რამ შეიძლება დაგვიფრთხოს ძილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რამ შეიძლება დაგვიფრთხოს ძილი

რატომ ვოფლიანობთ ღამით

ღამის ოფლიანობას სხვადასხვა მიზეზი აქვს. სწორედ ეს მიზეზები განაპირობებს ოფლიანობის თანმხლებ სიმპტომებს. მათ შორის აღსანიშნავია:

  • ტემპერატურის მომატება, რომელიც ოფლიანობასთან ერთად ახლავს თან სხვადასხვა ინფექციასა და სიმსივნეს;
  • შემცივნება და კანკალი - ინფექციის დროს;
  • წონის აუხსნელი კლება - ლიმფომით ან სიმსივნით განპირობებული ოფლიანობის დროს;
  • ციკლის შეწყვეტა და წამოხურება, ალები - მენოპაუზით განპირობებული ოფლიანობის დროს;
  • სხვა გვერდითი ეფექტები, როცა თავად ოფლიანობა ამა თუ იმ მედიკამენტით მკურნალობის გვერდითი ეფექტია.

ღამის ოფლიანობის გამომწვევი ინფექციის კლასიკური მაგალითია ტუბერკულოზი. ღამის ოფლიანობა ასევე ახასიათებს ენდოკარდიტს (გულის სარქველების ანთებას), ოსტეომიელიტს (ძვლების ანთებას ინფექციის შედეგად), მუცლის ღრუს აბსცესს, შიდსს.

ოფლიანობის ხსენებისას ყველას გვახსენდება ჰიპოგლიკემია - სისხლში გლუკოზის (შაქრის) შემცველობის უეცარი მკვეთრი დაქვეითება. ასეთი რამ მოსალოდნელია მაშინ, როცა დიაბეტით დაავადებული ადამიანი ინსულინით მკურნალობს. ჰიპოგლიკემია ვითარდება, თუმცა უფრო იშვიათად, დიაბეტის ტაბლეტირებული პრეპარატებით მკურნალობის დროსაც.

გარდა შაქრიანი დიაბეტისა, ღამის ოფლიანობის მიზეზად შესაძლოა იქცეს სხვა ჰორმონული დარღვევებიც:

  • ფეოქრომოციტომა - თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე, რომლის დროსაც ჭარბად წარმოიქმნება განსაზღვრული ტიპის ჰორმონები - კატექოლამინები;
  • კარცინოიდული სინდრომი - ფილტვის ან საჭმლის მომნელებელი სისტემის სიმსივნის მიერ განსაზღვრული ტიპის ჰორმონების ჭარბი წარმოქმნა;
  • ჰიპერთირეოიდიზმი - ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჭარბი პროდუქცია.

ისიც უნდა ითქვას, რომ ჩამოთვლილი მდგომარეობების დროს ოფლიანობა მხოლოდ ღამით არ გვხვდება, ექიმის ყურადღებას კი ოფლიანობასთან ერთად იპყრობს სხვა თვალსაჩინო სიმპტომებიც.

იშვიათად ღამის ოფლიანობის მიზეზად შესაძლოა იქცეს რომელიმე ნევროლოგიური დაავადება ან მდგომარეობა - აუტონომიური დისრეფლექსია, ტრავმის შემდგომი სირინგომიელია, ინსულტი ან აუტონომიური ნეიროპათია.

მედიკამენტები

თითქმის ყველა, ადამიანისთვის აუცილებელი მედიკამენტიც კი ზოგჯერ არასასურველ ეფექტებს იწვევს. ერთ-ერთი ასეთი ეფექტი სწორედ ღამის ოფლიანობაა. მის მედიკამენტურ წარმოშობას მაშინ ვვარაუდობთ, როცა პაციენტის სიმპტომების განხილვა, დეტალური გასინჯვა და კვლევა არ ავლენს ოფლიანობის გამომწვევ რომელიმე დაავადებას.

ღამის ოფლიანობა შესაძლოა გამოიწვიოს ანტიდეპრესანტებმა და სხვა ფსიქოტროპულმა საშუალებებმა, სიცხის დამწევმა მედიკამენტებმა (პარაცეტამოლი და სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებები).

