დაბალი წნევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დაბალი წნევა

როდის მივმართოთ ექიმს? რა არის ბრადიკარდიის მიზეზი? ეს შეკითხვები ხშირად ებადებათ მათ, ვისაც დაბალი წნევა ან ბრადიკარდია აქვს. დღეს ამ საკითხებზე სასაუბროდ ქალაქის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ზოგადი თერაპიის კლინიკის ფუნქციური დიაგნოსტიკის კაბინეტს ვესტუმრეთ. გვესაუბრება თერაპევტი თინათინ ნიშნიანიძე:

- საკმაოდ ტრადიციული კითხვით დავიწყებთ: როდის შეიძლება ჩავთვალოთ, რომ წნევა დაბალია და რამდენად სერიოზულია აღნიშნული მდგომარეობა?

- მოგეხსენებათ, არტერიული წნევა ინდივიდუალური მაჩვენებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა წნევა აქვს, თუმცა დადგენილია, რომ ვერცხლისწყლის სვეტის 90 მილიმეტრზე ნაკლები სისტოლური და 60 მილიმეტრზე ნაკლები დიასტოლური წნევა დაბალ წნევად ანუ არტერიულ ჰიპოტონიად ითვლება. არტერიულ ჰიპოტონიად ითვლება ის შემთხვევებიც, როდესაც ნორმასთან შედარებით დაბალია წნევის მხოლოდ ერთი - სისტოლური ან დიასტოლური მაჩვენებელი, მეორე კი ნორმალურია. მაგალითად, თუ წნევა უდრის 115/50 მმ.ვწყ.სვ-ს, ეს ჰიპოტონიაა. ამავე დროს უნდა აღვნიშნოთ, რომ არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომელთაც არტერიული წნევა უმეტესად აღნიშნულ ციფრებზე დაბალი აქვთ, თუმცა დისკომფორტს არ გრძნობენ და ჩივილებიც არ აქვთ. მსგავსი შემთხვევები ექიმების განსაკუთრებული ყურადღების საგანს არ წარმოადგენს, ვინაიდან ასეთი მდგომარეობა საშიში არ არის. აღნიშნულისგან განსხვავებით, წნევის არცთუ ისე მნიშვნელოვანი, მაგრამ უეცარი დაქვეითება შესაძლოა უფრო შემაწუხებელი და საგანგაშო იყოს. ექიმი ითვალისწინებს, რომ ზოგჯერ დაბალი წნევა სერიოზული დაავადების ნიშანია და ატარებს სათანადო კვლევებს მისი გამორიცხვის ან დადასტურების მიზნით.

- პაციენტები ხშირად სვამენ კითხვას: ითვლება თუ არა დაბალ წნევად ის შემთხვევები, როცა სისტოლური წნევა მაღალია, ხოლო დიასტოლური - დაბალი? რა იწვევს მხოლოდ დიასტოლური წნევის დაქვეითებას?

- მიუხედავად იმისა, რომ დიასტოლური წნევა დაბალია, ანალოგიური შემთხვევები მაინც ითვლება არა დაბალ, არამედ მაღალ წნევად ანუ არტერიულ ჰიპერტენზიად. არტერიული წნევის მსგავსი ციფრები (მაგალითად, 160/58 მმ. ვწყ. სვ. ან 180/56 მმ. ვწყ. სვ.) უმეტესად აღენიშნებათ ხანშიშესულ პაციენტებს და სისხლძარღვთა ათეროსკლეროზულ ცვლილებებთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, გულის ერთ-ერთი სარქვლოვანი პათოლოგია, კერძოდ, აორტის სარქვლის ნაკლოვანება, ხასიათდება წნევის მსგავსი ცვლილებით. მაღალი სისტოლური და დაბალი დიასტოლური წნევა ხშირია თირეოტოქსიკოზის დროსაც.

- რამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება?

