„ჰაერი არ მყოფნის“: ემოცია თუ პათოლოგია?
ეს არის სუნთქვის გაძნელების ან ჰაერის უკმარისობის სუბიექტური შეგრძნება. ქოშინი თავისთავად არ არის დაავადება, მხოლოდ სიმპტომია, რომელიც შეიძლება მიანიშნებდეს როგორც უმნიშვნელო, ისე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაზე. ამ თემაზე გვესაუბრება აკ. ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი თერაპევტი მაია კოკაია.
- ქალბატონო მაია, რას ნიშნავს, როცა პაციენტი ამბობს „ჰაერი არ მყოფნის“?
- პაციენტის ფრაზა „ჰაერი არ მყოფნის“ სამედიცინო ენაზე ქოშინს — დისპნოეს — ნიშნავს. ეს არის სუნთქვის გაძნელების სუბიექტური შეგრძნება, როცა ადამიანს ჰგონია, რომ ვერ იღებს იმ რაოდენობის ჰაერს, რაც სჭირდება. ქოშინი თავისთავად დაავადება არ არის — ის სიმპტომია, რომელიც შეიძლება იყოს როგორც მწვავე, ისე ქრონიკული და ხშირად უკავშირდება გულ-ფილტვის ფუნქციის დარღვევას.
მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ზოგჯერ ამ განცდას ფსიქოლოგიური საფუძველიც აქვს — ძლიერი შფოთვა, სტრესი ან პანიკის შეტევა პირდაპირ იწვევს „ჰაერის უკმარისობის“ შეგრძნებას, მიუხედავად იმისა, რომ ფილტვი და გული ჯანმრთელია.
- როგორ განასხვავებთ ნამდვილ ქოშინს უბრალოდ დაღლილობისგან ან სტრესისგან?
- ნამდვილი ქოშინი ძირითადად ფილტვებსა და გულს უკავშირდება — ეს მაშინ ხდება, როცა ორგანიზმი ვერ იღებს საკმარის ჟანგბადს გარკვეული დაავადების გამო. ასეთი ქოშინი ხშირად ჩნდება ფიზიკური დატვირთვისას ან მოსვენების დროს მძიმე დაავადების შემთხვევაში. პაციენტი ამბობს, რომ ჰაერი არ ჰყოფნის ან ფილტვები ბოლომდე ვერ ევსება. ხშირად ვლინდება ობიექტური ნიშნებიც: ჟანგბადის დაბალი დონე, ხიხინი ფილტვებში, გულისცემის მატება ან კიდურების შეშუპება.
სტრესით გამოწვეული ჰაერის უკმარისობა კი ფსიქოლოგიური მიზეზებით არის განპირობებული — ძლიერი შფოთვა, პანიკის შეტევა ან დაღლილობა. ასეთი ქოშინი უფრო ზედაპირულია, პაციენტს გულ-მკერდის არეში მოჭერის ან სუნთქვის გაძნელების (პაციენტი ამბობს, რომ ამოსუნთქვა უჭირს) შეგრძნება აქვს. ობიექტურად ჟანგბადის დონე ჩვეულებრივ ნორმაშია, ფილტვებში და გულში განსაკუთრებული ცვლილება არ აღინიშნება, სიმპტომები კი ხშირად მცირდება დამამშვიდებელი სუნთქვის ვარჯიშებით ან სტრესის მოხსნის შემდეგ.
ექიმისთვის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი სწორედ ობიექტური მტკიცებულებაა: ნამდვილი ქოშინისას თითქმის ყოველთვის ჩანს ცვლილება, სტრესული ჰაერის უკმარისობისას კი — არა.
- რომელი ნიშნებია საგანგაშო, როცა დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ?
სასწრაფო მდგომარეობაა, როცა:
- პაციენტს არ შეუძლია თავისუფლად საუბარი — ერთი წინადადების თქმაც კი უჭირს სუნთქვის შეზღუდვის გამო.
