ხმის ცვლილებები შინაგანი დაავადებების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხმის ცვლილებები შინაგანი დაავადებების დროს

ქვემოთ შევეცდებით მოკლედ განვიხილოთ ხმის ცვლილების მსგავსი შემთხვევები და ბუნებრივია საუბარს ფილტვების დაავადებით დავიწყებთ.

ხმის ჩახლეჩა ფილტვის დაავადებების დროს

ხმის ჩახლეჩა არ არის ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) პირდაპირი და უმთავრესი სიმპტომი, თუმცა, ის ხშირად ვითარდება როგორც თავად დაავადების, ასევე მის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტების ზემოქმედების შედეგად. ფქოდ-ის დროს ხმის ჩახლეჩა ხშირია თანდართული ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციებისას დაავადების გამწვავების დროს. ხშირად ხმის ჩახლეჩის მიზეზია ასევე დაავადების სამკურნალოდ გამოყენებული საინჰალაციო (შესასუნთქი) პრეპარატების ზემოქმედება. არსებული მონაცემების თანახმად, საინჰალაციო ჰორმონული პრეპარატების (კორტიკოსტეროიდების) გამოყენებისას ხმის ჩახლეჩა პაციენტთა 5-50%-ს უვითარდება. გარდა კორტიკოსტეროიდებისა, ხმაზე მოქმედებენ ქოლინოლიზური მედიკამენტებიც.

ხმის ჩახლეჩა შეიძლება ფილტვის სიმსივნის დროსაც განვითარდეს. შემთხვევათა უმეტეს ნაწილში მისი მიზეზია ხორხის შებრუნებული ნერვის დამბლა. ხორხის შებრუნებული ნერვი, რომელიც ხორხის აქტივობას აკონტროლებს, ორ – მარჯვენა და მარცხენა ნაწილად იყოფა. მარცხენა ნაწილი გულმკერდის ღრუს ფილტვთან ახლოს გაივლის. ამ ანატომიური თავისებურების გამო, მარცხენა ფილტვის სიმსივნე ზომების მატებისას შეიძლება აწვებოდეს ნერვს და იწვევდეს ხმის ჩახლეჩას ან ხორხის შებრუნებული ნერვის დამბლას. რასაკვირველია, ყველა ხმის ჩახლეჩა არ შეიძლება ფილტვის სიმსივნეს დავუკავშიროთ. მისი არსებობის ალბათობა იზრდება, თუ პაციენტი არის მწეველი, აქვს გახანგრძლივებული ხველა, ხიხინი, ქოშინი, ტკივილი გულმკერდში, წონის კლება, სისუსტე, სასუნთქი გზების ხშირად განმეორებადი ანთება, განსაკუთრებით ფილტვის ერთსა და იმავე უბანში.

გულის დაავადებებით გამოწვეული ხმის ჩახლეჩა

ავსტრიელმა ექიმმა, ნორბერტ ორტნერმა, 1897 წელს აღწერა მარცხენა ხორხის შებრუნებული ნერვის დამბლით გამოწვეული ხმის ჩახლეჩის შემთხვევა, რომელიც გულის მანკთან – მიტრალურ სტენოზთან იყო დაკავშირებული. აღნიშნული მანკის დროს დროთა განმავლობაში ხდება მარცხენა წინაგულის ზომების მატება (დილატაცია – გაფართოება), რაც ნერვზე ზეწოლას და მის დამბლას იწვევს. მოგვიანებით ამ მექანიზმით გამოწვეულ ნერვზე ზეწოლას და მის დამბლას ორტნერის სინდრომი უწოდეს. იმ პერიოდისათვის გულის ზომების ცვლილება ძირითადად რევმატიზმთან იყო დაკავშირებული აღნიშნული დაავადების ფართოდ გავრცელების გამო. შემდგომში აღწერეს გულ-სისხლძარღვთა მრავალი დაავადება, რომელთაც მსგავსი სინდრომის გამოწვევა შეუძლია. მათ შორის აღსანიშნავია ფილტვის არტერიის ჰიპერტენზია (წნევის მომატება ფილტვის არტერიაში, რაც ხშირად ფილტვის დაავადებებს უკავშირდება), გულმკერდის აორტის ანევრიზმა, ფილტვის არტერიის გაგანიერება და სხვა. დღეს ორტნერის სინდრომს კარდიოვოკალურ სინდრომსაც უწოდებენ.

