ჩარგ-სტრაუსის სინდრომი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჩარგ-სტრაუსის სინდრომი

ჩარგ-სტრაუსის დაავადების გამოხატულებათა ფართო სპექტრი და ამა თუ იმ ცნობილ დაავადებასთან მათი მსგავსება ართულებს დიაგნოზის დასმას. ჩარგ-სტრაუსის დაავადება სხვადასხვანაირად მიმდინარეობს. სხვადასხვაა დაავადების სიმძიმეც - ზოგ პაციენტს სუსტად აქვს გამოხატული სიმპტომები, ზოგთან კი სურათი მძიმეა, სიცოცხლისთვის სახიფათო. განასხვავებენ ჩარგ-სტრაუსის სინდრომის სამ სტადიას, სამ ფაზას. თითოეულ მათგანს განსაზღვრული თავისებურებები ახასიათებს. აქვე უნდა ითქვას, რომ ყველა პაციენტთან სამივე ფაზის განვითარება არ არის აუცილებელი და ზოგჯერ არც ქრონოლოგიური თანმიმდევრობაა დამახასიათებელი. ეს განსაკუთრებით იმ შემთხვევებს ეხება, როცა დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობა მძიმე გართულებების აღმოცენებამდე ტარდება. ქვემოთ სათითაოდ განვიხილავთ სამივე ფაზას.

ალერგიული სტადია

ჩვეულებრივი მიმდინარეობისას ეს არის დაავადების პირველი სტადია, რომლისთვისაც დამახასიათებელია სხვადასხვაგვარი ალერგიული რეაქცია:

  • ასთმა. ასთმა ჩარგ-სტრაუსის სინდრომის პირველი სიმპტომია, რომელიც არცთუ იშვიათად საშუალოდ 3-9 წლით უსწრებს წინ სხვა ნიშნებს. როცა ჩარგ-სტრაუსის სინდრომი უკვე ასთმიან პაციენტს უვითარდება, ყურადღებას იპყრობს მდგომარეობის დამძიმება, კონტროლისთვის სტეროიდების დოზის გაზრდის აუცილებლობა. ზოგჯერ ასთმა მოგვიანებით ვითარდება, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ მისი აღმოცენება ცხოვრების მეოთხე-მეხუთე ათწლეულში ან უფრო გვიან ყოველთვის ჩარგ-სტრაუსის სინდრომთანაა დაკავშირებული.
  • ალერგიული სურდო. ცხვირის ლორწოვანის ალერგიული ანთება იწვევს ცემინებას, ქავილს, ცხვირიდან გამონადენს.
  • სინუსიტი - სინუსების (ცხვირის ღრუს დანამატი წიაღების) ანთება. პაცინეტი შესაძლოა უჩიოდეს ტკივილს სახის არეში, ქრონიკული ანთების შედეგად შესაძლოა გაჩნდეს ცხვირის ღრუს პოლიპები.

ეოზინოფილური სტადია

ეოზინოფილები სისხლის უჯრედებია, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ალერგიულ რეაქციებში, უცხო სხეულებისგან ორგანიზმების დაცვაში. ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში ეოზინოფილები სისხლის უჯრედების მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენს, ჩარგ-სტრაუსის სინდრომის დროს კი სისხლსა და ქსოვილებში მათი შემცველობა საგრძნობლად იზრდება - ვითარდება ჰიპერეოზინოფილია, რაც შესაძლოა სერიოზული დაზიანების მიზეზად იქცეს. ჰიპერეოზინოფილიის კლინიკური გამოვლენა იმაზეა დამოკიდებული, რომელი ორგანო დაზიანდება ამ დროს. უმეტესად ეს არის ფილტვი, საჭმლის მომნელებელი სისტემა (კუჭისა და საყლაპავის ჩათვლით). საზოგადოდ კი ჰიპერეოზინოფილია შესაძლოა გამოიხატოს:

  • ცხელებით;
  • მადის დაქვეითებით;
  • წონის კარგვით;
  • ასთმით;
  • სისუსტით;
  • ხველით;
  • მუცლის ტკივილით;
  • კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენით.

