ექსუდაციური დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ექსუდაციური დაავადებები

გროვდება. ამ პათოლოგიური მდგომარეობის მიზეზებსა და მკურნალობის გზებზე თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის პროპედევტიკის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი ვახტანგ მალაციძე გვესაუბრება:

- როდესაც ორგანიზმის ქსოვილებსა და უჯრედშორის სივრცეებში წყლისებრი სითხე გროვდება, ვამბობთ, რომ საქმე გვაქვს შეშუპებასთან. შეშუპების გენეზი რთულია. ქსოვილის სითხე განუწყვეტლივ იცვლება, რაც განპირობებულია ენდოკაპილარული წნევით, ასევე - სისხლის პლაზმის კოლოიდების ოსმოსური, ონკოზური წნევით. ამ პროცესებში განსაზღვრულ როლს ასრულებს სისხლისა და ქსოვილის სითხის მარილების წონასწორობის გადახრაც. ზემოხსენებულ ფაქტორთაგან ერთ-ერთის მოშლა ქსოვილებში სითხის დაგროვებას იწვევს. ამ პროცესის მეტად მნიშვნელოვანი კომპონენტია კაპილარების კედლის განვლადობის მომატება.

განასხვავებენ ადგილობრივ - კანის შემოფარგლულ უბანში განვითარებულ - და ზოგად - მთელ სხეულზე ან სიმეტრიულ ადგილებში წარმოქმნილ - შეშუპებას.

ადგილობრივი შეშუპება შეიძლება იყოს ანთებითი, ანგიონევროზული და მექანიკური. ანთებითი შეშუპება გამოწვეულია ანთების ადგილას ექსუდატის - ანთებითი სითხის - წარმოქმნით. მისი მიზეზია კაპილარების გაგანიერება, მათში სისხლის დინების შენელება და კედლის განვლადობის გაძლიერება ინფექციურ-ტოქსიკური დაზიანების გამო. მისი კლასიკური ნიშნებია კანის სიწითლე, შესივება, გაცხელება, ტკივილი, სხეულის შესაბამისი უბნის ფუნქციის მოშლა.

ანთებითი შეშუპება გვხვდება სახსრების არეში მათი მწვავე ანთების (მაგალითად, რევმატიზმის) დროს, ქირურგიულ შემთხვევებში (ფურუნკული, აბსცესი).

ანგიონევროზული შეშუპება, ჩვეულებრივ, ტუჩების, ქუთუთოების, ლოყების, ზოგჯერ მთელი სახის ან კიდურების კანისა და კანქვეშა ქსოვილის უცაბედი შესივებაა. ის შემოფარგლულია, სხვადასხვა ზომისა, კანთან შედარებით შემაღლებული, მოწითალო ან ფერმკრთალი. ზოგჯერ შეიგრძნობა შეშუპებული ადგილის წვა და ქავილიც. შეხებისას მკვრივია, თითის დაჭერისას ჩაღრმავება არ რჩება. ანგიონევროზულ შეშუპებას ალერგიულ შეშუპებას მიაკუთვნებენ.

მექანიკური შეშუპება ვითარდება მაშინ, როდესაც ვენის სანათური სრულად ან ნაწილობრივ იხშობა დაცობის (თრომბი, თრომბოფლებიტი) ან გარედან ზეწოლის (სიმსივნე, ანთებითი პროცესი) გამო. დახშული ადგილის ქვემოთ მდებარე ნაწილში სისხლი გუბდება, კაპილარული წნევისა და კაპილართა კედლის განვლადობის მატების შედეგად სითხე ჭარბად გადადის ქსოვილებში, ამ სითხის უკუშეწოვის გაძნელება კი მის ჭარბ დაგროვებას - შეშუპებას იწვევს. შეშუპების ადგილი მოლურჯო ფერისაა და ცივია.