- არტერიული წნევის დაქვეითება შესაძლოა მრავალ ფაქტორთან იყოს დაკავშირებული. მათ შორის აღსანიშნავია გულის დაავადებები, ენდოკრინული სისტემის პათოლოგიები, ორგანიზმის დეჰიდრატაცია, ორსულობა, ზოგიერთი მედიკამენტის მიღება, საკვებში განსაზღვრული ნივთიერებების დეფიციტი. ცალკე უნდა დავასახელოთ არტერიული წნევის დაქვეითების გამომწვევი სიცოცხლისთვის საშიში ისეთი მდგომარეობები, როგორიც არის სისხლდენა, მძიმე ინფექციები, ალერგიული რეაქციის განსაკუთრებული სახე - ანაფილაქსიური შოკი. არის შემთხვევები, როცა არტერიული წნევის დაქვეითება დაკავშირებულია უეცარ წამოდგომასთან, საკვების მიღებასთან, ნერვული სისტემის დაზიანებასთან. საზოგადოდ, უმრავლეს შემთხვევაში მიზეზის დადგენისას არტერიული წნევის დაბალი ციფრების ნორმალიზაცია შესაძლებელია.

- რას გრძნობს პაციენტი დაბალი წნევის დროს, რა ჩივილებით მიმართავს ის ექიმს?

- როგორც აღვნიშნეთ, რიგ შემთხვევაში სიმპტომები უმნიშვნელოა ან საერთოდ არ არის გამოხატული. არტერიული წნევის უეცარი დაქვეითება კი შესაძლოა გამოვლინდეს თავბრუხვევით, გონების დაკარგვით, კონცენტრაციის უნარის დაქვეითებით, მხედველობის დაბინდვით, გულისრევით, ნამიანი კანით, ქოშინით, სისუსტით. თუ მსგავსი ჩივილები უეცრად აღმოცენდა და უმალვე არ გაიარა, საჭიროა, ექიმს მივმართოთ.

- ხალხში დომინირებს აზრი, რომ დაბალი წნევა უპირატესად ახალგაზრდებს შორის გვხვდება, თუმცა წნევის დაქვეითების გამო შეკითხვებით ხშირად ხანშიშესულებიც მოგვმართავენ. როგორია რეალური სიტუაცია - რა შემთხვევაშია ხშირი არტერიული წნევის დაქვეითება?

- ჰიპოტენზია შესაძლოა ნებისმიერ ასაკში შეგვხვდეს, თუმცა არტერიული წნევის დაქვეითების განსაზღვრულ სახეობას ასაკთანაც აქვს კავშირი. მაგალითად, წნევის დაქვეითება, რომელიც სხეულის მდებარეობის შეცვლას უკავშირდება, უფრო ხშირია ხანშიშესულთა შორის, ხოლო გულის სიხშირისა და სისხლძარღვთა ტონუსის მარეგულირებელი ნერვული მექანიზმების დარღვევასთან დაკავშირებული ჰიპოტონია უპირატესად ახალგაზრდებში გვხვდება.

- ენდოკრინული სისტემის რომელმა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება და როდის შეიძლება ვივარაუდოთ, რომ წნევის დაქვეითების მიზეზი ენდოკრინული სისტემის დაავადებაა?

- არტერიული წნევა შესაძლოა დაეცეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების (ჰიპოთირეოზის), თირკმელზედა ჯირკვლის ქრონიკული უკმარისობის (ადისონის დაავადების), სისხლში შაქრის შემცველობის დაქვეითების (ჰიპოგლიკემიის), შაქრიანი დიაბეტის დროს. დაავადების ტიპურ შემთხვევებში ძნელი დასადგენი არ არის, რომ წნევის დაქვეითების მიზეზი ენდოკრინული სისტემის პათოლოგიაა. მაგალითად, ჰიპოთირეოზისთვის დამახასიათებელია ზოგადი საერთო სისუსტე, უმადობის მიუხედავად წონის მატება, შეშუპებისკენ მიდრეკილება, კანის სიმშრალე, სხეულის ტემპერატურის დაქვეითება, ყაბზობა. დიაგნოზს ადასტურებს სპეციალური ლაბორატორიული გამოკვლევა. ადისონის დაავადებას ახასიათებს ძალიან ძლიერი საერთო სისუსტე, უმადობა, წონის დაქვეითება, მუცლის პერიოდული ტკივილი. ყურადღებას იპყრობს კანის ჰიპერპიგმენტაცია - მუქი შეფერილობა, უპირატესად ხელისგულებზე, სხეულთან ტანსაცმლის შეხების არეებში. ჰიპერპიგმენტირებულია ლორწოვანიც ღრძილების, ლოყების შიგნითა ზედაპირზე.

- გულის რომელი დაავადებები შეიძლება დავასახელოთ არტერიული წნევის დაქვეითების მიზეზთა შორის?

