შეშუპების 8 ძირითადი მიზეზი
რა ხდება? რა არის ამ შეშუპების მიზეზი?
მიზეზი 1. ძალიან ბევრი სითხე
ღამით რამდენიმე ზედმეტი ფინჯანი ჩაის დალევა განაპირობებს არა მხოლოდ შარდვის გახშირებას და ამ მიზეზით ძილის დარღვევას, არამედ დილით შეშუპებული თვალებით გაღვიძებას. წყლის სიჭარბე ორგანიზმში იწვევს იმას, რომ სითხე არ კავდება სისხლძარღვებში და იწყებს უჯრედშორის სივრცეში გადასვლას (გადინებას). ამ შემთხვევაში ორგანიზმი საკმაოდ თანაბრად „შუპდება“: ჭარბი წყალი გვხვდება ყველა პერიფერიულ ნაწილში. ასეთი შეშუპება მუდმივი თანამგზავრია ცხარე და მარილიანი საკვების, ასევე ყავისა და ტკბილი გაზიანი სასმელების მოყვარულთათვის. ყველა ეს პროდუქტი იწვევს წყურვილს და ჭარბი სითხის მიღების პროვოცირებას ახდენს. გარდა ამისა, რისკჯგუფში არიან ძალიან მკაცრი დიეტის მიმდევარნიც, რომლებიც ხშირად „ივსებენ“ შიმშილის გრძნობას წყლით.
- როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ დროს?
უნდა მოერიდოთ ტკბილ, მარილიან და ცხარე საკვებს დღის მეორე ნახევარში მაინც, აკონტროლოთ მიღებული სითხის ხარისხი და მოცულობა. ექიმები თვლიან, რომ დღეში 1,5 ლიტრი ჩვეულებრივი სასმელი წყალი საკმარისია მათთვის, ვინც ფიზიკური შრომით არ არის დაკავებული.
ისიც გაითვალისწინეთ, რომ ენერგეტიკული სასმელები, ყავა და ტკბილი გაზიანი სასმელები არ კლავს წყურვილს, მათი დალევის შემდეგ ადამიანს კიდევ უფრო მეტად უძლიერდება წყურვილის გრძნობა.
მიზეზი 2. ვენური გადინების დარღვევა
საღამოობით „დამძიმებული“ და შეშუპებული ფეხები, კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია. თუ სისხლი ვენებში ჩერდება (კავდება), ჭარბი სითხე მისგან სისხლძარღვთა კედლის მეშვეობით გამოიდევნება და ხვდება ქსოვილებში. ძირითადად შუპდება ტერფები და ზოგადად ფეხები მუხლს ქვემოთ, რადგან სისხლს განსაკუთრებით უმძიმს ზევით გადანაცვლება, ასე ვთქვათ, გრავიტაციის გადალახვა.
ყველაზე ხშირად ფეხები უშუპდებათ მათ, ვისაც მთელი დღე უწევს დგომა, განსაკუთრებით მოუხერხებელი (არაკომფორტული) ფეხსაცმლით. საზიანოა მთელი დღის განმავლობაში ჯდომაც. დამატებითი რისკ-ფაქტორებია ძალიან მაღალი და მოუხერხებელი სკამი ან ფეხების მუდმივად გადაჯვარედინების (ერთმანეთზე გადაწყობის) ჩვევა.
- რა უნდა გაითვალისწინოთ?
თუ თქვენ მჯდომარე სამუშაო გაქვთ, მაშინ უნდა გაიხსენოთ შრომის უსაფრთხოების ინსტრუქციები და სასარგებლო რეკომენდაციები: პერიოდულად აუცილებლად უნდა შეისვენოთ, ყოველ ერთ საათში მოსცილდეთ კომპიუტერს და გაიარ-გამოიაროთ დერეფანში, სულ მცირე, ხუთი-ათი წუთის განმავლობაში. რეგულარული მოძრაობა ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას ქსოვილებში. ხოლო იმისათვის, რომ ვენებს ტონუსის შენარჩუნებაში დაეხმაროთ, უნდა დაუმეგობრდეთ სპორტს – დღეში ნახევარსაათიანი რეგულარული ვარჯიშიც კი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სისხლძარღვების მდგომარეობას. მაგრამ თუ ფეხები ძალიან და გამუდმებით გიშუპდებათ, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ფლებოლოგს სისხლძარღვების მდგომარეობის შესამოწმებლად. შესაძლებელია, ეს იყოს ვენების ვარიკოზული დაავადების ერთ-ერთი სიმპტომი.