- ჩანს ციანოზი — ტუჩები, თითები ან ფრჩხილები ლურჯდება, რაც ჟანგბადის ნაკლებობას ნიშნავს.
- არის ცნობიერების ცვლილება — დაბნეულობა, უძლურება ან მოუსვენრობა.
- ჟანგბადის სატურაცია 90%-ზე ნაკლებია (პულსოქსიმეტრით).
- ქოშინი უეცრად გაძლიერდა, განსაკუთრებით დასვენების დროს, ან ჩნდება გულმკერდის მწვავე ტკივილთან, თავბრუსხვევასთანერთად.
- სუნთქვის პროცესში ჩართულია დამხმარე კუნთები — პაციენტი კისრისა და გულმკერდის კუნთებით ცდილობს სუნთქვას.
ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა (112) — დრო ძალიან მნიშვნელოვანია.
- ყველაზე ხშირი მიზეზები რომელია?
- მიზეზები მრავალფეროვანია, მაგრამ ქოშინი, როგორც სიმპტომი, უმეტესად დაკავშირებულია ხუთ ძირითად პათოლოგიურ კატეგორიასთან, რომლებიც მოიცავს: ფილტვებს, გულს, სისხლს, იმუნურ სისტემასა და ფსიქოლოგიურ ფაქტორებს.
- ფილტვისმიერი მიზეზები: ასთმა და ბრონქოსპაზმი, მწვავე ინფექციები (როგორიცაა პნევმონია), და ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები (მაგ. მოწევის შედეგად გამოწვეული ქრონიკული ბრონქიტი).
- კარდიოლოგიური მიზეზები: გულის უკმარისობა, რომლის დროსაც გულს უჭირს სისხლის ეფექტურად გადატუმბვა, რის გამოც სითხე გროვდება ფილტვებში. ამიტომ, ბევრ პაციენტს ჰგონია, რომ პრობლემა ფილტვებშია, როდესაც სინამდვილეში გულის ფუნქციაა შესუსტებული.
- ჰემატოლოგიური (სისხლისმიერი) მიზეზი: ანემია, რომლის დროსაც სისხლში ჟანგბადის გადამტანი უჯრედების (ჰემოგლობინის) ნაკლებობა იწვევს ქსოვილების ჟანგბადოვან შიმშილს.
- ალერგიული რეაქციები: სასუნთქი გზების უეცარი შეშუპება ან ბრონქოსპაზმი, გამოწვეული ალერგენით (ეს ფაქტორი ასევე რესპირატორულ ჯგუფს უკავშირდება).
- ფსიქოგენური ფაქტორები: პანიკის შეტევები ან ძლიერი შფოთვა, რაც იწვევს ჰიპერვენტილაციას (სწრაფ და ზედაპირულ სუნთქვას).
- როგორ არჩევთ ფილტვისმიერ და გულთან დაკავშირებულ ქოშინს?
- ფილტვისმიერი ქოშინი, როგორც წესი, დაკავშირებულია სასუნთქი გზების ობსტრუქციასთან ან ფილტვის ქსოვილის დაზიანებასთან, ამიტომ მას ხშირად ახლავს ხველა, ხიხინი, ამოსუნთქვის გაძნელება (ექსპირაციული ქოშინი) და ხმაურიანი სუნთქვა.
გულისმიერი ქოშინი კი (კარდიოგენული დისპნოე) ჰემოდინამიკურ პრობლემებს უკავშირდება და უფრო „მძიმე“ შეგრძნებას იძლევა. მისი კლასიკური ნიშნებია: ფეხების შეშუპება, ღამის ქოშინი (PND), ორთოპნოე (წოლისას გაუარესება) და გულის ფრიალი (პალპიტაცია). მარტივი კითხვებიც კი (როგორიცაა: ,,გიწევთ თუ არა ბალიშების დამატება წოლისას?”) გვაძლევს მიმართულებას, საიდან მოდის პრობლემა.
