სისხლდენა ცხვირიდან
ცხვირიდან სისხლდენის აღმოცენების მიზეზი შეიძლება გახდეს:
- ტრავმა;
- ცხვირისა და ცხვირის ახლომდებარე წიაღების დაავადებები (მაგალითად, რინიტი – ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება, ჰაიმოროტი – ზედა ყბის წიაღის ლორწოვანის ანთება);
- ზოგიერთი მედიკამენტის მიღება;
- სისხლის პათოლოგიები და სხვა.
ცხვირიდან გამოხატული სიხლდენის (რომლის შეჩერებაც შეუძლებელია საკუთარი ძალებით) დროს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. მხოლოდ ექიმ-სპეციალისტს შეუძლია მისი გამომწვევი მიზეზის დადგენა და სათანადო მკურნალობის დანიშვნა.
მოზრდილთა ეპიტაქსისის მიზეზები
ცხვირიდან სისხლდენა ყველა შემთხვევაში არ არის ამა თუ იმ დაავადების დამახასიათებელი სიმპტომი. ის შესაძლოა სრულიად ჯანმრთელ ადამიანსაც განუვითარდეს სხვადასხვა მიზეზის გამო. ჯანმრთელთა ცხვირიდან სისხლდენა, ჩვეულებრივ, ხანმოკლე და არაინტენსიურია, განპირობებული წინამორბედი ემოციური ფონით ან ფიზიკური დატვირთვით. ის ხშირად ყოველგვარი ჩარევის გარეშე, თავისთავად წყდება. ხშირად ჯანმრთელი ადამიანების ცხვირიდან სისლხდენის მიზეზი ცივი და მშრალი ჰაერის ხანგრძლივად შესუნთქვაა. ასეთ დროს ცხვირის ლოწოვანი გარსი გამოშრება და წვრილი კაპილარები სკდება. ეპიტაქსისის მიზეზი შეიძლება მზის დაკვრაც გახდეს. ამ დროს სისხლდენას თავის ტკვილი, ზოგადი სისუსტე, ყურებში შუილი, ზოგჯერ კი გულისწასვლაც ახლავს.
ცხვირიდან სისხლდენის მიზეზი უხშირესად ძგიდის წინა ნაწილის (ე.წ. კისელბახის ადგილის) სისხლძარღვთა დაზიანებაა. ცხვირის ძგიდის აღნიშნული უბანი განსაკუთრებით მდიდარია წვრილი არტერიოლებითა და კაპილარებით. მათ მთლიანობას ადვილად აზიანებს მსუბუქი ტრავმაც კი – მშრალი ქერქების უხეშად მოცილება, ცხვირის უხეშად მოხოცვა, ცხვირის ქექვა თითითა თუ სხვა უხეში საგნით. ამ დროს, როგორც წესი, კაპილარები სკდება და სისხლდენა იწყება. იმის გამო, რომ სისხლი წვეთწვეთობით ან მცირე ნაკადით მოედინება, ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის, რადგანაც არაინტენსიური ხასიათისაა და რაც მთავარია, სისხლის ნორმალური შედედებისას მალევე წყდება. ბევრად რთულია ცხვირის ღრუს ზედა და უკანა ნაწილის სისხლძარღვთა დაზიანება. ამ უბნების სისხლძარღვები გაცილებით მსხვილია. შესაბამისად, მათი დაზიანებით განვითარებული სისხლდენა უფრო ინტენსიურია და ადამიანის სიცოცხლესაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ასეთ დროს, ჩვეულებრივ, კაშკაშა-ალისფერი სისხლი ინტენსიურად მოედინება (შესაძლოა პირის ღრუდანაც გადმოდიოდეს) და პრაქტიკულად არ წყდება. აღნიშნული სახის ეპიტაქსისის ერთ-ერთი გამოვლინება სისხლიანი ღებინებაც შეიძლება გახდეს – სისხლის გარკვეული რაოდენობის გადაყლაპვის გამო.
