თითოეული ადამიანი იმსახურებს ღირსეულ სიბერეს
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ხშირად სრულიად ცვლის ადამიანის ყოველდღიურობას — ზღუდავს მოძრაობას, ართულებს ყოველდღიურ საქმიანობას და ზრდის მარტოობის განცდას. ასეთ დროს, პროფესიული ზრუნვა და ადამიანური მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
საქართველოს კარიტასის შინმოვლის პროექტი სწორედ ამ გამოწვევების პასუხად შეიქმნა. პროექტის მიზანია, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებს მიეწოდოთ ხარისხიანი სამედიცინო ზრუნვა და თანადგომა, რაც ზრდის მათი ცხოვრების ხარისხს და უზრუნველყოფს ღირსეულ, დამოუკიდებელ არსებობას.
„ჩემი საჭიროებებიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიური მოვლა — ჰიგიენა, ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი და ექიმის კონსულტაცია. საქართველოს კარიტასის მიერ გაწეული ეს დახმარება ყოველთვის დროულად ხორციელდება და მაძლევს სიმშვიდის განცდას, რომ მარტო არ ვარ.“— ამბობს ოთარ ჩოხელი, შინმოვლის პროექტის ბენეფიციარი
2025 წლის ძირითადი მიღწევები
პროექტის გუნდის თავდადებული მუშაობის შედეგად, 2025 წელს საქართველოში შინმოვლის სერვისებმა მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია:
- 528 ბენეფიციარმა თბილისში და გორში მიიღო შინმოვლის სერვისი
- განხორციელდა 17,640 სამედიცინო ვიზიტი
- 290 პაციენტს ჩაუტარდა ქრონიკული ჭრილობების პროფესიული მკურნალობა
- გარდაბნის პირველადი ჯანდაცვის ცენტრმა 156 ბენეფიციარს გაუწია სამედიცინო მომსახურება
საქართველოს კარიტასი მტკიცედ მიიჩნევს, რომ ჯანმრთელობის დაცვა იწყება ზრუნვით. შინმოვლის პროექტი არა მხოლოდ უზრუნველყოფს მედიკამენტურ და სამედიცინო დახმარებას, არამედ ქმნის მხარდაჭერილ და უსაფრთხო გარემოს, რომელიც ბენეფიციარებს აძლევს სიმშვიდის განცდას და დამოუკიდებლობის შენარჩუნების შესაძლებლობას.
შინმოვლის პროექტი აქტიურად ხორციელდება თბილისში, გორში, ასევე დასავლეთ საქართველოს რეგიონებში. მისი ძირითადი მიზანია ბენეფიციარების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაცია და ღირსეული ცხოვრების მხარდაჭერა.
თითოეული ადამიანი იმსახურებს ღირსეულ სიბერეს.
თითოეული ჩვენთაგანის მხარდაჭერით ეს ზრუნვა გრძელდება.