წამოხურების შეგრძნებასა და ღამის ოფლიანობის ცრუ შთაბეჭდილებას ქმნის:

  • ნიაცინი;
  • ტამოქსიფენი (ხშირად ინიშნება სიმსივნეთა სამკურნალოდ);
  • ჰიდრალაზინი;
  • ნიტროგლიცერინი;
  • კალციუმის ანტაგონისტები;
  • ვიაგრა.

სამწუხაროდ, ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია.

როდის მივმართოთ ექიმს

ექიმთან მისვლა აუცილებელია, როცა ღამის ოფლიანობას ერთვის წონის კლება, საერთო სისუსტე, ლიმფური კვანძების გადიდება.

უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს ეგრეთ წოდებული იდიოპათიური ჰიპერჰიდროზი - ოფლიანობა, რომლის მიზეზსაც ვერ ადგენენ.


ღამის ქოშინი

ძილის დარღვევის საკმაოდ შემაწუხებელი და შემაშფოთებელი მიზეზია უეცარი ქოშინი - ღამის პაროქსიზმული ქოშინი ანუ სუნთქვის უეცარი გაძნელება. მისი მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • გულის უკმარისობა. გულის მარცხენა პარკუჭის კუმშვადობის მკვეთრი დაქვეითება იწვევს ფილტვებში სისხლის შეგუბებას, რაც არღვევს აირთა ცვლას, იწვევს ქოშინს. დღის განმავლობაში სისხლის ნაწილი ვენურ სისტემაშია დეპონირებული, ხოლო ღამით, წოლისას, მოცირკულირე მოცულობას ემატება. გულის დატვირთვა იზრდება, შეტევითი ქოშინიც უფრო ხშირად აღმოცენდება.
  • ბრონქული ასთმა. ამ დროს ქოშინს ერთვის მსტვენი ხიხინი, შეტევითი ხველა, რომლის დროსაც ნახველი არ გამოიყოფა, გულმკერდის შებოჭვის შეგრძნება. ბუნებრივია, ღამით აღმოცენებული ასთმის შეტევა არღვევს ძილს. რასაკვირველია, ძილის დარღვევა სულხუთვის შეტევის გამო საკმაოდ შემაწუხებელია. ამასთან ერთად, ასთმა, რომლის დროსაც შეტევა ღამით აღმოცენდება, საკმაოდ სერიოზული მდგომარეობაა. აუცილებელია ექიმთან დროულად მისვლა და მკურნალობის სათანადო გეგმის დასახვა.

პრინცმეტალის სტენოკარდია

პრინცმეტალის ანუ ვარიანტული სტენოკარდია არის სტენოკარდიული ტკივილი ან მკვეთრი შებოჭვის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან. ამ სახის სტენოკარდიის დროს ტივილი აღმოცენდება უმეტესად ღამით, ზურგზე წოლისას. პრინცმეტალის სტენოკარდია ხშირი არ არის. მისი თავისებურება ის გახლავთ, რომ მკერდის ძვლის უკან ტკივილი იწყება არა ფიზიკური დატვირთვისას, როდესაც ჟანგბადზე გულის მოთხოვნის მატება სავსებით ბუნებრივია, არამედ ღამით, მოსვენებისას. დაავადების აღმოცენება განპირობებულია გულის გვირგვინოვანი არტერიების სპაზმით.

პრინცმეტალის სტენოკარდიის სიმპტომების შემჩნევისთანავე უნდა მივმართოთ ექიმს, რათა სათანადო მკურნალობა დაგვინიშნოს.

წნევის მატება ღამით

ჯანმრთელი ადამიანის წნევა ძილის დროს დაახლოებით 10-20%-ით იკლებს. ეს წნევის დაქვეითების ნორმალური მაჩვენებელია. სამწუხაროდ, არსებობენ ადამიანები, რომელთა არტერიული წნევაც ღამის განმავლობაში დაქვეითების ნაცვლად იმატებს. წნევის ასეთი ცვალებადობა დამახასიათებელია არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებული მრავალი ადამიანისთვის.

