ოჯახი და სამართალი - სამართლებრივი ურთიერთობა მშობლებსა და შვილებს შორის
ირინა ღლონტი.
მრავალრიცხოვან მკითხველთა ინტერესის გათვალისწინებით, დღეს მშობლებსა და შვილებს შორის სამართლებრივ ურთიერთობათა წარმოშობის საფუძველზე გესაუბრებით, ხოლო ალიმენტის გადახდისა და გადახდევინების წესსა და პირობებზე ჩვენი ჟურნალის მომდევნო ნომერში მოგაწვდით კანონიდან გამომდინარე ზუსტ ინფორმაციას.
მშობლების უფლება-მოვალეობის წარმოშობის საფუძველია შვილების მშობლებისგან შთამომავლობით დაბადება. შვილებსა და მშობლებს შორის უფლებრივი მოვალეობების წარმოშობა ხდება ბავშვის დაბადებისთანავე. ქორწინებაში მყოფ დედასა და მამას დაბადების ჩაწერის წიგნში მშობლებად შეიტანენ ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით.
განცხადების შეტანა შეიძლება როგორც ბავშვის დაბადების რეგისტრაციისას, ასევე მას შემდეგ, დროის განუსაზღვრელად. მშობელთა ერთობლივი განცხადების უქონლობის შემთხვევაში მამობის დადგენა ხდება სასამართლოს წესით ბავშვის დედის, მეურვის ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის კმაყოფაზეც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე ბავშვის განცხადებით მისი სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ.
სრულწლოვანი მოქალაქე უფლებამოსილია უარი თქვას დაბადების მოწმობაში მამად იმ პირის შეტანაზე, რომელიც თავის დროზე მის აღზრდაში არ მონაწილეობდა. მამობის დადგენა შეიძლება მამის გარდაცვალების შემდეგაც. ამ შემთხვევაში სასამართლომ უნდა დაადასტუროს ის ფაქტი, რომ გარდაცვლილი სიცოცხლეში თავს ბავშვის მამად აღიარებდა ან ბავშვი იმყოფებოდა მის კმაყოფაზე. მამობის დადგენით ბავშვი მოიპოვებს მემკვიდრეობის უფლებას, აგრეთვე მამის გარდაცვალების შემთხვევაში მარჩენალის დაკარგვის გამო პენსიის მიღების უფლებას.
მამობის დადგენისას სასამართლო ითვალისწინებს ბავშვის დედისა და მოპასუხის ერთად ცხოვრებას, საერთო საოჯახო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე ან ბავშვის ერთობლივ აღზრდასა და რჩენას.
ბავშვის დედისა და მოპასუხის ერთად ცხოვრება დადასტურებული უნდა იყოს ბავშვის დაბადებამდე, ამასთანავე, სავალდებულო არ არის, მათ ერთად ეცხოვროთ ბავშვის დაბადებამდე მთელი ხნის განმავლობაში, - როგორც აღვნიშნეთ, საკმარისია ერთად ცხოვრება განსაზღვრული ხნის მანძილზე და საოჯახო მეურნეობის ერთობლივი წარმოება.
მამობის დასადგენად სასამართლო ხშირად მიმართავს ექსპერტიზას. არსებობს ექსპერტიზის რამდენიმე სახე: გრაფიკული, სასამართლო-სამედიცინო, უროლოგიური და სხვა. გრაფიკული ექსპერტიზა ინიშნება მაშინ, როცა დასადგენია, არის თუ არა პირი იმ ბარათის ავტორი, რომლითაც აღიარებულია ბავშვის მამობა.
უფრო ხშირად ბავშვის მამობის დასადგენად სასამართლო ნიშნავს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას. სისხლის ბიოლოგიური ექსპერტიზის დროს დგინდება მისი ჯგუფობრივი და ინდივიდუალური კუთვნილება, ამიტომ იგი მამობის გამორიცხვის საშუალებაა და არა დადგენისა.
უროლოგიური ექსპერტიზა ინიშნება მაშინ, როდესაც მოპასუხე უარყოფს ბავშვის მამობას, ვინაიდან, მისი განცხადებით, მას არ შესწევს განაყოფიერების უნარი.
ბავშვს, რომლის წარმოშობა დადგენილია მშობელთა ერთობლივი განცხადებით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით, მშობლებისა და მათი ნათესაობის მიმართ აქვს ისეთივე უფლებები, როგორიც დაქორწინებულ პირთაგან წარმოშობილ ბავშვს.
ქალისა და მამაკაცის შემთხვევითი კავშირი არ იძლევა საფუძველს სასამართლოს წესით მამობის დასადგენად.