- რა კვლევებია აუცილებელი პირველ ეტაპზე?
- ბაზისურად, პირველ ეტაპზე კეთდება:
* სატურაციის გაზომვა (პულსოქსიმეტრია).
* ექიმის გასინჯვა და დეტალური ანამნეზის შეკრება.
* ფილტვების რენტგენი (პნევმონიის, შეგუბების ან გულის გადიდების დასადგენად).
* სისხლის საერთო ანალიზი + ჰემოგლობინი (ანემიის გამოსარიცხად).
* ელექტროკარდიოგრამა (ეკგ) გულის რითმის დარღვევის ან იშემიის ნიშნების შესაფასებლად.
* სპირომეტრია (ფილტვის ფუნქციის შესაფასებლად, ასთმის/ფქოდ-ის ეჭვის შემთხვევაში).
ხშირად სწორედ უბრალო რენტგენი ან ეკგ გვაძლევს პასუხს — მაგალითად, აღმოჩნდება ფარული პნევმონია ან გულის გადიდება. საჭიროების შემთხვევაში, უკვე შემდეგ ეტაპზე ინიშნება გულის ექო ან კომპიუტერული ტომოგრაფია.
- თუ გაჩნდა მწვავე, უეცარი ქოშინი – რა უნდა გააკეთოს ადამიანმა?
მწვავე, უეცარი ქოშინის დროს ადამიანმა ასე უნდა იმოქმედოს:
- დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მოძრაობა და მიიღოს ნახევრად მჯდომარე (ან მჯდომარე) მდგომარეობა. ეს ამცირებს დატვირთვას გულსა და ფილტვებზე.
- შეეცადოს სუნთქვის გაკონტროლებას: ნელი ჩასუნთქვა ცხვირით, შემდეგ ოდნავ გახსნილი ტუჩებით ამოსუნთქვა (ტუჩებმოკუმული სუნთქვა). ეს ხელს უწყობს ფილტვებში ჰაერის ეფექტურ გაცვლას.
- გამოიყენოს დანიშნული მედიკამენტი: თუ პაციენტს აქვს დიაგნოზირებული ასთმა ან ფქოდ, მან უნდა მიიღოს მისი ინჰალატორი (სამკურნალო საშუალება) ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
- თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება 5–10 წუთში, ან დაერთვება ტკივილი მკერდში, წვის შეგრძნება, გულისრევა, ციანოზი ან ცნობიერების შეცვლა, აუცილებელია დაუყოვნებლივ სასწრაფო დახმარების გამოძახევა (112).
- როგორ იცვლება ქრონიკული ქოშინი სხვადასხვა დაავადების მიხედვით?
- ქოშინის ხასიათი და მისი გამოვლენის დრო დიდად გვეხმარება სავარაუდო მიზეზის დადგენაში.
- ასთმა: ქოშინი არის ეპიზოდური (შეტევის სახით), ხშირად იწყება ღამით ან გამღიზიანებელ ფაქტორთან კონტაქტისას; ახლავს მშრალი ხველა და ხიხინი.
- ფქოდ (COPD / მწეველთა ბრონქიტი): ქოშინი არის მუდმივი და პროგრესირებადი, მაგრამ ხშირად ყველაზე მძიმეა დილით, რასაც ახლავს სქელი ნახველით ხველა.
- გულის უკმარისობა: ქოშინი მატულობს წოლისას (ორთოპნოე) ან იწვევს ღამით გაღვიძებას; ახლავს ფეხების შეშუპება და მარტივად დაღლა.
- ანემია: ქოშინი გამოხატულია ძირითადად ზედმეტ დატვირთვაზე და მას არ ახლავს ფილტვისმიერი ნიშნები, როგორიცაა ხიხინი ან ხველა, რადგან პრობლემა ჟანგბადის გადატანაშია.
- რა არის ალერგიული ქოშინის დამახასიათებელი ნიშნები?
