ბრონქოსპაზმი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბრონქოსპაზმი

ნორმალური ჩასუნთქვისას ჩვენს ცხვირის ღრუში მოხვედრილი ჰაერი ერთგვარად “ემზადება” ქვედა სასუნთქ გზებში გადასასვლელად - იწმინდება, თბება, ცხვირ-ხახაში ტენიანდება და ისე გაივლის ხორხსა და ტრაქეას. რაც უფრო ქვემოთ გადაინაცვლებს ჰაერი, მით უფრო მეტადაა ის გამთბარი, დატენიანებული, გაწმენდილი. თუ ტრაქეაში ცივი ან ძალიან მშრალი ჰაერი მოხვდა, შესაძლოა ხველა ან ხიხინი აღმოცენდეს. ეს უცხო გამღიზიანებლის საპასუხო ნორმალური რეაქციაა. შემდეგ ჰაერი ბრონქებს გაივლის. ორი მთავარი ბრონქი იყოფა უფრო პატარა და ძალიან პატარა ბრონქებად ანუ ბრონქიოლებად. საბოლოო განტოტებები ყურძნის მტევანს მოგვაგონებს. სასუნთქ გზებს აბოლოებს უამრავი თხელი ბუშტისებრი წარმონაქმნი - ალვეოლა. მათ კედლებს მიუყვება უწვრილესი სისხლძარღვები - კაპილარები. ჰაერში არსებული ჟანგბადი ალვეოლის კედლების გავლით გადაინაცვლებს კაპილარულ სისხლში და მთელ ორგანიზმს მიეწოდება, ხოლო ორგანიზმში დაგროვილი ნახშირორჟანგი სისხლიდან ალვეოლურ ჰაერში გადადის და ამოსუნთქული ჰაერით გამოიყოფა. ნორმალური ბრონქული ხე უზრუნველყოფს ჰაერის დაუბრკოლებელ მოძრაობას ორივე მიმართულებით. ჩვეულებრივ, ჯანმრთელ ორგანიზმში სისხლში O2-ისა და ჩO2-ის შემცველობა განსაზღვრულ ფარგლებში მერყეობს. ბრონქების გარეთა შრე წარმოდგენილია გლუვი კუნთებით, რომლებიც ყოველი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვისას ავტომატურად ფართოვდება და ვიწროვდება. ეს უზრუნველყოფს ჰაერის სათანადო მოძრაობას და, შესაბამისად, O2-ისა და ჩO2 -ის ნორმალურ ცვლას. ბრონქების გლუვი კუნთების შეკუმშვა-მოდუნებას აკონტროლებს სიმპათიკური და პარასიმპათიკური ნერვული სისტემა, რომელთა ჰარმონიული მუშაობა ყოველთვის უზრუნველყოფს ბრონქების სათანადო განვლადობას. ბრონქული ხის შიგნითა ლორწოვანი გარსი შეიცავს ჯირკვლებს, რომლებიც გამოიმუშავებენ ლორწოს და სათანადოდ პოხავენ ბრონქების შიგნითა ზედაპირსა და სხვადასხვა ანთებით უჯრედს - ეოზინოფილს, ლიმფოციტს, ფოყიერ უჯრედებს. ამ უჯრედების ფუნქციაა მიკროორგანიზმების, ალერგენებისა და სხვა გამღიზიანებლებისგან ბრონქების ლორწოვანის დაცვა. ამავე დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ დასახელებული ანთებითი უჯრედები ალერგიული რეაქციის დროს მნიშვნელოვანი “მოთამაშეები” არიან. ბრონქულ ხეში ამ უჯრედების არსებობა ბრონქებს ალერგიული რეაქციის მთავარ სამიზნედ აქცევს. ბრონქოსპაზმი ანუ ბრონქოსპასტიკური სინდრომი არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის საფუძველიცაა ბრონქების გლუვი კუნთების სპაზმური შეკუმშვა მათი ლორწოვანი გარსის შეშუპებასა და სქელი სეკრეტის გამოყოფასთან ერთად. ბრონქების გლუვი კუნთების შეკუმშვა ბრონქის სანათურის მკვეთრ შევიწროებას იწვევს, რაც, ბუნებრივია, სუნთქვას აძნელებს. სქელი სეკრეტი ახშობს წვრილი ბრონქის სანათურს. ბრონქმა შესაძლოა შეინარჩუნოს განვლადობა ჩასუნთქვისას სუნთქვაში მონაწილე კუნთების დაძაბვისა და პაციენტის ძალისხმევის წყალობით, მაგრამ ამოსუნთქვისას, რაც პასიური პროცესია, ჰაერის უკუდენა ბრკოლდება. სქელი ლორწოს საცობი ჰაერისთვის ერთგვარ ხაფანგს ქმნის - ჩასუნთქვისას მისი რაოდენობა იზრდება, ხოლო ამოსუნთქვისას ვეღარ მცირდება, მორიგი ჩასუნთქვისას ბრონქების დაბოლოებებში ჰაერი კიდევ უფრო იმატებს, რაც საბოლოოდ ფილტვის “გადაბერვას” იწვევს.

