ამიტომაც თურქეთში სამუშაოდ ბევრი ქართველი მიდის. განსაკუთრებით მაისიდან ეძებენ თურქები მუშახელს, რადგან ჩაის კრეფის სეზონი იწყება და უმუშევარი ადამიანებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან სწორედ სეზონურად ჩადიან იქ. ზოგი შუამავლის დახმარებით ეძებს სამსახურს და ამაში ერთი თვის საფასურს დამსაქმებელს უხდის. ძირითადად, 3 თვით გადიან, მერე უკან ბრუნდებიან და გარკვეული ხნის შემდეგ, ისევ მიდიან.
აგვისტოში თხილის პერიოდი დგება და შემოდგომამდე სამუშაოს შოვნა არ უჭირთ. როგორც ირკვევა, აჭარისა და გურიის მოსახლეობის ნაწილს იქ სამუშაოდ თავიანთი მცირეწლოვანი შვილებიც
მიჰყავთ. ამან ისეთი მასობრივი სახე მიიღო, რომ 13-14 წლის ქართველ ბავშვებს მრავლად ნახავთ თურქეთში. ზოგი მეზობელსაც ატანს საკუთარ შვილს.
იქმნება თურქეთში სამუშაოდ წამსვლელთა ჯგუფები, რომელთაც ხელმძღვანელები ჰყავთ და მშობლები ასეთ ადამიანებსაც ანდობენ თავიანთ პატარებს. საზღვარზე რომ მოზარდი უპრობლემოდ გადავიდეს, აუცილებელია მშობლის თანხმობა. ასეთ თანხმობას ნოტარიუსისგან იღებენ და ასეთი მინდობილობით მიჰყავთ პატარები თურქეთში.
როგორც ამბობენ, პატარებს დღეში 30-დან 60 თურქულ ლირამდე უხდიან, ფულს მათ გამოცდილების მიხედვით აძლევენ. მშობლები ბავშვებს სკოლასაც აცდენინებენ და მაისის დასაწყისიდან უშვებენ სამუშაოდ.
ის არასრულწლოვნები, ვინც თურქეთში ვერ მიდიან, ზაფხულში აჭარაში, ზღვის სანაპიროზე მცხუნვარე მზეში სხვადასხვა გასაყიდი პროდუქტით დატვირთულები დადიან.
ცალკე პრობლემაა ქვეყანაში არასრულწლოვანთა პროსტიტუცია. აჭარაში, ზაფხულის სეზონზე ეს პრობლემაც თვალში საცემია. რაც შეეხება არასრულწლოვანთა შრომითი უფლებების დაცვას, ამ კუთხით ბევრი რამეა გასაკეთებელი. თუმცა სახელმწიფო იმასაც ვერ აკონტროლებს, სკოლის ნაცვლად არ აღმოჩნდეს მოზარდი თურქეთში, რთულ სამუშაოზე.
თინა შაინიძე, აჭარის მცხოვრები:
- ჩვენთან სამუშაო არ არის, ამიტომ ყველა თურქეთში გარბის. მეც დავდივარ ჩაის საკრეფად, სხვა გზა არა მაქვს, ძალიან მიჭირს. თუმცა, შვილი არასოდეს წამიყვანია. ჩემს მეზობლებს მიჰყავთ შვილებიც და ამუშავებენ. ჩაის კრეფა ბავშვს კი არა, დიდებს გვიჭირს, მაგრამ მუშაობენ იმ პატარა ხელებით თაკარა მზეში. განსაკუთრებით თხილის სეზონზე მიჰყავთ შვილები ან სხვებს ატანენ, რადგან თხილის კრეფას ბავშვები უფრო იოლად ახერხებენ. სკოლის ნაცვლად იქ გარბიან, როცა მთელი ოჯახი მუშაობს, მერე საკმაო თანხა უგროვდებათ. ძალიან უხეშები არიან თურქები, ამიტომ მგონია, რომ იქ შვილი არ უნდა გაუშვა. არადა, ბევრი სრულიად უცხო ადამიანთან ან მეზობელთან უშვებს ბავშვს და არ ფიქრობს, რომ შეიძლება მისი შვილი ძალადობის მსხვერპლი გახდეს.
- ძალადობენ ბავშვებზე?