ვასკულიტის სტადია

ჩარგ-სტრაუსის სინდრომის ამ სტადიის წამყვანი სიმპტომია სისხლძარღვთა მძიმე ანთება - ვასკულიტი. ანთების შედეგად სისხლძარღვთა სანათური ვიწროვდება და ნაკლები სისხლი მიეწოდება კანს, გულს, პერიფერიულ ნერვულ სისტემას, კუნთებს, ძვლებს, საჭმლის მომნელებელ სისტემას. შესაძლოა, დაზიანდეს თირკმელიც. ამ ფაზაში პაციენტი შესაძლოა უჩიოდეს საერთო უქეიფობას, წონის უმიზეზო კლებას, ლიმფური კვანძების გადიდებას, სისუსტეს. იმის მიხედვით, რომელი ორგანო დაზიანდება, მოსალოდნელია:

  • კანზე გამონაყარი;
  • სახსრების შეშუპება, ტკივილი;
  • მტევნებისა და ტერფების ტკივილი, დაბუჟება, ჩხვლეტა - პერიფერიული ნეიროპათიის სიმპტომები;
  • მუცლის ძლიერი ტკივილი;
  • ფაღარათი, გულისრევა, ღებინება;
  • ქოშინი ასთმის ან გულის უკმარისობის გამო;
  • გულმკერდის ტკივილი;
  • სისხლიანი ხველა;
  • არარეგულარული გულისცემა;
  • შარდში სისხლის არსებობა - ჰემატურია.

ჩარგ-სტრაუსის სინდრომი იშვიათი დაავადებაა, ამიტომ ადვილი შესაძლებელია, ზემოთ აღწერილი სიმპტომები მასთან სულაც არ იყოს დაკავშირებული, მაგრამ ასთმის ან ალერგიული სურდოს მკვეთრი და უმიზეზო გაუარესებისას ექიმთან მისვლა აუცილებელია.


რატომ ვითარდება ჩარგ-სტრაუსის სინდრომი

ჩარგ-სტრაუსის სინდრომის ნამდვილი მიზეზი უცნობია. ვარაუდობენ, რომ იმუნური სისტემის ზედმეტად აქტიური პასუხი განპირობებულია როგორც გენეტიკური, ასევე გარემოს ფაქტორებით (ალერგენებით, მედიკამენტებით). ზედმეტად აქტიური პასუხი იმას ნიშნავს, რომ საშიში ბაქტერიებისა და ვირუსების ნაცვლად იმუნური სისტემა საკუთარი ორგანიზმის ქსოვილებთან იწყებს ბრძოლას, რისი შედეგიცაა ფართოდ გავრცელებული ანთება. არის შემთხვევები, როდესაც ჩარგ-სტრაუსის სინდრომი ვითარდება ალერგიისა და ასთმის საწინააღმდეგო მედიკამენტის მონტელუკასტის გამოყენების ან ტაბლეტირებული ჰორმონების საინჰალაციო (შესასუნთქი) პრეპარატებით შეცვლის შემდეგ. მიუხედავად ამისა, მჭიდრო კავშირი პრეპარატებსა და ჩარგ-სტრაუსის სინდრომს შორის დადასტურებული არ არის. ჩარგ-სტრაუსის სინდრომის რისკფაქტორებია:

  • ასაკი - ჩვეულებრივ, დაავადება ვლინდება 40 წლის შემდეგ;
  • ასთმა და ცხვირის პრობლემები - პაციენტთა უმეტესობას დიაგნოზის დაზუსტების მომენტისთვის უკვე აქვს ძნელად საკონტროლო ასთმის, ალერგიული რინიტის (სურდოს), ქრონიკული სინუსიტის ისტორია. აქ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ: მართალია, ჩარგ-სტრაუსის სინდრომის დროს უმეტესობას ასთმა და ალერგია აწუხებს, მაგრამ თავად ჩარგ-სტრაუსის სინდრომი ასთმით და ალერგიით დაავადებულთა ძალიან მცირე ნაწილს უვითარდება.

საზოგადოდ, ჩარგ-სტრაუსის სინდრომი, როგორც ითქვა, საკმაოდ იშვიათია - მილიონიდან 1-3 კაცს თუ უდასტურდება.

