როგორი ქოშინი შეიძლება იყოს სერიოზული პრობლემების ნიშანი
ჰაერის უკმარისობის ან სუნთქვის გაძნელების სუბიექტურ განცდას მედიცინაში ქოშინი ეწოდება. ქოშინის შეგრძნება შეიძლება იყოს უსიამოვნო ან თუნდაც შიშის მომგვრელი, განსაკუთრებით, თუ ასეთი შეგრძნებები აქამდე არ გამოგიცდიათ. ან ქოშინი დაიწყო ისეთი მოქმედებების შესრულებისას, რომლებიც ადრე ადვილი იყო თქვენთვის. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ქოშინი არ არის სიმპტომი, რომლის იგნორირებაც შეიძლება.
ადამიანებმა შეიძლება სხვადასხვანაირად აღწერონ ქოშინი. ზოგი ამბობს, რომ „ვერ იღებს საკმარის ჰაერს“, ზოგი ამბობს, რომ „ვერ სუნთქავს საკმარისად ღრმად“ ან უჭირს სუნთქვა, ზოგი კი განიცდის „მკერდში შებოჭილობის“ შეგრძნებას, რაც ართულებს სუნთქვას.
მიაქციეთ ყურადღება იმ შეგრძნებებს, რომლებსაც განიცდით და შეეცადეთ აღწეროთ ეს შეგრძნებები რაც შეიძლება კონკრეტულად თქვენს მკურნალ ექიმთან.
თუ თქვენი ქოშინი იცვლება პოზიციის მიხედვით, მაგალითად, როცა დაბალ სასთუმაზე წოლისას აღინიშნება, ეს შეიძლება იყოს გულის უკმარისობის, წონის მნიშვნელოვანი მომატების ან ნევროლოგიური პრობლემების ნიშანი, რაც გავლენას ახდენს სუნთქვის კუნთების აქტივობაზე.
ქოშინის მიზეზების დადგენისას მნიშვნელოვანია მისი დაყოფა მწვავე (უეცრად, რამდენიმე წუთში ან საათში განვითარებული) და ქრონიკულად (განვითარდება კვირების ან თვეების განმავლობაში).
მწვავე ქოშინის ყველაზე გავრცელებული მიზეზები:
- სასუნთქი გზების ინფექციები, როგორიცაა ბრონქიტი ან პნევმონია;
- მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია);
- ბრონქული ასთმის მწვავე შეტევა;
- უცხო სხეულის (მაგალითად, საკვების) მოხვედრა სასუნთქ გზებში;
- ფილტვის ემბოლია;
- პნევმოთორაქსი (ფილტვის ჩაფუშვა პლევრის ღრუში ჰაერის შეღწევის გამო);
- გულის მწვავე უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი;
- მწვავე სისხლის დაკარგვა.
ამას ასევე შეიძლება მივაკუთნოთ ქოშინის შეგრძნება პანიკის შეტევების დროს (ჰიპერვენტილაცია, ფსიქოგენური ქოშინი).
მწვავე ქოშინის განსაკუთრებული შემთხვევაა ორსულ ქალებში ქოშინი. ამ ტიპის ქოშინი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე კვირის განმავლობაში, მაგრამ როდესაც ის იწყება, შეიძლება მოულოდნელად მოგეჩვენოთ. ეს არის ნორმალური ცვლილება, რომელიც ხდება ორსულობის დროს, რა თქმა უნდა, თუ სხვა მიზეზები გამორიცხულია, რადგან, პნევმონია და ასთმის შეტევა შეიძლება განვითარდეს ორსულობის დროს.
ქრონიკული ქოშინის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:
- ბრონქული ასთმა;
- ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფილტვის დაავადება, რომელიც ხშირად აზიანებს ამჟამინდელ ან ყოფილ მწეველებს);
- ქრონიკული ანემია;
- ფილტვების ინტერსტიციული დაავადებები;
- გულის ქრონიკული უკმარისობა;
- სიმსუქნე;
- სისხლის მიმქცევის მცირე წრეში ჰიპერტენზია.
ზოგჯერ პაციენტებში ქოშინის სიმპტომები ღამით ჩნდება და აღვიძებს მათ. ეს დამახასიათებელია ისეთი დაავადებებისათვის, როგორიცაა ბრონქული ასთმა, გულის უკმარისობა, გასტროეზოფაგური რეფლუქსის გამო ასპირაცია, ასევე ძილის ობსტრუქციული აპნოეს სინდრომი.
ქოშინს სხვადასხვაგვარად მკურნალობენ, რაც დამოკიდებულია მისი წარმოქმნის მიზეზზე. როგორც კი ექიმი დაადგენს თქვენი სიმპტომების მიზეზს, ის შემოგთავაზებთ შესაძლო მკურნალობას.