ცხვირის ტრავმის დროს (დარტყმა, დაცემა) ცხვირის სტრუქტურათა (ხრტილის, ძგიდის, ძვლების, მახლობელი წიაღების) დაზიანების ალბათობა მაღალია. ტრავმით გამოწვეულ ეპიტაქსისს, როგორც წესი, თან ახლავს ცხვირისა და მის გარშემო არსებული ქსოვილების ტკივილი და შეშუპება. ამ დროს ცხვირი და ზოგჯერ მთლიანად სახე დეფორმირდება.
თუ ცხვირიდან სისხლდენა არაინტენსიურია და სისხლის შედედებულ კოლტებს ლორწოვანი გამონადენიც ახლავს ცხვირიდან, სავარაუდოა, რომ საქმე ეხება რინიტს – ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებას. სისხლის კოლტები რინიტის დროს ლორწოვანი გარსის ანთებით გამოწვეული წვრილი კაპილარების ტრავმირების შედეგია.
როდესაც ეპიტაქსისი თავის ტკივილისა და სურდოს ფონზე აღმოცენდება და თან სხეულის ტემპერატურის მომატება ახლავს, ხშირად მისი მიზეზი წიაღების ანთება ანუ სინუსიტებია (ფრონტიტი – შუბლის წიაღის ლორწოვანის ანთება ან ჰაიმორიტი – ზედა ყბის წიაღის ლორწოვანის ანთება).
განმეორებითი სისხლდენა შესაძლოა ცხვირის ღრუში არსებული სიმსივნური პროცესის შედეგი იყოს. ასეთი პაციენტების გამოკვლევა-დათვალიერებისას ხშირად ხდება ცხვირის ღრუში კეთილთვისებიანი (პოლიპი, ანგიომა, პაპილომა) ან ავთვისებიანი (კიბო, სარკომა) წარმონაქმნების აღმოჩენა.
ჰიპერტონიული დაავადების მქონე პაციენტთა ცხვირიდან სისხლდენის მიზეზი არტერიული წნევის მნიშვნელოვანი მომატება – ჰიპერტონიული კრიზია. ასეთ დროს ეპიტაქსისი წნევის მომატების გამო ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის წვრილი სისხლძარღვების გასკდომის შედეგად აღმოცენდება. მას წინ უძღვის თავის ტკივილი, შუილი ყურებში და თავბრუხვევა.
ცხვირიდან სისხლდენა შესაძლოა ამა თუ იმ სპრეის (შესასხურებელი საშუალების, მაგალითად, ბეკონაზეს, ნაზონექსის და სხვა) გამოყენების გამო განვითარდეს. კორტიკოსტეროიდებისა და ალერგიის საწინააღმდეგო (კერძოდ, ანტიჰისტამინური) ბევრი პრეპარატი ცხვირის ლოწოვანი გარსის გაღიზიანებას, კაპილარების სკდომასა და შედეგად სისხლდენას იწვევს. ეპიტაქსისის მიზეზი შეიძლება გახდეს სისხლის შედედების შემაფერხებელი სხვადასხვა პრეპარატის (ვარფარინის, ჰეპარინის, ასპირინის და სხვა) ხანგრძლივად გამოყენებაც.
ხშირად ცხვირიდან სისხლდენა, განსაკუთრებით საშვილოსნოდან და ღრძილებიდან განვითარებულ სისხლდენასთან შეუღლებული, დამახასიათებელი სიმპტომია ისეთი დაავადებებისა, როგორებიცაა აპლასტიკური ანემია (როდესაც ძვლის ტვინი წყვეტს სისხლის უჯრედების გამომუშავებას), ლეიკოზი (სისხლის ავთვისებიანი დაავადება), თრომბოციტოპენიური პურპურა (დაავადება, რომელიც თრომბოციტების რაოდენობის მკვეთრად შემცირებით ხასიათდება). ეპიტაქსისის მიზეზებს შორის აღსანიშნავია არა მხოლოდ საზოგადოდ სისხლისა და სისხლძარღვთა დაავადებები, არამედ ისეთი პათოლოგიებიც, როგორებიცაა გულის მანკები, ფილტვების ემფიზემა, ღვიძლისა და ელენთის დაავადებები, ჰიპო- და ავიტამინოზები.
