როგორი სუნი აქვს დაავადებას? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორი სუნი აქვს დაავადებას?

სავსეა შენიშვნებით იმის შესახებ, როგორი სუნი აქვს სიკვდილს, ექსუდაციურ დიათეზს, ტუბერკულოზს, რა სუნი ასდის ტიფით დაავადებულს და სხვა. ძველ ექიმებს შეეძლოთ, პათოლოგიური მდგომარეობა დამახასიათებელი სუნით ამოეცნოთ. სადღეისოდ ეს ცოდნა თითქმის მთლიანად არის დაკარგული. შესაძლოა, მომავალში შეიქმნას მოწყობილობები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, ამონასუნთქი ჰაერის ან სხვა სუნიანი კომპონენტების საფუძველზე ზუსტი დიაგნოზი დავსვათ. ჯერჯერობით არსებობს მხოლოდ ვიწრო მიმართულების მქონე "ძაღლის ცხვირის" ელექტრონული ანალოგები, რომელთაც აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო იყენებს ტროტილის ნაღმების მოსაძებნად და უვნებელსაყოფად.

ინტერესმოკლებული არც ის უნდა იყოს, რომ 2002 წლიდან ბრიტანელი და შვედი მეცნიერ-ვეტერინარები ცდილობენ, შეასწავლონ ძაღლებს შარდის ბუშტის (შარდის ბუშტის კიბოს დროს შარდს შესაძლოა დამპალი ხორცის სუნი ჰქონდეს) და პროსტატის კიბოს შარდის სუნის მეშვეობით ამოცნობა. უკვე ჩატარებულია წარმატებული ცდები ლაბრადორების, გერმანული ნაგაზების და სპანიელების მონაწილეობით. წვრთნის მეთოდები თითქმის არაფრით განსხვავდება იმ მეთოდებისგან, რომელთა მეშვეობითაც წვრთნიან ძაღლებს ნარკოტიკული ან ასაფეთქებელი ნივთიერებების აღმოსაჩენად.

სუნი, რომელიც ავადმყოფს ან მის გამონაყოფს ასდის, ექიმს ზოგჯერ მართლაც აძლევს საშუალებას, ესა თუ ის დაავადება ივარაუდოს, თუმცა მაინც არ ღირს, სუნს განსაკუთრებული სადიაგნოსტიკო მნიშვნელობა მივანიჭოთ (მისი აღქმა ხომ მაინც სუბიექტურია). ამასთანავე, უმართებულო იქნებოდა მისი იგნორირება მაშინ, როცა ის ამა თუ იმ დაავადებაზე მიგვითითებს.

მაშ ასე, ჩამოგითვლით იმ ქირურგიულ თუ გასტროენტეროლოგიურ (კუჭ-ნაწლავის პათოლოგიებიდან გამომდინარე) დაავადებებს, რომელთა არსებობის დროსაც ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს უსიამოვნო სუნი პირის ღრუში ან მის გამონაყოფს თუ გამონადენს ასდიოდეს სპეციფიკური სუნი. ეს დაავადებებია: ანაერობული ინფექცია (იმ მიკროორგანიზმებით გამოწვეული დაავადება, რომლებიც უჰაეროდ, უჟანგბადოდ ცოცხლობენ), ფილტვის აბსცესი (შემოფარგლული ჩირქგროვა) და განგრენა, ჭრილობების ჩირქოვანი ინფექცია, ელვისებური ანაერობული ინფექცია - აიროვანი განგრენა, ასევე - ტეტანუსი, დისპეფსია (კუჭ-ნაწლავის ნორმალური მოქმედების მოშლა, საჭმლის მონელების დარღვევა), ქოლერა, ხახის დივერტიკული (ღრუ ორგანოების ყრუ, ჯიბისებური დანამატი), საყლაპავის დივერტიკული, რეფლუქს-ეზოფაგიტი, გასტრიტი, წყლულოვანი დაავადება, ქრონიკული ბრონქიტი, ბრონქოექტაზია, ტუბერკულოზი, ფილტვის ჩირქოვანი ანთებები. არსებობს კიდევ არაერთი "სუნიანი" ქირურგიული დაავადება, მაგრამ ისინი შედარებით იშვიათია. ახლა კი უფრო დაწვრილებით გავეცნოთ იმ სუნებს, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ დაავადებებს ახასიათებს.

უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან

კუჭ-ნაწლავის დაავადებების (დისპეფსია, გასტრიტი, წყლულოვანი დაავადება, საყლაპავისა და ხახის დივერტიკული, რეფლუქს-ეზოფაგიტი და სხვა) დროს ხშირად შეიმჩნევა პირის ღრუდან უსიამოვნო სუნი, მაგრამ ის საბოლოო დიაგნოზის დასასმელად ძნელად თუ გამოდგება, რადგან პირის ღრუდან უსიამოვნო სუნი უმეტესად (ასიდან 85 შემთხვევაში) უშუალოდ პირის ღრუს დაავადებათა მანიშნებელია. და მაინც, პირის ღრუში უსიამოვნო სუნის არსებობა ექიმისთვის პაციენტის საფუძვლიანი გამოკვლევის სიგნალია, რადგან დანარჩენ 15%-ში პირის ღრუს უსიამოვნო სუნი საჭმლის მომნელებელი სისტემის მოქმედების დარღვევას (ან სხვა საერთო ფაქტორებს) სდევს თან.

პირის ღრუს უსიამოვნო სუნი პათოლოგიურიც შეიძლება იყოს და არაპათოლოგიურიც. პირველ შემთხვევაში სუნი დროდადრო ჩნდება და, წესისამებრ, რაიმე სიტუაციით, მაგალითად, ნივრის, ბოლოკის ჭამით, მოწევით არის გამოწვეული. სხვათა შორის, პირიდან ნივრის სუნი შეიძლება იგრძნობოდეს ფოსფორით ან დარიშხანით მოწამვლის დროსაც. მეორე შემთხვევაში უსიამოვნო სუნი დაავადებით არის განპირობებული და მდგრადია. სხვათა შორის, პირის ღრუდან უსიამოვნო სუნი შესაძლოა ფსიქიატრიულ დაავადებასაც უკავშირდებოდეს. ყოველთვის, როცა კი უსიამოვნო სუნის მიზეზს ვერ ვადგენთ, აუცილებელია ფსიქიატრის კონსულტაცია ყნოსვითი ჰალუცინაციის გამოსარიცხავად. პირის ღრუში უსიამოვნო სუნი პირველ რიგში ამ მიდამოს ჰიგიენური მდგომარეობის გაუარესებასთან არის დაკავშირებული. ჰიგიენის დაუცველობის შემთხვევაში პირის ღრუში გროვდება ბაქტერიების შემცველი ნადები. სწორედ ეს ბაქტერიები გამოიმუშავებენ უსიამოვნო სუნის მქონე ნივთიერებებს. იმისთვის, რომ პირის ღრუდან უსიამოვნო სუნი მოვიშოროთ, რეკომენდებულია:

  1. პირის ღრუს ანთებითი პროცესების სამკურნალოდ მივაკითხოთ სტომატოლოგს და წელიწადში ორჯერ მაინც გავიაროთ პროფილაქტიკური შემოწმება. საჭიროების შემთხვევაში მივიღოთ სხვა სპეციალისტების, მაგალითად, ყბა-სახისა და ზოგადი ქირურგის, გასტროენტეროლოგის, კონსულტაციაც.
  2. ამოვიღოთ რაციონიდან ხახვი, ნიორი, პილპილი, სალიამი, ყველი. ტრაპეზიდან ტრაპეზამდე შუალედი დიდი არ უნდა იყოს.
  3. უარი ვთქვათ სიგარეტზე, მივიღოთ ნაკლები ალკოჰოლი.
  4. დღეში ორჯერ, დილა-საღამოს, გამოვიხეხოთ კბილები და კბილის ჯაგრისით დავიმუშაოთ ენის ზედაპირი.