ღამით არტერიული წნევის მომატებას ადგენენ არტერიული წნევის 24-საათიანი მონიტორინგით, რისთვისაც სპეციალურ აპარატს იყენებენ. წნევის მატების დადგენისას გადაიხედება მკურნალობის გეგმა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ღამის განმავლობაში არტერიული წნევის ნორმალური მაჩვენებელი.

ძილის შეუმჩნეველი დარღვევა

ძილის ამ დარღვევას, ზემოთ აღწერილ მდგომარეობათაგან განსხვავებით, თავად პაციენტი ვერც კი ამჩნევს, მაგრამ ის მოსვენებას არ აძლევს ადამიანს, რომელსაც მის გვერდით სძინავს, უფრო სწორად, არ სძინავს, რადგან მისი პარტნიორი ხმამაღლა ხვრინავს, პერიოდულად კი სუნთქვას წყვეტს. რამდენიმე წამის შემდეგ სუნთქვა განახლდება, იწყება ხვრინვა, რომელიც უფრო და უფრო ხმამაღალი ხდება, აღწევს პიკს და სუნთქვა კვლავ წყდება. ღამის განმავლობაში ეს რამდენჯერმე მეორდება.

რაც შეხეება თავად პაციენტს:

  • ის დილაობით გრძნობს, რომ გამოუძინებელია;
  • დღისით ხშირად ერევა ძილი, შესაძლოა ჩაეძინოს კითხვის, ტელევიზორის ყურების, მუშაობის დროს, რაც ზრდის ავტოსაგზაო და საწარმოო უბედური შემთხვევების რისკს;
  • იოლად ღიზიანდება;
  • ხდება გულმავიწყი;
  • ხშირად აწუხებს თავის ტკივილი, რომელიც ძნელად ექვემდებარება მკურნალობას.

გარდა ამისა, ძილის აპნოეს ხშირად ახლავს თან დეპრესია, ბავშვებში - ზედმეტი აქტიურობა, მაღალი წნევა, რომლის მოწესრიგებაც ჭირს, მძიმე შემთხვევებში - ქვედა კიდურების შეშუპება.


რითია საყურადღებო ძილის აპნოე

თუ ძილის ობსტრუქციულ აპნოეს არ ვუმკურნალეთ, შესაძლოა საქმე მივიდეს გულის დაავადებამდე ან გაუარესდეს უკვე არსებულის მიმდინარეობა. ასეთი დაავადებებია:

  • გულის არითმია;
  • გულის უკმარისობა;
  • მაღალი არტერიული წნევა;
  • ინსულტი.

როგორ სვამენ ძილის აპნოეს დიაგნოზს

ჩვეულებრივ, პაციენტი ექიმს იმ ადამიანის თხოვნით მიმართავს, რომელსაც მის გვერდით სძინავს. ექიმი დეტალურად შეისწავლის პაციენტის ავადმყოფობის ისტორიას, გამოიკვლევს მის პირის ღრუს, ყელს, ხახას, შეკრებს ინფორმაციას დღის განმავლობაში ძილიანობის და ღამით ძილის ხარისხის შესახებ. დიაგნოზის დასაზუსტებლად კი ტარდება ძილის სპეციალური გამოკვლევა - პოლისომნოგრაფია, რომლის დროსაც აპარატი მთელი ღამის განმავლობაში იწერს პაციენტის სუნთქვას, კარდიოგრამას და რიგ სხვა მაჩვენებლებს.

სად ვეძებოთ შვება

მკურნალობის გარეშე ძილის აპნოე არ განიკურნება. მკურნალობა კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ცხოვრების წესის შეცვლას:

  • წონის კლებას;
  • განსაზღვრულ მედიკამენტებსა და ალკოჰოლზე უარის თქმას;
  • გულაღმა ძილის გადაჩვევას.

