათვალისწინებული წესის მიხედვით. ამასთან, თუ მას ასაკის გამო მინიმალური პენსია დანიშნული აქვს 2007 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით, შრომის სტაჟის
დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში სოციალური მომსახურების სააგენტო დანამატის გაცემას (ანაზღაურებას) უზრუნველყოფს 2007 წლის 1 სექტემბრიდან, ხოლო 2007 წლის 1 სექტემბრის შემდეგ ასაკის გამო მინიმალური პენსიის პირველადი დანიშვნის ან სხვა სახის (კატეგორიის) პენსიიდან ასაკის გამო მინიმალური ოდენობის პენსიაზე გადასვლის შემთხვევებში ზემოაღნიშნული დანამატის დანიშვნა და გაცემა (ანაზღაურება) მოხდება სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში ასაკის გამო მინიმალური პენსიის დანიშვნის შესახებ განცხადების შეტანის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. აღსანიშნავია, რომ იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილს, მიუხედავად შრომის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტების არსებობისა, უფლება აქვს აირჩიოს პენსიაზე დანამატის დარიცხვა ასაკის გათვალისწინებით. ბუნებრივია, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დევნილს მოპოვებული დოკუმენტებით დადასტურებული შრომის სტაჟით ნაკლები დანამატი ეკუთვნის, ვიდრე ასაკის გათვალისწინებით. შრომის სტაჟის დასადასტურებლად მიიღება ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც გასცემს კომპეტენტური ორგანო, თუ იგი მოიცავს საჭირო ინფორმაციას პირის შრომითი საქმიანობის პერიოდის შესახებ. თუ მოქალაქეს არ გააჩნია შრომითი სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტები და არ შეუძლია მათი მიღება ან აღდგენა, შრომის სტაჟის დადგენა ხდება სასამართლოს მიერ. 


ვარ სამაჩაბლოდან დევნილი, ორ თვეში მისრულდება საპენსიო ასაკი. ადრე ვიღებდი ინვალიდობის პენსიას, რომელიც ინვალიდობის ჯგუფის მოხსნის გამო 10 წლის წინ შემიწყვიტეს. ინვალიდობის პენსიის დანიშვნის დროს, იმჟამად მოქმედი წესის მიხედვით, დადგენილი მქონდა შრომის სტაჟი. მინდა ვიცოდე, შეიძლება თუ არა ათი წლის წინ მოქმედი კანონით დადგენილი სტაჟი დაედოს საფუძვლად ამჟამად საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნულ პენსიაზე დანამატის დარიცხვას.


- დიახ, შეიძლება, ვინაიდან "შრომითი სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიის დანამატის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 29 აგვისტოს #181 დადგენილებაში აღნიშნულია, რომ თუ დევნილს არ გააჩნია შრომის სტაჟის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტები, ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებული წესების მიხედვით, ადრე დადასტურებული და გამოთვლილი შრომის სტაჟი შეიძლება გახდეს ასაკის გამო მინიმალური ოდენობით დანიშნულ პენსიაზე დანამატის გაანგარიშების საფუძველი. 2008 წლის 1 იანვრიდან ასაკის გამო მინიმალური ოდენობის სახელმწიფო პენსიის მიმღებს ან მის მაძიებელს დანამატი დაენიშნება (გადაუანგარიშდება) და აუნაზღაურდება შესაბამისად, დანამატის გაანგარიშების ან დანიშვნის შესახებ განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. დანამატის გაცემის (ანაზღაურების) ვადები ვრცელდება იმ შრომით სტაჟზე, რომელიც პირს ჰქონდა ასაკის გამო მინიმალური პენსიის დანიშვნის შესახებ კომპეტენტურ ორგანოში განცხადების შეტანამდე. აღნიშნული ვადების შემდგომ წარმოქმნილი შრომის სტაჟის საფუძველზე დანამატის გაცემა (ანაზღაურება) წარმოებს შესაბამისი განცხადებისა და სტაჟის დამადასტურებელი საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიის შეჩერება, განახლება და შეწყვეტა ავტომატურად იწვევს შრომის სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნულ სახელმწიფო პენსიაზე დანამატის შეჩერებას, განახლებას ან შეწყვეტას. იმავდროულად, დანამატის შეჩერების დამატებითი საფუძველია ახალგამოვლენილ გარემოებათა გამო შრომითი სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტების სანდოობის შესწავლა-შემოწმება. თუ შემოწმების შედეგად შრომის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის სინამდვილე ვერ დადასტურდა, ეს გარემოება გახდება დანამატის მიღების ან შეწყვეტის საფუძველი.


მოქმედი კანონის თანახმად, აკისრია თუ არა პასუხისმგებლობა მოქალაქეს როგორც პენსიის დასანიშნად, ისე მასზე დანამატის დასარიცხად წარდგენილი დოკუმენტების სისწორეზე, თუ ამ დოკუმენტების გამცემი ორგანოები აგებენ პასუხს არასწორი მონაცემების შემცველი საბუთების გაცემისთვის?


