არის კი ღვინოში ჭეშმარიტება?
“დღეში ერთი ბოკალი” სასარგებლოა და არავის ავნებს. მართლა ასეა თუ არა? სად ვეძებოთ სიმართლე?
ბოლო სამი ათეული წელია, სპირტიანი სასმელების მარგებლობის მთავარ არგუმენტად იშველიებენ ეგრეთ წოდებულ ფრანგულ პარადოქსს: საფრანგეთის მოსახლეობაში, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, შედარებით დაბალია გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიურ დაავადებათა დონე. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ საშუალოსტატისტიკური ფრანგის მენიუში ჭარბობს ცხიმები, სწრაფად ასათვისებელი ნახშირწყლები და კოფეინი.
-
ღვინის ანტიოქსიდანტები
გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოდან აკვირდებიან და იკვლევენ საფრანგეთის მოსახლეობას და მის მენიუს. დაახლოებით 40 ათას ადამიანზე დაკვირვების შედეგად დაასკვნეს, რომ მშრალი წითელი ღვინის ყოველდღიური მოხმარება გულისა და ონკოლოგიური დაავადებებისგან იცავს.
მეცნიერთა აზრით, ამ სასმლის მთავარი კომპონენტია პოლიფენოლები - ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც ანტიოქსიდანტებივით მუშაობს. ისინი ორგანიზმს იცავს თავისუფალი რადიკალების დამანგრეველი ზემოქმედებისგან და არა მხოლოდ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, თქვენ წარმოიდგინეთ, სიმსივნის პროფილაქტიკასაც კი ახდენს. რასაკვირველია, თუ ღვინოს ზომიერად დალევთ - დღეში ერთ-ორ პატარა ბოკალს.
-
არც ასეა საქმე
საფრანგეთი ერთადერთი ქვეყანა როდია, სადაც წითელ ღვინოს აწარმოებენ და მოიხმარენ, მაგრამ მისი დადებითი ეფექტი რატომღაც არ აღმოუჩენიათ რეგიონის უახლოეს მეზობელ ქვეყნებში - ესპანეთში, პორტუგალიასა და იტალიაში.
ღვინომ ვერც ხმელთაშუა ზღვის მენიუსთან “იმუშავა”, რომელიც არა მარტო გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკის ეფექტიან საშუალებად, არამედ მსოფლიო მონაპოვრადაცაა აღიარებული.
დროთა განმავლობაში გაირკვა, რომ თუმცაღა საფრანგეთში ნაკლებია გულის დაავადებათა დონე, მაგრამ ფრანგებს, სხვა ევროპელების მსგავსად, აწუხებთ სიმსუქნე და ღვიძლის დაავადებები, მათ შორის - ციროზი, რომლის განვითარების ძირითადი მიზეზი ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებაა.
სხვა ქვეყნების მაგალითებთან ერთად ჩნდება პარალელები საქართველოსთან, რომლის სამზარეულო საკმაოდ კალორიულია, ხოლო ღვინის მოხმარება - “ერთი-ორ ბოკალზე” გაცილებით მეტი. შესაბამისად, გულ-სისხლძარღვთა დაავადების სტატისტიკაც სავალალოდ შთამბეჭდავია.
-
უსაფრთხოების საკითხები
ერთი ბოკალი წითელი ღვინო (150 მლ) შეიცავს ერთ იუნიტზე ცოტა მეტ - 12 მლ სუფთა სპირტს. იუნიტი ევროპული საზომი ერთეულია, რაც 10 მლ ეთანოლს უდრის.
ქალისთვის შედარებით უსაფრთხო დოზა ორი იუნიტია, მამაკაცისთვის - სამი. ანუ ორიოდე ბოკალი ღვინო ქალისთვის გაცილებით აღემატება ალკოჰოლის დასაშვებ სადღეღამისო ოდენობას. ერთი შეხედვით, არც ისე ბევრია, მაგრამ წელიწადში ეს 54 ლიტრ ღვინოს შეადგენს, რაც 11 ლიტრი არყის ან 4 ლიტრი სუფთა სპირტის ეკვივალენტია. თითქოს არც ესაა ბევრი, მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია წელიწადში 2 ლიტრზე მეტი სპირტის მოხმარებას კრძალავს.
გასტროენტეროლოგებიც აღიარებენ ალკოჰოლის შედარებით უსაფრთხო ოდენობის თეორიას. დღე-ღამეში ღვიძლს თავისუფლად შეუძლია ერთი იუნიტის გადამუშავება, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა სავსებით ჯანმრთელია. რაც შეეხება კუჭქვეშა ჯირკვალს, მისთვის სპირტის უსაფრთხო ოდენობა არ არსებობს - ეთანოლის ნებისმიერი დოზა ვნებს.
