წყლული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წყლული

ტროფიკული წყლული

ტროფიკული წყლული კანის ან ლორწოვანი გარსის ხანგრძლივად შეუხორცებელი დეფექტია. ის სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის მოშლის, ქსოვილთა ინერვაციის (პერიფერიული ან ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები) დაზიანების შედეგად ჩნდება, ძნელად ხორცდება და რეციდივებისკენ არის მიდრეკილი. ტროფიკული წყლულის მიზეზებია:

  • ქრონიკული ვენური უკმარისობა;
  • ქვედა კიდურების სისხლძარღვთა ათეროსკლეროზი;
  • დიაბეტი;
  • ჰიპერტონია (მარტორელას სინდრომი);
  • ნეიროტროფიკა;
  • ინფექცია;
  • გაავთვისებიანება.

ქრონიკული ვენური უკმარისობით გამოწვეული წყლული ტროფიკული წყლულის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ქსოვილოვანი დეფექტი ლოკალიზებულია დაზიანებული ვენების გასწვრივ, ჩვეულებრივ, მუხლის ქვედა მესამედის შიგნითა ზედაპირზე, იშვიათად - მის გარეთა ან უკანა ზედაპირზე. წყლულის ზომები დაავადების მიმდინარეობის ხანგრძლივობისა და თანდართული მიკრობული ინფექციის შესაბამისად იცვლება. ათეროსკლეროზული ტროფიკული წყლული წარმოიქმნება კანის განსაზღვრულ უბნებსა და კანქვეშა უჯრედებში არტერიების ათეროსკლეროზული დაზიანების, ჟანგბადისა და საკვები ელემენტების ხანგრძლივი უკმარისობის შედეგად. მისი მაპროვოცირებელი ფაქტორებია საყოფაცხოვრებო და საწარმოო ტრავმები, ვიწრო და მოუხერხებელი ფეხსაცმლის ტარება, გადაცივება. წყლულები ქუსლის არეში ან ტერფის შიგნითა ზედაპირზე ჩნდება და აზიანებს დიდი თითის ბოლო ფალანგას. ათეროსკლეროზული წყლულები არცთუ დიდი ზომისაა, ნახევრად მრგვალი, აქვს მკვრივი, არასწორი კიდეები, რომლებიც ბაცი მოყვითალო ფერისაა და კანიდან ოდნავ არის შემაღლებული. დიაბეტური წყლული შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა 3%-ს უვითარდება მიკროცირკულაციის სპეციფიკური დარღვევის შედეგად. ლოკალიზებულია ფეხის თითების ბოლო ფალანგებზე, ქუსლზე. მისი თავისებურება ის არის, რომ ტკივილი ღამით ძლიერდება. წყლულის გაჩენას წინ კანის აქერცვლა, მიკროტრავმა და დამწვრობა უძღვის. ჰიპერტონიული წყლული ანუ მარტორელას წყლული უმთავრესად 40-60 წლის ქალებს უჩნდებათ. მისი საფუძველია მყარი არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც წვრილ არტერიებსა და არტერიოლებს სანათურის სრულ დახშობამდე აზიანებს. დაავადება იწყება მცირე ზომის მოლურჯო-მოწითალო მტკივნეული ლაქის ან პაპულის გაჩენით. დამახასიათებელია ორივე ქვედა კიდურის სიმეტრიული დაზიანება.