 

ხახის დივერტიკული

ხახის დივერტიკული იშვიათი დაავადებაა. ყველაზე ხშირად ახალშობილებში გვხვდება. დაბადებიდან ძალიან მალე პატარას პირის ღრუსა და ხახაში ლორწოვანი გამონადენი უჩნდება, ძილის დროს ხვრინავს, ხოლო ფილტვებში სველი ხიხინი აღენიშნება. დაგვიანებულ შემთხვევებში ლორწოვან გამონადენს, წესისამებრ, უსიამოვნო სუნი მოჰყვება. თუ მკურნალობა დაგვიანდა, ვითარდება საკმაოდ მძიმე გართულება - მედიასტინიტი.

 

საყლაპავის დივერტიკული

ეს არცთუ იშვიათი დაავადებაა. მიზეზი შეიძლება იყოს საყლაპავში წნევის მომატება, საყლაპავის კედლის ანთება და სხვა. შედეგი ყოველთვის ერთნაირია - საყლაპავის კედელში ჩნდება გამონაზარდი, რომელშიც საკვების ნარჩენები გროვდება. ეს უკანასკნელი დროთა განმავლობაში ლპობას იწყებს, რის შედეგადაც პირის ღრუში უსიამოვნო სუნი წარმოიშობა. თუ ამ დაავადებას დროულად არ მიექცა ყურადღება, ისეთი სერიოზული გართულება მოჰყვება, როგორიც არის დივერტიკულიტი (დივერტიკულის ანთება). ეს უკანასკნელი შესაძლოა კისრის ფლეგმონის, მედიასტინიტის, სეფსისის მიზეზად იქცეს, ხოლო დივერტიკულის შიგთავსის ასპირაციას (ჩასუნთქვის დროს სასუნთქ გზებში საჭმლის ნაწილაკების, სითხის მოხვედრა) ან რეგურგიტაციას (სითხეების, აირების უკუდინება) ქრონიკული ბრონქიტი, განმეორებითი პნევმონია ან ფილტვების აბსცესი მოჰყვება. დივერტიკულის მკურნალობის სტანდარტული მეთოდი ქირურგიული ოპერაციაა. მისი მოშორების შემდეგ პირის ღრუდან უსიამოვნო სუნი, წესისამებრ, ქრება.

 

რეფლუქს-ეზოფაგიტი, გასტრიტი, წყლულოვანი დაავადება, კუჭის კიბო და გაუვალობა

ამ დაავადებებს ხშირად სდევს თან პირის ღრუდან მომჟავო სუნი. ზოგჯერ პირის ღრუში მწარე გემოც ჩნდება, რომელსაც შესაძლოა მოჰყვეს სპეციფიკური მომწარო სუნის გაჩენაც. ეს ყოველივე ამ პათოლოგიების მწვავე ფორმებს ახასიათებს. მწვავე გასტრიტის ხშირ განმეორებას ქრონიკული გასტრიტის ჩამოყალიბება მოსდევს. გასტრიტი სხვადასხვა ფორმისაა. ერთ-ერთი ფორმაა ჰიპერტროფიული გასტრიტი. ამ დაავადების დროს კუჭი საკმაოდ დიდდება. შესაბამისად, მასში დიდი ოდენობით გროვდება საკვები, რომელიც დროზე გადაუმუშავებლობის გამო კუჭში ყოვნდება და ლპობას იწყებს. ამ პროცესის გამო პირის ღრუში შესაძლოა დამპლის სუნი გაჩნდეს. ეს საკმაოდ არასასიამოვნო სიმპტომია, რომელიც პროცესის შორსწასულობაზე მეტყველებს და სასწრაფო ჩარევას მოითხოვს.