ზოგადი შეშუპება გარეგნულად მხოლოდ მაშინ ვლინდება, როდესაც ორგანიზმში არანაკლებ 4-6 ლ შეშუპებითი სითხეა დაგროვილი. მანამდე ქსოვილოვანი შეშუპება ფარულია. უხილავი შეშუპების დასაწყისი შარდის რაოდენობის შემცირებითა და წონის სწრაფი მატებით ვლინდება, ხოლო გამოხატული შეშუპების დაცხრობის დასაწყისი - შარდის მატებითა და წონის დაკლებით, ამიტომაც მნიშვნელოვანია შარდის სადღეღამისო რაოდენობისა და სხეულის წონის ყოველდღიური კონტროლი.

ზოგადი შეშუპება შეიძლება იყოს კარდიული, რენული, ღვიძლისმიერი და კახექსიური ბუნებისა. კარდიული შეშუპება გულის მარჯვენა პარკუჭის კუმშვითი ძალის შემცირების შედეგია. იგი ვითარდება გულისა (მიოკარდიტი) და ფილტვის (ფილტვების ემფიზემა, პნევმოსკლეროზი) ზოგიერთი დაავადების დროს. მარჯვენა პარკუჭის დასუსტება მარჯვენა წინაგულსა და ქვედა ღრუ ვენაში სისხლის შეგუბებას იწვევს. რა თქმა უნდა, კარდიული შეშუპების განვითარებაში მარცხენა პარკუჭის დასუსტებაც ასრულებს განსაზღვრულ როლს, ვინაიდან ვითარდება მის მიერ სისხლის გადასროლის უკმარისობა.

გულისმიერი შეშუპება კანს ციანოზურ ელფერს აძლევს. კანი დაჭიმულია, სადა, შეხებისას - ცივი. შეშუპება ყველაზე ადრე გულიდან მოშორებულ ადგილებში - კოჭებთან, ტერფებზე, წვივებზე ვითარდება, უმთავრესად საღამო ხანს. თან სდევს ქოშინი და ციანოზი. ქვედა კიდურების ხანგრძლივმა შეშუპებამ შესაძლოა სპილოვნება - კანის გამკვრივება, გამაგრება - გამოიწვიოს.

რენული შეშუპება თირკმლისმიერია. თუ მან ერთბაშად მთელი სხეული არ მოიცვა, ყველაზე ადრე ფაშარი კანქვეშა ქსოვილის ადგილას (ქუთუთოები, ლოყები, სათესლე პარკი, ჩუჩა) იჩენს თავს, თუმცა სითხის სიმძიმის გამო შესაძლოა სხეულის სხვა ნაწილებზეც გადავიდეს და ბოლოს მთელ სხეულს მოედოს.

შეშუპების არე ფერმკრთალია, მშრალი, კრიალა. შეშუპება უფრო მკაფიოდ გამოიხატება დილაობით, განსაკუთრებით - სახეზე, და ადვილად გადაადგილდება სხეულის მდებარეობის შეცვლისას.

კახექსიური შეშუპება თავისებურია და ვითარდება სრული ან ნაწილობრივი შიმშილობის დროს, როდესაც საკვები ცილასა და ცხიმებს მეტისმეტად მცირე რაოდენობით შეიცავს, ორგანიზმი ვერ ითვისებს მიღებულ საკვებს (ქრონიკული ენტერიტი) ან ქსოვილები გამოფიტულია სიმსივნის, მძიმე ანემიის, ტუბერკულოზისა თუ სხვა მიზეზის გამო.

აღსანიშნავია ღვიძლისმიერი შეშუპებაც, რომელიც ღვიძლის მძიმე დაზიანებისას ვითარდება.

ცნობილია აგრეთვე ლიმფის გაწოვის მოშლის შედეგად განვითარებული შეშუპება (სპილოვნება, ლიმფანგიტი) და ესენციური შეშუპება, რომელიც სხვადასხვაგვარად გამოიხატება. მაგალითად, ქალებს კოჭ-წვივის არეში უჩნდებათ, განსაკუთრებით - წელიწადის ცხელ დროს.

