რა იწვევს პირის სიმშრალესა და მუდმივ წყურვილს
ამგვარად, შეშფოთების საფუძველი არ არსებობს, თუმცა, ზოგჯერ სიმშრალე მძიმე პათოლოგიების განვითარების ნიშანია. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, არ გამოგრჩეთ ორგანიზმის „მინიშნება“ და დროულად მიიღოთ ზომები.
რა იწვევს სიმშრალეს და რატომ არის ის საშიში
პირის სიმშრალის განვითარება (ექიმები ამ შეგრძნებას ქსეროსტომიას უწოდებენ) არის ნიშანი იმისა, რომ ორგანიზმი (უფრო კონკრეტულად, სანერწყვე ჯირკვლები) არ გამოიმუშავებს საკმარის ნერწყვს. აღნიშნული ფენომენის გამომწვევი მიზეზი კი მრავალია.
საყურადღებოა, რომ ნერწყვი ასრულებს რამდენიმე მნიშვნელოვან ფუნქციას ადამიანის ორგანიზმში:
- უზრუნველყოფს საკვების თავდაპირველ დაშლას;
- იცავს ორგანიზმს ინფექციის შეჭრისა (შეღწევისა) და გავრცელებისგან;
- უზრუნველყოფს საკვების უმტკივნეულოდ გადაყლაპვას;
- აკონტროლებს ბაქტერიულ გარემოს პირის ღრუში;
- ხელს უშლის კარიესის განვითარებას.
ამიტომ სიმშრალის შეგრძნებამ შეიძლება გამოიწვიოს უკიდურესად უსიამოვნო პროცესები. მაგალითად, ყელის ტკივილი ან ინფექციური დაავადებების განვითარება.
თანმდევი სიმპტომები
თუ პირის ღრუში ნერწყვის მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდება, პათოგენური მიკროორგანიზმები ადვილად შეაღწევენ ორგანიზმში და გაიმარჯვებენ. ადამიანს უვითარდება შემდეგი სიმპტომები:
- პირის სიმშრალე;
- გადაჭარბებული წყურვილი;
- ლოყის შიდა ზედაპირზე ან სასაზე ენის მიწებების შეგრძნება;
- არაჯანსაღი სუნთქვა;
- ნახეთქები და წყლულები პირის კუთხეებში;
- ნახეთქები ტუჩებზე;
- ტკივილი ყლაპვისას;
- გაღიზიანებული, წითელი ენა;
- სირთულეები კერძის გემოვნებითი გამის განსაზღვრაში;
- ხმის ჩახლეჩა.
თუ ორგანიზმში ნერწყვის გამომუშავება რეგულარულად მცირდება, მაშინ ადამიანს აღენიშნება ჩივილები საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციობის მხრივ, ყელ-ყურ-ცხვირის პათოლოგიები, კბილებსა და ღრძილებთან დაკავშირებული მუდმივი პრობლემები. ასეთი ადამიანები მიდრეკილნი არიან გაციებისადმი.
პირის სიმშრალის ფიზიოლოგიური და პათოლოგიური მიზეზები
ზემოთ დასახელებული უსიამოვნო სიმპტომები მნიშვნელოვნად აუარესებს ცხოვრების ხარისხს. ამიტომ არ უნდა შეეგუოთ მათ. აუცილებელია პრობლემის მიზეზის გარკვევა და შეძლებისდაგვარად აღმოფხვრა.
არსებობს მოსაზრება, რომ პირის სიმშრალის განვითარება დაბერების პროცესს უკავშირდება. ეს არ არის სიმართლე. პათოლოგიას იწვევს არა ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები, არამედ სრულიად განსხვავებული მიზეზები.
ქსეროსტომიის 5 ბუნებრივი (ფიზიოლოგიური) მიზეზი
უმეტეს შემთხვევაში, პირის სიმშრალე მარტივი და ბუნებრივი მიზეზებით არის გამოწვეული. ამ შემთხვევაში პაციენტი არ საჭიროებს მკურნალობას, რადგან ასეთი მდგომარეობა დროებითია.
ამრიგად, სიმშრალე შეიძლება აღმოცენდეს შემდეგ სიტუაციებში:
1) წყლის დეფიციტის დროს – ადამიანები, რომლებიც არ სვამენ საკმარის წყალს, ხშირად განიცდიან პირის სიმშრალეს. ამასთან, აღნიშნული სიმპტომი ერთადერთი არ არის ხოლმე. დეჰიდრატაცია შეიძლება გამოვლინდეს გადაჭარბებული წყურვილით, შარდვის დაქვეითებით, თვალების წვითა და კანის სიმშრალით.