- არტერიულმა წნევამ შესაძლოა დაიწიოს გულისცემის სიხშირის მკვეთრი დაქვეითების - ბრადიკარდიის დროს, გულის სარქვლოვანი პათოლოგიების ანუ მანკების შემთხვევაში, მიოკარდიუმის ინფარქტის ან გულის უკმარისობის დროს. ყველა აღნიშნული მდგომარეობისას ჰიპოტენზიის აღმოცენება დაკავშირებულია იმ გარემოებასთან, რომ გული კარგავს აორტაში სისხლის სათანადო რაოდენობის გადასროლის უნარს.


- შესაძლოა, ზოგს უცნაური მოეჩვენოს, რომ წნევის დაქვეითების მიზეზთა შორის ორსულობა დაასახელეთ...

- ორსულობის დროს ვითარდება ვაზოდილატაცია - სისხლძარღვთა გაფართოება. ამის გამო ორსულობის პირველი 24 კვირის განმავლობაში სისტოლური წნევა ქვეითდება ვერცხლისწყლის სვეტის 5-10 მილიმეტრით, ხოლო დიასტოლური წნევა 10-15 მილიმეტრით. ეს სავსებით ნორმალური რეაქციაა. არტერიული წნევა მშობიარობის შემდეგ ორსულობამდელ დონეს უბრუნდება.

- თქვენ დაასახელეთ ის მდგომარეობები, რომლებიც სიცოცხლისათვის საშიშია და ამავე დროს არტერიული წნევის დაქვეითება ახასიათებს. როგორია მათი კლინიკური გამოვლინება?

- არტერიული წნევის უეცარი დაქვეითებით ხასიათდება ნებისმიერი ლოკალიზაციის (მდებარეობის) სისხლდენა. როდესაც სისხლდენა აშკარაა, ბუნებრივია არტერიული წნევის დაქვეითების მიზეზების ძიებაც საჭირო არ არის, მაგრამ არის შემთხვევებიც, როცა სისხლდენა ფარულია. მსგავსი სიტუაცია აღინიშნება შინაგანი ორგანოებიდან (მაგალითად კუჭიდან, ნაწლავებიდან, საკვერცხიდან) სისხლდენისას. ამ დროს ყურადღებას იპყრობს უეცრად აღმოცენებული სისუსტე, თავბრუხვევა, მხედველობის დაბინდვა, ცივი ოფლი. ამ სიმპტომების შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ მივმართოთ ექიმს. ნებისმიერი ინფექცია, რომელსაც სათანადოდ არ მკურნალობენ, შესაძლებელია გართულდეს სეპტიკური შოკით, რაც არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითებით ხასიათდება.

არტერიული წნევის უეცარი და მკვეთრი დაქვეითება ვითარდება ანაფილაქსიური შოკის დროს. ეს არის ძალიან სწრაფად აღმოცენებული მძიმე და სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული რეაქცია. ანაფილაქსიური შოკი შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა ალერგენის (მედიკამენტები, საკვები, მწერის კბენა და ა. შ.) ზემოქმედებით. მისი აღმოცენების დრო ალერგენთან კონტაქტიდან რამდენიმე წამიდან ნახევარ საათამდეა. პაციენტს ეწყება მოუსვენრობა, აგზნება, ტკივილი მკერდის ძვლის უკან, სუნთქვის გაძნელება, სტვენის ხმა სუნთქვისას, ძლიერი ტაქიკარდია, წნევის მკვეთრი დაქვეითება. ამ დროს აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. როგორც ვხედავთ, წნევის დაქვეითების ის შემთხვევები, რომელთა დროსაც პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, საკმაოდ თვალსაჩინო კლინიკით ხასიათდება.

- მკითხველები ხშირად გვეკითხებიან, რასთან არის დაკავშირებული არტერიული წნევის დაქვეითება წამოდგომისას და შეიძლება თუ არა ის ჩვეულებრივ მოვლენად ჩაითვალოს.