მსგავსი სუნი შეიძლება წარმოიქმნას კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროსაც, თუ წყლულმა კუჭიდან თორმეტგოჯა ნაწლავში გადასვლის ადგილი დააზიანა. წესისამებრ, ამ პროცესს თან სდევს კუჭის სფინქტერის შევიწროება, საკვები დიდხანს ყოვნდება კუჭში და შედეგად ზემოთ აღწერილი პროცესები იჩენს თავს. პირის ღრუში სიდამპლის ან, უფრო ხშირად, ლაყე კვერცხის სუნი (ან ბოყინი ლაყე კვერცხის სუნით) ჩნდება კუჭში სიმსივნის არსებობის დროს. მართალია, ასეთი სუნი უშუალო სადიაგნოსტიკო ნიშნად არ შეიძლება ჩაითვალოს (რადგან შესაძლოა მიღებული საკვებით იყოს გამოწვეული), მაგრამ თუ ის მუდმივია ან რამდენიმე ხნის განმავლობაში თავისთავად არ გაიარა, სჯობს, ექიმთან ვიზიტი არ გადადოთ. უსიამოვნო სუნი, უფრო სწორად, განავლის სუნი პირის ღრუდან ზედა, წვრილ ნაწლავებში განვითარებულმა გაუვალობამაც შეიძლება გამოიწვიოს. ეს სიმპტომი, მართალია, იშვიათია, მაგრამ საგულისხმოა, რომ ასეთი სუნი გაუვალობის უკანასკნელ - ლეტალურ (სასიკვდილო) სტადიას ახასიათებს.

 

სასუნთქი სისტემის დაავადებები

მწვავე ბრონქიტისთვის სუნიანი ნახველი დამახასიათებელი არ არის. სულ სხვაა ქრონიკული ბრონქიტი. ამ დაავადების ზოგიერთი ფორმის შემთხვევაში (ჩირქოვანი ბრონქიტი) ბრონქებში დაგროვილი ლორწოვანი გამონადენი იშლება და ლპობას იწყებს. ამ დროს გამოყოფილი ნახველი მყრალ სუნს იძენს (იგივე სუნი ამოდის პირის ღრუდანაც), რაც ლორწოვან-ჩირქოვანი ბრონქიტის განვითარებას მოწმობს. ამასთანავე, ანთებითი პროცესი ბრონქების კედლის უფრო ღრმა შრეებზე გადადის. ნახველს ამ დროს მოყვითალო-მომწვანო ფერი აქვს. ზოგჯერ ჩირქოვანი წარმონაქმნი ბრონქში იხსნება და მაშინ ფილტვებიდან გამოყოფილ სპეციფიკურსუნიან ნახველს განგრენული ბრონქის კედლების შავ-შავი, მყრალი ნაფლეთებიც ემატება.

 

ფილტვების აბსცესი და ბრონქოექტაზია

ჩირქოვან ნახველს (პირის ღრუშიც იგივე სუნია) ამ დაავადებების დროსაც თითქმის ისეთივე სუნი და ფერი აქვს, როგორიც ქრონიკული ბრონქიტის შემთხვევაში. მათზე დაწვრილებით აღარ შევჩერდებით, თუმცა აღვნიშნავთ, რომ კლებსიელათი გამოწვეული ფილტვების ანთების დროს გამონაყოფს ზოგჯერ მიმწვარი ხორცის სუნი დაჰკრავს.

 

ფილტვების განგრენა

ფილტვების განგრენა იშვიათია. ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა, ინტოქსიკაციის მკვეთრად გამოხატული ნიშნები. ავადმყოფს შოკოლადისფერი, სიდამპლის სუნის მქონე ნახველი ამოაქვს. სუნი იმდენად სპეციფიკურია, რომ თუ ერთხელ მაინც შეგიგრძნიათ, სხვა სუნებისგან მისი გამორჩევა აღარასდროს გაგიჭირდებათ. ამ დაავადებას ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით მკურნალობენ, ხოლო როცა წამლები შედეგს არ იძლევა, ქირურგიულ ოპერაციას აკეთებენ.

 

ტუბერკულოზი

ამ დაავადების დროს სუნი პირის ღრუში ან სუნიანი ნახველი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩნდება, როდესაც ძირითად დაავადებას ერთვის ბაქტერიული ანთება. ასეთ შემთხვევებში არ შეიძლება ექიმთან ვიზიტის "სახვალიოდ" გადადება, რადგან მდგომარეობა ზუსტი დიაგნოზის დასმას და მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყებას მოითხოვს.