- ალერგიული ქოშინი, რომელიც ხშირად ასთმის შეტევის სახით ვლინდება, გამოირჩევა თავისი უეცარი დასაწყისითა და თანმხლები სისტემური სიმპტომებით.
ალერგიული ქოშინისთვის დამახასიათებელია ის, რომ იწყება კონკრეტულ ალერგენთან კონტაქტიდან რამდენიმე წუთში. ეს შეიძლება იყოს სეზონური (მაგ. გაზაფხულზე, ყვავილობის დროს) ან მუდმივი (მტვერი, ობის სოკო, ცხოველის ბეწვი, სუნამო). ქოშინს ხშირად ახლავს ზედა სასუნთქი გზების გაღიზიანების ნიშნები, როგორიცაა: ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, თვალების ქავილი და სიწითლე, ასევე ხველა და მკვეთრად გამოხატული ხიხინი (რაც ბრონქოსპაზმზე მიანიშნებს).
- როგორ მივხვდეთ, რომ ფიზიკური დატვირთვისას ქოშინი ნორმას სცდება და ყურადღებას საჭიროებს?
ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისას სუნთქვის სიხშირის და სიღრმის მატება ნორმალურია — ორგანიზმს უბრალოდ მეტი ჟანგბადი სჭირდება.
ქოშინი უკვე ანომალია, როცა:
1. დატვირთვის ტოლერანტობა მცირდება – ჩვეულებრივი ან ადრე ნორმალური დატვირთვა (მაგალითად, ერთი სართულით ასვლა) ადამიანისთვის რთული ხდება და თან ქოშინიც ჩნდება. ეს ორგანიზმის ფუნქციურ რეზერვზე მიანიშნებს.
2. განსაკუთრებული საგანგაშო ნიშნები – როცა ქოშინს თან ახლავს სხვა სიმპტომები:
-
- გულის ფრიალი (პალპიტაცია),
- თავბრუსხვევა ან გონების დაბინდვა,
- გულმკერდის ტკივილი ან მოჭერის შეგრძნება,
- არტერიული წნევის ცვლილება ან გულისცემის უჩვეულო აჩქარება/შენელება.
თუ ასეთი ნიშნები არსებობს, აუცილებელია დაუყოვნებლივი ყურადღება და კარდიოლოგის ან პულმონოლოგის კონსულტაცია.
- როგორ მოქმედებს მოწევა?
მწეველებისთვის ქოშინი ხშირად „ჩუმად“ ვითარდება, რადგან ისინი ეჩვევიან ხველას, რომელიც ფილტვების ქრონიკული გაღიზიანების ნიშანია. მოწევა იწვევს სასუნთქი გზების შევიწროებას (ბრონქების დაზიანება) და ფილტვის ქსოვილის ელასტიკურობის დაქვეითებას (ემფიზემა). ფილტვის ქრონიკული დაავადება შეიძლება ბევრად უფრო ადრე გაჩნდეს, ვიდრე ადამიანებს ჰგონიათ — 5–7 წელიც საკმარისია, რომ დაიწყოს შეუქცევადი ცვლილებები.
- ანემია როგორ იწვევს ჰაერის უკმარისობას?
ანემიის დროს ფილტვები ჯანმრთელია, მაგრამ პრობლემა სისხლშია: ჰემოგლობინი (ჟანგბადის გადამტანი) ვერ აწვდის ქსოვილებს საკმარის ჟანგბადს. ამიტომ ადამიანს ჰაერი თითქოს აქვს, მაგრამ ენერგია არ ჰყოფნის — ის ადვილად იღლება, უღრმავდება სუნთქვა, განსაკუთრებით კიბეზე ასვლისას ან მცირე დატვირთვისას. ბევრი ამას ფილტვის პრობლემად აღიქვამს, როცა სინამდვილეში მიზეზი სისხლის ანალიზშია (ჰემოგლობინის დაბალ დონეში).
- რომელი პროფესიებია რისკის ქვეშ?
- მტვრის, ქიმიური ნივთიერებების, სამშენებლო ნარევების, ლითონების ორთქლის ან სხვა აეროზოლების გარემოში მომუშავე ადამიანებს ბრონქები ხშირად უღიზიანებათ. ეს იწვევს პროფესიულ (სამუშაო გარემოსთან დაკავშირებულ) ასთმას ან სხვა ქრონიკულ ცვლილებებს. ქოშინი თავიდან მსუბუქია, ეპიზოდური და შეიძლება სამუშაო ადგილიდან მოშორების შემდეგ შემცირდეს, მაგრამ დროთა განმავლობაში შეიძლება გახდეს ქრონიკული და შეუქცევადი.
- რა მარტივ ნაბიჯებს ურჩევთ პერიოდული ქოშინის მქონე ადამიანს?
პერიოდული ქოშინის მქონე ადამიანისთვის რამდენიმე მარტივი ნაბიჯი მართლაც დიდ შვებას იძლევა:
- სუნთქვის კონტროლი: დატვირთვისას ან შფოთვის დროს ნელი, ტუჩებმოკუმული სუნთქვა (ნელი ჩასუნთქვა ცხვირით, ამოსუნთქვა ტუჩებით) ხელს უწყობს ფილტვებიდან ჰაერის სრულად გამოდევნას და ვენტილაციის გაუმჯობესებას (ჟანგბადის ეფექტურ გაცვლას).
- გარემოს კონტროლი: ოთახის ხშირი განიავება და საძინებელში ალერგენებისა და მძაფრი სუნების (სუნამოები, საყოფაცხოვრებო ქიმიკატები) თავიდან აცილება.
- პოზიციის შეცვლა: გულის უკმარისობის ეჭვის შემთხვევაში, ღამით ძილის დროს ოდნავ მაღალი სასთუმალი ან ნახევრად მჯდომარე პოზიცია ამსუბუქებს სუნთქვას (ორთოპნოეს).
- მოწევის სრულად შეწყვეტა: ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ქრონიკული ქოშინის პროგრესირების შესაჩერებლად.
ეს მცირე ცვლილებები ზოგჯერ დიდ შვებას იძლევა და ამცირებს ქოშინის შეტევების სიხშირეს.
- ყველაზე გავრცელებული შეცდომები
- არსებობს რამდენიმე გავრცელებული შეცდომა, რასაც პაციენტები უშვებენ, ეს არის:
- სიმპტომის უგულებელყოფა: ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა სიმპტომის ნორმალიზება. ადამიანები ხშირად ცდილობენ მოთმინებით გადალახონ ქოშინი და ელოდებიან, რომ ის თავად გაქრება, ან შეცდომით მიაწერენ მას ასაკობრივ ცვლილებებს, ჭარბ წონასა და უბრალო დაღლილობას. სამედიცინო დახმარების დაგვიანება კი საშუალებას აძლევს ბევრ ქრონიკულ დაავადებას (გულის უკმარისობა, ფილტვების ობსტრუქცია) შეუქცევად ფაზაში გადავიდეს.
- არასწორი სუნთქვა პანიკის დროს: შფოთვის ან პანიკის დროს ზედმეტი ღრმა და სწრაფი სუნთქვა იწვევს ჰიპერვენტილაციას, რაც სისხლში ნახშირორჟანგის დონის სწრაფად დაცემას და სიმპტომების (თავბრუსხვევა, დაბუჟება) კიდევ უფრო გაუარესებას იწვევს.
- დაგვიანება და თვითმკურნალობა: ყველაზე საშიში კი არის დაგვიანება. ქოშინს რაც უფრო დიდხანს ადევნებ თვალს მკურნალობის გარეშე, მით მეტია გართულების რისკი. ბევრი ქრონიკული მიზეზი (მაგალითად, გულის უკმარისობა) დროული მკურნალობით კარგად ექვემდებარება კონტროლს.
- დიდი მადლობა ინტერვიუსთვის.
სპეციალურად საიტისთვის