უნარშეზღუდულობა განაჩენი არ არის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უნარშეზღუდულობა განაჩენი არ არის

თავდაპირველად ეს სტატია მძიმე ავადმყოფის მომვლელებზე, შვილებსა და მშობლებზე იყო ჩაფიქრებული, მაგრამ შემდეგ ერთმა ნაცნობმა თავისი მეზობლის მისამართი მომცა, რომელიც მოზარდ ასაკში (უკვე 16 წლის იყო) მიუტოვებიათ (ბავშვთა სახლში ჩაუბარებიათ) მშობლებს, იმის გამო, რომ ავარიის შემდეგ მოძრაობის უნარი დაკარგა. მძიმე იყო ჩვენი საუბარი, მაგრამ მიმაჩნია, რომ მაინც - საჭირო, რადგან თუ ერთი მკითხველი მაინც მიიტანს გულთან მის განსაცდელს, ჩაფიქრდება ასეთი ადამიანების უმძიმეს ბედზე, იმაზე, როგორ გმირულად უძლებენ ისინი ცხოვრებისეულ სირთულეებს, როგორ იბრძვიან და როგორ ცხოვრობენ, ჩავთვლით, რომ ჩვენი მისია ნაწილობრივ მაინც შესრულდა. რესპონდენტს, მისივე თხოვნით, ინკოგნიტოდ ვტოვებთ. - ჩემი მშობლების საქციელზე არაფერს გეტყვით, არავის განსჯის უფლება არ მაქვს, მით უმეტეს - მშობლებისა. არც სურვილი. მხოლოდ იმაზე ვისაუბროთ, შეიძლება თუ არა, ასწიო მოტეხილი ფრთები. თუ ადამიანი ვერ დადის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხოვრებით ტკბობა არ შეუძლია. მე უნარშეზღუდულობა უბედურებად არ მიმაჩნია. პირიქით, ეს შეჩერების შანსია, დაფიქრების შანსია, იმაზე დაფიქრებისა, როგორ ცხოვრობდი მანამდე. შანსი, ცხოვრებას სხვა თვალით შეხედო. "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანიც" ხომ ადამიანია, რომელსაც აქვს გატაცებები, სურვილები, ტალანტები... მთავარია, გვერდით გყავდეს თუნდაც ერთი ადამიანი, რომელსაც შენი ესმის, შეუძლია დაგეხმაროს, მოგისმინოს, გესაუბროს... მერწმუნეთ, ეს ძალიან ბევრია. და აუცილებლად უნდა ეცადოთ, არ იფიქროთ მხოლოდ ცუდზე, მუდამ ეძებოთ და დაიმახსოვროთ კარგი. მრავალი ადამიანი, რომელიც ტრავმის ან მძიმე დაავადების გამო უნარშეზღუდულის სტატუსს იღებს, თითქმის მაშინვე ეჯახება პრობლემების მთელ კასკადს. მე ყველაზე უარესი დამემართა - გადაადგილების საშუალება მომესპო. ტრავმის გამო ფეხები აღარ მემორჩილებოდა და ეტლის მოტანას შემპირდნენ, რომ როგორმე ოთახში მაინც შემძლებოდა გადაადგილება, მაგრამ ოთხი თვე გავიდა და ეტლი არსად ჩანდა, არც მომავალში ისახებოდა მისი გამოჩენის პერსპექტივა... ოჰ, როგორ ვიყავი გააფთრებული... ახლა კარგად მესმის, რომ სიტუაციას არასწორად ვაფასებდი. თუ რამე ისე არ იყო, როგორც მე მინდოდა, ვილანძღებოდი, ყველას ბრალს ვდებდი... არადა, უბრალოდ უნდა დავფიქრებულიყავი და სხვა გზის პოვნა მეცადა. გავიდა ხანი, საკუთარი თავის მობილიზება მოვახერხე. შედეგად ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები, რომლებმაც უანგაროდ გადაწყვიტეს ჩემი დახმარება. და, იცით, მაშინვე გაჩნდა იმედიც, რწმენაც...  