როდის და რატომ ვითარდება საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

როდის და რატომ ვითარდება საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება

როდის და რატომ ვითარდება საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება
საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება შეიძლება სხვადასხვა მიზეზმა გამოიწვიოს. ამ პათოლოგიის მკურნალობის, პროფილაქტიკისა და დიაგნოსტიკის მეთოდებზე გვესაუბრება „ქირურგიის ეროვნული ცენტრის“ კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ენდოსკოპიური სამსახურის ხელძღვანელი, ქირურგი ენდოსკოპისტი ირაკლი პაიჭაძე.

- ბატონო ირაკლი, რა მდგომარეობაა საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება?

- საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება - ესაა ვენების გადიდება საყლაპავში, უპირატესად, საყლაპავის ქვედა მესამედში.

- რა იწვევს მას?

- საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერების ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზი ღვიძლის დაავადებებია (ჰეპატიტები, ციროზი), ასევე აღნიშნული პათოლოგიის მიზიზი შეიძლება იყოს ელენთის ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები და
ტრავმები.

სისხლის ნაკადი, რომელიც ღვიძლის მიმართულებით მიედინება, ღვიძლში შექმნილი დაბრკოლებების გამო ნაწილდება საყლაპავის ვენებში, რომლებიც ღვიძლისთვის გათვლილ მაღალი წნევით მოდინებულ სისხლს ატარებს და ამის გამო განიცდიან გაგანიერებას. სისხლის ნაკადი ღვიძლში იწყებს შეკავებას, რაც ზრდის ღვიძლში მიმავალი ვენის (პორტული ვენა) წნევას. ეს წნევა (პორტული ჰიპერტენზია) აიძულებს
სისხლს, მონახოს ალტერნატიული გზები მცირე ზომის ვენების სახით. ასეთი ვენები საყლაპავის ქვედა ნაწილში, მუცლის წინა კედელზე (ე.წ. მედუზას თავი) და სწორ ნაწლავში (ბუასილის კვანძები) მდებარეობს. სისხლის დიდი მოცულობის გადასვლის შედეგად საყლაპავის ვენები იბერება.

- როგორ ვლინდება ეს დაავადება და რა გართულებები შეიძლება ახლდეს საყლაპავის ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას?

- საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მხოლოდ მაშინ ხდება შესამჩნევი, როდესაც სისხლდენით რთულდება.

სისხლდენა ვარიკოზული ვენების ერთადერთი, მაგრამ ძალიან საშიში გართულებაა. ამ დროს ვენის კედლები ვეღარ უძლებს წნევას, სკდება და იწყება სისხლდენა. ამ დროს პაციენტს ეწყება სისხლიანი ღებინება, განავალი იღებს მუქ შეფერილობას თხევადი კონსისტენციით, აღინიშნება საერთო სისუსტე, ცივი ოფლი, წნევის ვარდნა და ა.შ. ზემოთ აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის დროს ავადმყოფს სასწრაფო სტაციონარული მკურნალობა ესაჭიროება და მაშინვე უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას.

- რა სადიაგნოსტიკო საშუალებებს ფლობს თანამედროვე მედიცინა ამ დაავადების დასადგენად?

- საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერების მთავარი სადიაგნოსტიკო საშუალება ენდოსკოპიური (ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია) გამოკვლევაა, ამ დროს საჭიროა დადგინდეს ვარიკოზული ვენების ლოკალიზაცია, კერძოდ, საყლაპავი მილის რომელ მესამედშია. არსებობს იშვიათი შემთხვევები, როდესაც ვარიკოზულად გაგანიერებული ვენები კუჭის კარდიალურ მიდამოშიც კი გვხვდება. აუცილებელია შეფასდეს ვარიკოზული ვენების გაგანიერების ხარისხი. საერთაშორისო კლასიფიკაციით არსებობს აღნიშნული პათოლოგიის 3 ხარისხი:

  • პირველი ხარისხი - როდესაც მთელ სანათურში ერთეული ვარიკოზულად გაგანიერებული ვენა იჩენს თავს, რომელსაც კლინიკური ღირებულება ნაკლებად აქვს.
  • მეორე ხარისხი - როდესაც ვარიკოზულად გაგანიერებულ ვენებს საყლაპავი მილის სანათურის 1/3-მდე უკავია;
  • მესამე ხარისხი - როდესაც ვარიკოზულად გაგანიერებულ ვენებს საყლაპავი მილის სანათურის 1/3-ზე მეტი უკავია.

