რომელი ვიტამინების ნაკლებობა და რა დაავადებები იწვევს კიდურების დაბუჟებას?
საბედნიეროდ, ის უმეტესად კეთილთვისებიანი და დროებითია. მაგალითად, შეიძლება აღმოცენდეს, როდესაც ძილის დროს მკლავი თავქვეშ ისე გვაქვს ამოდებული, რომ თავი ნერვს აწვება, ანდა ფეხიფეხგადადებული დიდხანს ვზივართ. პოზის შეცვლისას ჩხვლეტისა და ტკივილის შემაწუხებელი შეგრძნება მალევე გაივლის. თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც კიდურების დაბუჟება ძალზე შემაწუხებელია და დიდხანს გრძელდება. შესაძლოა, თან ახლდეს სხვა სიმპტომებიც, მაგალითად, ტკივილი, ქავილი, გრძნობის დაკარგვა, კუნთების სისუსტე.
თუ დაბუჟებას თან ახლავს აღგზნება, გახშირებული შარდვა, კუნთების სპაზმი, ტკივილი, გამონაყარი,მგრძნობელობის მატება, ანდა ძლიერდება მოძრაობის დროს, ის შეიძლება ნერვის დაზიანების შედეგი იყოს.
თავის მხრივ, ნერვის დაზიანება შესაძლოა განაპირობოს ტრავმამ, განმეორებადმა მიკროტრავმამ, ბაქტერიულმა ან ვირუსულმა ინფექციამ, ტოქსიკურმა ფაქტორებმა, შაქრიანმა დიაბეტმა. ნერვის ასეთ დაზიანებას პერიფერიულ ნეიროპათიას უწოდებენ. სახელწოდება აღნიშნავს, რომ ნერვი ზიანდება არა თავის ან ზურგის ტვინის დონეზე,არამედ მათგან შორს - უშუალოდ კიდურში. არსებობს პერიფერიული ნეიროპათიის 100-ზე მეტი ტიპი.
დროთა განმავლობაში პერიფერიული ნეიროპათია შესაძლოა დამძიმდეს და მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ექიმთან დროულად მისვლა. რასაკვირველია, ეს არ ეხება დაბუჟების შეგრძნებას, რომელიც ეპიზოდურად აღმოცენდება დიდხანს მოუხერხებლად წოლის ან ჯდომის გამო. ის გამოკვლევისა და მკურნალობის ჩვენებას არ წარმოადგენს.
დაბუჟების მიზეზები
პირველ რიგში, დაბუჟების იმ შემთხვევებზე ვისაუბრებთ, რომლებიც პერიფერიულ ნეიროპათიას უკავშირდება. პერიფერიული ნეიროპათიის ათიდან დაახლოებით სამი შემთხვევა დაკავშირებულია შაქრიან დიაბეტთან. დიაბეტური ნეიროპათიის დროს დაბუჟება და სხვა შეგრძნებები თავდაპირველად ტერფებში აღმოცენდება და თანდათან ვრცელდება ზევით. შესაძლოა, მოიცვას მტევნები, მთელი ზედა კიდურები.
ცნობილია, რომ დიაბეტით დაავადებულთა ორ მესამედს საშუალოდ ან მძიმედ გამოხატული ნერვის დაზიანება აქვს. არის შემთხვევები, როცა ეს ჩივილები დაიბეტის პირველი გამოვლინებაა. ათიდან 3 შემთხვევაში (ანუ შემთხვევათა 30%-ში) პერიფერიული ნეიროპათიის მიზეზი უცნობია. ასეთ შემთხვევებს იდიოპათიურ ნეიროპათიას უწოდებენ. დანარჩენი 40%-ის მიზეზი შეიძლება იყოს:
- ნერვზე ზეწოლის სინდრომი - კარპული არხის სინდრომი, სხივის ნერვის დამბლა, წვივის ნერვის დამბლა, სხივის ნერვის დამბლა. ხშირად ნერვზე ზეწოლა დაკავშირებულია ორთოპედიულ პრობლემებთან.
- სისტემური დაავადებები - თირკმლის, ღვიძლის დაავადებები, სისხლძარღვთა დაზიანებით მიმდინარე და სისხლის დაავადებები, ამილოიდოზი, შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები და ქრონიკული ანთება, ჰორმონული დისბალანსი (ჰიპოთირეოიდიზმის - ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების - ჩათვლით), ნერვზე ზეწოლით მიმდინარე ავთვისებიანი თუ კეთილთვისებიანი სიმსივნეები.
- ვიტამინების დეფიციტი. ე, ბ1, ბ6, ბ12 ვიტამინები და ნიაცინი აუცილებელია ნერვის ნორმალური ფუნქციობისთვის. ბ12-ის დეფიციტი, რაც პერნიციოზულ ანემიას იწვევს, პერიფერიული ნეიროპათიის მნიშვნელოვანი მიზეზია. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ კიდურებში ჩხვლეტის მიზეზი ბ6 ვიტამინის სიჭარბეც შეიძლება იყოს.
- ალკოჰოლიზმი. ალკოჰოლიზმის დროს დიდია ალბათობა, კვების გაუარესების გამო განვითარდეს თიამინისა და სხვა მნიშვნელოვანი ვიტამინების დეფიციტი, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა პერიფერიული ნეიროპათიის მიზეზად იქცეს. გამორიცხული არ არის, ნერვის დაზიანება თავისთავად ალკოჰოლიზმმა განაპირობოს. ამ მდგომარეობას ზოგიერთი მკვლევარი ალკოჰოლურ ნეიროპათიას უწოდებს.
- ტოქსინები. ნეიროპათია შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმზე მძიმე ლითონების - ტყვიის, დარიშხნის, ვერცხლისწყლისა და ზოგიერთი სხვა საწარმოო თუ საყოფაცხოვრებო ქიმიკატის ზემოქმედებამ. ამ ტიპის ნეიროპათიას იწვევს ზოგიერთი მედიკამენტიც, განსაკუთრებით - ფილტვის კიბოს ქიმიოთერაპიისას გამოსაყენებელი საშუალებები, ზოგიერთი ანტივირუსული საშუალება და ანტიბიოტიკები.
- ინფექციები - ლაიმის დაავადება, ჰერპეს-ზოსტერი, ციტომეგალოვირუსი, ეპშტეინ-ბარის ვირუსი, მარტივი ჰერპესის ვირუსი, შიდსის ვირუსი.
- აუტოიმუნური დაავადებები - გიიენ-ბარეს სინდრომი, სისტემური წითელი მგლურა და რევმატოიდული ართრიტი.
- ზოგიერთი თანდაყოლილი დაავადება.
- დაზიანება. ტრავმამ შესაძლოა ნერვზე ზეწოლა, მისი მიჭყლეტა თუ დაზიანება გამოიწვიოს. ამის მაგალითია ყველასათვის კარგად ნაცნობი ნერვის კომპრესია მალათაშუა დისკოს თიაქრის ან მოტეხილობისას ძვლების ცდომის გამო.