წყლული, ჩვეულებრივ, ლოკალიზებულია მუხლის წინა ან გარეთა ზედაპირზე. დიაბეტური წყლულისგან განსხვავებით, ტკივილი ამ დროს მუდმივია და ქვედა კიდურების მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ხშირად იმდენად ძლიერია, რომ ფსიქონევროლოგიურ მოშლილობასაც კი იწვევს. ნეიროტროფული წყლული ხერხემლის  და მისგან გამომავალი ნერვების დაზიანების შედეგად დეინერვირებულ ზონაში ჩნდება. მას ვულკანის კრატერის ფორმა და შესახედაობა აქვს, რომლის ფსკერიც შესაძლოა იყოს კუნთები, მყესები და ძვლებიც კი. კრატერის ფორმის წყლულს უსიამოვნოსუნიანი, სეროზულ-ჩირქოვანი გამონადენი ახასიათებს. ნეიროტროფული წყლული ინერვაციის დარღვევის გამო აბსოლუტურად უმტკივნეულოა. ინფექციური წყლული იმუნიტეტის დაქვეითების შემდგომ მიკროტრავმის ინფიცირების შედეგია. იგი უმთავრესად მათი ხვედრია, ვინც სათანადოდ არ იცავს პირად ჰიგიენას და, ამასთანავე, აქვს დაზიანებული და აქერცლილი კანი, სადაც ადვილად იჭრებიან პათოგენური მიკრობები. ამიტომ არის, რომ წყლული სხეულის ნებისმიერ უბანზე შეიძლება გაჩნდეს. ეს არის ოვალური ფორმის, სწორფსკერიანი დეფექტი, რომელსაც სქელი ჩირქოვანი გამონადენი ახასიათებს. წყლულის ავთვისებიანი გადაგვარება ათასიდან 16-35 შემთხვევაში ხდება. მიზეზი წყლულის არაადეკვატური მკურნალობა, მრავლობითი რეციდივი და მუდმივი ტრავმატიზაციაა. წყლულის ავთვისებიან გადაგვარებაზე გამონადენის ოდენობის მატება, უსიამოვნო სუნი და დეფექტში წვრილმარცვლოვანი მასების გაჩენა მეტყველებს.


მწვავე წყლულები

მწვავე წყლული საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოთა ლორწოვანი გარსის დაზიანების შედეგია. ის მრგვალი ან ოვალურია, აქვს რამდენიმე მილიმეტრიდან რამდენიმე სანტიმეტრამდე დიამეტრი. ტროფიკულისგან განსხვავებით, მწვავე წყლულები მძიმე დაავადების, ტრავმის, დამწვრობის, ოპერაციული ჩარევის, ფსიქოემოციური და ფიზიკური გადაღლის, აგრეთვე ალკოჰოლის, სამკურნალო მედიკამენტების და ზოგიერთი ტოქსიკური ნივთიერების მიღების შედეგად ჩნდება. მათ შორის განასხვავებენ:

1. სტრესულ წყლულს, რომელიც მასშტაბური ქირურგიული ოპერაციის, ტრავმის, შოკის შედეგად ან თირკმლის, ღვიძლის ან ფილტვის უკმარისობისას წარმოიქმნება. ეს არის ზედაპირული, არცთუ დიდი დეფექტი, რომელიც კუჭის სხეულზე ან ფსკერზე, ზოგჯერ მის ანთრალურ ნაწილშიც მდებარეობს.

2. წყლულს, რომელიც დამწვრობისას ჩნდება და სხეულის ზედაპირის არანაკლებ 1/3-ს მოიცავს. ასეთი დეფექტები მთელ კუჭზეა მოდებული.

3. კუშინგის წყლულს - ჩნდება თავის ტვინის დაზიანების (ქალა-ტვინის ტრავმა, სიმსივნე) შედეგად და ნეიროქირურგიული ოპერაციის შემდეგ კუჭის სეკრეციის ცენტრალური სტიმულაციისა და მისი აგრესიული თვისებების გამო. ეს არის ერთეული წყლული და შესაძლოა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ნებისმიერ ადგილას მდებარეობდეს.

4. მედიკამენტურ წყლულს - კუჭის ანთრალურ ნაწილშია ლოკალიზებული და ასპირინის ჯგუფის მედიკამენტების, სტეროიდული ჰორმონების, ციტოსტატიკური პრეპარატების მიღების შედეგად ჩნდება.

მწვავე წყლულების ნაწილი წვრილი პეტექიების სახით საჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვან გარსში არსებულ სისხლჩაქცევას წარმოადგენს, ნაწილი ეროზიაა, რომელიც ლორწოვან გარსს არ სცდება, ნაწილი კი ლორწქვეშა გარსს და ზოგჯერ ორგანოს კუნთოვან შრესაც კი მოიცავს. არსებობს ისეთებიც, რომლებიც ორგანოს კედლის ყველა შრის დანეკროზებას იწვევენ.