2) ქუჩაში ან შენობაში სიცხის დროს – ასეთ პირობებში, თუ ადამიანი მუდმივად არ გააჯერებს ორგანიზმს წყლით, ვითარდება გაუწყლოება. სხვათა შორის, ეს მდგომარეობა შეიძლება განვითარდეს არა მხოლოდ სიცხის დროს, არამედ ზამთარშიც, თუ შენობაში ჰაერი ძალიან გამომშრალია (მაგალითად, გამათბობელი მოწყობილობების გამო).
3) შიშის ან სტრესის შემთხვევაში – პირი ხშირად უშრებათ გამოცდაზე გასვლის, სერიოზულ და საპასუხისმგებლო ღონისძიებაში მონაწილეობის წინ. ეს გასაკვირი არ არის. ორგანიზმს ბევრი საზრუნავი აქვს ასეთ ვითარებებში და დრო არ რჩება ნერწყვის გამოყოფის პროცესისთვის.
4) პირით სუნთქვისას – როცა ცხვირი გაჭედილია, ადამიანი დაუყოვნებლივ გადადის პირით სუნთქვაზე. ასეთ დროს პირის ღრუ სწრაფად შრება. სანერწყვე ჯირკვლები, უბრალოდ, ვერ ასწრებს საკმარისი რაოდენობით ნერწყვის გამომუშავებას.
5) გაღვიძების შემდეგ – ეს ნიშანი ხშირად მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანს ღამით ღია პირით სძინავს. დილის ქსეროსტომია შეიძლება მიუთითებდეს ხვრინვასა და აპნოეზე.
პირის ღრუს სიმშრალე ხშირად აღმოცენდება ცუდი ჩვევების ფონზე. ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება იწვევს ზედმეტ დეჰიდრატაციას, რომელიც, როგორც წესი, „მთელი თავისი დიდებით“ ვლინდება დილით. არანაკლებ საზიანოა ორგანიზმისთვის მოწევა. თამბაქოს კვამლი იწვევს ნერწყვის სინთეზის დაქვეითებას და პირის ღრუს ლორწოვანის გამოშრობას.
ქსეროსტომიის 8 პათოლოგიური მიზეზი
თუ სიმშრალე ხშირად ვლინდება და მუდმივი თანამგზავრი ხდება, მაშინ ამ მდგომარეობის მიზეზები შეიძლება ძალიან სერიოზული იყოს. ეს არის ცხოვრების არასწორი წესი ან ორგანიზმში მიმდინარე დაავადებები.
პირის სიმშრალე შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადებამ და პირობებმა. ყველაზე ხშირად დამნაშავეა:
გარკვეული მედიკამენტების მიღება
მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიოს პირის სიმშრალე. ასეთი გვერდითი მოვლენები აქვთ შეშუპების საწინააღმდეგო პრეპარატებს, ანტიჰისტამინურ (ჰისტამინის საწინააღმდეგო) და ანტიდიარეულ (ფაღარათის საწინააღმდეგო) საშუალებებს. ქსეროსტომია შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დამარეგულირებელმა წამლებმა, ანტიდეპრესანტებმა, ანტიბიოტიკებმა და მიორელაქსანტებმა (კუნთების მომადუნებელმა პრეპარატებმა). სიმშრალე შეიძლება განვითარდეს ქიმიოთერაპიის შემდეგ.
ასეთი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია. სპეციალისტი დაგეხმარებათ სხვა ანალოგის შერჩევაში, რომელსაც არ მოჰყვება უსიამოვნო სიმშრალე. სხვათა შორის, ხანდაზმული ადამიანები გაცილებით მეტ მედიკამენტს იღებენ, ვიდრე ახალგაზრდები. სწორედ ამიტომ ისინი უფრო მეტად განიცდიან პირის სიმშრალეს. ასე რომ, ასაკი არ არის დამნაშავე ქსეროსტომიის განვითარებაში, როგორც ხშირად ჰგონიათ.
შაქრიანი დიაბეტი
შაქრიანი დიაბეტის განვითარების პირველი სიმპტომი, როგორც წესი, პირის ღრუს მუდმივი სიმშრალე და გადაჭარბებული წყურვილის შეგრძნებაა. უსიამოვნო შეგრძნებებს თან ახლავს გახშირებული შარდვა. მეტიც, ადამიანს შეიძლება ღამით რამდენჯერმე გაეღვიძოს შარდის ბუშტის დასაცლელად.