როგორ ვლინდება ბრონქოსპაზმი

ციკულარულად განლაგებული გლუვი კუნთების შეკუმშვა საგრძნობლად ავიწროებს ბრონქების სანათურს, რასაც მოსდევს სუნთქვის მკვეთრი გაძნელება - ქოშინი. ქოშინი ბრონქოსპაზმის მთავარი და ძირითადი სიმპტომია. ის მეტწილად უეცრად აღმოცენდება და ზოგჯერ სულხუთვის ხასიათს იღებს. აღსანიშნავია, რომ ამოსუნთქვა უფრო მეტად ჭირს, ვიდრე ჩასუნთქვა, თუმცა თავად პაციენტები ამ განსხვავებას ხშირად ვერ გრძნობენ. ზოგჯერ ხიხინი ყოველგვარი გასინჯვის გარეშეც კარგად ისმის. ხშირად ბრონქოსპაზმი ინტენსიური ხველითა და ნახველის გაძნელებული გამოყოფით გამოვლინდება. უმთავრესი ნიშანი, რაც პაციენტის გასინჯვისას ხდება თვალსაჩინო, არის ფილტვების მოსმენისას გაგონილი ხიხინი გახანგრძლივებული ამოსუნთქვით.

რა არის ხიხინი

ხიხინი არის სტვენისმაგვარი ხმიანობა, რომელიც სუნთქვისას აღმოცენდება. ჩვეულებრივ, ის ისმის ამოსუნთქვისას, მძიმე შემთხვევებში - სუნთქვის ორივე ფაზაში. ხიხინი უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ, რადგან შესაძლოა სუნთქვის სერიოზული პრობლემის მაუწყებელი იყოს. ამ შემთხვევაში აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

რა იწვევს ხიხინს

არსებული მონაცემების თანახმად, უეცრად აღმოცენებული ხიხინის მიზეზი ყველაზე ხშირად ბრონქული ასთმაა, თუმცა არსებობს ბრონქოსპაზმისა და ხიხინის გამომწვევი სხვა დაავადებები და მდგომარეობებიც. მათ შორის აღსანიშნავია:

  • ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;
  • ფილტვების ემფიზემა;
  • გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (კუჭის მჟავა წვენის სისტემატური ამოტყორცნა საყლაპავში)
  • გულის უკმარისობა;
  • ფილტვის კიბო;
  • ძილის აპნოე (სუნთვის გაიშვიათება-შეჩერება ძილის დროს);
  • სახმო იოგის დისფუნქცია.

გარდა ჩამოთვლილებისა, ხიხინის მიზეზი შეიძლება იყოს რომელიმე გადაუდებელი მდგომარეობა ან მწვავე დაავადება, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება. ასეთ დროს ბრონქოსპაზმი და, შესაბამისად, ხიხინიც დროებითია და გამოჯანმრთელებისთანავე გაივლის. ასეთი ეპიზოდური ბრონქოსპაზმი თან ახლავს:

  • ალერგიულ რეაქციას (ანაფილაქსია);
  • ბრონქიოლიტს;
  • ბრონქიტს;
  • სასუნთქ გზებში უცხო სხეულის მოხვედრას;
  • პნევმონიას;
  • მუკოვისციდოზს;
  • თამბაქოს წევას;
  • სასუნთქი გზების ინფექციას.