მოსალოდნელი გართულებები

ჩარგ-სტრაუსის სინდრომის დროს მრავალი ორგანო შეიძლება დაზიანდეს: ფილტვები, კანი, საჭმლის მომნელებელი ტრაქტი, თირკმელები, კუნთები, სახსრები, გული. მკურნალობის გარეშე შესაძლოა საქმე ლეტალურ დასასრულამდეც კი მივიდეს. გართულებები იმაზეა დამოკიდებული, რომელი ორგანო დაზიანდება უფრო მეტად და შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგნაირად:

  • პერიფერიული ნერვების დაზიანებით. პერიფერიული ნერვები მთელ ორგანიზმში ვრცელდება და ორგანოებს, ჯირკვლებს, კუნთებს და კანს თავისა და ზურგის ტვინთან აკავშირებს. ჩარგ-სტრაუსის სინდრომის დროს პერიფერიული ნერვების დაზიანება, წესისამებრ, ვლინდება მტევნებისა და ტერფების დაბუჟებით, ჩხვლეტით, წვით, ფუნქციის დაქვეითებით. მკურნალობის შედეგად მდგომარეობა უმეტესად გამოსწორდება.
  • კანის ნაწიბურებით. ანთებითი ცვლილებები ნაწიბურების წარმოქმნას იწვევს.
  • გულის დაავადებებით. ჩარგ-სტრაუსის სინდრომთან დაკავშირებული გულის დაავადებებია: პერიკარდიტი - გულის მფარავი გარსის, პერიკარდიუმის, ანთება; მიოკარდიტი - გულის კუნთის ანთება; გულის შეტევა; გულის უკმარისობა.
  • თირკმლის დაზიანება. ჩარგ-სტრაუსის სინდრომის დროს შესაძლოა აღმოცენდეს თირკმლის გორგლების ანთება - გლომერულონეფრიტი, რაც არღვევს ფილტრაციას და შესაძლოა სისხლში აზოტოვანი ნივთიერებების დაგროვების, ურემიის, მიზეზად იქცეს.

ექვსი კრიტერიუმი

ჩარგ-სტრაუსის სინდრომია სავარაუდო, როცა დასტურდება ჩამოთვლილ კრიტერიუმთაგან 4 მაინც:

  • ასთმა - როგორც ითქვა, პაციენტთა უდიდეს ნაწილს ჩარგ-სტრაუსის სინდრომის დიაგნოსტიკის მომენტისთვის მძიმე, რთულად საკონტროლო ასთმა აქვს;
  • სისხლში ეოზინოფილების მომატება - ჩვეულებრივ, ეოზინოფილები სისხლის თეთრ უჯრედთა 1-3%-ს შეადგენს; მათი მატება 10%-ზე მეტად ანომალიურად მაღალ მაჩვენებლად განიხილება და ჩარგ-სტრაუსის სინდრომის მკაფიო ინდიკატორია;
  • ერთი ან რამდენიმე ნერვის დაზიანება - მონონეიროპათია ან პოლინეიროპათია;
  • ფილტვების რენტგენოგრაფიით მიგრირებადი ინფილტრატების არსებობის დადასტურება - ეს არის ჩრდილები რენტგენოგრამაზე, რომლებიც ხშირად იცვლის ადგილს; შესაძლოა ჰგავდეს ფილტვების ანთების რენტგენოლოგიურ გამოხატულებას;
  • სინუსიტი - ხშირია ქრონიკული ან მწვავე სინუსიტის შემთხვევები;
  • ექსტრავასკულური ეოზინოფილია ანუ სისხლძარღვთა გარეთ, ორგანოებსა და ქსოვილებში, ეოზინოფილების დაგროვება, რასაც ბიოფსიით - აღებული ქსოვილის მიკროსკოპული გამოკვლევით - ადგენენ.