გასტროეზოფაგური რეფლუქსი

გასტროეზოფაგური რეფლუქსი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც კუჭის მჟავა წვენი ამოიტყორცნება საყლაპავში. ეს იწვევს გულძმარვის შემაწუხებელ შეგრძნებას, რასაც ზოგჯერ შეიძლება ახლდეს ხმის ჩახლეჩაც. ხმის ჩახლეჩის მიზეზია მჟავა წვენის ზემოქმედებით სახმო იოგების, ხახის გაღიზიანება და ამის გამო ხშირად ქრონიკული ფარინგიტის აღმოცენება. გასტროეზოფაგური რეფლუქსის წარმატებული მკურნალობისას მდგომარეობა უმჯობესდება.

ხმის ჩახლეჩა ნერვული სისტემის დაავადებების დროს

ხმის შეცვლა შეიძლება სხვადასხვა ნევროლოგიურ დაავადებას უკავშირდებოდეს. უხშირესად ის ვითარდება უკვე დადგენილი ნევროლოგიური დაავადების ფონზე, თუმცა, იშვიათად ხმის ცვლილება შეიძლება ნევროლოგიური დაავადების ადრეული გამოვლინება იყოს.

ხმის ცვლილების გამომწვევი უხშირესი ნევროლოგიური დაავადებებია:

  • სპაზმური დისტონია – სახმო იოგების მოძრაობაში მონაწილე სხვადასხვა კუნთის ანომალიური შეკუმშვა იწვევს ხმისა და მეტყველების თავისებურებათა შეცვლას, რაც აძნელებს კომუნიკაციას. ხშირად ცვლილებები მძაფრდება ემოციური დაძაბულობისას და მეტყველება ნორმალურია სიცილის ან სიმღერისას.
  • ტრემორი – პირის ღრუსა და სახმო იოგების კანკალი, ანუ ტრემორი, იწვევს ხმის და მეტყველების ცვლილებას. ზოგჯერ შესაძლებელია გაძნელდეს განსხვავება სპაზმური დისტონიისაგან. ტრემორი ანუ კანკალი შეიძლება მხოლოდ სახმო იოგებს და პირის ღრუს მოიცავდეს ან მას შეიძლება თან ერთვოდეს კისრის, კიდურის ან კიდურების ტრემორიც.
  • პარკინსონის დაავადება – ხასიათდება ტრემორითა (კანკალით) და კუნთების სისუსტით, რაც ხშირად ხმის ცვლილებასაც იწვევს.
  • ინსულტი – თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლას შეიძლება თან ახლდეს ხმის ცვლილებაც.
  • იშვიათი ნევროლოგიური დაავადებები – ხმის ცვლილება შეიძლება აღმოცენდეს მრავლობითი სისტემური ატროფიის, მოტორული ნეირონის პროგრესირებადი დაავადების, გვერდითი ამიოტროფული სკლეროზის დროს.
  • ხმის ცვლილება შეიძლება მოხდეს ლაიმის დაავადების დროსაც. ლაიმის დაავადება, ანუ ბორელიოზი, არის ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ბორელია. დაავადება გადააქვს ტკიპას. ლაიმის დაავადების დროს ზიანდება ნერვული სისტემა და შეიძლება დაზიანდეს ის ნერვებიც, რომლებიც არეგულირებენ სახმო იოგების კუნთებს. არ არის გამორიცხული სახმო იოგების დამბლაც, რაც ცვლის პაციენტის ხმას.