ვის ემუქრება ბრონქოსპაზმი

ბრონქოსპაზმი და ხიხინი შეიძლება ნებისმიერ ადამიანს განუვითარდეს, თუმცა გარკვეული რისკფაქტორების არსებობისას მისი აღმოცენების ალბათობა უფრო დიდია. მაგალითად, ცნობილია, რომ ასთმისა და ალერგიის რისკი იმ ადამიანებს აქვთ, ვისი გენეტიკაც ამ მხრივ დატვირთულია. ბრონქოსპაზმის რისკი მეტია ალერგიის, თამბაქოს წევის დროს. დასახელებული რისკფაქტორებიდან ზოგიერთის თავიდან აცილება შეუძლებელია, მაგრამ ზოგიერთზე ზემოქმედება ნამდვილად შეგვიძლია. ბრონქოსპაზმის რისკს შევამცირებთ, თუ უარს ვიტყვით თამბაქოზე. ხიხინი შემცირდება, თუ შევძლებთ, თავი ვარიდოთ კონტაქტს ალერგიის გამომწვევ ფაქტორებთან (მცენარეების მტვერი, ცხოველების ბეწვი და ა. შ.). როცა მაპროვოცირებელი ფაქტორების თავიდან აცილება შეუძლებელია, ჩვენი მიზანია მკურნალობა შემაწუხებელი სიმპტომების შესამცირებლად და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.


როდის უნდა მივმართოთ ექიმს

  • ექიმთან ვიზიტი აუცილებელია, თუ ხიხინი პირველად აღმოცენდა.
  • ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს გახანგრძლივებული ხიხინის, მძიმე საერთო მდგომარეობის დროს.
  • ექიმს უნდა მიმართოთ, თუ ხიხინს ერთვის ტემპერატურის მომატება 38 0ც-მდე, რადგან არ არის გამორიცხული, ბრონქოსპაზმი დაკავშირებული იყოს ფილტვების ანთებასთან ან სასუნთქი გზების ინფექციასთან.
  • ხშირად გახველებთ და ხველის დროს გამოიყოფა შეფერილი ნახველი.
  • ხიხინი და ხველა უეცრად აღმოცენდება და ქაფიანი ან ვარდისფერი ნახველი მოჰყვება. ამ დროს გამორიცხული არ არის ფილტვების შეშუპება გულის მწვავე უკმარისობის გამო - აუცილებელია დაუყოვნებელი დახმარება.
  • ხიხინს ერთვის ტკივილი გულმკერდში ან ხველა ვარდისფერი ნახველით - გამოსარიცხია ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია.

მიზეზების ძიება

ბრონქოსპაზმის მიზეზების ძიება პაციენტთან გასაუბრებით იწყება. მაგალითად, თუ პაციენტი ალერგიულია, არ აქვს ფილტვის დაავადება და ამჩნევს, რომ ხიხინი ყოველთვის განსაზღვრული საკვების მიღების შემდეგ აღმოცენდება ან მხოლოდ განსაზღვრულ სეზონზე იჩენს თავს, დიდია საკვებისმიერი ან მცენარეული ალერგიის ალბათობა. ექიმი გულდასმით ისმენს პაციენტის ფილტვებს, რის შემდეგაც შესაძლოა დაიგეგმოს სუნთქვის ფუნქციის შესწავლა - სპირომეტრია, ზოგჯერ - რენტგენოგრაფია. ლაბორატორიული ტესტები მიღებული მონაცემების შესაბამისად იგეგმება.