- წამოდგომისას არტერიული წნევის უეცარ დაწევას პოსტურული ანუ ორთოსტატიკური ჰიპოტენზია ეწოდება. წამოდგომისას, გრავიტაციის კანონების თანახმად, სიმძიმის ძალის ზემოქმედებით ხდება სისხლის გადანაწილება ცირკულაციიდან ქვემო კიდურების ვენებისაკენ. ორგანიზმი ამის კომპენსირებას და ორგანოებისათვის, განსაკუთრებით კი ტვინისათვის, საჭირო რაოდენობით სისხლის მიწოდებას ახდენს სისხლძარღვთა შევიწროებისა და გულისცემის გახშირების წყალობით. თუ ადამიანის ორგანიზმში აღნიშნული კომპენსატორული მექანიზმი სათანადოდ ვერ მოქმედებს, არტერიული წნევა ეცემა, რის გამოც პაციენტი გრძნობს თავბრუხვევას, სუსუსტეს, მხედველობის დაბინდვას, კარგავს წონასწორობას. უმეტესად ეს სიმპტომები რამდენიმე წამის ან წუთის განმავლობაში გრძელდება. პოსტურული ჰიპოტენზია სხვადასხვა მიზეზით შეიძლება აღმოცენდეს. ესენია დეჰიდრატაცია, ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი, ორსულობა, დიაბეტი, გულის დაავადებები, დახუთული გარემო, მკვეთრად გამოხატული ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ზოგიერთი ნევროლოგიური დაავადება. პოსტურული ჰიპოტენზია შეიძლება დაკავშირებული იყოს ზოგიერთი მედიკამენტის მიღებასთანაც. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები - შარდმდენები, ბეტა-ბლოკერები, კალციუმის ანტაგონისტები, ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები. პოსტურულ ჰიპოტენზიას იწვევენ აგრეთვე ანტიდეპრესანტები, პარკინსონიზმის სამკურნალო პრეპარატები. უმეტესად პოსტურული ჰიპოტენზია ხანშიშესულ პირთა შორის გვხვდება - ის 65 წელს გადაცილებულ პირთა 20%-ს აღენიშნება. ბუნებრივია, ამ ასაკის პაციენტებში უპირველეს ყოვლისა წნევის დაქვეითების გამომწვევი ზემოთ დასახელებული ორგანული დაავადებების გამორიცხვაა საჭირო. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ პოსტურული ჰიპოტენზია არც ახალგაზრდა, პრაქტიკულად ჯანმრთელ პირებშია იშვიათი. ის შეიძლება მოჰყვეს დიდი ხნის განმავლობაში ფეხი ფეხზე გადაჯვარედინებული ჯდომის ან ჩაცუცქულ მდგომარეობაში მუშაობის შემდეგ უეცარ წამოდგომას. ახალგაზრდა ასაკში პოსტურული ჰიპოტენზია უმეტესად საშიში არ არის და რაიმე დაავადების გამოვლინებას არ წარმოადგენს.

- დაგვეთანხმებით, რომ თქვენ მიერ დასახელებულ პრეპარატებს პაციენტები საკმაოდ ფართოდ იყენებენ. არ არის გამორიცხული, მათ ეჭვი შეეპაროთ ამ საშუალებებით მკურნალობის მიზანშეწონილობაში...

- არტერიული წნევის დაქვეითება დასახელებული მედიკამენტების ერთ-ერთი გვერდითი ეფექტია, რომლის გამოვლინების შემთხვევაში იცვლება მედიკამენტის დოზა ან შეირჩევა სხვა პრეპარატი. მიუხედავად გვერდითი ეფექტების არსებობისა, არტერიული ჰიპერტენზიისა და ზოგადად ნებისმიერი დაავადების მკურნალობა აუცილებელია, რათა პაციენტის სიცოცხლის ხარისხი არ გაუარესდეს.

- რატომ იწვევს წნევის დაქვეითებას საკვების მიღება?

- არტერიული წნევის დაქვეითება საკვების მიღების შემდეგ ანუ პოსტპრანდიული ჰიპოტენზია უმეტესად ხანშიშესულებს შორის გვხვდება. მისი აღმოცენება, შეიძლება ითქვას, ისევე ხდება, როგორც პოსტურული ჰიპოტენზიის განვითარება. კვების დასასრულისათვის სისხლის დიდი ნაწილი საჭმლის მომნელებელ ტრაქტს მიეწოდება. სხვა ორგანოების ნორმალური სისხლმომარაგების შენარჩუნება კი გულისცემის აჩქარებისა და სისხლძარღვთა სპაზმის წყალობით ხდება. ამ მექანიზმის არაეფექტურობისას ვითარდება არტერიული წნევის დაქვეითება. პოსტპრანდიული ჰიპოტენზია უმეტესად მაინც იმ პირებს აღენიშნებათ, ვინც მკურნალობს მაღალი არტერიული წნევის გამო ან ვისაც ნერვული სისტემის დაავადება (მაგალითად პარკინსონიზმი) აქვს. პოსტპრანდიული ჰიპოტენზიის თავიდან აცილებისათვის პაციენტს უნდა ვურჩიოთ, საკვები მიიღოს მცირე ულუფებით და ნელა, შეამციროს ნახშირწყლების რაოდენობა. შესაძლოა საჭირო გახდეს წნევის დამწევი პრეპარატის დოზის დაქვეითება.