პაციენტთა უმრავლესობასთან მკურნალობის რადიკალური მეთოდია სპეციალური მოწყობილობის გამოყენება, რომელიც სასუნთქ გზებში გამუდმებით უზრუნველყოფს დადებით წნევას და ასე ეწინააღმდეგება სასუნთქი გზების ობსტრუქციას (დახშობას). ამ შედეგის მისაღებად პაციენტი ძილის დროს იკეთებს სპეციალურ ნიღაბს, რომელიც ფარავს მის ცხვირის ღრუს. ნიღაბი შეერთებულია საწოლის გვერდით მოთავსებულ პატარა აპარატთან. აპარატი განსაზღვრული წნევით აწვდის ჰაერს ნიღაბს და ამით უზრუნველყოფს, რომ ღამის განმავლობაში სასუნთქი გზები არ დაიხშოს.

ძილის ობსტრუქციული აპნოეს ზოგ შემთხვევაში შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს ქირურგიული მკურნალობა.

ქვედა კიდურების კრამპი

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც მშვიდი ძილის საშუალებას არ გვაძლევს, ქვედა კიდურების, უმეტესად - წვივის, კუნთების მტკივნეული შეკუმშვაა. ტკივილი ამ დროს საკმაოდ ძლიერია და შესაძლოა, რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთამდე გაგრძელდეს. ქვედა კიდურების კრამპი უმეტესად 50 წელს გადაცილებულებს აწუხებს, თუმცა შესაძლოა შეგვხვდეს სხვა ასკობრივ ჯგუფშიც და ორივე სქესთან - თანაბარი სიხშირით.

რა იწვევს ქვედა კიდურების კრამპს

ფეხის კუნთების მტკივნეული შეკუმშვის უშუალო მიზეზი უცნობია, თუმცა დადგენილია ხელშემწყობი ფაქტორები. ესენია:

  • დღის განმავლობაში დიდხანს გაუნძრევლად ჯდომა;
  • კუნთების ზედმეტი დატვირთვა ვარჯიშის დროს;
  • მოუხერხებლად ჯდომა.

გარდა ამისა, ცნობილია მედიკამენტები, დაავადებები და მდგომარეობები, რომელთა გავლენითაც ქვედა კიდურების კრამპი ხშირად აღმოცენდება:

  • ორსულობა;
  • ალკოჰოლიზმი;
  • სითხის კარგვა, ელექტროლიტური დისბალანსი;
  • პარკინსონის დაავადება;
  • ნერვკუნთოვანი დაავადებები (ნეიროპათია, მიოპათია);
  • ქვედა კიდურის ორთოპედიული დაავადებები (ბრტყელტერფიანობა);
  • ენდოკრინული დაავადებები - დიაბეტი, ჰიპოთირეოიდიზმი;
  • შარდმდენები, სტატინები (ქოლესტერინის საწინააღმდეგო საშუალებები), ბეტა-ბლოკერები.

რომელი კვლევებია საჭირო?

მეტისმეტად შემაწუხებელი კრამპის დროს ექიმმა შესაძლოა მიზანშეწონილად მიიჩნიოს ელექტროლიტების გამოკვლევა. პროთრომბინის კვლევა, რომელიც პაციენტთა დიდ ნაწილს კრამპის დროს მნიშვნელოვნად მიაჩნია, ამ შემთხვევაში არავითარ ინფორმაციას არ გვაწვდის. მისი მაღალი მაჩვენებელი არ არის კრამპის მიზეზი და, შესაბამისად, არც მკურნალობაა საჭირო პროთრომბინის დასაქვეითებლად (თუ, რასაკვირველია, რაიმე სხვა მიზეზით არ არის ნაჩვენები ასეთი ჩარევა).


როგორ ავიცილოთ თავიდან კრამპი

  • ეცადეთ, მიიღოთ საკმარისი რაოდენობის სითხე (სულ მცირე, 6 ჭიქა დღეში), რათა არ განვითარდეს დეჰიდრატაცია;
  • დაძინებამდე დაიზილეთ წვივის კუნთები;
  • ატარეთ მოხერხებული, კომფორტული ფეხსაცმელი;
  • თუ გაქვთ ველოტრენაჟორი, დაწოლამდე ცოტა ხნით ადრე რამდენიმე წუთი ივარჯიშეთ.