მერე უფრო მეტად გამიმართლა: ინტერნეტით ერთი არაჩვეულებრივი ფსიქოთერაპევტი გავიცანი. მან ბევრი რამ ამიხსნა, ბევრი რამ დამანახვა, დამეხმარა. დღესაც ხშირად ვიხსენებ, რაც თავის ერთ-ერთ პაციენტზე მიამბო: "ეს ქალბატონი დიაბეტისგან დაბრმავდა; ორივე ფეხი მოკვეთილი ჰქონდა; თირკმელები გაეთიშა და თირკმლის ხელოვნურ აპარატზე იყო შეერთებული. სამი წელი გაატარა საავადმყოფოში... მაგრამ მიხვალ სანახავად და - უსინათლო თვალებით გიცინის, ყველა წვრილმანი უხარია - გუშინ თმა შეჭრეს, ახალი შარვალი ჩააცვეს განახევრებულ ფეხებზე... ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ სხვადასხვა საკითხზე. მან იცის, რომ მისთვის ყოველი დღე შეიძლება უკანასკნელი იყოს და ცდილობს, ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს. ის მხოლოდ და მხოლოდ 42 წლისაა..." ხომ გმირობაა! მაგრამ ჩემთვის ასეთი რამ ჯერ კიდევ ძნელი გასაგებია. მე ასეთ სიტუაციაში კარგს ვერაფერს დავინახავდი, იმ ქალბატონმა კი მოახერხა. მან უბრალოდ ისწავლა იმასთან ერთად ცხოვრება, რაც ჰქონდა, მიიღო თავისი ავადმყოფობა და ისიც, რომ ცხოვრება მისთვის შეიცვალა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სხვაც შეძლებს ამას, თუ მოინდომებს. ხშირად მაწუხებდა კითხვები: "ერთი ჯანმრთელი ადამიანი მაინც გაუგებს ინვალიდს?"; "ერთი ჯანმრთელი ადამიანი მაინც თუ დაფიქრებულა იმაზე, რას გრძნობს, რას განიცდის ინვალიდი?.." უამრავი ასეთი კითხვა დამისვამს საკუთარი თავისთვის. მაგრამ იქვე სხვა კითხვებიც იბადებოდა: "თავად თუ მესმის, რომ ცხოვრება სრულიად სხვანაირი გახდა?"; "თავად თუ ვცდილობ რამის შეცვლას? თუ ველი, რომ ყველაფერი თავისთავად შეიცვლება?.." უამრავი საწოლს მიჯაჭვული ადამიანი ვიცი, რომელთაც საკუთარი ახლობლები ამცირებენ და პირდაპირ ეუბნებიან: "რაღა ფასი აქვს შენს სიცოცხლეს?!" და, სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად... მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი არ მინდა. რატომ უნდა იტირო გამუდმებით და ელოდო, რომ ვიღაც შეგიბრალებს? სიბრალული უფრო მეტად აზიანებს ადამიანს, აზიანებს ისე, რომ შესაძლოა, სიცოცხლე აღარც კი მოუნდეს. "ინვალიდობის" გამო ძალიან ბევრი "მეგობარი" დავკარგე. საშინელი დეპრესია მქონდა, მთელ სამყაროზე ვიყავი გაბრაზებული, თავის მოკვლაც კი მინდოდა. ვცადე კიდევაც... მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი, რომ მარტო არ ვარ, რომ მიტოვებული არ ვარ. მერე რა, რომ ინვალიდის სტატუსი მოგაწებეს - ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ცხოვრებისგან