საგაზაფხულო გამწვავება
ადამიანის ორგანიზმის მეტაბოლიზმი ყველაზე მასშტაბურ სეზონურ გარდაქმნებს შემოდგომასა და გაზაფხულზე განიცდის. ამ ტრანსფორმაციის გამო იმუნური სისტემის ბალანსიც ირღვევა და მინიმალური ზემოქმედებაც კი საკმარისია ჯანმრთელობის პრობლემების აღმოცენებისთვის. დღეს ყველამ იცის, რომ გაზაფხული ის პერიოდია, როცა ჯანმრთელობისადმი განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ - წლის ამ დროს იღვიძებს არა მარტო ბუნება, არამედ მიძინებული ქრონიკული პათოლოგიაც. თუ ჩვენთვის უკვე ცნობილია რომელიმე ქრონიკული დაავადების დიაგნოზი, მისი გამწვავების პროფილაქტიკაზე უნდა ვიფიქროთ. დადგენილია, რომ გაზაფხულზე ქრონიკულ დაავადებათა გამწვავების მაჩვენებელი 35%-ს აღწევს, დროული პროფილაქტიკა კი გაცილებით ეფექტურია, ვიდრე გამწვავების მკურნალობა. მხოლოდ ასე შეიძლება ორგანიზმისთვის არახელსაყრელი პერიოდის მშვიდობიანად და უსაფრთხოდ გადატანა. სათანადო ღონისძიებების დაგეგმვისთვის კი რეკომენდებულია კარგად ვიცნობდეთ იმ დაავადებებს, რომლებიც გაზაფხულობით მწვავდება.
დაავადებები, რომლებიც გაზაფხულზე იღვიძებენ
გაზაფხული საყურადღებო პერიოდია მათთვის, ვისაც აქვს:
- საჭმლის მომნელებელი სისტემის ქრონიკული დაავადებები, განსაკუთრებით - წყლული;
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
- სახსრების დაავადებები;
- იმუნური და ენდოკრინული სისტემის დარღვევები.
გარდა ამისა, გაზაფხულზე მოსალოდნელია:
- ფსიქიკური დაავადებების გამწვავება;
- თირკმლის დაავადებების დამძიმება;
- სასუნთქი სისტემის მწვავე დაავადებები და ქრონიკული პათოლოგიების გამწვავება.
წყლულოვანი დაავადება
შეიძლება ითქვას, რომ წყლულოვანი დაავადების გამწვავება გაზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა. მართალია, მისი სეზონური ხასიათის შესახებ უცხოურ ლიტერატურაში არაფერია ნათქვამი, მაგრამ რუსულენოვან წყაროებში ამის დამადასტურებელი არაერთი მონაცემი მოიპოვება. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, მიზეზი დღემდე დაუდგენელია. ცხადია ერთი რამ - კვებისა და ცხოვრების ის წესი, რაც ზამთარშია დამკვიდრებული, წყლულით დაავადებულებს გაზაფხულზე პრობლემებს უქმნის. ზამთრობით ხომ სრულიად განსხვავებულად, ხშირად არასწორად ვიკვებებით, გაზაფხულობით კი ვცდილობთ უფრო მსუბუქი საკვები მივიღოთ. ხშირად ორგანიზმი თავისებურად “ეწინააღმდეგება” ამ ცვლილებას. დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ ფაქტორებსაც - გაზაფხულზე ბევრი განსაკუთრებით მგრძნობიარეა გარეგანი ფაქტორების მიმართ, მათზე ზედმეტად ემოციურად რეაგირებს. ხშირად სწორედ მუდმივ სტრესს მივყავართ დაავადების გამწვავებამდე. ამიტომ რეკომენდებულია, ვიზრუნოთ სულიერი სიმშვიდის შენარჩუნებაზეც. რასაკვირველია, არც კვების ფაქტორი უნდა დავივიწყოთ - კვება უნდა იყოს ხშირი, ულუფები - მცირე. საშიშ პერიოდში რაციონიდან უნდა გამოირიცხოს კოფეინი, შოკოლადი, სანელებლები, ხორცის ნახარში, მყარი ცხიმი. რასაკვირველია, აკრძალულია თამბაქო და ალკოჰოლი. მოახლოებული და უკვე არსებული გამწვავების სიმპტომებია ტკივილი და წვის შეგრძნება გულის კოვზთან, ზოგჯერ - მშიერი ან ღამის ტკივილი, გულისრევა, იშვიათად - ღებინება, სიმჟავის შეგრძნება. განსაკუთრებით საშიშია წყლულის გართულებები - სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, წყლულის პერფორაცია (ეგრეთ წოდებული გახეთქვა), რომლის დროსაც ქირურგიული ჩარევაა საჭირო.
ზედა სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული ინფექციები
ექიმები ამტკიცებენ, რომ გაზაფხულის დამდეგს გრიპით ან სურდოთი დაავადების რისკი კი არ მცირდება, არამედ, პირიქით, იმატებს. ცვალებადი ამინდი, დაქვეითებული იმუნიტეტი და დაავადებულთან თუნდაც ხანმოკლე კონტაქტი სათანადო პირობებს ქმნის სასუნთქი სისტემის დაავადებების განვითარებისთვის. ზედა სასუნთქი გზების სეზონური ვირუსული ინფექცია ყველას ემუქრება, ამიტომ დაავადების თავიდან აცილების მიზნით პროფილაქტიკური ღონისძიებები ყველასათვის რეკომენდებულია. სწორი კვება, ხელების ხშირი ბანა, ოთახის ხშირი განიავება, ცხოვრების ჯანსაღი წესი დაავადების თავიდან აცილებაში დაგვეხმარება. საათში ერთხელ სარკმლის 5 წუთით გაღება საგრძნობლად ამცირებს ბინის ჰაერში მიკრობების კონცენტრაციას.