შეშუპების დროული ამოცნობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზოგიერთი ორგანოს, მაგალითად, ფილტვის, თავის ტვინის, ხორხის მწვავე შეშუპების დროს, რადგან გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს.

- გულის რომელი დაავადების დროს გროვდება სითხე გულის პერანგში?

- გულის პერანგში სითხის დაგროვება მოსალოდნელია პერიკარდიტის - გულის პერანგის სეროზული ფურცლების ანთების - დროს. ცნობილია მისი სამი ძირითადი ფორმა: მწვავე, ექსუდაციური (ეს უკანასკნელი, ექსუდატის ხასიათის მიხედვით, შეიძლება იყოს სეროზული, ჰემორაგიული ან ჩირქოვანი) და კონსტრიქციული. ცალკე გამოიყოფა გულის ტამპონადა.

- რამ შეიძლება გამოიწვიოს მწვავე პერიკარდიტი?

- მწვავე პერიკარდიტს არაერთი მიზეზი აქვს. ყველაზე გავრცელებული მიზეზია ვირუსული ინფექცია. გვხვდება ბაქტერიული პერიკარდიტიც. მისი გამომწვევი შეიძლება იყოს პნევმოკოკი, სტაფილოკოკი, ტუბერკულოზის მიკობაქტერია. ტუბერკულოზური პერიკარდიტი ბოლო ხანს გაიშვიათდა. იგი შერწყმულია ტუბერკულოზის სხვა ლოკალიზაციასთან: სეროზიტთან, პლევრიტთან, პერიტონიტთან, ფილტვის, ბრონქული ჯირკვლების დაზიანებასთან.

ექსუდატი სეროზული ან ჰემორაგიულია და დიდ შეხორცებებს ტოვებს. ბოლო ხანს გახშირდა სიმსივნურ-მეტასტაზური პერიკარდიტის შემთხვევები (ფილტვის ბრონქოგენული კიბო, კუჭის კიბო, მკერდის კიბოს პერიკარდიუმში მეტასტაზირება, შუასაყრის ლიმფომა).

მეტასტაზური პერიკარდიტის დროს ექსუდატი სეროზულ-ჰემორაგიული ან ჰემორაგიულია. ზოგჯერ მასში სიმსივნური უჯრედების აღმოჩენაც შეიძლება.

მიოკარდიუმის ინფარქტი პერიკარდიტის მიზეზად შეიძლება იქცეს როგორც მწვავე სტადიაში, ინფარქტის აღმოცენებიდან 24 საათის განმავლობაში, ისე მოგვიანებით, რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ.

თირკმელების მძიმე ქრონიკული უკმარისობის დროს პერიკარდიტი საკმაოდ ხშირია. ამავე დროს, პერიკარდიუმის დაზიანება (პერიკარდიტი, გულის ტამპონადა) დიალიზის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გართულებაა. სავარაუდოდ, ამის მიზეზი, ნაწილობრივ მაინც, არის თავად დიალიზის პროცესი. ამ შემთხვევაში პერიკარდიტი უმეტესად ფიბრინულია, მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში აქვს სეროზული ან ჰემორაგიული ხასიათი.

მიქსედემის შედეგად განვითარებული პერიკარდიტი ხშირად ექსუდაციით მიმდინარეობს და ამ ექსუდატში შესაძლოა აღმოჩნდეს ქოლესტერინის კრისტალები.

ტრავმული პერიკარდიტის მიზეზად შესაძლოა იქცეს გულის ოპერაცია (ვითარდება ქირურგიული ჩარევიდან 1-2 კვირის შემდეგ როგორც პოსტოპერაციული სინდრომი), ბლაგვი (ავტოავარია, აფეთქება, ნგრევა) ან ბასრი საგნით მიყენებული გულმკერდის ღია ან დახურული ტრავმა.

იონური რადიაციითა და სხივური ენერგიით გამოწვეული პერიკარდიტი ჯერ კიდევ იშვიათია, თუმცა შეინიშნება მისი მატების ტენდენცია, რაც განპირობებულია სიმსივნის, ჰემობლასტომისა და სხვა სიმსივნური დაავადებების სხივური მკურნალობით.