 

რეგენერაცია

ადამიანის სხეულის სულ მცირე წყლულოვანი დაზიანებაც კი სასიკვდილო აღმოჩნდებოდა, ორგანიზმს საოცარი რეგენერაციის უნარი რომ არ ჰქონდეს. რეგენერაცია ლათინურად აღორძინებას ნიშნავს, მედიცინაში კი ამ ტერმინით შეგუებით-საკომპენსაციო პროცესს აღნიშნავენ, რომლის დროსაც ორგანიზმი თავად აღადგენს დაღუპულ სტრუქტურულ ელემენტებს, რასაც გარკვეულწილად ფუნქციის აღდგენაც მოჰყვება. არსებობს უჯრედოვანი და უჯრედშიდა რეგენერაცია. უჯრედოვანი რეგენერაცია დაზიანებული ქსოვილისა და დარღვეული ფუნქციის უჯრედთა გამრავლების გზით აღდგენას გულისხმობს, უჯრედშიდა კი საკუთრივ უჯრედის ორგანოიდების: ბირთვის, მიტოქონდრიების, რიბოსომებისა და სხვა ელემენტების გამრავლებას. უჯრედშიდა რეგენერაციას უნივერსალურსაც უწოდებენ, რადგან თვითაღდგენის ამ ფორმას აბსოლუტურად ყველა ორგანო და ქსოვილი განიცდის, უჯრედოვანი რეგენერაცია კი მხოლოდ ზოგიერთ ქსოვილში ხდება - კანის ეპითელიუმში, ხრტილოვან, ძვლოვან და ფიბროზულ ქსოვილებში. ნერვული და კუნთოვანი ქსოვილები მას არ ემორჩილება. რეგენერაციული პროცესების მიმდინარეობის დროის მიხედვით განასხვავებენ ფიზიოლოგიურ, რეპარაციულ ანუ აღდგენით და პათოლოგიურ რეგენერაციებს.

ფიზიოლოგიური რეგენერაცია მთელი სიცოცხლის მანძილზე მიმდინარეობს. მას მიეკუთვნება კანისა და ლორწოვანი გარსების მფარავი ეპითელიუმის მუდმივი თვითგანახლება. პათოლოგიური რეგენერაციისას აღორძინების პროცესი ან დუნედ, ან, პირიქით, გაძლიერებულად მიმდინარეობს, რეგენერაციული ქსოვილი ჭარბად პროდუცირდება, რაც ზოგჯერ კეთილთვისებიანი სიმსივნის გაჩენით სრულდება. რეპარაციული ანუ აღდგენითი რეგენერაცია პათოლოგიის დროს ხდება და უჯრედების, ქსოვილების ან მთელი ორგანოს აღდგენას ისახავს მიზნად. იგი ფაქტობრივად გაძლიერებული ფიზიოლოგიური რეგენერაციაა. რეპარაციული რეგენერაცია შესაძლოა იყოს სრულიც და არასრულიც. სრულის დროს დეფექტის აღდგენა იდენტური ქსოვილით ხდება, არასრულის შემთხვევაში კი დეფექტს შემაერთებელქსოვილოვანი ნაწიბური ენაცვლება. ორგანიზმში ჭრილობის ან ტრავმის შედეგად ქსოვილოვანი დეფექტის - წყლულის გაჩენის შემდეგ მის ირგვლივ მდებარე ყველა ქსოვილი გაძლიერებულად იწყებს გამრავლებას, მაგრამ სრულ სიმწიფეს მხოლოდ შემაერთებელქსოვილოვანი უჯრედები აღწევენ, დანარჩენები იღუპებიან, ამიტომ რეგენერაციის შედეგად წარმოიქმნება შემაერთებელქსოვილოვანი, ფიბროზული ნაწიბური, რომლის დეფექტის ირგვლივ ფორმირებაც რეგენერაციული პროცესის დასასრულს ნიშნავს. ხარისხის, ზომის, სიღრმის, გამომწვევი მიზეზისა და მკურნალობის კვალობაზე, წყლულებს რეგენერაციისა და ფიბროზულქსოვილოვანი ნაწიბურის წარმოქმნისთვის განსხვავებული დრო სჭირდება.