მიზეზი 3. მავნე ნივთიერებათა ზემოქმედება
სითხის შეკავება არის სხეულის ბუნებრივი რეაქცია სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერების ზემოქმედებაზე: წამლებიდან დაწყებული, გამონაბოლქვით დამთავრებული. სითხე „იძვრება“ ქსოვილებსა და ორგანოებში იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გახსნას და გამოდევნოს ორგანიზმიდან მავნე მოლეკულები. დილიდანვე შეშუპებული თითები და თვალების ქვეშ ტომრები, წინა დღით მოწევის ან ზედმეტი კოქტეილის ტიპური შედეგია. გარდა ამისა, იგივე ალკოჰოლი იწვევს ორგანიზმის გაუწყლოებას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მარაგში (რეზერვში) არსებული ყველა თავისუფალი სითხის დაგროვებას.
- რა უნდა მოიმოქმედოთ?
უნდა იცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, რაც უნდა ბანალურად ჟღერდეს. ეს ერთადერთი გზაა ორგანიზმში შხამების შეღწევის შესამცირებლად.
მიზეზი 4. ალერგია
ალერგიული რეაქციის დროს გამოიყოფა ჰისტამინი, რომელიც ზრდის კაპილარების კედლების განვლადობას და იწვევს სითხის გამოყოფას მიმდებარე ქსოვილებში. როგორც წესი, შეშუპება ადგილობრივი რეაქციაა. ის ვითარდება იქ, სადაც ხვდება ალერგიის გამომწვევი ნივთიერება. მაგალითად, კოღოს ნაკბენზე ალერგიული რეაქცია იწვევს კანის მცირე უბნის შეშუპებას ნაკბენის გარშემო. ყველაზე საშიში სიტუაციაა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის შეშუპება, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მოხრჩობა (მოგუდვა). აღნიშნული სახის შეშუპება ვითარდება ალერგენის პირდაპირ სასუნთქ გზებში მოხვედრისას ან კიდევ ანგიონევროზული (კვინკეს) შეშუპების დროს, რომელიც მწვავე ალერგიული რეაქციაა, ჩვეულებრივ, სახისა და კისრის ქსოვილების მომცველი.
- რა არის რეკომენდებული ამ დროს?
ადგილობრივი ალერგიული შეშუპების მოხსნა-შემსუბუქება შეიძლება ანტიჰისტამინური მალამოებით ან ურეცეპტოდ გასაყიდი მედიკამენტებით. სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის სერიოზული შეშუპების დროს, დაუყოვნებლივ უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება – რადგან სათანადო დახმარების გარეშე ადამიანი შეიძლება დაიღუპოს.
მიზეზი 5. ორსულობა
ორსული ქალების უმეტესობას აღენიშნება შეშუპება. ეს არის ორსულობის დროს ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესის შედეგი. ორსულობის პერიოდში თირკმელებზე დატვირთვა იზრდება და ჰორმონული ძვრების გავლენით ორგანიზმში წყალ-მარილოვანი ბალანსი ირღვევა. ეს იწვევს სითხის სტაგნაციას (შეკავებას) სხვადასხვა ქსოვილებში. ფეხების ძლიერი შეშუპება, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება ორსულ ქალებთან, არის სისხლის მიმოქცევის ზოგადი გაუარესების შედეგი. ეს გამოწვეულია საშვილოსნოს ზრდით. გადიდებული საშვილოსნო აწვება მუცლის ღრუს ვენებსა და ლიმფურ ძარღვებს.
- როგორ უნდა მოიქცეს ორსული?
