წელის ტკივილი - რეკორდსმენი სიმპტომი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წელის ტკივილი - რეკორდსმენი სიმპტომი

წელის ტკივილი, შეიძლება ითქვას, რეკორდსმენია სიმპტომთა შორის. დღითი დღე იზრდება იმ დაავადებათა ნუსხა, რომლებსაც ეს კლინიკური ნიშანი ახასიათებს. დამნაშავე შეიძლება იყოს:

  • გავა-წელის რადიკულიტი;
  • ოსტეოქონდროზი;
  • მიოზიტი;
  • ზურგის ტვინის თიაქარი;
  • მწვავე და ქრონიკული ქოლეცისტიტი;
  • ნაღველკენჭოვანი დაავადება;
  • შარდკენჭოვანი დაავადება;
  • გლომელურონეფრიტი;
  • თირკმლის ჭვალი;
  • მწვავე ან ქრონიკული პანკრეატიტი;
  • საკვერცხეების ანთება;
  • ორსულობისას - საშვილოსნოს ტონუსის მომატება;
  • საშვილოსნოს პათოლოგიები;
  • ვირუსული ინფექცია: ქლამიდიოზი, ჰერპესი, ციტომეგალოვირუსული დაავდება;
  • ორგანოს - თირკმლის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, პანკრეასის - დაწევა.

დამეთანხმებით, სოლიდური ჩამონათვალია, მაგრამ როდესაც ამ სიმპტომით ექიმს მიმართავთ, უპირველეს ყოვლისა, მაინც ის უნდა გაირკვეს, ხომ არ არის ტკივილი გამოწვეული ხერხემლის იმ მალების დაზიანებით, რომლებიც წელის არეში მდებარეობს. უნდა გამოირიცხოს ოსტეოქონდროზი, მალათაშუა ნერვების დაზიანება, კუნთოვანი და ძვალსახსროვანი სისტემის კერძო პათოლოგიები.

სტატისტიკა

  • ადამიანთა 80% აქტიური ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც გამოსცდის ამა თუ იმ ხარისხის წელის ტკივილს.
  • სტატისტიკის თანახმად, თუ ერთხელ მაინც აგტკივებიათ წელი, შანსი, კვლავ გამოსცადოთ ეს “სიამოვნება”, 4-ჯერ იზრდება.
  • პაციენტების 60%-თან რეციდივი მოსალოდნელია უახლოეს ორ წელიწადში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დაავადების პროფილაქტიკა.
  • მსოფლიოს მოსახლეობის 15-20% წელიწადში ერთხელ მაინც მიმართავს ექიმს წელის ტკივილის გამო, ამასთან, მათი 50% შრომისუნარიანია.
  • წელის ტკივილი ექიმთან მიმართვის ყველაზე ხშირი მიზეზია რესპირატორული დაავადებების შემდეგ და მეშვიდეა იმ მიზეზთა ჩამონათვალში, რომელთა გამოც ადამიანის ჰოსპიტალიზაცია ხდება საჭირო.
  • აშშ-ში წელის ტკივილისა და მისი გამომწვევი მიზეზების მკურნალობის ხარჯი წელიწადში 30 მილიარდ დოლარს აღწევს.
  • წელის ტკივილი ერთ-ერთი სიმპტომია, რომლის მკურნალობის ხარჯიც ერთ-ერთ მძიმე ტვირთად აწვება სადაზღვევო კომპანიებს.
  • იმ დაავადებებს შორის, რომლებსაც პროფესიულს ვუწოდებთ, ახალგაზრდა, 45 წლამდე ასაკის პირებთან წელის ტკივილი მესამე ადგილს იკავებს და ადგილს გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებსა და სხვადასხვა ფორმის ართრიტებს უთმობს.


