რატომ უკანკალებთ ხელ-ფეხი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ უკანკალებთ ხელ-ფეხი

ბევრს აინტერესებს – რატომ ეწყება ადამიანს უეცრად ხელებისა თუ ფეხების კანკალი?

გადაიძაბა, ინერვიულა, სტრესია! – ხშირად დიდ მნიშვნელობას არც ანიჭებენ ამ სიმპტომს, ზოგჯერ არც არის საჭირო და არც ცდებიან, თუმცა ტრემორი (კანკალი) შესაძლოა მეტად სერიოზულ პრობლემათა სიმპტომი იყოს.

სტრესი თუ დაძაბულობა?

ცხოვრებაში ხშირია სიტუაცია, როდესაც ტრემორი კეთილთვისებიან ხასიათს ატარებს. ასეთ დროს კანკალი თავისთავად გაივლის ხოლმე გარკვეულ (საკმაოდ მოკლე) დროში. მაგალითად, ადამიანი ივარჯიშებს მთელი დატვირთვით სპორტულ დარბაზში ან კიდევ ბოლომდე დაიხარჯება შრომით ბოსტანში, შედეგად კი კუნთების კანონზომიერი გადაღლა ვითარდება. რაც მეტად მოუმზადებელია ადამიანი ფიზიკურად, მით უფრო უჩვეულო ხდება ეს დატვირთვა მისი ორგანიზმისთვის, მით მეტად იძაბება მისი კუნთოვანი სისტემა და ტრემორის აღმოცენების შანსიც იზრდება. ასეთ დროს კანკალი დაძაბვის სიმპტომია და მას განსაკუთრებული მკურნალობა არ სჭირდება, ადამიანი დაისვენებს და კანკალიც თავისთავად გაივლის.

სხვა საყოფაცხოვრებო სიტუაციები, როდესაც ტრემორი ერთჯერად სიმპტომად აღმოცენდება და საგანგაშო არ არის, სტრესთან დაკავშირებული გარემოებებია, მაგალითად, ძლიერი შეშინება. ასეთ დროს ხელისა და ფეხის კანკალის გარდა, ზოგჯერ თავის რიტმული მოძრაობებიც შეინიშნება, რომელიც დასტურის ჟესტებს „დიახ-დიახს“ ან კიდევ „არა-არას“ შეესაბამება. ადამიანს შიშის გამო ხმაც კი უქრება (ენა ჩაუვარდაო, რომ ამბობენ). ემოციურ გამოვლინებათა ამ ვარიანტს ფიზიოლოგები ასე ხსნიან – სტრესის გამო სისხლში ჰორმონთა დიდი რაოდენობით გადმოსროლა ხდება, შედეგად ნერვულ სისტემას უდიდესი დატვირთვა აწვება და, ასე ვთქვათ, „დაბნეულ-გააქტიურებული“ ნერვები სხვადასხვა გამოვლინებას აძლევს დასაბამს.

როგორც ნევროლოგები გვარწმუნებენ, კეთილთვისებიანი ტრემორის ერთეული გამოვლინებანი არ არის საშიში, სხვა საკითხია, როდესაც კანკალი მრავალჯერადად ჩნდება ფსიქოემოციური დაძაბულობის შემდეგ. თუ პრობლემა პერიოდულად მეორდება, განსაკუთრებით მოსვენების პერიოდში, საჭიროა ექიმთან ვიზიტი.

პირველადი დიაგნოსტიკა მარტივია – ტრემორი ვიზუალურად განისაზღვრება. გულისხმიერი ექიმი, რომელიც ყურადღებით უსმენს პაციენტს, ადვილად კრებს და აფასებს ანამნეზიდან შესაბამის მაპროვოცირებელ ფაქტებსა თუ სიტუაციებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ უშუალოდ მასთან ვიზიტის დროს პაციენტს ტრემორი არ აღენიშნება. კანკალი ზოგჯერ სერიოზული ნევროლოგიური დარღვევების ნიშანია. თავდაპირველად საჭიროა ყველაზე მარტივი ზომებით დაწყება – დასვენება, დღის რეჟიმის დაცვა, ზოგჯერ სპეციალისტი დამამშვიდებელ საშუალებებსაც უნიშნავს პაციენტს, თუ კანკალი გაივლის, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა სტრესთან გამკლავება და დასვენება უნდა ისწავლოს!

საინტერესოა!

ტრემორი ხშირად უვითარდებათ იმ პირებს, რომელთა სამუშაო სიზუსტესა და ამის გამო გარკვეულ დაძაბულობას მოითხოვს. მაგალითად, ტრემორი ხშირად აღენიშნებათ ქირურგებს, „წვრილი მოტორიკის“ დარღვევა უვითარდებათ ასევე მესაათეებს, მათ ხომ მჯდომარე სამუშაო აქვთ, თან დაძაბული, სიზუსტესა და თითების ფაქიზ მოძრაობებთან შეუღლებული. ტრემორი ზოგჯერ განვითარებადი ოსტეოქონდროზის სიმპტომია, ამიტომაც „ხელით მომუშავე“ პროფესიონალებმა ექიმთან ვიზიტი არ უნდა გადადონ.

აბებისა და ალკოჰოლის შედეგი

მოდუნება კლასიკურად უნდა შეგეძლოთ – სეირნობით, მსუბუქი ფიზიკური აქტივობით, ბუნებაში განტვირთვით. დასვენების „მამაკაცური ფორმულა“ – ალკოჰოლი და ქალებისათვის დამახასიათებელი მეთოდი, დამამშვიდებელი საშუალებების უკონტროლო მიღება ხშირად სწორედ ტრემორს იწვევს, განსაკუთრებით მათთან, ვისაც სტრესულ სიტუაციებში უკვე ჰქონდა კანკალის ეპიზოდები.

ტრემორი შესაძლოა ტოქსიკური ნივთიერებებით მოწამვლის შედეგადაც განვითარდეს, ყველაზე ხშირად ალკოჰოლითა და მედიკამენტებით ინტოქსიკაციის გამო.

კანკალი ნეიროლეფსიური საშუალებებით გატაცებამაც შეიძლება გამოიწვიოს. ზოგიერთ ადამიანს უყვარს ამ პრეპარატების თვითდანიშვნა და დამოუკიდებლად მიღება დამშვიდება-დაწყნარების მიზნით.

გახსოვდეთ, არსებობს „მედიკამენტური პარკინსონიზმი“, ამ და სხვა მიზეზთა გამო თვითმკურნალობა ყოვლად დაუშვებელია, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს და ესა თუ ის მედიკამენტი მასთან შეთანხმებით მიიღოთ!