ტკივილი გულის არეში
ხშირად ეს სიმპტომი დამახასიათებელია ხერხემალთან ან გულმკერდთან დაკავშირებული ცალკეული დაავადებებისათვის. ამიტომ, აუცილებელია განვასხვავოთ
საკუთრივ გულთან დაკავშირებული ტკივილი, გულის არეში განვითარებული ტკივილისაგან.
ტკივილი გულის არეში ადამიანებს უვითარდებათ ასაკის, მდგომარეობისა და გარემოებების მიუხედავად. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის შეიძლება არ მიუთითებდეს გულის პრობლემებზე. ფორმირების მექანიზმის მიხედვით, აუცილებელია მისი დიფერენცირება, რაც პროფესიონალ ექიმთა კომპეტენციაა.
სწორედ ამ საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრის ექიმი კარდიოლოგი, ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების წევრი, ელენე კობაიძე:
– ქალბატონო ელენე, რა იწვევს ძირითადად ტკივილს გულის არეში? რამდენად საშიში სიმპტომია ის?
– ტკივილი გულის არეში შესაძლოა გამოწვეული იყოს, როგორც კარდიული, ასევე არაკარდიული მიზეზით. ნებისმიერი ტკივილი გულის არეში ადამიანის მიერ აღიქმება, როგორც გულის ტკივილი და ხდება საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო შიშის მიზეზი. აღსანიშნავია, რომ შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმთან კონსულტაციის გარეშე, არ არსებობს მარტივი გზა იმის გასარკვევად, საქმე გვაქვს კარდიული მიზეზით განპირობებულ გულის ტკივილთან თუ არა, ამიტომ ნებისმიერი სიმპტომის არსებობის შემთხვევაში, მიზანშეწონილია, დაუყოვნებლივ მივმართოთ ექიმ კარდიოლოგს.
– რა სახისაა გულის არეში განვითარებული ტკივილი უხშირესად და მისი სპეციფიკის მიხედვით რამდენად შესაძლებელია განმაპირობებელი პათოლოგიის წინასწარ განსაზღვრა?
– ტკივილი გულის არეში ხშირად შეიძლება უკავშირდებოდეს კუნთოვან ტკივილს, მაგრამ მისი იგნორირება დაუშვებელია, კარდიული მიზეზით განპირობებული გულის ტკივილი რომ არ გამოგვეპაროს. კარდიული მიზეზით განპირობებულ გულის ტკივილს ადამიანთა უმრავლესობა აღიქვამს მსუბუქი დისკომფორტის სახით, რომელსაც ისინი ნამდვილად არ უწოდებენ ტკივილს.
გულის არეში ტკივილი შესაძლოა სხვადასხვაგვარი იყოს:
- ძლიერი სიმძიმე და მოჭერა გულმკერდის არეში;
- ტკივილი, რომელიც აღმოცენდება მკერდის ძვლის უკან და გადაეცემა სხეულის სხვა ნაწილებს;
- შეგრძნება სუნთქვის გაძნელებისა და ჰაერის უკმარისობის დროს;
- მწვავე, უეცარი ტკივილი ზურგის არეში;
- ტკივილი, რომელიც ძლიერდება ხველის, წოლის ან ღრმა სუნთქვის დროს, ხოლო წინ გადახრილ პოზაში ჯდომისას სუსტდება.
რა თქმა უნდა, ტკივილის ხასიათის, ლოკალიზაციისა და მიმდინარეობის მიხედვით შესაძლებელია ეჭვი მივიტანოთ სიცოცხლისთვის საშიშ ისეთ მდგომარეობებზე, როგორებიცაა: მიოკარდიუმის ინფარქტი, სტენოკარდია, მიოკარდიტი, პერიკარდიტი, გულმკერდის აორტის განშრევება და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია.
– არაკარდიული პრობლემებიდან უხშირესად რა გვევლინება გულის არეში ტკივილის მიზეზად?
– ძნელია იმის თქმა, ტკივილი გულის არეში გულთან არის დაკავშირებული თუ სხვა რამითაა გამოწვეული. ჩვეულებრივ, გულის არეში განვითარებული ტკივილი ნაკლებად სავარაუდოა, გულის პრობლემით იყოს გამოწვეული, თუ პაციენტს აღენიშნება:
- ტკივილი, რომელიც უმჯობესდება ან ძლიერდება სხეულის პოზიციის შეცვლისას;
- ტკივილი, რომელიც ძლიერდება ღრმა სუნთქვის ან ხველების დროს;
- ტკივილი, რომელიც ძლიერდება მკერდზე ზეწოლის დროს;
- ტკივილი, რომელიც გრძელდება მრავალი საათის განმავლობაში;
- მნიშვნელოვანია გულძმარვის სიმპტომები – ტკივილი, წვის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც გულის, ასევე კუჭის პრობლემით.
– პირველი დახმარების სახით რა არის რეკომენდებული გულის არეში განვითარებული ტკივილის დროს? რა ზომებს უნდა მივმართოთ?
– გულის არეში ტკივილის დროს პირველი დახმარება დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე. ეს უკანასკნელი შეიძლება იყოს მცირე პრობლემა, დაწყებული გულძმარვით ან ემოციური სტრესით, დამთავრებული სიცოცხლისთვის საშიში სერიოზული მდგომარეობით, რომელზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ.
არ შეეცადოთ, თავად განსაზღვროთ მიზეზი. მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, რადგან ძნელია იმის თქმა, ტკივილი გამოწვეულია კარდიული მიზეზით, თუ ჯანმრთელობის სხვა მდგომარეობით, განსაკუთრებით თუ მანამდე არასდროს გქონიათ გულის ტკივილი, რადგან მისი ერთხელ გამოცდის შემთხვევაშიც კი შეუძლებელია მისი დავიწყება.
– რა უნდა გაითვალისწინოს მკითხველმა, რა არ შეიძლება გულის არეში ტკივილის დროს, რა შეცდომებს უშვებენ ძირითადად და რა ზიანი შეიძლება მოჰყვეს ამას?
– თუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენ ან სხვა ადამიანს აქვს ტკივილი გულის არეში, დაუყოვნებლივ უნდა გამოიძახოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ეს უნდა გააკეთოთ მაშინაც კი, როდესაც არ ხართ დარწმუნებული, ნამდვილად გულის ტკივილია ეს თუ არა. უმჯობესია, სამედიცინო პერსონალის მიერ დროულად და სწორად შეფასდეს აღნიშნული ტკივილი, ვიდრე დაგვიანდეს სიცოცხლის გადარჩენა.
- არ ეცადოთ თავად განსაზღვროთ მიზეზი, ყოველი წუთი მნიშვნელოვანია სიცოცხლის გადასარჩენად!
- არ მიმართოთ თვითმკურნალობას, რადგან ამას შესაძლოა მოჰყვეს ფატალური შედეგი!
– როგორც კარდიოლოგი, რას ურჩევთ მკითხველს საპროფილაქტიკოდ?
– გულის არეში ტკივილის პრევენცია შესაძლებელია, თუ თავიდან აიცილებთ ან მინიმუმამდე დაიყვანთ რისკფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენს გულის დაავადების განვითარებაზე: შეწყვიტეთ მოწევა და ალკოჰოლის მიღება, შაქრიანი დიაბეტის, მაღალი არტერიული წნევის და მაღალი ქოლესტერინის შემთხვევაში, აკონტროლეთ თქვენი დაავადება, დაიცავით ბალანსირებული და მრავალფეროვანი დიეტა, შეინარჩუნეთ ფიზიკური აქტივობა.