ამ კრიტერიუმების განსაზღვრის მიზნით ექიმმა შესაძლოა სხვადასხვა ტესტი დანიშნოს. მათ შორის აღსანიშნავია:

  • სისხლის გამოკვლევა - როცა იმუნური სისტემა საკუთარი ქსოვილების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას, სისხლში აღმოჩნდება განსაზღვრული ტიპის ანტისხეულები. მათი არსებობა ეჭვს ბადებს, თუმცა ერთმნიშვნელოვნად არ ადასტურებს ჩარგ-სტრაუსის სინდრომის დიაგნოზს. იგივე შეიძლება ითქვას ეოზინოფილების მომატებაზეც - ის სხვა ალერგიული დაავადებების (მაგალითად, ასთმის) დროსაც აღინიშნება.
  • გამომსახველობითი კვლევები - რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა ფილტვისა და სინუსების ცვლილებათა დადგენაში გვეხმარება;
  • დაზიანებული ქსოვილის ბიოფსია - როცა დაავადების კლინიკური სურათი და ტესტების პასუხები ეჭვს ბადებს ჩარგ-სტრაუსის სინდრომის თაობაზე, შესაძლოა ჩატარდეს ქსოვილის ძალიან მცირე ნაწილის მოკვეთა (ბიოფსია) და მისი მიკროსკოპული გამოკვლევა. ქსოვილი შეიძლება აიღონ ფილტვიდან, კანიდან, კუნთიდან.

მკურნალობის პრინციპები

ჩარგ-სტრაუსის სინდრომისგან განკურნება შეუძლებელია, მაგრამ ამჟამად არსებულ საშუალებებს შეუძლია, დაავადების კონტროლში დაგვეხმაროს. ამისთვის სტეროიდებს და იმუნოსუპრესანტებს იყენებენ.

  • კორტიკოსტეროიდები. ინიშნება უმეტესად პრედნიზოლონი. თავდაპირველად - დიდი დოზა, მდგომარეობის კონტროლის მიღწევის შემდეგ კი ის თანდათან მცირდება. სამწუხაროდ, მცირე დოზის გამოყენების დროსაც არსებობს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი.
  • სხვა იმუნოსუპრესიული საშუალებები. დაავადების კონტროლისთვის კორტიკოსტეროიდები ყოველთვის არ არის საკმარისი. ამ შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ციკლოფოსფამიდი, აზათიოპრინი, მეტოტრექსატი. ამ მედიკამენტების მიღებისას აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა, ვინაიდან მცირდება ინფექციებთან ბრძოლის უნარი, ვითარდება გვერდითი ეფექტები.
  • იმუნოგლობულინი. მას ზემოთ ჩამოთვლილ საშუალებათა უეფექტობისას იყენებენ, თუმცა საკმაოდ ძვირია და ყოველთვის ეფექტური არ არის.
  • ბიოლოგიური პრეპარატები. მათ ჯერ კიდევ შეისწავლიან, ამიტომ მათი გამოყენება გამართლებულია მხოლოდ სხვა საშუალებების უეფექტობისას.

უნდა ითქვას, რომ გამოსავალი უკეთესია და გართულებების რისკიც ნაკლები, როცა ჩარგ-სტრაუსის დიაგნოზი ადრეულ ეტაპზე დაისმის და მკურნალობაც დროულად იწყება. მიუხედავად მედიკამენტური მკურნალობის ეფექტურობისა, საკმაოდ ხშირია გამწვავებაც.

ცხოვრების წესი

ჩარგ-სტრაუსის სინდრომის დროს შესაძლოა აუცილებელი გახდეს პრედნიზოლონით ხანგრძლივი მკურნალობა. ამ პრეპარატის გვერდითი ეფექტების შესამცირებლად რეკომენდებულია:

  • ძვლების დაცვა. ამისთვის საჭიროა კალციუმით მდიდარი რძის პროდუქტების და დ ვიტამინის მიღება. შესაძლოა ექიმმა დანიშნოს შესაბამისი პრეპარატებიც.
  • ვარჯიში. ის გვეხმარება წონის კონტროლში. ამასთან, სიარული და ძუნძული ძვლების მდგომარეობას აუმჯობესებს.
  • თამბაქოს წევისთვის თავის დანებება.
  • ჯანსაღი, ბალანსირებული კვება. რეკომენდებულია, ვერიდოთ ნახშირწყლებს, რადგან პრედნიზოლონის გამოყენება ზრდის დიაბეტის განვითარების რისკს.