რატომ იწვევს ალერგია ხმის ჩახლეჩას

ალერგიის შესახებ საუბრისას ყველას ცხვირიდან წყლისებრი გამონადენი, ცემინება, თვალების ქავილი და ცრემლდენა გვახსენდება, თუმცა, არ არის გამორიცხული ხმის ჩახლეჩაც. ამ ცვლილებას კი მრავალი ფაქტორი განაპირობებს:

  • ალერგიული რეაქცია იწვევს სახმო იოგების შეშუპებას;
  • პოსტნაზალური წვეთი – ლორწოს ჩაღვრა ცხვირის ღრუდან ხახის უკანა კედელზე აღიზიანებს სახმო იოგებს;
  • ხველა ძაბავს სახმო იოგებს;
  • ალერგიის საწინააღმდეგოდ გამოყენებული ანტიჰისტამინური პრეპარატები იწვევენ სიმშრალეს.

სისტემური და ენდოკრინული დაავადებები

  • იშვიათად ხმის ჩახლეჩის მიზეზი შეიძლება იყოს სისტემური (შემაერთებელი ქსოვილის დაზიანებით მიმდინარე) დაავადებები – სისტემური წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი. ხმის ცვლილება ამ დაავადებებისას დაკავშირებულია სახისა და ხორხის სახსრების დაზიანებასთან. ხმის ცვლილება ვითარდება ენდოკრინული დაავადებების – აკრომეგალიის, ჰიპოთირეოზის დროსაც. ხმის ცვლილების იშვიათი მიზეზებია სარკოიდოზი და ხორხის ამილოიდოზი. სარკოიდოზი ხასიათდება სხეულის ნებისმიერ ნაწილში, უხშირესად კი ფილტვსა და ლიმფურ კვანძებში, ანთებითი უჯრედების წვრილი გროვების – გრანულომების ზრდით. ამილოიდოზის დროს ორგანიზმში წარმოიქმნება უცხო ცილა – ამილოიდი, რომელიც ლაგდება ორგანოებში.

მედიკამენტებით გამოწვეული ხმის ჩახლეჩა

ხმის ჩახლეჩის შესახებ საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით აღნიშნული სიმპტომის გამომწვევ მედიკამენტებს. ხმის ჩახლეჩა შეიძლება გამოიწვიონ შემდეგი ფარმაკოლოგიური ჯგუფების პრეპარატებმა:

  • ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტების (აგფ) ინჰიბიტორებმა – არტერიული ჰიპერტენზიის ანუ მაღალი წნევის სამკურნალოდ ფართოდ გამოყენებული პრეპარატები ზოგჯერ ხმის ჩახლეჩას იწვევენ, რადგანაც ხშირად არიან ძლიერი მშრალი ხველის მიზეზი;
  • ანტიჰისტამინურმა (ანტიალერგიული) საშუალებებმა, შარდმდენებმა, ქოლინოლიზურმა (ატროპინი და სხვა) პრეპარატებმა – ისინი აშრობენ ლორწოვანს, რაც იწვევს ხმის ჩახლეჩას;
  • ანტიფსიქოზურმა საშუალებებმა – იწვევენ ხორხის დისტონიას;
  • ბისფოსფონატებმა – გამოიყენება ოსტეოპოროზის სამკურნალოდ. ხმის ჩახლეჩას იწვევენ ქიმიური ლარინგიტის გამო;
  • დანაზოლმა, ტესტოსტერონმა – არღვევენ სასქესო ჰორმონების წარმოქმნა/მოხმარებას;
  • საინჰალაციო (შესასუნთქი) სტეროიდებმა– გამოიყენება ასთმისა და ფქოდ-ის სამკურნალოდ. ხმის ჩახლეჩას იწვევენ ლორწოვანის გაღიზიანების, ზოგჯერ სოკოვანი ლარინგიტის გამო. აღსანიშნავია, რომ ეს ეფექტი დოზაზეა დამოკიდებული – რაც უფრო მეტია პრეპარატის დოზა, მით მეტია ხმის ჩახლეჩის რისკი.
  • ვარფარინმა – შეიძლება ხმის ჩახლეჩის მიზეზი გახდეს ჰემატომის (დიდი სისხლჩაქცევა) აღმოცენების გამო.