- ამ შემთხვევაში ორივე მხარეს აკისრია პასუხისმგებლობა, სახელდობრ, მოქალაქე/პენსიონერი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი სანდო დოკუმენტების მოძიება და პასუხისმგებელია წარდგენილი დოკუმენტების სისწორეზე, მაგრამ მეტი პასუხისმგებლობა აკისრიათ შრომის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტების გამცემ ორგანოებს. ისინი პასუხს აგებენ მათ მიერ გაცემული და დადასტურებული დოკუმენტების სისწორეზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ჩვენი რუბრიკის მკითხველთა დიდ ნაწილს აინტერესებს, ასაკით პენსიონერთა გარდა, კიდევ რომელ კატეგორიაზე გავრცელდა პენსიის მომატება 2011 წლის 1 სექტემბრიდან, ერიცხებათ თუ არა პენსიაზე დანამატი შრომის სტაჟის გათვალისწინებით ინვალიდობით (მათ შორის - ომში დაინვალიდებულ) პენსიონერებს და, მოქმედი კანონის შესაბამისად, რა სახის ყოველთვიური დახმარებები და შემწეობები გაიცემა როგორც დევნილებზე, ისე საქართველოს დანარჩენ შეჭირვებულ მოსახლეობაზე. განვმარტავთ, რომ საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიის გარდა, 2011 წლის 1 სექტემბრიდან 80 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის (იმავე პირველი ჯგუფის ინვალიდებისთვის) დანიშნული სახელმწიფო პენსიის ოდენობა. დანარჩენი კატეგორიის პენსიონერებს (მათ შორის - ომის ინვალიდებს) პენსია არ მომატებიათ. დაინტერესებულ მკითხველს აქვე ვაცნობებთ, რომ ინვალიდობით პენსიაზე შრომის სტაჟის ხანგრძლივობის ან სხვა სახის დანამატის დარიცხვა, დღემდე მოქმედი კანონით, სამწუხაროდ, არ არის გათვალისწინებული. რაც შეეხება დახმარება-შემწეობებს, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისა და ცალკეული პირების ქვემოთ მითითებულ კატეგორიებზე (მათ შორის - დევნილთა ოჯახებზე) 2007 წლის 1-ელ იანვრამდე დანიშნული ყოველთვიური დახმარების გაცემა გრძელდება შემდეგი ოდენობით:

  • მარტოხელა არამომუშავე პენსიონერთა ერთსულიან ოჯახზე - 22 ლარი, არამომუშავე პენსიონერთა 2 და მეტსულიან ოჯახზე - 35 ლარი;
  • დედ-მამით ობოლ 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე, მეურვის შრომისუნარიანობის მიუხედავად, ერთ ბავშვზე  - 22 ლარი;
  • არამომუშავე, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ერთ პირზე - 22 ლარი;
  • 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე, ერთ ბავშვზე - 22 ლარი;
  • მრავალშვილიან ოჯახზე, რომელსაც ჰყავს 7 ან 7-ზე მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი - 35 ლარი.

როგორც კანონშია ხაზგასმული, ზემოაღნიშნული სოციალური დახმარების გაცემა შეუწყდებათ უმწეო მდგომარეობაში მყოფ იმ ოჯახებს, რომლებიც მოხვდებიან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესითა და პირობებით იდენტიფიცირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და დაენიშნებათ "სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის #145 დადგენილებით გათვალისწინებული საარსებო შემწეობა. ყოველთვიური სახელმწიფო დახმარება გაიცემა:

ლ სახელმწიფო პენსიის/სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ მარტოხელა, "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ შრომისუუნარო მშობელზე გასაცემი მინიმალური სახელმწიფო პენსიის ან მარჩენალდაკარგულზე გასაცემი სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობით;
ლ "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაღუპულთა იმ მშობელზე, რომელსაც დაეღუპა 2 ან 2-ზე მეტი შვილი - 55 ლარის ოდენობით თითოეულ გარდაცვლილ შვილზე.

გათვალისწინებულია აგრეთვე საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაცემა "სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის #4 დადგენილების შესაბამისად. აგრეთვე საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სხვა ღონისძიებათა დაფინანსება, მათ შორის - "სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის #145 დადგენილებით გათვალისწინებული საარსებო შემწეობისა და რეინტეგრაციის შემწეობის ანაზღაურების გაცემა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესითა და პირობებით; დევნილთა და ლტოლვილთათვის დანიშნული შემწეობების გაცემის გაგრძელება და სხვა.


მას, ვისაც დახმარება-შემწეობის დანიშვნა-გაცემის საკითხებში უფრო დაწვრილებით სურს გარკვევა, ვთხოვთ, მითითებულ ტელეფონზე მოგვმართონ: 593 35-39-08