ჭარბთმიანობა და მისი მიზეზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჭარბთმიანობა და მისი მიზეზები

ჰირსუტიზმი

ჰირსუტიზმი არის ქალის სხეულზე სქელი ან მუქი თმის ჭარბი ზრდა მამაკაცისთვის დამახასიათებელ ადგილებზე. ეს ადგილებია სახე (საულვაშე, ლოყები), სარძევე ჯირკვლების არეოლა, გულმკერდი, მუცლის ქვედა ნაწილი, ზურგი, ბარძაყები. ჰირსუტიზმი, ჩვეულებრივ, მამაკაცის ჰორმონების (ანდროგენების, მაგალითად, ტესტოსტერონის) სიჭარბესთან არის დაკავშირებული ან მამაკაცის ჰორმონების ნორმალური შემცველობისას მათდამი ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობის შედეგია. ზოგჯერ თმიანობას თან ახლავს სხვა მამაკაცური ნიშნებიც. ამ მდგომარეობას ვირილიზაციას უწოდებენ. ვირილიზაციის სიმპტომებია ხმის დაბოხება, კუნთების ზრდა, თავზე თმის ცვენა, მენსტრუალური ციკლის გაიშვიათება, შეწყვეტა. შესაძლოა აღმოცენდეს აკნეც (კანის გამონაყარი).

ჰიპერტრიქოზი

ჰიპერტრიქოზი სხეულზე თმიანობის მატებაა, რომელიც ორივე სქესის პირებთან შეიძლება შეგვხვდეს. თმა შესაძლოა ჭარბად გაიზარდოს განსაზღვრულ ადგილებზეც და მთელ სხეულზეც, იყოს თხელი, ბაცი ფერისა, სქელი, გრძელი... თმიანობის ამგვარი დარღვევა ზოგთან დაბადებისთანავე შეინიშნება, ზოგს შემდგომ უვითარდება.

მიზეზები

თმიანობა მამაკაცური და ქალური ჰორმონების ბალანსზეა დამოკიდებული. მამაკაცური ჰორმონები ასტიმულირებს სქელი, მუქი თმის ზრდას. ქალური ჰორმონები (მაგალითად, ესტროგენი) აფერხებს თმის უჩვეულო ზრდას, ხოლო ჩვეულ თმიანობას ჯანსაღ იერსა და სასიამოვნო ფერს სძენს.

ჰირსუტიზმის მიზეზები

საპირისპირო სქესის ჰორმონები მცირე რაოდენობით გამომუშავდება როგორც ქალის, ისე მამაკაცის ორგანიზმშიც. ჰირსუტიზმის მიზეზია ჰორმონული ბალანსის დარღვევა მამაკაცის ჰორმონთა სასარგებლოდ. უნდა ითქვას, რომ ზოგჯერ ჰირსუტიზმი ოჯახურია - თაობიდან თაობას გადაეცემა. ამ შემთხვევაში ქალის თმის ფოლიკულებს მომატებული მგრძნობელობა აქვთ მამაკაცური ჰორმონების ნორმალური რაოდენობის მიმართ. დაავადებათაგან ჰირსუტიზმის მიზეზი ყველაზე ხშირად პოლიცისტური საკვერცხის სინდრომია, შედარებით იშვიათად:

  • ჰიპოფიზის, საკვერცხის, თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები, რომლებიც მამაკაცური ჰორმონების ჭარბად წარმოქმნას იწვევს;
  • მამაკაცის ჰორმონების წარმომქმნელი სიმსივნეები (საკვერცხის, თირკმელზედა ჯირკვლის, ფილტვის, საჭმლის მომნელებელი სისტემის);
  • ზოგიერთი მედიკამენტი - ანაბოლური სტეროიდები, დანაზოლი, ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტები პროგესტერონის მაღალი შემცველობით;
  • თმიანობის ოჯახური ხასიათი, რაც ხშირია ხმელთაშუა ზღვისპირეთში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში.
ქვემოთ უფრო ვრცლად განვიხილავთ ჰირსუტიზმის გამომწვევ ზოგიერთ მდგომარეობას.

თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები და ჰირსუტიზმი

  • თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპერპლაზია - ეს არის მდგომარეობა, როცა თირკმლეზედა ჯირკვლები გადიდებულია და ჭარბად წარმოქმნის მამაკაცის ჰორმონებს. ამ დროს თმიანობიასთან ერთად თავს იჩენს ვირილიზაციის სხვა სიმპტომებიც. დაავადების დიაგნოსტიკის მიზნით ტარდება ჰორმონების გამოკვლევა სისხლსა და შარდში.
  • თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნეები (ჩვეულებრივ, ავთვისებიანი) - ამ შემთხვევაში თავად სიმსივნე გამოიმუშავებს ჭარბად მამაკაცურ ჰორმონებს - ანდროგენებს. დიაგნოსტიკისთვის ტარდება მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა ან კომპიუტერული ტომოგრაფია, სისხლსა და შარდში იზომება ჰორმონების დონე.
  • კუშინგის სინდრომი - ეს არის თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე, რომელიც კორტიზოლის პროდუქციას ეწევა. თმიანობასთან ერთად ვითარდება ასიმეტრიული სიმსუქნე, რომლის დროსაც ჭარბი ცხიმი უპირატესად გულმკერდზე და კისრის არეშია დაგროვილი (ამას “კლიმაქტერიულ კუზს” ან “ბიზონის კუზს” უწოდებენ), ხელ-ფეხი კი ძველებურად წვრილია. ასეთ თავისებურ სიმსუქნეს სამედიცინო ლიტერატურაში ძროხისებრი სიმსუქნის სახელწოდებით მოიხსენიებენ. მუცლისა და თეძოების არეში კანზე ჩნდება ვარდისფერი სტრიები. სახე მთვარისებრ შესახედაობას იღებს. კუშინგის სინდრომის დროს ჭარბი კორტიზოლის ზემოქმედების შედეგია არტერიული წნევის მომატება, შაქრიანი დიაბეტი. დაავადების დიაგნოსტიკისთვის ხდება სისხლსა და შარდში კორტიზოლის განსაზღვრა, ტარდება სპეციალური მედიკამენტური ტესტები.

მემკვიდრეობითი ჰირსუტიზმი

  • ჭარბთმიანობის ეს ფორმა გვხვდება ოჯახის წევრებს შორის, მას თან არ ახლავს დაავადების სხვა სიმპტომები და სხვა მამაკაცური ნიშნები, მენსტრუალური ციკლი ნორმალურია. ეს მდგომარეობა, ჩვეულებრივ, არ მიიჩნევა ძვირად ღირებული ჰორმონული კვლევის ჩვენებად. თუ პაციენტის ინიციატივით ის მაინც ჩატარდა, დარღვევები არ ვლინდება.


ჭარბთმიანობის გამომწვევი საკვერცხის დაავადებები

  • პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი - ჰირსუტიზმი ვითარდება სქესობრივი მომწიფების პერიოდის შემდეგ. ჭარბთმიანობას თან ახლავს მამაკაცური იერი, სიმსუქნე, უნაყოფობა, არარეგულარული მენსტრუაცია, აკნე, ინსულინისადმი რეზისტენტობა, ე. წ. შავი აკანთოზი - კანის სიმუქე კანის ნაოჭების, იღლიების, კისრის, სარძევე ჯირკვლების არეოლების არეში. დიაგნოსტიკისთვის ტარდება საკვერცხეების ექოსკოპია, სისხლში განისაზღვრება ჰორმონების (ტესტოსტერონის, მალუთეინიზებელი, ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონების) დონე.

საკვერცხის სიმსივნეები - უეცრად წარმოიშობა ჩამოთვლილთაგან ერთი ან რამდენიმე სიმპტომი:

  • ტკივილი მცირე მენჯის (მუცლის ქვედა ნაწილი) არეში;
  • მუცლის შებერვა, აირების დაგროვება;
  • წონის კლება;
  • მამაკაცური იერსახე.

დიაგნოსტიკისთვის ტარდება საკვერცხეების ექოსკოპია, ზოგჯერ - კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა.