მშობლებისა და შვილების პირადი უფლება-მოვალეობანი
მშობლებისა და შვილების პირად უფლება-მოვალეობებს მიეკუთვნება შვილისთვის გვარის, სახელისა და მამის სახელის მიცემა. მშობლის უფლება-მოვალეობაა როგორც შვილის აღზრდასა და სწავლაზე ზრუნვა, ისე მისი ინტერესების წარმოდგენა მის სრულწლოვანებამდე.
- შვილს გვარს აძლევენ მშობლები ქორწინების რეგისტრაციის დროს. შვილის გვარი მშობლების გვარის მიხედვით განისაზღვრება. თუ მშობლებს საერთო გვარი აქვთ, მაშინ ბავშვსაც მიეკუთვნება ეს გვარი, მაგრამ როცა დედ-მამას სხვადასხვა გვარი აქვს, ბავშვს მიეკუთვნება მამის ან დედის გვარი მშობელთა შეთანხმებით. გამორიცხული არ არის, რომ ერთი და იმავე მშობლების შვილები ატარებდნენ სხვადასხვა გვარს (დედისას ან მამისას).
როცა ბავშვები შეეძინებათ დაუქორწინებელ მშობლებს და არ არსებობს მათი ერთობლივი განცხადება ბავშვის მამის გვარზე გატარების შესახებ, დაბადების ჩაწერის წიგნში მამის გვარის ადგილზე შეიტანება დედის გვარი.
არ შეიძლება, არასრულწლოვანი შვილი ატარებდეს მშობლებისგან განსხვავებულ გვარს. შვილის გვარის გამოცვლის საკითხი მშობლის მიერ გვარის გამოცვლის შემთხვევაში დაისმის.
თუ გვარს იცვლის ორივე მშობელი, მათ არასრულწლოვან შვილებს ავტომატურად ეცვლებათ გვარი, ხოლო თუ გვარს ერთი მშობელი იცვლის, არასრულწლოვანი ბავშვისთვის გვარის გამოცვლის საკითხი უნდა გადაწყდეს მშობელთა შეთანხმებით.
სრულწლოვანმა შვილებმა შეიძლება მიიღონ ნებისმიერი გვარი, თუნდაც იგი არ ემთხვეოდეს დედის ან მამის გვარს. გვარის გამოცვლის საფუძვლად შეიძლება იქცეს მისი არაკეთილხმოვანება, წარმოთქმის სიძნელე და სხვა.
- ბავშვებს სახელი დაერქმევათ მშობელთა შეთანხმებით. მშობელთა სურვილის გაუთვალისწინებლობა შვილის სახელის შერჩევის დროს შესაძლოა საეჭვო ჩანაწერის გაუქმების საფუძვლად იქცეს. როგორც წესი, ადამიანს სახელი ერქმევა სამუდამოდ, მაგრამ გამორიცხული არ არის მისი გამოცვლის შესაძლებლობა.
- თუ ბავშვებს 14 წლისთვის არ მიუღწევიათ, მშობლების მიერ მოქალაქეობის შეცვლის შემთხვევაში მოქალაქეობა ავტომატურად ეცვლებათ, ხოლო 14-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის მოქალაქეობის შეცვლა უნდა მოხდეს მათთან შეთანხმებით.
- ეროვნება იურიდიულად უნდა დაფიქსირდეს ბავშვისთვის პასპორტის მიცემის დროს, ე. ი. 16 წლის შემდეგ. ბავშვის ეროვნული კუთვნილება მშობლების ეროვნულ კუთვნილებაზეა დამოკიდებული. როცა მშობლები ერთი ეროვნებისანი არიან, ბავშვებიც იმ ეროვნებისანი ხდებიან. ეროვნების შერჩევის საკითხი დგება მხოლოდ მაშინ, როცა მშობლები სხვადასხვა ეროვნებისანი არიან. ეროვნების შერჩევის უფლება ეძლევა შვილს პასპორტის მიღების დროს და არა მშობლებს. ეროვნული კუთვნილების შეცვლა, ერთიდან მეორეზე გადასვლა არ ხდება (აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობით, ახალი ნიმუშის პასპორტის გაცემისას პირის ეროვნება მასში არ აღინიშნება, მხოლოდ მოქალაქეობა იწერება).
- მშობელთა პირად ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს შვილების აღზრდის უფლებას. დედ-მამა სარგებლობს თანაბარი უფლება-მოვალეობით შვილების მიმართ. შვილების აღზრდის საკითხს მშობლები წყვეტენ ურთიერთშეთანხმებით. შეუთანხმებლობის შემთხვევაში მათ შეუძლიათ მიმართონ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. შვილების მიმართ თანაბარი უფლება-მოვალეობანი აქვთ განქორწინებულ მეუღლეებსაც. თუ ცალ-ცალკე მცხოვრები მეუღლეები ვერ შეთანხმდნენ შვილებთან ურთიერთობის წესზე, მაშინ ამ წესს დაადგენს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო და ის ორივე მშობლისთვის სავალდებულო იქნება.