თუ კრამპი მაინც აღმოცენდა

ყველაზე ეფექტური ხერხია მტკივან კუნთზე ხელის ძლიერი მოჭერა, მასაჟი. შეიძლება ადგეთ, ოთახში გაიარ-გამოიაროთ. ზოგჯერ ეფექტურია თბილი აბაზანა ან შხაპი. ზოგი პაციენტი ყინულის ეფექტურობაზეც მიუთითებს.

რაც შეეხება მედიკამენტურ მკურნალობას, ის აუცილებელია, როცა პაციენტს აქვს კრამპის გამომწვევი რომელიიმე დაავადება. სხვა შემთხვევებში შესაძლოა ეფექტური იყოს ე ვიტამინი, ბ ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი, მაგნიუმის შემცველი დანამატები (განსაკუთრებით - ორსულებთან).

რატომ ვერ ვაჩერებთ ძილის დროს კიდურებს

არსებობს ძილის დარღვევა, რომელსაც ღამით კიდურების რიტმული მოძრაობა ახასიათებს. მას კიდურების პერიოდული მოძრაობის დაავადებას უწოდებენ. პაციენტი უმეტესად ქვედა კიდურებს ამოძრავებს, თუმცა არც ზედა კიდურების მოძრაობაა გამორიცხული. წესისამებრ, მოძრაობა პერიოდულია. მისი ინტენსივობა სხვადასხვა დროს შესაძლოა სხვადასხვანაირი იყოს, ხოლო ხანგრძლივობა - წუთებიდან საათებამდე.

რისი ბრალია კიდურების პერიოდული მოძრაობა

კიდურების პერიოდული მოძრაობის მიზეზები უცნობია, თუმცა, ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, ის შესაძლოა აღმოცენდეს პარკინსონის დაავადების და ნარკოლეფსიის (ძლიერი ძილიანობა დღისით) დროს. კიდურების პერიოდული მოძრაობა ზოგჯერ მედიკამენტების, განსაკუთრებით კი ანტიდეპრესანტების მოქმედების შედეგია. სიმპტომებს აძლიერებს კოფეინი და მისი შემცველი პროდუქტები - შოკოლადი, ყავა, კოლა, ჩაი.

გულძმარვა

ძილის დარღვევის კიდევ ერთი მიზეზია გულძმარვა. უშუალოდ ძილის წინ ნოყიერი ვახშმის შემდეგ ის თითქმის ყველა ადამიანს განუცდია, თუმცა ზოგს შემაწუხებელი გულძმარვა ძალიან ხშირად აქვს. ის გამოწვეულია კუჭის მჟავა წვენის საყლაპავში პერიოდული ამოტყორცნით. არსებობს ამ სიმპტომის საწინააღმდეგო ეფექტური მედიკამენტები, თუმცა ხშირად საკმარისია განსაზღვრული წესების დაცვაც:

  • იძინეთ მარცხენა გვერდზე.
  • თუ ჭარბი წონა გაქვთ, დაიკელით, თუნდაც მცირედით.
  • ძილის დროს სხეულის ზედა ნაწილი წამოწეული გქონდეთ. ამისთვის საჭიროა, საწოლის თავი (და არა ბალიში) 10-15 სანტიმეტრით წამოიწიოს.
  • ნუ ატარებთ მოჭერილ ტანსაცმელს.
  • ნუ მიიღებთ საკვებს, თუ წინასწარ იცით, რომ ის გულძმარვას აძლიერებს. უმეტესად ასეთებია ალკოჰოლი, კოფეინიანი საკვები და სასმელი, ნიორი, პილპილი, ტომატი, ცხიმიანი.
  • ვახშამი 3 საათით უნდა უსწრებდეს ძილს და ყველაზე მსუბუქი ტრაპეზი იყოს.
  • ნუ წამოწვებით ჭამისთანავე.
  • საკვები კარგად დაღეჭეთ.
  • თავი დაანებეთ თამბაქოს წევას.