წელის ტკივილი გინეკოლოგიური დაავადებების დროს
წელის ტკივილს სიცოცხლეში ერთხელ მაინც შეუწუხებია ყველა ქალი. ზოგჯერ ის იმდენად ძლიერია, რომ ადამიანი განძრევასაც ვერ ახერხებს.
გინეკოლოგიური დაავადებებისთვის, მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილთან ერთად, დამახასიათებელია წელისა და მენჯის მიდამოს ტკივილიც. ასეთი დაავადებებია
სქესობრივი დაუკმაყოფ ილებლობა
სქესობრივი დაუკმაყოფილებლობა ქალებში გაღიზიანებას, თავისა და წელ-მენჯის მიდამოს ტკივილს იწვევს. შეინიშნება მუცლის ქვედა ნაწილში სიმძიმის შეგრძნებაც. სასქესო ორგანოებში სისხლის მიმოქცევის დარღვევას მცირე მენჯში შეგუბებითი მოვლენები მოსდევს, რის შედეგადაც მორფოლოგიური (შეშუპება, საშვილოსნოს გადიდება) და ფუნქციური (სეკრეციის გაძლიერება, მენსტრუალური ციკლის დარღვევა) ცვლილებები ვითარდება.
საშვილოსნოს არასწორი მდებარეობა
საშვილოსნო ნორმულად მცირე მენჯის ღრუს შუაში მდებარეობს. ზოგჯერ, მიზეზთა გამო, საშვილოსნო და საშო დაბლა დაიწევს და გარეთ გამოვარდება. არანამშობიარებ ქალებთან სასქესო ორგანოების გამოვარდნა იშვიათია. ამ ორგანოების დაწევისა და გამოვარდნის დროს ქალები უჩივიან ტკივილსა და სიმძიმის შეგრძნებას წელისა და მენჯის მიდამოში, მქაჩავ ტკივილს მუცლის ქვედა ნაწილში, ირღვევა შარდის გამოყოფა, ვითარდება შეკრულობა და სხვა.
საშვილოსნოს სიმსივნეები
საშვილოსნოს მიომა კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც კუნთოვანი ქსოვილისგან წარმოიშობა. ზოგჯერ ის უსიმპტომოდ ვითარდება, ზოგჯერ კი ტკივილს, სისხლდენას, უშვილობას, მეზობელი ორგანოების ფუნქციის დარღვევას იწვევს. ტკივილი ზოგჯერ მუდმივია, ზოგჯერ მხოლოდ მენსტრუაციის დროს აღმოცენდება წელის არესა და მუცლის ქვედა ნაწილში, გართულების შემთხვევაში კი მთელ მუცელს ედება.
ტკივილი მენსტრუაციის დროს
ალგომენორეა ან ალგოდისმენორეა - ასე უწოდებენ მტკივნეულ მენსტრუაციას. ამ დროს ტკივილი ლოკალიზდება მუცლის ქვემოთ და ხერხემალ-მენჯის მიდამოში. ის შესაძლოა წარმოიშვას მენსტრუაციის დაწყების წინ და მის დამთავრებამდე გაგრძელდეს. ზოგჯერ ტკივილი ძალიან ძლიერია და თან სდევს გულისრევა, ღებინება და სხვა დარღვევები.
ალგოდისმენორეა შესაძლოა ზოგადი დაავადებების გამოხატულება იყოს, მაგალითად, ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევებისა, განვითარების ანომალიებისა, ინფანტილიზმისა. ზოგჯერ მას საშვილოსნოს შებრუნება, ნაწიბუროვანი ცვლილებები, ანთებითი პროცესი, ენდომეტრიოზი ან სასქესო ორგანოების სიმსივნეები იწვევს.
ტკივილი ორსულობის დროს
წელის მიდამოში ტკივილი არცთუ იშვიათად ორსულობის დროსაც შეინიშნება. მისი მთავარი მიზეზია სხეულის მასის სწრაფი ზრდა და ხერხემალზე დატვირთვის გადანაწილება. ზურგის კუნთები, რომელთაც ხერხემალი უჭირავთ, ვერ ასწრებენ, მოერგონ სხეულის შეცვლილ პარამეტრებს და შედეგად ტკივილი და სხვა უსიამოვნო შეგრძნებები წარმოიშობა.
ასეთ პაციენტებს შესაძლოა სპეციალურად შერჩეულმა ბანდაჟმა გაუწიოს დახმარება - ზოგიერთმა მისი გამოყენება ორსულობის მეოთხე-მეხუთე თვეს უნდა დაიწყოს. სწორად შერჩეული ბანდაჟი მეტ-ნაკლებად აღმოფხვრის ხერხემლის ტკივილის მიზეზს და დაჭიმვების პროფილაქტიკასაც მოახდენს.