ჰიპერჰიდროზის მიზეზები და მკურნალობა
- რა არის ჰიპერჰიდროზი?
- ოფლის გამოყოფა თერმოსარეგულაციო მექანიზმია. თერმორეგულაცია წარმოადგენს ორგანიზმის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციას, რომლის მეშვეობითაც სხეული მუდმივ ტემპერატურას ინარჩუნებს. ჰიპერჰიდროზი გადაჭარბებული ოფლის წარმოქმნაა და შესაძლოა, ადამიანს სერიოზულ პრობლემად ექცეს. ვისაც ჰიპერჰიდროზი აქვს, სოციალურ, პროფესიულ და პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვან დისკომფორტს განიცდის.
- რამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერჰიდროზი?
- განასხვავებენ ზოგად და ლოკალურ ჰიპერჰიდროზს. ზოგადი (გენერალიზებული) ჰიპერჰიდროზის დროს ოფლის გამოყოფა მომატებულია მთელ სხეულზე. შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ის მეორეულია ანუ სხვა მიზეზით არის განპირობებული, უმეტესად:
- ინფექციით;
- ენდოკრინული დარღვევებით (ჰიპერთირეოიდიზმით, ჰიპერპიტუიტარიზმით, დიაბეტით, მენოპაუზით, ორსულობით, ფეოქრომოციტომით, კარცინოიდული სინდრომით, აკრომეგალიით);
- ნევროლოგიური აშლილობით (პარკინსონიზმით);
- ავთვისებიანი წარმონაქმნებით (მიელოპროლიფერაციული მდგომარეობით, ჰოჯკინის დაავადებით);
- მედიკამენტებით (მაგალითად, ანტიდეპრესანტებით);
- ინტოქსიკაციით;
- ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის შემთხვევაში - მოხსნის სინდრომით.
ლოკალური ჰიპერჰიდროზი პირველადია - იდიოპათიურად, სრულიად უმიზეზოდ უვითარდებათ პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებს. წესისამებრ, ვლინდება ბავშვობაში ან სქესობრივი მომწიფების პერიოდში, უმეტესად - იღლიისქვეშა მიდამოში და ვარაუდობენ, რომ ხშირად გენეტიკური განწყობით არის პირობადებული. შედარებით იშვიათია ტერფების, ხელისგულებისა და სახის მიდამოს ჰიპერჰიდროზი. ხშირად ეს ლოკალიზაციები მონაცვლეობს.
- რა გართულება შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერჰიდროზმა?
- ფიზიოლოგიურ დარღვევას ხშირად ერთვის ფსიქოსოციალური პრობლემებიც. პაციენტები გაურბიან ხელის ჩამორთმევას, ტანსაცმელზე ოფლის ლაქების გამო დაძაბულნი დადიან.
- შესაძლებელია თუ არა მკურნალობა?
- ჰიპერჰიდროზი ძალზე სათუთი პრობლემაა, თუმცა მისი მოგვარება, ასე თუ ისე, შესაძლებელია. საამისოდ მოწოდებულია არაინვაზიური, მცირეინვაზიური და ოპერაციული მეთოდები. არაინვაზიურ საშუალებებს მიეკუთვნება სამედიცინო ანტიპერსპირანტები და იონოფორეზი. მცირეინვაზიური მეთოდია ბოტულოტოქსინის ინექცია, ხოლო ინვაზიური (ოპერაციული) - სიმპათექტომია და კიურეტაჟი.
- როდის და როგორ გამოიყენება სამედიცინო ანტიპერსპირანტები?
- ანტიპერსპირანტები წარმოადგენს იღლიის, ხელისგულებისა და ფეხისგულების, სახის მიდამოს მომატებული ოფლიანობის საწინააღმდეგო საშუალებათა პირველ ხაზს. ანტიპერსპირანტები უნდა წავისვათ კანზე, იმ მიდამოში, სადაც ყველაზე აქტიურად გამოიყოფა ოფლი. მათი მუშაობის პრინციპია საოფლე ჯირკვლების სადინართა მიკროსაცობებით ბლოკირება, რის ხარჯზეც კანის ზედაპირზე გამოყოფილი ოფლის რაოდენობა მცირდება.
- რა უნდა გავითვალისწინოთ ანტიპერსპირანტების გამოყენებისას?
- ანტიპერსპირანტების ხშირი და არასწორი გამოყენებისას მოსალოდნელია: გაღიზიანება, ქავილი, ჰიდრადენიტი. ამ სიმპტომების გაჩენისას ანტიპერსპირანტების გამოყენება უნდა შევწყვიტოთ. არსებობს დეზოდორანტებიც, რომლებიც ოფლის გამოყოფაზე არ ახდენს გავლენას, მაგრამ შესაძლოა, დათრგუნოს ოფლის სუნის გამომწვევი ბაქტერიების გამრავლება და ამ გზით შეასუსტოს სუნი. ანტიპერსპირანტები უნდა წავისვათ აბსოლუტურად მშრალ კანზე. თუ შხაპი საღამოს მიიღეთ - 30-40 წუთის შემდეგ, იღლიის გაპარსვის შემთხვევაში - 24-48 საათის შემდეგ. ანტიპერსპირანტი გამოიყენეთ ყოველ საღამოს, ვიდრე ოფლიანობა არ შეგიმცირდებათ. ეფექტის შემჩნევის შემდეგ გააიშვიათეთ.
- რა არის იონოფორეზი?
- იონოფორეზი მკურნალობის მარტივი, ეკონომიური და ეფექტური მეთოდია, რომელსაც იყენებენ ხელისგულების, ფეხისგულებისა და იღლიის ჰიპერჰიდროზის დროს, მკურნალობის უფრო ინვაზიური მეთოდების დანიშვნამდე.
- ჰიპერჰიდროზის სამკურნალოდ ბოტულოტოქსინს გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან იყენებენ. რაში მდგომარეობს ამ მეთოდის არსი?
- ბოტულოტოქსინს იყენებენ უმთავრესად აქსილარული ჰიპერჰიდროზის დროს. ეფექტი 6-8 თვეს ძლებს და საგრძნობლად აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს. ბოტულოტოქსინის დამატებითი მკურნალობის შედეგად შესამჩნევად სუსტდება სუნი. ბოტულოტოქსინით შეიძლება ვუმკურნალოთ ხელისგულებისა და ფეხისგულების ჰიპერჰიდროზსაც.
- ჰიპერჰიდროზის მკურნალობის ინვაზიური მეთოდებიც ახსენეთ...
- ხელისგულების ჰიპერჰიდროზის მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია ენდოსკოპიური სიმპათექტომია. ვინაიდან სწორედ სიმპათიკური ნერვი იწვევს მომატებულ ოფლის გამოყოფას, ამ პროცედურის შედეგად უსიამოვნო სიმპტომები ქრება.
- აქვს თუ არა ამ პროცედურას უკუჩვენება?
- ენდოსკოპიური სიმპათექტომია უკუნაჩვენებია იმ პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ მეორეული ჰიპერჰიდროზი, რომელზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. ამ შემთხვევაში ძირითად დაავადებას უნდა ვუმკურნალოთ. პროცედურა უკუნაჩვენებია გულისა და ფილტვის გამოხატული უკმარისობის, ფილტვის ტუბერკულოზის მძიმე ფორმის, პლევრიტისა და ემფიზემის დროსაც.