ჰიპოფიზის დაავადებები

  • ჰიპოფიზის ადენომა, რომელიც პროლაქტინს აპროდუცირებს - ჩვეულებრივ, ასეთი ადენომები კეთილთვისებიანია. ამ დროს სარძევე ჯირკვლებიდან რძე იწყებს დენას, წყდება მენსტრუალური ციკლი, მოსალოდნელია მხედველობის ველის ცვლილებაც. დიაგნოსტიკისთვის ხდება სისხლში პროლაქტინის განსაზღვრა, ტარდება თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა.
  • ჰიპოფიზის დარღვევები (მაგალითად, სიმსივნე), რომლებიც კუშინგის დაავადებას იწვევს. კლინიკური ნიშნები კუშინგის სინდრომის ანალოგიურია. დიაგნოსტიკისთვის ხდება სისხლის, ზოგჯერ შარდის გამოკვლევა კორტიზოლზე, ტარდება ტესტი დექსამეტაზონით, თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა.

ჭარბთმიანობის გამომწვევი მედიკამენტები

ჭარბთმიანობას ზოგიერთი მედიკამენტიც იწვევს. ჩვეულებრივ, ესენია პრეპარატები, რომლებსაც ეგრეთ წოდებული ანდროგენული (მამაკაცური) მოქმედება აქვთ. ბევრმა არ იცის, რომ ანაბოლური სტეროიდები, მათ შორის - ის საშუალებებიც, რომლებსაც ზოგჯერ ათლეტური აღნაგობის ჩამოყალიბების მიზნით ურჩევენ პაციენტებს (ტესტოსტერონის პროდუქტები, დანაზოლი), შესაძლოა ჭარბი თმიანობის მიზეზად იქცეს. ჭარბთმიანობა შესაძლოა გამოიწვიოს ჩასახვის საწინააღმდეგო იმ საშუალებებმაც, რომლებიც პროგესტერონის დიდ დოზას შეიცავს.

ჰიპერტრიქოზის მიზეზები

ჰიპერტრიქოზს (სხეულზე ან მის რომელიმე უბანზე თმიანობის მატებას) უმეტესად იწვევს:

  • სიმსივნის ზოგიერთი გართულება;
  • ზოგიერთი მედიკამენტი, მათ შორის - მინოქსიდილი, ფენიტოინი, ციკლოსპორინი;
  • მძიმე დაავადებები, მათ შორის - შიდსი, თავის ტვინის დაავადებები, კვების დაქვეითება (ნახშირწყლების დეფიციტი, ანორექსია), დერმატომიოზიტი, პორფირია;
  • კანის ამა თუ იმ არის განმეორებითი დაზიანება ან ანთება. ამის მაგალითია ჭარბთმიანობა, რომელიც აღმოცენდება თაბაშირის ნახვევის მოხსნის შემდეგ.

იშვიათად ჰიპერტრიქოზი გენეტიკურ დარღვევასთანაა დაკავშირებული. ამ შემთხვევაში ის დაბადებისთანავე ვლინდება.

კვლევის მიზანი

ექიმის ამოცანა იმის გარკვევაა, ჭარბთმიანობისას მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემაა თუ რომელიმე დაავადების ნიშანი. შემდგომი კვლევა საჭიროა, თუ პაციენტს ჭარბთმიანობასთან ერთად აღენიშნება:

  • მამაკაცური ნიშან-თვისებები;
  • სიმპტომის უეცარი აღმოცენება და სწრაფი პროგრესირება;
  • დისკომფორტი მუცლის ქვედა ნაწილში.

კვლევა არ არის საჭირო, თუ:

  • არ შეინიშნება ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები;
  • პაციენტს ყოველთვის ჰქონდა ჭარბთმიანობა;
  • ჭარბი თმიანობა ჰქონდათ მის წინაპრებსაც;
  • ციკლი რეგულარულია, მამაკაცური ნიშან-თვისებები არ დასტურდება.

ამ შემთხვევაში ჰორმონული კვლევა მხოლოდ გაუმართლებელი ხარჯია.