- როდის ვითარდება დეჰიდრატაცია და რამდენად საშიშია ამ დროს აღმოცენებული ჰიპოტენზია?

- დეჰიდრატაცია არის მდგომარეობა, რომელიც აღმოცენდება სითხის ჭარბი კარგვისას. ამ დროს ორგანიზმი კარგავს იმაზე მეტი რაოდენობის სითხეს, ვიდრე იღებს. ეს კი ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციობას არღვევს. დეჰიდრატაციის უხშირესი და ფართოდ გავრცელებული მიზეზებია ფაღარათი, ღებინება, ცხელება, ჭარბი ოფლიანობა. დაგვეთანხმებით, აღნიშნული მდგომარეობები, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში იშვიათი არ არის, შესაბამისად დეჰიდრატაცია ნებისმიერ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს. თუმცა, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ დეჰიდრატაცია განსაკუთრებულ საფრთხეს პატარა ბავშვებს, ხანშიშესულ პირებს და ქრონიკული პათოლოგიებით დაავადებულებს უქმნის. უმნიშვნელოდ გამოხატული ან ზომიერი დეჰიდრატაცია ხშირად თავისთავად გამოსწორდება სათანადო რაოდენობის სითხის მიღებით, მძიმე დეჰიდრატაცია კი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს.


- როგორც ვხედავთ, ჰიპოტენზია სრულიად განსხვავებულ მიზეზებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. რა სადიაგნოზო კვლევები ტარდება გამომწვევი დაავადების დადგენის მიზნით?

- დაბალი არტერიული წნევის დროს გამოკვლევის მიზანია დავადგინოთ გამომწვევი დაავადება, განვსაზღვროთ, რასთან არის დაკავშირებული ჰიპოტენზია, აქვს თუ არა პაციენტს მისი გამომწვევი გულის, ნერვული სისტემის ან ენდოკრინული პათოლოგია. სწორედ ამ მიზნით ექიმი ატარებს განსაზღვრულ კვლევებს.

  • უპირველეს ყოვლისა, იზომება არტერიული წნევა. შეიძლება, პაციენტს ვთხოვოთ, რეგულარულად გაიზომოს წნევა და მონაცემები ჩაიწეროს.
  • ტარდება სისხლის საერთო ანალიზი, რაც ზოგად წარმოდგენას გვაძლევს ადამიანის ორგანიზმის მდგომარეობაზე, საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ ან გამოვრიცხოთ ანემია. უკანასკნელი დაბალი არტერიული წნევის ერთ-ერთი მიზეზია.
  • სისხლში გლუკოზის განსაზღვრით ვადგენთ შაქრიან დიაბეტს ან პირიქით, დაბალ შაქარს - ჰიპოგლიკემიას.
  • ელექტროკარდიოგრამა - ამ საკმაოდ პოპულარული და მარტივი გამოკვლევით შესაძლოა გამოვლინდეს გულის რიტმის დარღვევა - არითმია, ეჭვი იქნეს მიტანილი გულის სტრუქტურულ ანომალიებზე, გამოვლინდეს გულის იშემიური დაავადების არსებობა, გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი.
  • ჰოლტერის მონიტორირება - ზოგჯერ კარდიოგრამის გადაღების მომენტში პაციენტი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს და კარდიოგრამაც ცვლილებებს არ ავლენს. მსგავს სიტუაციაში როცა ექიმი პაციენტის ჩივილებისა და მონაცემების გათვალისწინებით ვარაუდობს გულის დაავადებას, შეიძლება ჩატარდეს ჰოლტერის მონიტორირება. ეს არის ელექტროკარდიოგრამის 24-საათიანი ჩანაწერი.
  • ექოკარდიოსკოპია ანუ გულის ექოსკოპიური გამოკვლევა საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ გულის სტრუქტურა.
  • სტრეს-ტესტი - ჰიპოტენზიის გამომწვევი გულის ზოგიერთი დაავადების დიაგნოსტიკა უფრო ადვილია, თუ შევისწავლით გულის მდგომარეობას დატვირთვის პირობებში. ამ მიზნით ტარდება სტრეს-ტესტი - ელექტროკარდიოგრაფია ან ექოკარდიოსკოპია პაციენტის ფიზიკური დატვირთვისას. ხშირად ამ დროს არტერიული წნევის მონიტორირებას (დაკვირვებას) ახდენენ.
  • ორთოსტატიკურ ჰიპოტენზიაზე ან წნევის ნერვული რეგულაციის დარღვევაზე ეჭვისას გამოიყენება სპეციალური მოძრავი მაგიდა, რომელიც ჰორიზონტალურიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში გადადის. პაციენტს ამ მაგიდაზე აწვენენ და მაგიდის მოძრაობის პროცესში არტერიულ წნევას ზომავენ.