თუ უსიამოვნო სიმპტომები გამოგივლინდებათ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ენდოკრინოლოგს და ჩააბაროთ სისხლი გლუკოზის შესამოწმებლად.
ინფექციური დაავადებები
ინფექციურ დაავადებებს (მაგალითად, ეპიდემიურ პაროტიტს, იმავე ყბაყურას), ჩვეულებრივ, თან ახლავს ცხელება და ინტოქსიკაცია. ადამიანის ორგანიზმი სწრაფად კარგავს სითხეს ოფლის სახით. თუ პაციენტს აწუხებს ღებინება ან დიარეა, მაშინ დეჰიდრატაციის პროცესი ბევრად უფრო სწრაფად მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ასეთ მდგომარეობაში მყოფადამიანს უვითარდება ზედმეტი სიმშრალე და მდგრადი წყურვილითაც იტანჯება. ასეთი პათოლოგიების დროს ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივად სითხის მიღება. დეჰიდრატაცია შეიძლება სწრაფად განვითარდეს, განსაკუთრებით ბავშვებთან.
სხივური თერაპია
თავის ან კისრის დასხივების დროს პროცესმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სანერწყვე ჯირკვლებზეც. ამ შემთხვევაში ნერწყვის გამომუშავება შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს და ზოგჯერ მთლიანად შეჩერდეს. ეს დარღვევა, როგორც წესი, დროებითია. დროთა განმავლობაში სანერწყვე ჯირკვლების ფუნქცია მთლიანად ან ნაწილობრივ აღდგება. იშვიათ შემთხვევებში ჯირკვლები სამუდამოდ კარგავენ ნერწყვის გამომუშავების უნარს.
აუტოიმუნური დაავადებები
ზოგიერთმა აუტოიმუნურმა პათოლოგიამ შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს სიმშრალე. ამ დაავადებების დროს იმუნური სისტემა იწყებს ორგანიზმში საკუთარი უჯრედების შეტევას და განადგურებას. ჩვეულებრივ, ქსეროსტომია ვლინდება:
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს (ყველაზე ხშირად ეს დამახასიათებელია თირეოტოქსიკოზისთვის);
- სისტემური წითელი მგლურას დროს;
- რევმატოიდული ართრიტისას;
- შეგრენის სინდრომის დროს (პათოლოგია, რომლის დროსაც ზიანდება შემაერთებელი ქსოვილი და ენდოკრინული ჯირკვლები, სანერწყვე ჯირკვლების ჩათვლით).
ნერვული სისტემისა და ტვინის დაავადებები
ნერწყვის გამოყოფის დისრეგულაცია და პირის ღრუს მუდმივი სიმშრალე შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადებამ, რომელიც გავლენას ახდენს ტვინის ფუნქციაზე ან უარყოფითად მოქმედებს ნერვული სისტემის მუშაობაზე.
ასეთი პათოლოგიებია:
- ინსულტი;
- პარკინსონის დაავადება;
- ტრიგემინალური ნევრიტი (ანუ სამწვერა ნერვის ანთება);
- სისხლის მიმოქცევის დარღვევები;
- ალცჰაიმერის დაავადება.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პათოლოგიები
პირის ღრუს მომატებული სიმშრალე შესაძლოა მიუთითებდეს ორგანიზმში კუჭ-ნაწლავის დაავადებების განვითარებაზე. ყველაზე ხშირად ეს სიმპტომი დაკავშირებულია:
- გასტრიტთან;
- პანკრეატიტთან;
- ჰეპატიტთან;
- წყლულოვან დაზიანებებთან.
მწვავე ქირურგიული მდგომარეობები
პირის სიმშრალისა და გაზრდილი წყურვილის შეგრძნება ზოგჯერ მუცლის ღრუს მძიმე პათოლოგიებისას შეიმჩნევა. ამ პათოლოგიებს შორისაა:
- აპენდიციტი;
- ნაწლავის გაუვალობა;
- ქოლეცისტიტის შეტევა;
- წყლულის პერფორაცია;
- პერიტონიტი.
როგორც წესი, ასეთ პათოლოგიებს თან ახლავს მწვავე ტკივილი და ცხელება. შეიძლება გამოვლინდეს კანის გაფერმკრთალება და გონების დაკარგვა. ასეთი სიმპტომები საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, უხშირესად – ქირურგიულ ჩარევას.