პერიკარდიტი ვითარდება სისტემური წითელი მგლურას, სკლეროდერმიისა და სხვა კოლაგენოზების დროს. ექსუდატი უმეტესად ფიბრინული ან სეროზულ-ფიბრინულია და შესაძლოა, შეხორცებითშიც გადაიზარდოს. მისი ამოცნობა რთულია, ვინაიდან პერიკარდიტის სიმპტომები მწირია, ხოლო ძირითადი დაავადებისა - უხვი. უმთავრესად ავადდებიან ქალები.

რევმატული პერიკარდიტი, რომელიც დიდხანს გულის პერანგის ანთების ყველაზე გავრცელებულ ფორმად იყო მიჩნეული, ვითარდება როგორც რევმოკარდიტის ერთ-ერთი გამოვლინება და მწვავე, აქტიური პროცესის მაჩვენებელია. ეს დაავადება ხშირად ბავშვებს ემართებათ. რევმატული პერიკარდიტი შეიძლება იყოს როგორც მშრალი, ასევე სველიც. სითხე პერიკარდიუმის ღრუდან ისევე ჩქარა გაიწოვება, როგორც ჩადგება ხოლმე.

პიოგენური ანუ ჩირქოვანი პერიკარდიტი შეიძლება იყოს სტრეპტოკოკური, სტაფილოკოკური, პნევმოკოკური, მენინგოკოკური, გონოკოკური ეტიოლოგიისა. გვხვდება იშვიათად, სეფსისისა და სათანადო ინფექციის კერების არსებობის დროს. დაავადება ჩირქოვანი ექსუდატის წარმოქმნით მიმდინარეობს, რასაც თან სდევს მძიმე ზოგადი მდგომარეობა, ჰექტიური ცხელება.

ქრონიკული პერიკარდიტი ორი ტიპისაა - ექსუდაციური და შეხორცებითი. ექსუდაციური პერიკარდიტი, ჩვეულებრივ, მწვავე პერიკარდიტის მომდევნო საფეხურია. შესაბამისად, ის შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა იმ ეტიოლოგიურმა ფაქტორმა, რომელიც ზემოთ დავასახელეთ. არის შემთხვევები, როდესაც პერიკარდიტი თავიდანვე დუნედ მიმდინარეობს და თვეობით, წლობით გრძელდება.


- რა ხდება პერიკარდიუმში ექსუდატის დაგროვებისას?

- როდესაც სითხის რაოდენობა ნელა იმატებს, პერიკარდიუმის სივრცე თანდათან ფართოვდება და დიდ მოცულობას აღწევს. სწრაფი ექსუდაციის დროს სითხე ზღუდავს გულის მუშაობას და ხელს უშლის მის ავსებას, ვითარდება ტამპონადა.

- რას უჩივის ადამიანი ექსუდაციური პერიკარდიტის დროს?

- ცოტაოდენი ექსუდატის დაგროვება, როდესაც ინტრაპერიკარდიული წნევა 3-4 მმ ვწყ. სვ-ს არ აღემატება, ჩვეულებრივ, ჩივილებს არ იწვევს. ზოგჯერ მკერდის ძვლის უკან ან გულმკერდის მარცხენა ნახევარში აღინიშნება მკვეთრი, მუდმივი ტკივილი, რომელიც წინ გადახრის დროს მცირდება. ეს ტკივილი შესაძლოა სტენოკარდიულის ანალოგიურიც იყოს და იძლეოდეს ირადიაციას კისერში, მარცხენა ბეჭში, მარცხენა ხელში ან მუცლის არეში. ტკივილი ძლიერდება ჩასუნთქვის, ხველის, მარცხენა გვერდზე წოლისა და ყლაპვის დროს. აღსანიშნავია, რომ ნიტროგლიცერინი მას ვერ ხსნის.