-
როგორ გვესმევინება
სინამდვილეში, იშვიათად, რომ “პროფილაქტიკა” დღეში ერთი ბოკლით დასრულდეს. ჩვეულებისამებრ, ადამიანი იმაზე მეტს სვამს, ვიდრე აპირებდა, თანაც მაშინვე ვერც განსაზღვრავ, ემუქრება თუ არა ალკოჰოლიზმის საფრთხე - ეს მხოლოდ მაშინ ირკვევა, როცა სასმლის ბოროტად გამოყენებას ვიწყებთ.
განსაკუთრებით საშიშია, როცა ორსულობის დროს “ჰემოგლობინის მომატებასა” და “მადის მოყვანას” ჭიქა ღვინის მეშვეობით ცდილობენ. ნებისმიერი ალკოჰოლური სასმლის შემადგენლობაში შემავალი სპირტი პლაცენტის მეშვეობით იოლად აღწევს ნაყოფამდე, რომლის ორგანიზმს არ შესწევს უნარი, გაანეიტრალოს ტოქსიკური ნივთიერება, ასე რომ აფერხებს მის განვითარებას.
სხვათა შორის, ალკოჰოლი ერთგვარი ნარკოტიკია, რომლის გამოყენებაც ძალზე მძიმე შედეგებს იწვევს. ადამიანისთვის ფსიქოაქტიური ნივთიერებების მავნებლობის 100-ბალიან სკალაზე სპირტიანმა სასმელებმა 72 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და კრეკი და კოკაინი უკან ჩამოიტოვა.
-
ცოტა რამ პროფილაქტიკის შესახებ
ღვინოს მხოლოდ მაშინ მოაქვს სარგებლობა, როცა ის განსაზღვრული რიტუალის დროს გამოიყენება. ღვინის რიტუალი გულისხმობს კარგ კომპანიას და თავშეყრას დროის სასიამოვნოდ გასატარებლად, გემრიელ საკვებს და გადაუდებელი საქმეების უქონლობას. ასეთი გარემო ხელს უწყობს ნერვული სისტემის დამშვიდებას, სტრესის შედეგებისგან გათავისუფლებას და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკას, თუნდაც უღვინოდ.
-
ყველაზე მთავარი
ღვინოში არსებული სასარგებლო ნივთიერებები, პოლიფენოლები, მწვანე ჩაიშიც არის და წითელ ყურძენშიც. კარგ თანამეინახეებთან ერთად ჩაიც, ყურძენიც და მისი წვენიც შეიძლება სასიამოვნო ვახშმის ნაწილი გახდეს.
-
ღვინო როგორც წონის კორექციის საშუალება?
პერიოდულად ქვეყნდება კვლევის შედეგები, რომლებიც ღვინისა და მისი მომხმარებლების წონის ურთიერთდამოკიდებულებას ეხება. არცთუ იშვიათად მეცნიერთა დასკვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. მაგალითად, მკვლევართა ჯგუფმა ესპანეთის ნავარის უნივერსიტეტიდან მილიონობით ადამიანისთვის სასიამოვნო შედეგები გამოაქვეყნა - ღვინოს არა მარტო წონის მომატების შეჩერება, არამედ ამ პროცესის უკუქცევაც შესძლებია, ოღონდ ზომიერი მოხმარების შემთხვევაში.
ვინც დღე-ღამის განმავლობაში ერთ ბოკალ ღვინოს სჯერდება, მას წონის მომატების საფრთხე არ ემუქრება.
“ალკოჰოლის, განსაკუთრებით კი ღვინის ზომიერ მოხმარებას შეუძლია დამცავი ეფექტიც კი მოახდინოს წონის მომატებისას, ხოლო ზედმეტი სასმელი ზედმეტი კილოგრამების საწინდარია”, - ვკითხულობთ ჟურნალ Nutrition Reviews-ში.
გასათვალისწინებელია სასმლის სახეობა და კალორიულობაც. მაგალითად, ერთი კათხა ლუდი (0,5 ლ) ორჯერ მეტ კალორიას შეიცავს, ვიდრე ერთი ბოკალი ღვინო. გარდა ამისა, კვლევის შედეგების თანახმად, ადამიანებს, რომლებიც ზომიერად მოიხმარენ ალკოჰოლურ სასმელს, 16-25 პროცენტით ნაკლებად ემუქრებათ მეტაბოლური სინდრომის განვითარების საფრთხე, ანუ ნივთიერებათა ცვლის დარღვევასთან დაკავშირებული სიმპტომების ერთობლიობა. ეს სიმპტომებია მაღალი წნევა, სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე, რაც ინსულტებს და მძიმე სისხლძარღვოვან დაავადებებს იწვევს.