საინტერესო ფაქტები

  • ხერხემლის მალებს შორის ყველაზე დიდი დატვირთვა სწორედ წელის მალებზე მოდის. როდესაც ადამიანი უბრალოდ დგას და არაფერს აკეთებს, ხერხემალს საშუალოდ 45-50 კგ ცოცხალი მასის დაჭერა უწევს. ჯდომისას დატვირთვა ნახევრდება.
  • ფიზიკური შრომის დროს წელის მალებზე დატვირთვა საგრძნობლად იმატებს.
  • წელის ტკივილი არავის ინდობს, იგი ერთნაირად ემუქრება ორივე სქესს, თუმცა აქვს გარკვეული რისკფაქტორებიც, რომლებიც ასაკს, დატვირთულ მემკვიდრეობას და საქმიანობის ტიპს უკავშირდება.
  • სუსტი, ნაკლებმოძრავი, გაუვარჯიშებელი ადამიანები სხვებზე მეტად ავადობენ.
  • წელის ტკივილი უმეტესად ჰიპოდინამიას, კუნთოვან სისუსტესა და ჭარბ წონას უკავშირდება.
  • ყველაზე ხშირად წელის ტკივილს იწვევს ის პროფესიები, რომლებიც მძიმე სამუშაოს ხელით შესრულებას ან მთელი დღე ერთსა და იმავე პოზაში ჯდომას მოითხოვს, აგრეთვე - ყველა ის საქმიანობა, რომლის დროსაც ხერხემალი მუდმივ ვიბრაციას განიცდის.
  • საოფისე პროფესიათა წარმომადგენლების 28% წელის ქრონიკულ ტკივილს უჩივის (ანუ ტკივილს, რომელიც 2-3 თვე და მეტხანს გრძელდება).
  • წელის ტკივილი ერთ-ერთი ის სიმპტომია, რომლის მკურნალობაც საკმაოდ ბევრ დროს მოითხოვს. ამის პირველი მიზეზი გართულებული და ზოგჯერ დაგვიანებული დიაგნოსტიკაა, რაც მოგვიანებით მკურნალობასთან დაკავშირებულ პრობლემებს და ამ პროცესის გახანგრძლივებას იწვევს.
  • უეცრად აღმოცენებული მწვავე ტკივილი შედარებით ადვილად სამკურნალოა. ამგვარი პაციენტების 70% უკვე 2-3 კვირის შემდეგ არსებით უკეთესობას გრძნობს, 80%-ს კი 2-3 თვეში ყველაფერი გაუვლის. მხოლოდ 10% უჩივის ტკივილს რამდენიმე თვის შემდეგაც.

წელის ტკივილი და დეპრესია

ხშირად წელის ტკივილს ერთვის დეპრესია. საზოგადოდ, ქრონიკული პათოლოგიების დროს პაციენტთა 50% სხვადასხვა ტიპის ფსიქოლოგიურ პრობლემებს უჩივის. მტკივნეული შეგრძნების წარმოშობის შემდეგ დეპრესიის ნიშნები მალევე იჩენს თავს. ზოგჯერ წელის ტკივილს ფიზიოლოგიურთან ერთად ფსიქოლოგიური მიზეზებიც აქვს. მრავალი სამედიცინო კვლევა ადასტურებს, რომ ფსიქოლოგიური სტრესი, მარტოობა და საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილება, მუდმივი დაძაბულობა ხერხემლის მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება. ადამიანები, რომლებსაც სამსახურისგან სიამოვნება არასდროს მიუღიათ, წელის ტკივილს მათზე 2,5-ჯერ ხშირად უჩივიან, ვისაც სამსახური, მატერიალურთან ერთად, მორალურ კმაყოფილებასაც ანიჭებს. ხელმძღვანელობასთან პირადი კონფლიქტები და ხერხემლის კუნთოვანი ტონუსის მატება ასევე შეიძლება წელის ტკივილის მიზეზად იქცეს.

“შავი სია”

ხერხემლის დაავადებათა მკვლევარმა, შვედმა მეცნიერმა გუნარ ანდერსონმა, იმ პროფესიათა “შავი სია” გამოაქვეყნა, რომლებიც ხერხემლის დაავადებებს და წელის ტკივილს იწვევს:

  • პროფესიები, რომლებიც მძიმე ფიზიკურ შრომას ითვალისწინებს;
  • პროფესიები, რომლებიც ერთსა და იმავე პოზაში დიდხანს ყოფნას მოითხოვს;
  • პროფესიები, რომლებიც ითვალისწინებს ხშირ ტრიალსა და დახრას;
  • პროფესიები, რომლებიც მოითხოვს ენერგიულ მოძრაობას და სიმძიმეების აწევას;
  • ვიბრაციებთან დაკავშირებული პროფესიები.

გარეგნობასთან კავშირი

არსებობს მოსაზრება, რომ მაღალ ადამიანებს საშუალო სიმაღლის პატრონებსა და დაბლებზე ხშირად სტკივათ წელი. თუმცა აქ სპეციალისტთა აზრი იყოფა, რადგან პირდაპირი კავშირი წელის ტკივილსა და სხეულის სიმაღლეს შორს ჯერჯერობით დაუდასტურებელია. სამაგიეროდ, იმაზე, რომ წელის ტკივილი ბევრი მსუქანი და ჭარბწონიანი ადამიანის ხვედრია, არავინ დავობს. ხშირად წელის ტკივილი უკავშირდება ქვედა კიდურების განსხვავებულ სიგრძეს - ხერხემალი ამის გამო არათანაბრად იტვირთება, შედეგად კი წელის ტკივილი იჩენს თავს. სპეციალისტები გვაიმედებენ, რომ თუ სხვაობა არ აღემატება 2 სმ-ს, ხერხემალს არაფერი ემუქრება, გაცილებით დიდი სხვაობა კი არსებით გავლენას ახდენს მის მდგომარეობაზე და მრავალი უსიამოვნო სიმპტომის პროვოცირებას ახდენს.