პერიკარდიუმის ღრუში დიდი რაოდენობის ექსუდატის დაგროვებისას ვითარდება ჰაერის უკმარისობა, ადვილად დაღლა, აღინიშნება ციანოზი, რომელიც სითხის მატებასთან ერთად ძლიერდება, ქოშინი, წყვეტილი ხველა. ტემპერატურა ზომიერია. ჩირქოვანი გამონაჟონისას აღინიშნება ჰექტიური ცხელება, შემცივნება, ოფლიანობა. ტუბერკულოზური პერიკარდიტის დროს ტემპერატურა დიდხანს სუბფებრილური რჩება.

- როგორ მიმდინარეობს ექსუდაციური პერიკარდიტი?

- მწვავე ექსუდაციური პერიკარდიტის მიმდინარეობა ძირითად დაავადებაზეა დამოკიდებული. შესაძლოა, მოხდეს პლევრიტთან შეუღლება (პოლისეროზიტი), რაც საგრძნობლად გააუარესებს მდგომარეობას. შესაძლოა, პერიკარდიტი ქრონიკულად მიმდინარეობდეს და პერიოდულად მწვავდებოდეს.

ტუბერკულოზური პერიკარდიტი თანდათანობით და დუნედ იწყება, ამასთანავე, დიდხანს მიმდინარეობს. ექსუდატი ნელ-ნელა გროვდება, მაგრამ შესაძლოა იყოს ჭარბი და, ამასთანავე, ჰემორაგიულიც. ექსუდაციური პერიკარდიტი შესაძლოა დასრულდეს როგორც გაჯანსაღებით, ასევე შეხორცებების ან ჯავშნიანი გულის განვითარებით. ეს უკანასკნელი კალციუმის მარილების ჩალაგებით არის განპირობებული.

- როგორ სვამენ ექსუდაციური პერიკარდიტის დიაგნოზს?

- მწვავე ექსუდაციური პერიკარდიტის დიაგნოზი ჩივილებისა და გასინჯვის შედეგების მიხედვით დაისმის. დიაგნოზის დასმა განსაკუთრებით ადვილია, როდესაც აშკარაა პერიკარდიტის გამომწვევი რომელიმე მიზეზი. დიაგნოზის დაზუსტების საშუალებას იძლევა ინსტრუმენტული გამოკვლევა. მაგალითად, ექოკარდიოსკოპია ავლენს ექსუდატს, რაც დიაგნოზს ადასტურებს. ასევე მნიშვნელოვანია ეკგ და რენტგენოლოგიური გამოკვლევაც. რენტგენოგრამაზე გულის სილუეტი გაზრდილია, აქვს სამკუთხედის, ტრაპეციის, ბოთლის ფორმა.

პერიკარდიუმის ღრუში სითხის არსებობა მტკიცდება პერიკარდიოცენტეზის საშუალებით სითხის ასპირაციის საფუძველზე, გამოღებული სითხის გამოკვლევა კი მისი წარმოქმნის მიზეზის დადგენაში გვეხმარება. პერიკარდიოცენტეზის ჩატარება საჭირო არ არის, თუ არ შეიმჩნევა გულის ტამპონადის ნიშნები და ექსუდატის წარმოქმნის სავარაუდო მიზეზი გარკვეულია.

- როგორია ექსუდაციური პერიკარდიტის პროგნოზი?

- პროგნოზი დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზსა და ექსუდატის რაოდენობაზე. დიდი რაოდენობით სითხის არსებობა საშიშია - შესაძლოა, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა ან კოლაფსი გამოიწვიოს. ჩირქოვანი პერიკარდიტი, საზოგადოდ, მძიმედ მიმდინარეობს.

- როგორ მკურნალობენ მწვავე ექსუდაციურ პერიკარდიტს?

- სპეციფიკური მკურნალობა გულისხმობს პერიკარდიტის გამომწვევი მიზეზის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს, რომლებიც ექსუდატის გამოკვლევის საფუძველზე შეირჩევა.

დაავადება, ჩვეულებრივ, კარგად ემორჩილება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით მკურნალობას. გლუკოკორტიკოიდები შესაძლოა დაინიშნოს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებისადმი რეზისტენტობის შემთხვევაში.

ტუბერკულოზური პერიკარდიტის დროს მკურნალობენ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატებით, რევმატული ეტიოლოგიის პერიკარდიტის მკურნალობაც შესაბამისი საშუალებებით ხდება.

ჩირქოვანი პერიკარდიტის დროს ტარდება ანტიბიოტიკოთერაპია ან ოპერაციული ჩარევა. დიდი ოდენობით ექსუდატის არსებობისას მიმართავენ სითხის განმეორებით ევაკუაციას.

გულ-სისხლძარღვთა უკმარისობისას იყენებენ საგულე, სისხლძარღვთა მატონიზებელ და დიურეზულ საშუალებებს. ტარდება სიმპტომური მკურნალობაც.

- რა აჩენს პლევრის ღრუში სითხეს?

- პლევრის ღრუში დაგროვილ სითხეს ტრანსუდატად და ექსუდატად ყოფენ. ასეთი დაყოფა აბსოლუტური არ არის, თუმცა მაინც სასარგებლოა დიფერენციული დიაგნოსტიკისთვის და პლევრის ღრუში სითხის დაგროვების მიზეზის დასადგენად. ექსუდატისა და ტრანსუდატის ურთიერთგასამიჯნავად რეკომენდებულია, პლევრის ღრუდან აღებულ სითხეში განისაზღვროს ცილის შემცველობა, ლაქტატდეჰიდროგენაზის (ლდჰ) აქტივობა, ლეიკოციტების რაოდენობა, გლუკოზის დონე და PH.

  • პლევრის ღრუში ექსუდატის დაგროვება მოსალოდნელია ინფექციური დაავადების დროს. მაგალითად, ხშირად გროვდება ექსუდატი ტუბერკულოზისა და პნევმონიის შემთხვევაში (ე.წ. პარაპნევმონიური გამონაჟონი, რომელიც გაურთულებელ შემთხვევაში ხშირად გაიწოვება ანტიბაქტერიული მკურნალობის ფონზე).

პლევრული ექსუდაცია შესაძლოა განვითარდეს პარაზიტული ინფექციების, ამებიაზის, ექინოკოკოზის დროსაც. პლევრის ღრუში ექსუდატის დაგროვების არცთუ იშვიათი მიზეზია მუცლის ღრუს ზედა ნახევრის ინფექციური პროცესი. მაგალითად, სუბდიაფრაგმული აბსცესი, რომელიც უმეტესად პოსტოპერაციულია, მაგრამ შესაძლოა განვითარდეს ღვიძლის პათოლოგიის ან ნაწლავის პერფორაციის შემდეგაც.

პლევრული ექსუდატი შესაძლოა გაჩნდეს პანკრეატიტის ან კუჭქვეშა ჯირკვლის ფსევდოკისტების დროსაც. გამონაჟონი, ჩვეულებრივ, მარცხენამხრივია.

პლევრის ღრუში ექსუდატის გაჩენის კიდევ ერთი მიზეზია საყლაპავი მილის პერფორაცია. ზოგჯერ პლევრული ექსუდაცია თან ახლავს რევმატოიდულ ართრიტს. რევმატოიდული პლევრიტი გაცილებით ხშირია მამაკაცებს შორის, ასევე - სისტემური წითელი მგლურას, სარკოიდოზის დროს. 60 წლიდან პლევრის ღრუში სითხის დაგროვების ძირითადი მიზეზი ონკოლოგიური პათოლოგიაა. ანთებითი ტიპის გამონაჟონი პლევრის ღრუში შესაძლოა დაგროვდეს სხივური თერაპიის, საყლაპავის სკლეროთერაპიის დროს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია მედიკამენტური მკურნალობით გამოწვეული პლევრის დაზიანება.