- ბევრს მიაჩნია, რომ მათ, ვისაც ახალგაზრდობაში დაბალი წნევა აქვს, შემდგომ ხშირად უვითარდება არტერიული ჰიპერტენზია.

- მსგავსი კავშირი არ არის დადგენილი. უბრალოდ, დაბალი არტერიული წნევა უმეტესად ახალგაზრდებს აქვთ, ასაკის მატებასთან ერთად კი წნევის ციფრები იმატებს და ამის გამო ხანში შესულ ასაკში არტერიული ჰიპერტენზიაც საკმაოდ ხშირია. ამის გამო პაციენტებს შესაძლოა შეექმნათ ილუზია, რომ ახალგაზრდა ასაკში ჰიპოტენზია შემდგომ ჰიპერტენზიას მოასწავებს, თუმცა ეს შეხედულება არ არის სწორი.

- დასასრულ, კიდევ ერთი ტრადიციული შეკითხვა: როგორ ვუმკურნალოთ ადამიანს, რომელსაც დაბალი წნევა აქვს?

- მკურნალობის ტაქტიკა უპირველეს ყოვლისა, ჰიპოტენზიის მიზეზზეა დამოკიდებული. ზემოთ დეტალურად ვისაუბრეთ იმ მდგომარეობათა შესახებ, რომელთა შემთხვევაშიც დაუყოვნებელი დახმარებაა საჭირო. სხვა შემთხვევაში მკურნალობა დამოკიდებულია პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე. დაბალი წნევის იმ შემთხვევების მკურნალობა, რომელთა დროსაც ჩივილები უმნიშვნელო და ხანმოკლეა, საჭირო არ არის. თუ ჰიპოტენზია შემაწუხებელია, მკურნალობის ტაქტიკა გამომწვევი დაავადების გათვალისწინებით ირჩევა. წესისამებრ, ექიმები ცდილობენ დააზუსტონ დაბალი წნევის მიზეზი და უმკურნალონ არა სიმპტომს, არამედ დეჰიდრატაციას, გულის უკმარისობას, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციას და ასე შემდეგ. მედიკამენტებით გამოწვეული ჰიპოტენზიისას იცვლება პრეპარატის დოზა ან თავად პრეპარატი. რიგ შემთხვევაში შესაძლოა უშუალოდ წნევის მოსამატებლად იქნეს გამოყენებული განსაზღვრული პრეპარატები, თუმცა ამის თაობაზე გადაწყვეტილება ექიმმა უნდა მიიღოს. მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, არსებობს ზოგადი მითითებები, რომელთა შესრულებითაც შესაძლებელია ხელი შევუწყოთ წნევის ნორმალური მაჩვენებლების შენარჩუნებას. პაციენტის ასაკიდან და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება ავირჩიოთ კონკრეტული პაციენტისათვის შესაფერისი რეკომენდაცია.

სათანადო რაოდენობით გამოიყენეთ სუფრის მარილი. ცნობილია, რომ მათ, ვისაც მაღალი წნევა აქვს, სუფრის მარილის შეზღუდვას ურჩევენ, ჰიპოტენზიის დროს კი სუფრის მარილი შესაძლოა სასარგებლოც კი იყოს. ბუნებრივია, აღნიშნული რეკომენდაცია არ ეხება იმ პაციენტებს, რომელთაც დაბალი წნევა გულის უკმარისობის გამო აქვთ. ამის გათვალისწინებით, ჯობს, ამ რეკომენდაციის შესრულებამდე ექიმს სთხოვოთ რჩევა.

