დაბუჟების შეგრძნება თრომბოზს არ ახასიათებს. თრომბოზის დროს ყურადღებას იპყრობს კიდურის ტკივილი, შეშუპება, ფერის შეცვლა
პაციენტები, რომლებსაც ხშირად აქვთ დაბუჟების შეგრძნება, როგორც წესი, პროთრომბინის კონტროლს იწყებენ - მათ მიაჩნიათ, რომ დაბუჟება თრომბოზისთვის არის დამახასიათებელი, ხოლო პროთრომბინის მომატება ამ მდგომარეობის მაღალ რისკზე მიუთითებს.
ეს წარმოდგენა არ არის მართებული. დაბუჟების შეგრძნება თრომბოზს არ ახასიათებს. თრომბოზის დროს ყურადღებას იპყრობს კიდურის ტკივილი, შეშუპება, ფერის შეცვლა (მოწითალო-მოლურჯოდ შეფერვა ან, პირიქით, გაფითრება).
დიაგნოსტიკისთვისაც სხვა მეთოდები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პროთრომბინის განსაზღვრა. რასაკვირველია, ვერ უარვყოფთ, რომ ზოგჯერ დაბუჟება მართლაც მძიმე დაავადების სიმპტომია.
ამ შემთხვევაში მას წინ უძღვის კისრის, თავის ან ზურგის ტრავმა, ანდა ერთვის:
ცნობიერების თუნდაც ხანმოკლე დაკარგვა ან მოშლა;
სუნთქვის გაძნელება;
სიარულის გაძნელება;
თავბრუ;
შარდის ბუშტის ან ნაწლავთა მოქმედების კონტროლის უუნარობა;
მხედველობის მოშლა;
დამბლა;
მეტყველების დარღვევა;
სისუსტე.
კიდურების დაბუჟების გამო მასთან მისულ პაციენტს ექიმი სრულყოფილად სინჯავს, აგროვებს დაწვრილებით ინფორმაციას მისი სამუშაო და საყოფაცხოვრებო პირობების (ალკოჰოლის ჭარბი მიღება), ტოქსინების ზემოქმედების, შიდსისა და სხვა ინფექციების რისკის, ნევროლოგიური დაავადებების ოჯახური ისტორიის შესახებ.
დეტალური გამოკვლევა კიდურების დაბუჟების დროს უმჯობესია ნევროლოგის ხელმძღვანელობით ჩატარდეს. მიღებული მონაცემების საფუძველზე შესაძლოა დაიგეგმოს დამატებითი ტესტები:
სისხლის საერთო ანალიზი, ელექტროლიტების განსაზღვრა, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონული კვლევა;
სისხლის გამოკვლევა დიაბეტის გამოსარიცხად, ვიტამინების დეფიციტის დასადგენად, თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის დასადგენად, მეტაბოლური დარღვევების გამოსარიცხად.
სისტემური დაავადების თაობაზე ეჭვის შემთხვევაში შესაძლოა დაინიშნოს იმუნური კვლევები:თავ-ზურგტვინის სითხის გამოკვლევა - შესაძლოა გამოვლინდეს განსაზღვრული სახის ანტისხეულები, რაც პერიფერიული ნეიროპათიის მიზეზის დადგენაში დაგვეხმარება;
ელექტრომიოგრაფია - ტესტი, რომლითაც კუნთის ელექტრულ აქტივობას ადგენენ;
ნერვში იმპულსის გატარება.
გარდა ამისა, შესაძლოა საჭირო გახდეს:
კომპიუტერული ტომოგრაფია;
ანგიოგრაფია;
მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა;
ნერვის ბიოფსია;
კანის ბიოფსია ნერვული დაბოლოებების მდგომარეობის შესასწავლად.ეს ძალზე სერიოზული კვლევებია და სათანადო ჩვენებით მათი დანიშვნა ნევროლოგის კომპეტენციაა.