სინუსიტი
ბანალურ გაციებას არცთუ იშვიათად მოსდევს ისეთი გართულება, როგორიცაა სინუსიტი. ამ დროს ცხვირის გაჭედვას ერთვის ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება შუბლის ან ზედა ყბის არეში, თავის ტკივილი, ტემპერატურის მომატება. სინუსიტის დროს ცხვირის გაჭედვის საწინააღმდეგო პრეპარატები საკმარისი არ არის, აუცილებელია ანტიბიოტიკების გამოყენება.
ალერგია
ალერგია ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული გაზაფხულის პრობლემაა. ორგანიზმის ალერგიულ რეაქციას მცენარეების მტვერზე მედიცინაში პოლინოზს უწოდებენ. ცნობილია, რომ ალერგიას 100-მდე მცენარე იწვევს, მათ შორის - მუხა, მურყანი, არყი, თხილი, ალვა, ტირიფი, ჭადარი, ფიჭვი. ეს მცენარეები ადრეულ გაზაფხულზე ყვავილობს. პოლინოზი უფრო ხშირად მათ ემართებათ, ვისაც ამ მხრივ დატვირთული გენეტიკა აქვს, თუმცა დაავადება თავს იჩენს არა დაბადებისთანავე, არამედ 7-8 წლის ასაკში. სამწუხაროდ, ალერგიისგან სრული განკურნება შეუძლებელია. სიმპტომების შესამცირებლად რეკომენდებულია, მაქსიმალურად შევამციროთ ალერგენთან (ალერგიის გამომწვევ ფაქტორთან) კონტაქტი - ქარიან ამინდში არ გავაღოთ ფანჯარა და ოთახი გავანიავოთ კონდიციონერით, ხშირად დავალაგოთ სველი წესით, მოვერიდოთ ქარიან ამინდში სეირნობას. თუ მითითებული ღონისძიებები საკმარისი არ აღმოჩნდა, ექიმი სპეციალური პრეპარატების მიღებას გირჩევთ.
როგორ შევინარჩუნოთ სახე
გაზაფხულის კიდევ ერთი პრობლემა კანის დაავადებების გამწვავებაა. ყველაფრის თავიდათავი ამჯერადაც დაქვეითებული იმუნიტეტია. ექიმის დახმარება ამ შემთხვევაშიც აუცილებელია.
ცისტიტი
გაზაფხულობით ხშირდება ცისტიტისა და საშარდე გზების ინფექციებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებიც - გახშირებული შარდვა, წვა და ტკივილი შარდვისას, შარდვის გაძნელება. ერთი შეხედვით, ეს პარადოქსია - გაზაფხულია, ტემპერატურა იმატებს, რატომ უნდა იყოს ხშირი ასეთი ჩივილები? მართალია, საშარდე გზების ინფექციების განვითარებაში გადამწყვეტ როლს ბაქტერია ასრულებს, მაგრამ არცთუ უმნიშვნელო ფაქტორია სხეულის გადაცივება, ამ თვალსაზრისით კი კრიტიკული პერიოდი სწორედ გაზაფხულის ცვალებადი ამინდებია. ამ პერიოდში კაშკაშა მზე ქალბატონებს ატყუებს და ისინიც შეუფერებლად თხლად იცვამენ.
როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს
რამდენიმე მარტივი რეკომენდაციის შესრულებით შეიძლება მინიმუმამდე დავიყვანოთ მოსალოდნელი გართულებების რისკი. ამისთვის რეკომენდებულია: სწორი კვება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხილისა და ბოსტნეულის მიღება. ვიტამინები შეიძლება პრეპარატების სახითაც მივიღოთ, თუმცა, რასაკვირველია, ჯობს მათი წყარო ბუნებრივი საკვები იყოს. სეზონურად ჩაცმა. დროზე ადრე გამოზაფხულებას არ გირჩევთ. შესაფერისი ჩაცმულობა სეზონურ ადაპტაციაში დაგეხმარებათ. მათ, ვინც ქუდს ან სხვა თავსაბურავს ნაადრევად ემშვიდობება, უნდა შევახსენოთ, რომ არ არის გამორიცხული ყურებისა და ცხვირ-ხახის გადაცივება. ზურგის გაციება კი შესაძლოა კუნთების ტკივილის მიზეზად იქცეს. ფიზიკური აქტივობა. ზომიერი ფიზიკური დატვირთვა დაგვეხმარება ორგანიზმის ტონუსის შენარჩუნებაში, ჰერზე სეირნობა კი დ ვიტამინის წარმოქმნას უწყობს ხელს. ნერვულ სისტემაზე ზრუნვა. თავი უნდა ვარიდოთ ნერვულ გადაძაბვას, გამოვნახოთ დრო დასვენებისთვის, ნორმალური ძილისთვის. ექიმთან დროულად მისვლა. ქრონიკული დაავადების დროს ყოველ წუთს მზად უნდა ვიყოთ შესაძლო გართულებისთვის. ეს ნიშნავს, რომ დანიშნული მკურნალობა უნდა გაგრძელდეს, ხოლო გამწვავების პირველივე სიმპტომებზე მკურნალობის გეგმის შესაცვლელად ექიმს მივმართოთ.