 

ჭრილობების ჩირქოვანი ინფექცია, ანაერობული ინფექცია, განგრენა, ტეტანუსი

განგრენა ქსოვილის სიკვდილი და დაშლაა სისხლით მომარაგების მოშლის ან ბაქტერიული ინფექციის გამო. არსებობს ორი სახის განგრენა: მშრალი და სველი. ცნობილია აიროვანი განგრენაც, რომლის მიზეზიც ბაქტერიული ინფექციის განსაკუთრებული სახეობაა. მშრალი განგრენის დროს ერთგვარი სუნი შესაძლოა იგრძნობოდეს, თუმცა იშვიათად, სველი განგრენის დროს კი ბაქტერიების მიერ ქსოვილების დაშლას ამ უკანასკნელის ლპობა მოსდევს და სპეციფიკური სუნიც მაშინვე ჩნდება. ანაერობული განგრენა საკმაოდ ხშირი იყო პირველი მსოფლიო ომის დროს, მეორე მსოფლიო ომში კი, როცა ჭრილობები მიყენებიდან პირველსავე საათებში მუშავდებოდა, ანაერობული განგრენის განვითარების ძალიან მცირე შანსი რჩებოდა. ანაერობულ განგრენას ისეთი ბაქტერიები იწვევს, რომლებიც მხოლოდ უჟანგბადო სივრცეში მოხვედრისას აქტიურდება. ჰაერი მათზე დამღუპველად მოქმედებს. ამიტომ ჭრილობის დროული დამუშავება და ღიად მკურნალობა ანაერობული განგრენის განვითარების ალბათობას მინიმუმამდე ამცირებს. თუ ამ სახის განგრენა მაინც განვითარდა, იმდენად მძიმე სუნის მქონე ჩირქოვანი გამონადენი წარმოიქმნება, რომ თუ ერთხელ მაინც გქონიათ მასთან შეხება, არასდროს დაგავიწყდებათ.

ანაერობული განგრენები (ვთქვათ, კიდურებისა) დღეს თითქმის აღარ გვხვდება, თუმცა პროქტოლოგიაში არცთუ იშვიათია ანაერობული ინფექციები. ჩირქოვანი გამონადენის (კლოსტრიდიული ანაერობული ინფექცია) სუნი ამ დროსაც მეტად სპეციფიკურია. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ანაერობული ინფექციების მკურნალობა საკმაოდ რთულია და მსგავსი შემთხვევები არცთუ იშვიათად ლეტალურად სრულდება.

 

ჭრილობების ჩირქოვანი ინფექცია

ეს საკმაოდ ვრცელი და მრავლისმომცველი თემაა, ამჯერად კი მოკლედ გეტყვით, რომ ბუნებაში უამრავი ისეთი ბაქტერია არსებობს, რომელიც დამახასიათებელი სუნის მქონე (თუმცა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სუნი სუბიექტური შეგრძნებაა) ჩირქოვან გამონადენს იწვევს. ზოგ გამონადენს დამპალი ხორცის სუნი აქვს, ზოგს - მყაყე, ზოგს - მჟავე კომბოსტოსი და სხვა.

 

ტეტანუსი

ამ მძიმე დაავადების შესახებ მკითხველმა საკმაოდ ბევრი რამ იცის და მისი დაწვრილებით აღწერისგან თავს შევიკავებთ. გეტყვით მხოლოდ ერთს: ზოგიერთ სამედიცინო ნაშრომში მითითებულია, რომ ტეტანუსის შორსწასული ფორმის დროს (რაც დღეს იშვიათობას წარმოადგენს) იმ ოთახში, სადაც პაციენტი წევს, ზოგჯერ იგრძნობა, ასე ვთქვათ, თავლის სუნი. დასასრულ, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ: მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ სუნი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს რომელიმე დაავადების სადიაგნოზოდ, მისი იგნორირებაც არ შეიძლება. ისე რომ, თუ პირის ღრუდან უსიამოვნო სუნს უჩივით ან თქვენს გამონაყოფს (შარდს, განავალს, ოფლს) ადრინდელთან შედარებით განსხვავებული სუნი აქვს, დროულად მიაკითხეთ ექიმს. ნებისმიერი, მათ შორის ყველაზე საშიში, დაავადების დროული მკურნალობა გამოჯანმრთელების შანსს ერთიათად ზრდის.