ორსულმა რეგულარულად უნდა გაიაროს კონსულტაცია ექიმთან, რომელიც მართავს მის ორსულობას. ექიმი დაეხმარება დიეტისა და ცხოვრების წესის იმგვარად დარეგულირებაში, რომ შეშუპება რაც შეიძლება იშვიათად განვითარდეს. ორსულობის დროს, შეშუპების ასარიდებლად, კიდევ ერთი კარგი საშუალებაა რეგულარული მოძრაობა და სათანადო დასვენება.
მიზეზი 6. ტრავმა ან ანთება
ძლიერი დაჭიმულობისა და ღრძობის დროს დაზიანებული ადგილი შუპდება. ეს შეშუპება გამოწვეულია ქსოვილის ან ლიმფური ძარღვების დაზიანებით. ამის გამო ქსოვილებში შეიძლება სითხე დაგროვდეს. მსგავსი სურათი შეინიშნება ანთების დროსაც, რის გამოც ქსოვილებში სითხის დაგროვების მაპროვოცირებელი ნივთიერებები გამოიყოფა. მაგალითად, მძიმე შეშუპება ვითარდება რევმატიზმის ან ართრიტის დროს.
- როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ დროს?
ტრავმული ან ანთებითი შეშუპება საკმაოდ სერიოზული სიმპტომია, რომელიც მოითხოვს ტრავმატოლოგთან ან ქირურგთან ვიზიტს. თუმცა, დახმარების მოლოდინში, შეიძლება დაზიანებულ უბანზე ცივის დადება, მაღლა აწევა სითხის გადინების გასაუმჯობესებლად.
მიზეზი 7. თირკმლის დაავადებები
ყოველ დილით ფერმკრთალი და შეშუპებული სახე თირკმელების პრობლემების მანიშნებელია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიფრთხილე ძლიერი შეშუპების შემთხვევაში, როდესაც კანზე თითის დაჭერის კვალი დაუყოვნებლივ არ ქრება, არამედ გრძელდება ერთი წუთის ან მეტი ხნის განმავლობაში. თირკმელების არასრულფასოვნად ფუნქციობის დროს, ორგანიზმში შეიძლება დაირღვეს წყალ-მარილოვანი ბალანსი, რაც ქსოვილებში სითხის სტაგნაციას იწვევს. „თირკმლის“ შეშუპება ძალიან დიდხანს გრძელდება და შეიძლება ჩაცხრეს მხოლოდ საღამოს.
- რა არის ასეთ დროს საჭირო?
საჭიროა ნეფროლოგის კონსულტაცია. თირკმელების დაავადება უკიდურესად საშიშია და დროული და სათანადო მკურნალობის გარეშე შეიძლება ფატალურიც აღმოჩნდეს.
მიზეზი 8. გულის დაავადებები
თუ საღამოს არა მხოლოდ ტერფები, არამედ წვივები, ბარძაყები და მუცლის არეც კი გიშუპდებათ, მაშინ ეს შეიძლება გულის პრობლემების ნიშანი იყოს. სისხლის მიმოქცევის უკმარისობამ მთელ სხეულში, შეიძლება გამოიწვიოს სითხის შეღწევა სისხლძარღვთა კედლიდან ქსოვილებში – ისევე, როგორც შეფერხებული ვენური გადინებისას (მიზეზი 2), მხოლოდ უფრო დიდი მასშტაბით. დამატებითი ნიშნები იმისა, რომ ამ ტიპის შეშუპება „გულისმიერია“, ანუ გულის პრობლემებით გამოწვეული, არის ქოშინი, ტუჩებისა და თითების ციანოზი (გალუჯება) და კისრის ვენების დაბერვა.
- რა უნდა მოიმოქმედოთ ასეთ დროს?
სასწრაფოდ უნდა მიმართოთ კარდიოლოგს. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ჩვენს დროში, ახალგაზრდებსაც უვითარდებათ. საყურადღებოა, რომ დროულად დაწყებული მკურნალობა არა მხოლოდ შეშუპებას ხსნის, არამედ ამსუბუქებს პაციენტის ზოგად მდგომარეობას და მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს სიცოცხლეს.