გაბრუების შეგრძნება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გაბრუების შეგრძნება

ხშირად შეუძლოდ გრძნობენ და ექიმსაც მიმართავენ, გაბრუების შეგრძნებაა. თავბრუხვევისაგან განსხვავებით, მას აღწერენ როგორც „თავში სავსეობის“, ზოგჯერ პირიქით, „სიცარიელის“ გრძნობას, წონასწორობის დაცვის გაძნელებას, თითქოს „პაციენტი არის ღრუბლებში“. ასეთი შეგრძნება შეიძლება იყოს ეპიზოდური ან ხანგრძლივადაც გრძელდებოდეს. სიმპტომი ზოგჯერ მსუბუქადაა გამოხატული, ზოგჯერ კი იმდენად შემაწუხებელია, რომ პაციეტი თავს უუნაროდ გრძნობს. გაბრუების ძლიერ შეგრძნებას შეიძლება ახლდეს ოფლიანობა, სიცხის შეგრძნება, ყურებში ხმაური, მხედველობის დაბინდვა, გულისრევა ან ღებინება. გაბრუება უფრო შემაწუხებელია ვერტიკალურ პოზიციაში - ფეხზე დგომისას ან ჯდომისას, დაწოლისას კი მნიშვნელოვნად მცირდება ან ქრება. გაბრუების ერთეული, ძალიან ხანმოკლე ეპიზოდი, რომელიც მალევე გაივლის, თითქმის ყველა ადამიანს გამოუცდია გარკვეულ სიტუაციაში. თავბრუს ასეთი ხანმოკლე, ერთეული ეპიზოდი არ არის საგანგაშო და არც კვლევას მოითხოვს.

რა იწვევს გაბრუებას

გაბრუების შეგრძნება შეიძლება სრულიად განსხვავებულ სამედიცინო პრობლემებს უკავშირდებოდეს. ამ სიმპტომის დროს უხშირესად ტვინს არ მიეწოდება სათანადო რაოდენობით ჟანგბადი. ამ მდგომარეობას კი შეიძლება იწვევდეს როგორც დაავადებები, ისე გარემო პირობები.

გაბრუების უხშირესი მიზეზებია:

  • დეჰიდრატაცია ანუ სითხის დეფიციტი - ის შეიძლება აღმოცენდეს ვირუსული ინფექციის, გულისრევისა და ღებინების, სხულის გადახურების, სითხის არასაკმარისი მიღების და სხვა მიზეზების გამო. სითხის დეფიციტისას მცირდება მოცირკულირე სისხლის რაოდენობა, ქვეითდება არტერიული წნევა. ამის გამო ტვინს საკმარისი რაოდენობით სისხლი არ მიეწოდება, რაც გაბრუების მიზეზია. მსუბუქ შემთხვევებში, ასეთ დროს მდგომარეობის გამოსასწორებლად რამდენიმე ჭიქა წყალიც საკმარისია, თუმცა ზოგჯერ აუცილებელი ხდება სითხისა და ელექტროლიტების ბალანსის აღდგენა ინტრავენური გადასხმით;
  • ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციები - ეგრეთ წოდებული „გაციება“. უშუალოდ ვირუსულ ინფექციასთან ერთად გაბრუების ხშირი მიზეზია ამ დროს გამოყენებული პრეპარატები, რომლებიც დაავადების სიმპტომებს ამცირებენ;
  • თამბაქო, ალკოჰოლი, ნარკოტიკული საშუალებები;
  • სხვადასხვა მედიკამენტი - გაბრუების შეგრძნების მიზეზი უხშირესად არის არტერიული წნევის დასაქვეითებლად გამოყენებული ან შარდმდენი პრეპარატები. გაბრუების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო საშუალებაა მედიკამენტების დოზის გულდასმით შერჩევა. გარდა დასახელებულისა, გაბრუებას ხშირად იწვევენ ანტიკონვულსანტები (კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები), ანტიბიოტიკები, ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური მედიკამენტები, ანთების საწინააღმდეგო (ტკივილგამაყუჩებელი) საშუალებები.
  • ორთოსტატიკული ჰიპოტენზია ანუ წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება დაწოლისას - ჩვეულებრივ, ვეგეტატიური ნერვული სისტემა უზრუნველყოფს არტერიული წნევის რეგულირებას სხეულის პოზიციის შეცვლისას. ხანში შესვლისას ეს მექანიზმი სუსტდება, წამოდგომისას არტერიული წნევა ქვეითდება, რაც გაბრუებას და თავბრუს იწვევს. ამ მექანიზმით აღმოცენებული თავბრუს შესამცირებლად არსებობს მარტივი ხერხები: ნელი წამოჯდომა, პირველი წუთების განმავლობაში ჯდომა საწოლის კიდეზე, კიდურების ერთმანეთთან მჭიდროდ მიბჯენა და დაჭიმვა;
  • ვეგეტატიური ნერვული სისტემის დისფუნქცია, რომლის დროსაც გართულებულია წნევის რეგულრიება სხეულის პოზიციის შეცვლისას;
  • ალერგიული რეაქცია - ამ დროს გაბრუებას განაპირობებს ალერგიისას გამოყოფილი ჰისტამინი. გარდა ამისა, გაბრუების შეგრძნებას ხელს უწყობს ალერგიის სამკურნალოდ გამოყენებული ანტიჰისტამინური საშუალებებიც;
  • გულის უკმარისობა, გულის ზოგიერთი მანკი - მაგალითად, აორტის სარქვლის სტენოზის დროს შევიწროებული აორტის ხვრელი ვერ ატარებს საკმარისი რაოდენობით სისხლს, რის გამოც ტვინი მის ნაკლებობას განიცდის;
  • გულის შეტევა ან ინსულტი - გაბრუებისა და თავბრუს ორივე საკმაოდ სერიოზული მიზეზია. გარდა გაბრუებისა, გულის შეტევის დროს ყურადღებას იპყრობს ტკივილის, ზეწოლისა და შებოჭვის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან, ქოშინი, ტკივილის გავრცელება მხრების, ზურგის, ზოგჯერ ქვედა ყბის არეში. ინსულტის დროს გაბრუებასთან ერთად უეცრად ვითარდება თავის ტკივილი, კიდურების სისუსტე, დაბუჟება, რაც არ იხსნება, მეტყველების დარღვევა. აღსანიშნავია, რომ ხანშიშესულ ასაკში უეცრად აღმოცენებული თავბრუ ან გაბრუება შესაძლოა ინსულტის ერთადერთი საწყისი სიმპტომი იყოს;
  • გულის რიტმის დარღვევა;
  • ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება - დაავადებას, მით უფრო, თუ პაციენტი რეგულარულად არ მკურნალობს, თან ახლავს ჰიპოქსია - ქსოვილებში ჟანგბადის შემცველობის დაქვეითება. ბუნებრივია, ამ დროს პაციენტს გაბრუების შეგრძნება შეაწუხებს. მდგომარეობის გამოსწორება მხოლოდ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სათანადო მკურნალობითაა შესაძლებელი.
  • ანემია ან სისხლდენა - ამ დროს გაბრუებასთან ერთად ყურადღებას იპყრობს ზოგადი სისუსტე, კანისა და ლორწოვანების სიფერმკრთალე, გულისცემის აჩქარება;
  • დაბალი წნევა;
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები - გაბრუება შეიძლება გამოიწვიოს როგორც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მატებამ (ჰიპერთირეოზი და თირეოტოქსიკოზი), ასევე დაქვეითებამ (ჰიპოთირეოზი). ამ შემთხევაში, გაბრუების გარდა ვლინდება შესაბამისი სიმპტომები - ჰიპერთირეოზისას ოფლიანობა, კანკალი, წონის კლება მომატებული მადის მიუხედავად, ეგზოფთალმი (დაჭყეტილი თვალები), ჰიპოთირეოზისას წონის მატება, კანის სიმშრალე, თმის ცვენა;
  • შაქრიანი დიაბეტი - როგორც გლუკოზის მატება, მისი ნორმაზე დაბალი მაჩვენებელიც შესაძლოა გაბრუების მიზეზი გახდეს. როცა სისხლში გლუკოზის შემცველობა დაქვეითებულია, მთელი ორგანიზმი, მათ შორის ტვინი, ცდილობს, ნაკლები გლუკოზა გამოიყენოს, რაც მსუბუქი გაბრუების მიზეზია. ჰიპოგლიკემიის (დაბალი გლუკოზის) დროს გაბრუებას თან ახლავს ოფლიანობა, შიმშილი, კანკალი. თუ დაავადება დადგენილია, რეკომენდებულია გლუკოზის თვითკონტროლი, რომ ზუსტად გამოვლინდეს გაბრუების მიზეზი.
  • ზოგიერთი ნევროლოგიური დაავადება;
  • ჰიპერვენტილაცია (ვითარდება ძალიან ღრმა და ხშირი სუნთქვისას), შფოთვა, სტრესი. ჰიპერვენტილაციისას ღრმა და ხშირი სუნთქვის გამო ორგანიზმიდან ჭარბად გამოიყოფა ნახშირორჟანგი, ორგანიზმში მისი შემცველობა ეცემა, რაც გაბრუების არასასიამოვნო შეგრძნებას იწვევს.

შეამჩნევდით, როცა გაბრუება სერიოზული დაავადების გამოვლინებაა, ის არ არის ერთადერთი სიმპტომი. ექიმის ყურადღებას იპყრობს დაავადების სხვა თანხმლები ნიშნებიც.

კვლევები გაბრუების დროს

როგორც ხედავთ, გაბრუების შეგრძნება მრავალფეროვან მიზეზებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი საკმაოდ სერიოზული მდგომარეობაა. ამის გამო ექიმი გულდასმით სინჯავს პაციენტს, რომ გაიმიჯნოს გაბრუების მარტივი მიზეზები და სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობანი.

ძალზე მნიშვნელოვანია იმის დაზუსტება, აქვს თუ არა პაციენტს დადგენილი გულის დაავადება, ან ხომ არ ჰქონია მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, აღენიშნებოდა თუ არა არითმიის, გულის ფრიალის, გულმკერდში შებოჭვისა და ტკივილის, სუნთქვის გაძნელების ანუ ქოშინის ეპიზოდები. ნებისმიერი ეს სიმპტომი შეიძლება გაბრუების მიზეზად გულის დაავადებას მიუთითებდეს. თუ გამოკითხვისა და პაციენტის გასინჯვის საფუძველზე ექიმი გულის დაავადებას იეჭვებს, ტარდება ელექტროკარდიოგრაფია, გულის ექოსკოპია.

დადგენილია, რომ გაბრუების უხშირესი მიზეზებია დეჰიდრატაცია (სითხის დეფიციტი) ან ე. წ. ვაზოვაგალური ეპიზოდები - მდგომარეობა, როცა ვეგეტატიური ნერვული სისტემა ვერ არეგულირებს სისხლძარღვთა ტონუსს. ამ მდგომარეობების დასადგენად საკმარისია პაციენტის გულდასმით გამოკითხვა და დეტალური გასინჯვა.

თუ გაბრუების მიზეზი ნევროლოგიური დაავადება, დიაბეტი ან ფირისებრი ჯირკვლის პათოლოგიაა, შესაძლოა საჭირო გახდეს სათანადო გამოკვლევები.

როგორ ვუმკურნალოთ გაბრუებას

როგორც ვხედავთ, გაბრუება არის გარკვეული დაავადების ან მდგომარეობის სიმპტომი. შესაბამისად, მკურნალობაც დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე. დეჰიდრატაციისას მნიშვნელოვანია სითხის შევსება, ვაზოვაგალური ეპიზოდებისას კი უნდა ავირიდოთ გაბრუების ხელშემწყობი ვითარება.

გულის დაავადებებთან, დიაბეტთან, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებთან დაკავშირებული გაბრუების შეგრძნებისას აუცილებელია ძირითადი დაავადების მკურნალობა

ჩვეულებრივ, გაბრუების შეგრძნება ხანმოკლე სიმპტომია, რომელიც გამომწვევი მიზეზის დადგენისა და აღმოფხვრის შემდეგ უკუგანვითარდება. იშვიათად, ის შესაძლოა სიცოცხლისათვის საშიში დაავადების გამოვლინება იყოს. ასეთ დროს, როგორც წესი, თავს იჩენს სხვა საგანგაშო სიმპტომებიც.

თავბრუსა და გაბრუებისაკენ მიდრეკილ პირებს დაცემისგან დასაცავად ვურჩევთ:

  • წოლის ან ჯდომის შემდეგ წამოდგნენ ნელა;
  • მიიღონ საკმარისი რაოდენობით წყალი, განსაკუთრებით - ფიზიკური დატვირთვისას;
  • მოაწესრიგონ სისხლში გლუკოზის დონე;
  • თავბრუს ან გაბრუების ეპიზოდისას სასწრაფოდ დასხდნენ ან დაწვნენ;
  • აუცილებელია ნორმალური ძილი;
  • შეზღუდონ კოფეინი, თამბაქო, ალკოჰოლი.