  • სვით მეტი წყალი. ჯანმრთელი ადამიანი დღე-ღამეში 2 ლიტრამდე სითხეს უნდა იღებდეს (იგულისხმება არა მარტო წყალი, არამედ ნებისმიერი სასმელი და ხილითა და ბოსტნეულით მიღებული სითხეც). ამ რეკომენდაციის შესრულება ჰიპოტენზიისკენ მიდრეკილი პირებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სითხე ზრდის მოცირკულირე სითხის მოცულობას და თავიდან აგვაცილებს დეჰიდრატაციას. ორივე ფაქტორი მნიშვნელოვანია ნორმალური წნევის შესანარჩუნებლად. ბუნებრივია, არც ეს რეკომენდაცია ეხება გულის პათოლოგიის მქონე პირებს.
  • ატარეთ სპეციალური კომპრესიული წინდები. ჩვეულებრივ, ასეთი წინდების ტარებას ურჩევენ ვენების ვარიკოზული გაგანიერების მქონე ადამიანებს. ამავე დროს, მათი მეშვეობით შესაძლებელია ეფექტურად შევამციროთ სისხლის დეპონირება ვენურ სისტემაში, რაც, როგორც მოგახსენეთ, ჰიპოტენზიის ერთ-ერთი მექანიზმია.
  • მინიმუმამდე დაიყვანეთ მიღებული ალკოჰოლის ოდენობა. ალკოჰოლის ზემოქმედებით ხდება სისხლძარღვების გაფართოება და დეჰიდრატაცია, რაც ამცირებს არტერიულ წნევას.
  • დილით საწოლიდან ადგომისას ჯერ ნელა დაჯექით და მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ წამოდექით ფეხზე. თუ დაჯდომისას მსუბუქ თავბრუხვევას ან სისუსტეს იგრძნობთ, ფეხები ერთმანეთზე გადაიდეთ, გადააჯვარედინეთ. ეს გაზრდის გულისკენ სისხლის მიდენას.
  • საკვები მიირთვით ნელა და მცირე ულუფებით.
  • მართალია, კოფეინიანი ყავა და ჩაი დროებით ზრდის არტერიულ წნევას, მაგრამ კოფეინი შესაძლოა სხვა პრობლემების მიზეზად იქცეს, ამიტომ კოფეინიანი სასმელების მიღებამდე რჩევა სთხოვეთ ექიმს.


- როგორია ადამიანის გულისცემის ნორმალური სიხშირე და როდის შეიძლება ვთქვათ, რომ ის ნორმაზე დაბალია?

- მოსვენებისას გულისცემის სიხშირე ჩვეულებრივ 60-დან 90-მდე მერყეობს. როცა გულისცემის სიხშირე 60-ზე ნაკლებია, სახეზეა ბრადიკარდია. რიგ შემთხვევებში ბრადიკარდიისას გული ვეღარ აწვდის ორგანოებს სათანადო რაოდენობით ჟანგბადით მდიდარ სისხლს, რაც ადამიანს სერიოზულ პრობლემებს უქმნის, თუმცა ზოგიერთ ბრადიკარდია არ აწუხებს, მათ ჩივილებიც არ აქვთ. უმეტესად ეს ეხება ახალგაზრდებსა და სპორტსმენებს.

- რას უჩივის ადამიანი ბრადიკარდიის დროს?

- ბრადიკარდიის იმ შემთხვევებში, როცა ირღვევა ორგანოების სისხლმომარაგება, პაციენტები აღნიშნავენ თავბრუხვევას, სისუსტეს, ქოშინს, ტკივილს გულმკერდში, ადვილად დაღლას, ზოგჯერ კარგავენ გონებას.

- როგორი მექანიზმით აღმოცენდება ბრადიკარდია?

- ჩვეულებრივ, გულში მარჯვენა პარკუჭში არსებულ სინუსის კვანძში რეგულარულად აღმოცენდება ელექტრული იმპულსები, რომლებიც გულის გამტარი სისტემით ვრცელდებიან და მთელ ორგანოს მოიცავენ. შედეგად გული განსაზღვრული სიხშირით რეგულარულად იკუმშება და მთელ ორგანიზმს აწვდის სისხლს. ბუნებრივია, ელექტრული იმპულსების აღმოცენების ან მათი გატარების დარღვევა ბრადიკარდიას იწვევს. ეს კი ხდება სინუსის კვანძის სისუსიტის ან ატრიოვენტრიკულური ანუ წინაგულ-პარკუჭოვანი ბლოკადის დროს. განასხვავებენ სხვადასხვა ხარისხის ატრიოვენტრიკულურ ბლიკადას, რომელთაგანაც ყველაზე სერიოზულ სიმპტომებს მესამე ხარისხის ანუ სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადა იწვევს.