მკურნალობა ბრონქოსპაზმის დროს

ბრონქოსპაზმისას მკურნალობას ორი მიზანი აქვს. უპირველესად, აუცილებელია სასუნთქი გზების ანთების კონტროლი. ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებით შესაძლებელია სასუნთქ გზებში ანთების მკურნალობა და ჭარბი სეკრეტის წარმოქმნის თავიდან აცილება. ბრონქული ასთმის შემთხვევაში ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს ჰორმონულ პრეპარატებს - გლუკოკორტიკოიდებს. მკურნალობის მეორე მნიშვნელოვანი მომენტია შევიწროებული ბრონქების გაფართოება. ეს მიიღწევა ბრონქების გამაფართოებელი საშუალებების - ბრონქოდილატატორების გამოყენებით. ისინი ამცირებენ ხიხინსა და ხველას. იმ შემთხვევაში, როცა ბრონქოსპაზმი დაკავშირებულია ქრონიკულ დაავადებასთან (მაგალითად, ბრონქული ასთმა ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება), საჭიროა ორივე ჯგუფის პრეპარატის ერთდროული გამოყენება. როცა ბრონქოსპაზმის მიზეზი ბრონქული ასთმაა, შესაძლოა დაინიშნოს ჩამოთვლილ მედიკამენტთაგან ერთ-ერთი, რამდენიმე, ზოგჯერ კი ყველა:

  • სწრაფად მოქმედი ბრონქების გამაფართოებელი შესასუნთქი პრეპარატები (ე. წ. ინჰალატორები);
  • შესასუნთქი ჰორმონები;
  • გახანგრძლივებული მოქმედების ბრონქების გამაფართოებლები;
  • ტაბლეტირებული პრეპარატები იმუნური ანთების შესამცირებლად;
  • ალერგიული რინიტის დროს - ანტიჰისტამინურები ან ცხვირში შესასხურებელი ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები.

მწვავე ბრონქიტის დროს შესაძლოა დაინიშნოს:

  • ბრონქოდილატატორი ხიხინის შესამცირებლად;
  • ანტიბიოტიკი, თუ პაციენტს აქვს ფილტვის თანმხლები დაავადება.

მომდევნო ნაბიჯები

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზოგჯერ ბრონქოსპაზმი მწვავე დაავადების გამოვლინებაა. ასეთ შემთხვევაში მისი განმეორებითი აღმოცენება არ არის მოსალოდნელი. თუმცა არის შემთხვევები, როცა ხიხინი სერიოზული ქრონიკული დაავადების სიმპტომია. ამ მდგომარეობათა დროული დიაგნოსტიკისათვის რეკომენდებულია ექიმის ჩარევა. ბრონქოსპაზმის გამომწვევი ზოგიერთი დაავადების (მაგალითად, ბრონქული ასთმის ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების) არასათანადო ან არარეგულარული მკურნალობის დროს მდგომარეობა მძიმდება, ხიხინი ძლიერდება, შესაძლოა სუნთქვის მწვავე უკმარისობა განვითარდეს ან ავადმყოფმა გონი დაკარგოს. რაკი ასეთი გართულებები ბრონქოსპაზმის გამომწვევი დაავადების მიმდინარეობასთან არის დაკავშირებული, მათ თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულების შესრულება და მდგომარეობის გაუარესებისას დროული ვიზიტი ექიმთან მკურნალობის გეგმის შესაცვლელად - შესაძლოა საჭირო გახდეს უფრო აგრესიული მკურნალობა.

როგორ ავიცილოთ თავიდან ბრონქოსპაზმი

როგორც უკვე ითქვა, განსაზღვრული ღონისძიებებით ბრონქოსპაზმის თავიდან აცილება შესაძლებელია. ეს ღონისძიებებია:

  • თამბაქოს წევაზე უარის თქმა;
  • ალერგენებთან კონტაქტის შემცირება;
  • ცხოვრების ჯანსაღი წესი, რაც სხვა დაავადებებთან ერთად ამცირებს სასუნთქი სისტემის ვირუსული ინფექციების რისკს.

ბრონქოსპაზმის გამომწვევი ქრონიკული დაავადებების, მაგალითად, ბრონქული ასთმის დროს ბრონქოსპაზმს მედიკამენტური მკურნალობის გარეშე თავიდან ვერ აიცილებთ. ამ შემთხვევაში აუცილებელია ექიმის დანიშნულების შესრულება. დანიშნული მკურნალობის შეწყვეტა ან მედიკამენტების დოზის შემცირება ექიმის თანხმობის გარეშე დაუშვებელია - შესაძლოა, დაავადების გამწვავება გამოიწვიოს.