  • პლევრის ღრუში ტრანსუდატის დაგროვების ყველაზე გავრცელებული მიზეზებია გულის უკმარისობა და ასციტით მიმდინარე ციროზი, რომლის დროსაც ასციტური სითხე დიაფრაგმაში არსებული დეფექტების ან ლიმფური სადინარების მეშვეობით პლევრულ სივრცეში გადაინაცვლებს. ამ შემთხვევაში ტრანსუდატის დაგროვება უმეტესად მარჯვენამხრივია.

პლევრის ღრუში ტრანსუდატი აკუმულირდება ნეფროზული სინდრომის დროსაც. ნეფროზული სინდრომით შეპყრობილ პაციენტთა 20%-ს უვითარდება ჰიდროთორაქსი, რომელიც, ჩვეულებრივ, ორმხრივია. ნეფროპათიის წარმატებული მკურნალობისას, თუ ეს, რასაკვირველია, მოხერხდა, ტრანსუდატის რაოდენობა მცირდება. იშვიათად ტრანსუდატის დაგროვებას იწვევს პერიტონეული დიალიზი და საშარდე გზების ობსტრუქცია.

  • პლევრის ღრუში დაგროვილი სითხე ზოგჯერ ჰემორაგიულია. ჰემოთორაქსის დროს პლევრულ სითხეში შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს სისხლი, რომელიც, ჩვეულებრივ, ტრავმის, ჰემატოლოგიური პათოლოგიის ან პლევრის ავთვისებიანი სიმსივნის დროს აღინიშნება. საყურადღებოა, რომ პლევრის ღრუში არსებული სისხლი არ დედდება და მცირე რაოდენობით დაგროვებისას იოლად გაიწოვება ლიმფური სისტემის მეშვეობით. დიდი რაოდენობით სისხლი კი დრენირებას საჭიროებს.

ქილოთორაქსი, პლევრის ღრუში გულმკერდის ლიმფური სადინარიდან ლიმფის გაჟონვა და დაგროვება, უმეტესად შუასაყრის ავთვისებიანი სიმსივნით, მეტწილად ლიმფომით არის განპირობებული. მიზეზებს შორის მეორე ადგილს იკავებს გულმკერდის ქირურგიული ოპერაციები და გულმკერდის ტრავმა. ლიმფური სადინარიდან გამოჟონილი ლიმფა შუასაყრის უკანა ნახევარში გროვდება და პლევრის ღრუში გახსნამდე შესაძლოა ასიმპტომური დარჩეს. ქილოთორაქსის დროს პლევრული სითხე რძისმაგვარი შესახედაობისაა და შესაძლოა შეცდომით ქოლესტერინის ან დიდი რაოდენობით ლეიკოციტების შემცველ ექსუდატად იქნეს მიჩნეული.


- რას გვეტყვით პლევრიტზე?

- პლევრიტი პლევრის ფურცლების ანთებაა. ის, ჩვეულებრივ, ვითარდება ფილტვის დაავადების - ტუბერკულოზის, პნევმონიის, აბსცესის, კიბოს, ფილტვის ინფარქტისა და სხვათა - შედეგად. გამორიცხული არ არის, განვითარდეს რევმატიზმის, ურემიის, ტრავმის ფონზეც. განასხვავებენ ორი სახის პლევრიტს - მშრალსა და ექსუდაციურს.

ექსუდაციური პლევრიტის შემთხვევაში პლევრის ღრუში გროვდება ანთებითი სითხე, რომელიც შესაძლოა იყოს სეროზული, სეროზულ-ფიბრინული, ჩირქოვანი, ჰემორაგიული და სხვა. ჰემორაგიული პლევრიტი პლევრის კიბოსმიერი დაზიანების, გულმკერდის ტრავმის, ფილტვის ინფარქტის შემთხვევაში გვხვდება. პლევრის ღრუში შესაძლოა დაგროვდეს არაანთებითი სითხე - ტრანსუდატიც, რომელზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ.