- როგორია მკურნალობის მეთოდები?

- მკურნალობის მეთოდიც ენდოსკოპიურია, დიაგნოზის დასმის და სიტუაციის ადეკვატურად შეფასების შემდგომ შესაძლებელია საყლაპავის ვარიკოზული ვენების ენდოსკოპიური ლიგირება ან სკლეროზირება, სკლეროზირება მხოლოდ პირველი ხარისხის ვარიკოზული გაგანიერების დროს ტარდება, აღნიშნული ენდოსკოპიური მანიპულაციის დროს ვენის პერიფერიაზე კეთდება ინექცია - სპეციალური ნემსით შეჰყავთ სპირტი, რაც იწვევს ვენის გაგანიერებული მიდამოს ნეკროზს.

ენდოსკოპიური ლიგირება საყლაპავის ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების მეორე და მესამე ხარისხის დროს ტარდება. ამ დროს ყველაზე მეტად გაბერილ-გაგანიერებულ ვენას ან ვენებს უკეთდება სპეციალური რეზინის მარყუჟი, რაც სისხლდენის პრევენციაა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მარყუჟის ქვეშ მოქცეული ვენის ნაწილი თავისით ჩამოძვრება და საშიშროებას აღარ წარმოადგენს. უმჯობესია, თუ პაციენტს ლიგირება ჩაუტარდება დროულად, რადგან სისხლდენის დროს ექიმის მიერ დაავადების მართვა მეტ სირთულესთან არის დაკავშირებული, თუმცა, აქედანაც არის გამოსავალი, სისხლდენის დროს ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების მკურნალობის ტაქტიკა იცვლება, თავდაპირველად საჭიროა ბლეკმორის ზონდის (Blakemore tube) ჩაყენება, დანაკარგის შევსება, შესაბამისი გადაუდებელი მკურნალობა, პაციენტის ჰემოდინამიკურად შეძლებისდაგვარად დასტაბილურება და მომდევნო დღეს ენდოსკოპიური ლიგირების ჩატარება. ენდოსკოპიური ლიგირება არ არის ყოვლისმომცველი მკურნალობის კურსი, რადგან ამ შემთხვევაში მხოლოდ შედეგის მკურნალობა ხდება, მაგრამ გამომწვევი მიზეზი კვლავ რჩება, ამიტომაც პარალელურად გამომწვევი მიზეზიც უნდა აღმოიფხვრას.

დღესდღეობით ენდოსკოპიას მრავალი შესაძლებლობა აქვს. ის გადამწყვეტია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის არა მარტო დიაგნოსტიკაში, მკურნალობაშიც. ენდოსკოპიურად შესაძლებელია სისხლდენის შეჩერება, საყლაპავის ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების ლიგირება, კარდიოდილატაცია კარდიოსპაზმების (კარდიის აქალაზიის) დროს, გადაყლაპული უცხო სხეულების ექსტრაქცია, პოლიპებისა და მცირე ზომის სიმსივნური წარმონაქმნების მოკვეთა - პოლიპექტომია, არგონოპლაზმური აბლაცია ბარეტის საყლაპავის შემთხვევაში, კუჭის ბალონირება წონის დასაკლებად, ასევე შესაძლებელია მიკროინვაზიური ჩარევებიც სანაღვლე გზებზე (ქოლედოქოლითიაზის დროს), სტენტირებები და მრავალი სხვა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
ნერვული სისტემის გაძლიერებისთვის -60აბი
ფასი: 22.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
კატეგორიის სხვა სტატიები
პირში ლითონისებრი გემო საკმაოდ ხშირი ჩივილია.
ხელისგულებს მაღალი სიზუსტით შეუძლია ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი.
ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ჩივილი, რომლის გამოც პაციენტები თავს
ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ჩივილი, რომლის გამოც პაციენტები თავს
ნებისმიერი ტკივილისას პირველად ინსტინქტურად ვსხდებით ან ვწვებით.
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად