დამღლელი დღესასწაული
ჩაივლის უქმეები და ქალების უმრავლესობა არაქათგამოლეული და იმედგაცრუებული რჩება... არადა, რამდენი რამ ჰქონდათ ჩაფიქრებული! სურდათ, ახალ წელს ლამაზად შეხვედროდნენ, ალაგებდნენ სახლს, ახალისებდნენ ინტერიერს, დარბოდნენ მაღაზიებში ახლობლებისთვის საჩუქრების შესარჩევად, ეძებდნენ ახალ რეცეპტებს სადღესასწაულო კერძებისთვის - ყველა დიასახლისს სურს, გარშემო მყოფთა აღფრთოვანება და მოწონება დაიმსახუროს...
მომდევნო დღეებში ქალები ცდილობენ, დაისვენონ, გამოიძინონ, ტელევიზორის ყურებით გაერთონ ან სოციალური ქსელით დაუკავშირდნენ მეგობრებს, მიიღონ სადღესასწაულო მილოცვები და თვითონაც მიულოცონ ახალი წელი.
ახალ წელს, ტრადიციისამებრ, დავდივართ სტუმრად ან ვიღებთ სტუმრებს, ვერთობით... ჩვეული ყოველდღიურობა ჯერ არ გვახსოვს, თუმცა უკვე სამსახურში წასასვლელად უნდა მოვემზადოთ, ეს კი, როგორც წესი, უდიდესი ძალისხმევის ფასად გვიჯდება.
დღესასწაულის შემდგომი სტრესი
ხანგრძლივი და სასიამოვნო დასვენების შემდეგ ყველაფერი გაღიზიანებთ - ოჯახიც და კოლეგებიც. როგორც ჩანს, დღესასწაულის შემდგომი სტრესის მსხვერპლი ხართ. ცხოვრების რიტმის შეცვლა სტრესს იწვევს.
სიტუაციები და პირობები იცვლება. ორგანიზმი და ფსიქიკა ამაზე რეაგირებენ, რათა შეეგუონ შეცვლილ გარემოს. ხდება ძალთა მობილიზება. გარემოსა და სიტუაციის მკვეთრი ან ხანგრძლივი ცვლილება იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს. დღესასწაულის შემდგომი მოდუნება, დაღლილობა კი შრომის ეფექტურობას ნაკლებად უწყობს ხელს. უსიამოვნო შეგრძნებები, უგუნებობა, მოთენთილობა, ძილის დარღვევა, სიზარმაცე - ყველაფერი ეს დღესასწაულის შემდგომი სტრესის ნიშანია.
მნიშვნელოვანია, როგორ გაატარეთ დღესასწაული, ხომ არ გჭირდებათ დასვენება დასვენების შემდეგ.
რამ გაგაღიზიანათ ყველაზე მეტად?
ასეც ხდება:
- გქონდათ გეგმები, რომელთა განხორციელებას უქმე დღეებში აპირებდით, მაგრამ ისინი შემუშავების სტადიაში დარჩა. რაც გსურდათ, ვერ გააკეთეთ, ეს კი დანაშაულის განცდას გიჩენთ, თითქოს ტვირთად აწვება თქვენს სინდისს. რამდენი დრო გქონდათ, თქვენ კი უქმად დაკარგეთ!
- ახალ წელს ყოველთვის ელით საოცნებო საჩუქარს ან ახალ ნაცნობს, ადამიანს, რომელიც სრულიად შეცვლის თქვენს ცხოვრებას, მაგრამ... არავითარი სასწაული არ მომხდარა.
- უქმე დღეებში ხშირად იძაბება ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. ჩვეულებრივ დღეებში მათ მხოლოდ საღამოობით ხვდებით, სამსახურიდან ან სასწავლებლიდან დაბრუნებისას, ყოველწუთიერმა ურთიერთობამ კი დაგღალათ და გაგაღიზიანათ.
- ზედმეტად მშრომელ ადამიანებს სამსახურში დაბრუნება არ უჭირთ, რადგან ისინი არ ისვენებენ. თუ თქვენც ამ კატეგორიას მიეკუთვნებით, თქვენი გაღიზიანება გასაგებია და ბუნებრივი.
როგორ დავძლიოთ დღესასწაულის შემდგომი სტრესი
სტრესის დაძლევა გაგვიადვილდება, თუ ყველაფერში ზომიერებას დავიცავთ და ახალ რიტმს თანდათანობით შევეჩვევით.
- ეცადეთ, ადრე ადგეთ და ადრე დაწვეთ, არც სამსახურში, არც შინ ყველა საქმეს ერთდროულად არ შეეჭიდოთ.
- მეტი დრო დაუთმეთ ურთიერთობებს, მოაწესრიგეთ დოკუმენტაცია, ფოსტა, თუ კონცენტრირება გიჭირთ, დაიწყეთ ბინის დალაგება - ეს გონების მოკრებაში დაგეხმარებათ.
- თავი არიდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, დაუფიქრებელ ნაბიჯებს. სტრესულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ხშირად მოსდის შეცდომა. გადაწყვეტილებები მხოლოდ დაფიქრების შემდეგ მიიღეთ, განეწყვეთ უკეთესობისთვის და სირთულეებს იოლად გადალახავთ.