ეპიტაქსისის მიზეზები ბავშვებს შორის
ცხირიდან სისხლდენა ბავშვებთანაც არ არის ყოველთვის ამა თუ იმ პათოლოგიის მანიშნებელი. ის ზოგჯერ ცხვირის ლორწოვანი გარსის მექანიკური გაღიზიანების (თითით ან რაიმე საგნით) შედეგია, ზოგჯერ კი ცხვირის ტრავმის ან კიდევ ცხვირის ღრუში უცხო სხეულის (მცირე ზომის სათამაშო, მარცვალი და ა. შ.) მოხვედრის გამო აღმოცენდება.
თუ ბავშვს ცხვირიდან ლორწოვანი გამონადენი აღენიშნება, სისხლის კოლტებთან შერეული, ეს რინიტზე მიუთითებს. ბავშვებს შორის ხშირად აღმოცენებული ეპიტაქსისი კი, რომელიც შეუღლებულია სილურჯეებისა და სისხლჩაქცევების განვითარებასთან, ჰემოფილიის ან სისხლის შედედების პროცესის დარღვევასთან დაკავშირებული სხვა დაავადების სიმპტომია.
პირველი დახმარება ეპიტაქსისის დროს
ცხვირიდან სისხლდენის დროს რეკომენდებულია შემდეგი წესების დაცვა:
1. ადამიანი უნდა დავსვათ და მოსვენებული მდგომარეობისთანავე თავი ოდნავ წინ დავახრევინოთ. დაუშვებელია თავის რაც შეიძლება უკან გადაწევა-გადახრა (რასაც, ჩვეულებრივ, მიმართავენ). ამის გამო შესაძლოა ადამიანს სისხლი გადაეყლაპოს, გულისრევა დაეწყოს ან კიდევ სისხლი სასუნთქ გზებში გადაუვიდეს.
2. ეპიტაქსისის მქონე ადამიანისთვის მეტად მნიშვნელოვანი და აუცილებელია სუფთა ჰაერის მიწოდების უზრუნველყოფა. უნდა შეუხსნათ საყელო, გამოაღოთ სარკმელი, რათა ადამიანმა თავისუფლად სუნთქვა შეძლოს.
3. ცხვირთან სასურველია ყინულიანი ტომსიკის დადება. თუ სისხლდენა არ შეწყდა, თითით მაქსიმალურად უნდა მიაწვეთ ნესტოს, ისე რომ ის ცხვირის ძგიდეს მიებჯინოს და ეს პოზიცია დაახლოებით 5-10 წუთის განმავლობაში შეინარჩუნოთ. თითით ნესტოს მიჭერის დროს ლორწოვანი გარსის სისხლძარღვებზე ზეწოლა ხდება და უმრავლეს შემთხვეევაში სისხლდენა წყდება.
4. ეპიტაქსისის დროს დაუშვებელია ცხვირის მოხოცვა. ეს უკანასკნელი ხელს უშლის სისხლის კოლტის წარმოქმნასა და სისხლძარღვის დეფექტის არეში მის დაცობას. ამდენად, სისხლდენა არათუ შეწყდება, შესაძლოა გაძლიერდეს კიდეც.
5. უგონო მდგომარეობაში მყოფი ეპიტაქსისიანი ადამიანი აუცილებლად უნდა დააწვინოთ ზურგზე, თავი გვერდზე შემოუბრუნოთ და სასწრაფოდ გადაიყვანოთ კლინიკაში.
6. თუ ეპიტაქსისის მიზეზი ტრავმა გახდა და სისხლდენას ცხვირის კონტურის ან მთელი სახის შეშუპება და დეფორმაცია ახლავს თან, პაციენტს ცხვირის არეზე ცივ წყალში დასველებული ნაჭერი ან ყინულიანი ტომსიკა უნდა დაადოთ. ამის შემდეგ კი სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს.
7. თუ ცხვირიდან სისხლდენა ზემოთ მითითებული საშუალებების გამოყენების შემდეგაც არ ჩერდება, შეგიძლიათ გამოიყენოთ სისხლძარღვთა შემავიწროებელი ეფექტით გამორჩეული სურდოს საშუალებები (მაგალითად, ნაფტიზინი, ნაფაზოლინი, სანორინი და სხვა). ამისათვის დოლბანდის ან ბინტისაგან უნდა გააკეთოთ მცირე ზომის ტამპონი, დაასველოთ ზემოთ აღნიშნულ რომელიმე სამკურნალო სითხეში და მოათავსოთ ცხვირის ღრუში.
8. როდესაც ეპიტაქსისი წინამორბედი რინიტის შედეგად ვითარდება, ცხვირის ღრუში ვაზელინით გაჟღენთილი ბამბის ტამპონი უნდა მოათავსოთ. ვაზელინი ცხვირის ლორწოვანზე განვითარებულ ქერქებსა და ფუფხებს არბილებს და ხელს უწყობს სისხლდენის შეჩერებას.
9. თუ ცხვირიდან სისხლდენა გადახურების შედეგად აღმოცენდა, პაციენტი აუცილებლად უნდა გადაიყვანოთ გრილ, კარგად განიავებულ ადგილზე, სადაც მზის სხივები არ აღწევს. ცხვირის ღრუზე კი ყინულიანი ტომსიკა ან ცივ წყალში დასველებული ნაჭერი უნდა დაადოთ.
რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს
- ტრავმის შედეგად განვითარებული ეპიტაქსისის დროს, როდესაც აღინიშნება ცხვირის კონტურის ან მთლიანად სახის დეფორმაცია. ცხვირის მიმდებარე ქსოვილები შეშუპებული და მტკივნეულია;
- ინტენსიური სისხლდენისას ცხვირიდან, რომელიც განვითარდა მაღალი არტერიული წნევის ფონზე ან კიდევ ზემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტების ხანგრძლივად მიღების გამო;
- როდესაც ბავშვს ეპიტაქსისი ცხვირის ღრუში უცხო სხეულის მოხვედრის გამო დაეწყო. ასეთ დროს დაუშვებელია საკუთარი მეთოდებით უცხო სხეულის ამოღება. დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს (იგივე ოტო-რინო-ლარინგოლოგს);
- როდესაც ეპიტაქსისი გრძელდება 30 წუთზე მეტი დროის განმავლობაში და ზემოთ რეკომენდებული საშუალებების გამოყენება უეფექტოა;
- ხშირად განმეორებადი სისხლდენების დროს, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ წყდება, შეუღლებულია სილურჯეებისა და სისხლჩაქცევების განვითარებასთან, თან ახლავს ინტენსიური სისხლდენა ღრძილებიდან და სხვა.
ეპიტაქსისის მკურნალობა
სამედიცინო დახმარება ცხვირიდან ინტენსიური სისხლდენის დროს მოიცავს:
1. ცხვირის ღრუს ტამპონადას – ამ მეთოდით ეპიტაქსისის შეჩერება ხდება ცხვირის ღრუში ვაზელინით ან სისხლის შედედების ხელშემწყობი სპეციალური პასტით დამუშავებული დოლბანდის მოთავსებით. ტამპონის შეყვანის ორი მეთოდი არსებობს: წინა ტამპონადა, რომლის დროსაც ტამპონი ცხვირის ღრუში ნესტოებიდან თავსდება და უკანა ტამპონადა, რომლის დროსაც ტამპონი ღრუში პირხახიდან შეჰყავთ.
2. ქირურგიული მეთოდების გამოყენებას – ეს მეთოდები იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც სხვა საშუალებებით სისხლდენის შეჩერება ვერ ხერხდება. ქირურგიული მეთოდები გულისხმობს ცხვირის სისხლმომარაგების უზრუნველმყოფი არტერიის დაცობას ან გადაკვანძვას, აგრეთვე სხვა ღონისძიებებს.