ექსუდაციური პლევრიტის შემთხვევაში ავადმყოფები უჩივიან გულმკერდში სიმძიმის შეგრძნებას, ზოგჯერ მშრალ ხველას. თუ ექსუდატის დაგროვებას წინ უძღოდა პლევრის ფურცლების ფიბრინული ანთება, ტკივილის შეგრძნება სუსტდება ან ქრება. მნიშვნელოვანი რაოდენობით დაგროვების შემთხვევაში მთავარი ჩივილი ქოშინია. ხშირია ცხელება, გახშირებული, ზერელე სუნთქვა, ციანოზი. ექსუდატი შესაძლოა ერთ დღეში ჩადგეს და სუნთქვის გახშირება და გაძნელება გამოიწვიოს. თუ 0,4 ლ-ზე მეტი სითხე დაგროვდა, მოსალოდნელია გულმკერდის დაზიანებული მხარის გამოდრეკა და სუნთქვაში ჩამორჩენა. ექსუდატის დაჩირქების შემთხვევაში ვითარდება ჩირქოვანი პლევრიტი - პლევრის ემპიემა. მდგომარეობა მკვეთრად მძიმდება, ტემპერატურა იმატებს. ცხელება ხშირად ჰექტიური ხასიათისაა. ტემპერატურას ერთვის შემცივნება, ინტოქსიკაციის ნიშნები.

ექსუდაციური პლევრიტის შემთხვევაში საჭიროა წოლითი რეჟიმი. ტარდება ანტიბაქტერიული, ანტიალერგიული მკურნალობა. იყენებენ გლუკოკორტიკოსტეროიდებსაც. შესაძლებელია პლევრის სითხის ევაკუაცია. ჩირქოვანი პლევრიტის დროს ანტიბაქტერიული პრეპარატები პლევრის ღრუში შეჰყავთ. ჩირქის გასათხელებლად პლევრაში შეჰყავთ ფიბრინოლიზური ფერმენტები. პლევრის პუნქციას სადიაგნოზოდაც იყენებენ. მისი მიზანია სითხის მიღება და ლაბორატორიული შესწავლა. ყოველგვარი სახის ექსუდაციური პლევრიტის შემთხვევაში ტარდება სიმპტომური თერაპია. ექსუდაციური პლევრიტის პროგნოზი ძირითად დაავადებაზეა დამოკიდებული.

- რას უკავშირდება მუცლის ღრუში სითხის დაგროვება?

- მუცლის ღრუში სითხის დაგროვება, ასციტი, უმეტესად ვითარდება ღვიძლის ციროზის, გულის შეგუბებითი უკმარისობის, კარის ვენის თრომბოზის, სიმსივნური, ტუბერკულოზური პროცესების დროს. მუცლის ღრუში სითხის დაგროვება იწვევს სუნთქვის გაძნელებას, გულის მუშაობის დარღვევას. ასციტი კლინიკურად ვლინდება, როდესაც მუცლის ღრუში არანაკლებ 1 ლიტრი სითხეა. გულის შეგუბებითი უკმარისობის დროს ასციტთან ერთად შესაძლოა განვითარდეს ჰიდროთორაქსიც - პლევრის ღრუში სითხის დაგროვება. ძირითადი დაავადების განსაზღვრა აუცილებელია. ამ კუთხით დიდი მნიშვნელობა აქვს მუცლის ღრუს სადიაგნოზო პუნქციას და ასციტური სითხის ლაბორატორიულ გამოკვლევას. ღვიძლის ციროზითა და გულის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებს ასციტური სითხე, ჩვეულებრივ, გამჭვირვალე აქვთ; სიმსივნური პროცესის დროს მასში შესაძლოა აღმოჩენილ იქნეს სიმსივნური უჯრედები; ტუბერკულოზური პროცესის დროს შესაძლოა ჰემორაგიული იყოს და მასში ტუბერკულოზის მიკობაქტერიები აღმოჩნდეს.

ასციტის მკურნალობა მიმართულია ძირითადი დაავადების მკურნალობისკენ. მედიკამენტური მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში სითხე შეიძლება გამოღებულ იქნეს მუცლის ღრუს პუნქციის საშუალებით.