- ცალ-ცალკე მცხოვრებ მშობლებს შესაძლოა უარი ეთქვათ შვილებთან ურთიერთობაზე, თუ დადგინდა, რომ ეს ურთიერთობა ხელს უშლის ბავშვის ნორმალურ აღზრდას. მშობელს არ შეიძლება სამუდამოდ ჩამოერთვას შვილებთან ურთიერთობის უფლება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება. თუ მშობლები არ ეთანხმებიან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებას შვილებთან ურთიერთობის წესზე, უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს, რომლის გადაწყვეტილება სავალდებულოა, გასაჩივრებას არ ექვემდებარება და ორივე მშობლისთვის საბოლოოა.
- საკანონმდებლო წესით დამტკიცებულია ბებიისა და პაპის უფლება, იქონიონ ურთიერთობა შვილიშვილებთან. ბებიისა და პაპის ინტერესების დაცვის მიზნით კანონი ადგენს წესს, რომლის თანახმადაც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს შეუძლიათ დაავალდებულონ მშობლები, მისცენ შვილებს პაპასა და ბებიასთან ურთიერთობის საშუალება და განსაზღვრავს კიდეც ამ ურთიერთობის წესს.
- მშობლებს უფლება აქვთ განსაზღვრონ არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილი. ეს უფლება განმტკიცებულია კანონით, რომლის თანახმადაც არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლების საცხოვრებელი ადგილი. თუ მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, რომელთან იცხოვრებს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას წყვეტს სასამართლო.
- მშობლის უფლება, აღზარდოს შვილები, გულისხმობს იმასაც, რომ შვილები იმყოფებოდნენ მშობლებთან. საკითხი შვილის რომელიმე მშობლისთვის გადაცემის შესახებ წამოიჭრება მაშინ, როცა გარდაიცვლება ის მშობელი, რომელთანაც ცხოვრობდა ბავშვი, მისი ნათესავები კი უარს ამბობენ ბავშვის აღსაზრდელად მეორე მშობლისთვის გადაცემაზე. ამ შემთხვევაში მშობელს უფლება აქვს, სასამართლოს წესით მოითხოვოს ბავშვის დაბრუნება. მსგავსი დავების განხილვის დროს მხედველობაში მიიღება 16 წელზე უფროსი ასაკის ბავშვის სურვილი, იცხოვროს თუ არა მშობელთან.
- როდესაც მშობელი ბოროტად იყენებს უფლებას, კერძოდ, იყენებს მას შვილის ინტერესების საწინააღმდეგოდ, კანონი ითვალისწინებს მისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევას. მშობლის უფლების ჩამორთმევა შესაძლებელია მაშინ, როდესაც ორივე ან ერთ-ერთი მშობელი:
ა) თავს არიდებს შვილების აღზრდას;
ბ) ბოროტად იყენებს მშობლის უფლებას, მავნე გავლენას ახდენს შვილებზე ანტისაზოგადოებრივი ყოფაქცევით;
გ) არის ქრონიკული ლოთი ან ნარკომანი.
- არ აღდგება მშობლის უფლება გაშვილებულ შვილზე.
- კანონი ითვალისწინებს ბავშვის ჩამორთმევას მშობლის უფლების ჩამორთმევის გარეშეც. ბავშვის ჩამორთმევის პირობაა საფრთხე, რომელიც მის სიცოცხლეს მშობლისგან ელოდა. ასეთი საფრთხე შეიძლება იყოს ინფექციური სენი. ამ შემთხვევაში მშობლის უფლების ჩამორთმევა განსაზღვრულ დროს ექვემდებარება. მშობლისთვის შვილის ჩამორთმევის საკითხს წყვეტს სასამართლო.
- მშობლისთვის შვილის ჩამორთმევა არ იწვევს მშობლიური ურთიერთობის შეწყვეტას - როგორც მშობელი, ისე შვილი ინარჩუნებენ ალიმენტის მიღების უფლებას, ერთ-ერთის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობის უფლებას, პენსიის მიღების უფლებას.
საოჯახო სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებული კითხვებით, ასევე სამოქალაქო და შრომის სამართლის სხვა საინტერესო საკითხების თაობაზე მიმართეთ რუბრიკის წამყვანს.
ტელ: 893 35 99 09