- რომელმა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიონ ბრადიკარდია?

- გულში ელექტრული იმპულსების ნორმალური აღმოცენების დარღვევა და გამტარი სისტემის დაზიანება შეიძლება სხვადასხვა დაავადებებმა გამოიწვიონ. მათ შორის აღსანიშნავია გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, გულის მანკები, მიოკარდიტი, გულის დაზიანება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების - ჰიპოთირეოზის გამო, გულის დაზიანება რევმატიზმის შედეგად. ზოგჯერ ბრადიკარდია აღმოცენდება ელექტროლიტური დისბალანსის ან ზოგიერთი მედიკამენტის მიღების გამო. ცალკე უნდა გამოვყოთ მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს აღმოცენებული ბრადიკარდია, რომელიც შეიძლება იყოს დროებითი მოვლენა ან შემდგომში მუდმივი ხასიათი მიიღოს. იგივე ეხება მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს აღმოცენებულ სრულ ატრიოვენტრიკულურ ბლოკადასაც.

- როგორია ბრადიკარდიის მკურნალობის ტაქტიკა?

- ბრადიკარდიის მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზებსა და პაციენტის სიმპტომებზე. მაგალითად, ჰიპოთირეოზის შემთხვევაში დაავადების წარმატებული მკურნალობისას გულისცემის სიხშირეც იზრდება. გულის შეკუმშვათა სიხშირე ნორმას უბრუნდება განსაზღვრული მედიკამენტების მიღების შეწყვეტის შემთხვევაშიც. ზოგჯერ, უმთავრესად სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადისას, საჭირო ხდება ოპერაციული მკურნალობა, რომლის დროსაც ხდება სპეციალური რიტმის წამყვანის - პეისმეიკერის იმპლანტაცია (ჩანერგვა). ის აწვდის გულს ელექტრულ იმპულსებს და შედეგად გული იკუმშება სათანადო სიხშირით.

- რის გამო ითვლება ბრადიკარდიის ყველაზე საშიშ სახედ სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადა?

- სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადისას წინაგულებიდან გულის პარკუჭებისაკენ იმპულსის გატარება საერთოდ შეწყვეტილია, რის გამოც პარკუჭები საკუთარი რიტმით იკუმშებიან. აღნიშნულის გამო პარკუჭების სიხშირე ძალიან დაბალია და პერიოდულად ორგანოებისათვის სისხლის მიწოდება კრიტიკულად მცირდება, რაც ეპიზოდურად გონების დაკარგვას და კრუნჩხვების განვითარებასაც კი იწვევს. აღნიშნული მდგომარეობა სიცოცხლისათვის საშიშია.

- რომელი კვლევები ტარდება ბრადიკარდიის შემთხვევაში დიაგნოსტიკის მიზნით?

- ბრადიკარდიისას დიაგნოსტიკა მოიცავს ორ მომენტს - უნდა დადგინდეს ბრადიკარდიის სახე, დაზუსტდეს, რა კავშირია პაციენტის ჩივილებსა და ბრადიკარდიას შორის და უნდა გამოვლინდეს მისი გამომწვევი მიზეზი. ამ მიზნით ტარდება ელექტროკარდიოგრაფია, ჰოლტერის მონიტორირება, ფიზიკური დატვირთვის ტესტი, ტესტი მოძრავი მაგიდით, ექოკარდიოსკოპია, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებისა და სისხლში ელექტროლიტების შემცველობის კვლევა.

- როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ ბრადიკარდია?

- აუკეთესო საშუალება ბრადიკარდიის თავიდან აცილების მიზნით გულის დაავადებების პროფილაქტიკაა. ამ მიზნით კი გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

  • იყავით ფიზიკურად აქტიური, დაიცავით ჯანსაღი კვების პრინციპები
  • შეინარჩუნეთ ნორმალური წონა
  • აკონტროლეთ არტერიული წნევა და სისხლში ქოლესტერინის შემცველობა
  • ნუ მოსწევთ თამბაქოს
  • ნუ მიიღებთ ალკოჰოლს ჭარბად
  • თავი არიდეთ სტრესს
  • ნუ მიიღებთ ექიმის დანიშნულების გარეშე გულის რიტმზე მოქმედ პრეპარატებს.