მოკვეთილი ხარ. არ არის მართალი, რომ ჯანმრთელი მძიმე ავადმყოფს ვერ გაუგებს. ამქვეყნად ბევრია კეთილი ადამიანი. უბრალოდ, ჩვენ მათ ვერ ვამჩნევთ, ან გვრცხვენია, ჩვენი პრობლემები გავანდოთ, ჩვენი მარტოობა შევჩივლოთ. გვეშინია, რომ ვერ გაგვიგებენ... დიახ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია რეალში ვინმესთან საუბარი - მეზობელთან, სოციალურ მუშაკთან (თუ მარტო ცხოვრობ)... ასეთი ურთიერთობა ძალიან ეხმარება ადამიანს. ისიც მართალია, რომ ვირტუალურ ნაცნობებთან ურთიერთობა არაფრის მომცემია, თუმცა მხოლოდ ნაწილობრივ, რადგან მე სწორედ ასეთი ხალხი დამეხმარა იმ სიტუაციიდან გამოსვლაში, გამოუვალი რომ მეგონა. პირველი ადამიანი ხართ, ვისაც ამ საკითხებზე ვესაუბრე... ისე კი, დიდი ხანია, ამ ყველაფრის თქმა მინდოდა; უბრალოდ, საშუალება არ მომეცა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ფიზიკურად ძალიან ცუდად გრძნობდე თავს, მაინც უნდა გქონდეს ურთიერთობა ვინმესთან მაინც, თუნდაც ვირტუალურ სამყაროში - იქნებ სწორედ თქვენ გაგიღიმოთ ბედმა და იპოვოთ ისეთი ადამიანი, რომელიც ფიზიკური და მორალური ტკივილის დაძლევაში დაგეხმარებათ. ნუ იფიქრებთ იმაზე, რომ გამოსავალი არ არის. როდესაც ასეთი აზრები მიჩნდება, მაშინვე ვიხსენებ იმ უსინათლო ქალს და მრცხვენია - მე ხომ კომპიუტერზე მუშაობა შემიძლია, შემიძლია, ვუყურო ფილმებს, ვუსმინო მუსიკას, მოვიძიო ვირტუალური მეგობრები... ბევრს ამის შესაძლებლობაც არ აქვს, მაგრამ პოულობენ საკუთარ თავში ძალას, რომ ცხოვრება განაგრძონ.


კომენტარი ვთხოვეთ წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარს დეკანოზ გურამ გურამიშვილს.

- თქვენი ნებართვით, დავიწყებ იმით, რომ სულ ახლახან იყო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. მინდა, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, თქვენი ჟურნალის ყველა მკითხველს კიდევ ერთხელ მივულოცო ეს ბრწყინვალე დღესასწაული. ქრისტე აღსდგა! ახლა - რაც შეეხება ჩვენი საუბრის საგანს.

ყველაფერი, რასაც ვხედავთ, რასაც აღვიქვამთ და ვეხებით, ღვთის შექმნილია. ღვთის ქმნილებაა ადამიანიც. აქედან გამომდინარე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რაც სახარებაში წერია: თმის ღერიც კი არ ჩამოვარდება არც ერთ ჩვენგანს ღვთის ნების გარეშე. ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემო ხდება, უმეტესად ღვთის ნებითაა ნაკარნახევი. ამიტომაც ზოგჯერ - და უმეტესად - განსაცდელი, რომელიც ჩვენს თავს ხდება, ჩვენს ოჯახს ან ჩვენს ქვეყანას შეემთხვევა, ღვთისგან მოვლენილი განსაცდელია, მოვლენილი არა ადამიანის, ოჯახისა თუ ქვეყნის დასაღუპავად, არამედ იმისათვის, რომ უფრო მეტად გამოვფხიზლდეთ, უფრო მეტად შევიმეცნოთ და შევიყვაროთ უფალი, ღვთისკენ შემოვტრიალდეთ. იმედის დაკარგვა ღვთის უარყოფას, უფლისთვის ზურგის შექცევას ნიშნავს. რა განსაცდელიც არ უნდა მოუვლინოს ადამიანს უფალმა, არავითარ შემთხვევაში სასოწარკვეთილებას არ უნდა მიეცეს, არ უნდა დაავიწყდეს ღვთის არსებობა, არ უნდა დაკარგოს მისი იმედი და რწმენა. ადამიანი, რომელიც სასოწარკვეთილებას ეძლევა, ღვთის გმობამდე მიდის. ნებისმიერ განსაცდელში ჩვენ უნდა ვხედავდეთ ღვთის ნებას. როდესაც მორწმუნე, ღვთისნიერ ადამიანს ან მის ოჯახს უფალი ამა თუ იმ განსაცდელს მოუვლენს, მან უნდა თქვას: "უფალო, ჩემი ცოდვების გამო მეტის ღირსი ვარო". უფალი ჩვენ ისე არ გვსჯის, როგორც ვიმსახურებთ. გვსჯის ისე, როგორი სასჯელის ტარებასაც შევძლებთ. უიმედობა ნიშნავს ურწმუნოებას, მცირედმორწმუნეობას. ასეთი ადამიანები ხშირად ძალიან ცუდად ამთავრებენ სიცოცხლეს. ჩვენ დედამიწაზე ვცხოვრობთ, ანუ იქ, სადაც ცოდვა და მადლი ერთად ტრიალებს, მაგრამ ეკლესიური ცხოვრებით, მუდმივი ლოცვითა და მარხვით, აღსარებითა და ზიარებით უფალს ვუახლოვდებით და დაცულნი ვართ. როდესაც ადამიანი სარწმუნოებაში ძლიერია, ყოველგვარ დაბრკოლებას, ყოველგვარ განსაცდელს უფრო ადვილად გადალახავს. განა არ შეგვხვდება დაბრკოლება - შესაძლოა, უფრო მეტიც შეგვხვდეს, მაგრამ უფლის იმედით და რწმენით გაძლიერებულები უფრო ადვილად დავძლევთ მათ. ვინც რწმენაში სუსტია, არ აქვს რწმენა ან დეპრესიაშია, ფიზიკური უძლურება აქვს, არ აქვს ხელი ან ფეხი ანდა სიმსივნით თუ სხვა რამ მძიმე სნეულებით არის ავად, მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა: ადამიანი ღმერთმა ბრძოლისთვის გააჩინა. ადამიანმა სიცოცხლის ბოლომდე უნდა იბრძოლოს, უნდა იბრძოლოს სიცოცხლისთვის. ყველაფერი უფლის ნებით ხდება: ადამიანის მოვლინებაც და ამ ქვეყნიდან გაყვანაც. როდესაც უფალს ამ ქვეყნიდან არ გაჰყავხარ, ესე იგი აქ ხარ საჭირო. ცოტა ხნის წინ ერთ ექიმს ვესაუბრე და მან ასეთი რამ მითხრა: ერთი და იმავე დიაგნოზის მქონე ორი ადამიანიდან ის, რომელიც მებრძოლია, მეორეზე გაცილებით მეტხანს ცოცხლობს. ხშირად გარეგნული გამოხატულება შინაგან გამოხატულებაში გადადის და ადამიანი ან უფრო და უფრო მეტად იძირება ჭაობში ან, პირიქით, უფრო და უფრო მეტად მაღლდება საკუთარ თავზე და საბოლოოდ გამარჯვებასაც მოიპოვებს. დიახ, შესაძლოა, ადამიანს არ ჰქონდეს რწმენა, მაგრამ ხვალინდელი დღის იმედი და ბრძოლის სურვილი არ უნდა დაკარგოს. ხოლო თუ ეს ყველაფერი ძლიერი რწმენითაც არის გამაგრებული, მაშინ თითქმის ყოველთვის სასწაულის მომსწრენი ვხდებით. მიენდეთ უფალს, იყავით ღვთისნიერნი და იცხოვრეთ სარწმუნოებით.