იცით თუ არა?
სტენდალის სინდრომისთვის დამახასიათებელია: გულისცემის აჩქარება, თავბრუხვევა, მუხლების კანკალი და საყრდენის გამოცლის შეგრძნება, სივრცეში ორიენტაციის დარღვევა და ჰალუცინაციები. ყოველივე ეს ფსიქოსომატური მოშლილობის გამოხატულებაა, რომელიც ადამიანის მიერ ხელოვნების ნიმუშის ზემწვავედ აღქმას უკავშირდება.
როგორ გაჩნდა ვიაგრა
თავდაპირველად ვიაგრა სულაც არ მოიაზრებოდა ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ. გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ფარმაცევტულმა კომპანია “პფაიზერმა” დაიწყო ახალი პრეპარატის, სილდენაფილის, კლინიკური გამოცდა. პრეპარატი შემუშავებული იყო გულ-სისხლძარღვთა ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორებიცაა სტენოკარდია და არტერიული ჰიპერტენზია. ტესტირების პირველმა ფაზამ გულის კუნთის მუშაობასა და არტერიული წნევის რეგულირებაზე პოზიტიური გავლენა ვერ დაადასტურა, ამიტომ პრეპარატის გამოცდაც შეწყდა, თუმცა ექსპერიმენტის მონაწილე მამაკაცთა უმრავლესობამ აბების უკან დაბრუნებაზე უარი განაცხადა, რადგან ექსპერიმენტის მსვლელობისას ერექციული ფუნქციის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შენიშნეს. ასე იქცა სილდენაფილი ერექციული დისფუნქციის სამკურნალო საშუალებად. ვიაგრა მისი კომერციული სახელწოდებაა.
ნუ შეინახავთ ნიორს დიდხანს
“ნიორმა თავი წელიწადს შეინახაო”, გაგიგონიათ ალბათ, თუმცა ნივრის ამ თვისებით დიდად ნუ აღფრთოვანდებით, რადგან სახლის პირობებში გარკვეული ხნით შენახვის შემდეგ იგი კარგავს სასარგებლო თვისებებს, რომელთა წყალობითაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დამცავის სახელი დაიმკვიდრა. ნივრის მთავარი ღირსება ნივთიერება ალიცინია, რომელიც აფართოებს და ადუნებს სისხლძარღვთა კედლებს, ამიტომ ნიორი ინფარქტებისა და ინსულტების პროფილაქტიკისთვის გამოიყენება. ალიცინი აირია, რომელიც დროთა განმავლობაში ორთქლდება, ამიტომ ყოველთვის სჯობია, ახალი ნიორი შეიძინოთ და ნაკლებ ხანს გააჩეროთ შინ.
ისუნთქეთ ლიმონი
ადამიანებს, რომლებიც პროფესიის გამო ბევრ დროს ატარებენ კომპიუტერთან, ზომაზე მეტად ეტვირთებათ თვალები. თვალების დაძაბვა იწვევს ფიზიკურ და გონებრივ გადაღლას, რაც 90%-ით აქვეითებს აზროვნებისა და ყურადღების კონცენტრირების უნარს, ყოველივე ამას კი ნერვული სისტემის ადრეულ გამოფიტვამდე და ფსიქოემოციური წრის სხვადასხვა ტიპის მოშლილობამდე მივყავართ. იაპონელები ამტკიცებენ, რომ როდესაც სამუშაო ოთახის ჰაერი გაჯერებულია შროშანის არომატით, კლავიატურაზე მუშაობისას შეცდომათა რაოდენობა 20%-ით მცირდება. აი, ლიმონი კი მთელი 50%-ით ამცირებს შეცდომების რიცხვს, ამიტომ გირჩევთ, კომპიუტერთან მუშაობისას დაიდოთ სიახლოვეს ლიმონის ნაჭერი და მისი არომატი ისუნთქოთ.
ბოსტნეულთა საოცარი ისტორიები
- თალგამს დიდი ხნის განმავლობაში თესავდნენ პირით. 1 კგ თესლი მილიონამდე მარცვალს შეიცავს, ამიტომ მისი ხელით თესვა არაპროდუქტიულია. პირით თესვა დიდ ენერგიას მოითხოვდა, ამიტომ ამ საქმის ოსტატებს დიდად აფასებდნენ.
- კარტოფილი ევროპაში XVII საუკუნის შუაში გაჩნდა როგორც დეკორატიული მცენარე. მოგვიანებით გავრცელდა სხვა ქვეყნებშიც, სადაც ჩაროზად მიირთმევდნენ - კარგად ხარშავდნენ, შაქარს აყრიდნენ და ასე შეექცეოდნენ.
- XVIII საუკუნის ინგლისში კიტრი იშვიათობა იყო - ის რატომღაც არ მოსწონდათ ადგილობრივ ექიმებს და ხან შხამიან, ხანაც გაციების გამომწვევ მცენარედ მიიჩნევდნენ.
- ბარდა გახლდათ პირველი ბოსტნეული, რომელიც ადამიანმა დააკონსერვა.
- პომიდორს საკმაოდ დიდხანს მიიჩნევდნენ ევროპაში შხამიან მცენარედ. 1774 წელს დანიაში გამოცემულ ერთ-ერთ სახელმძღვანელოში წერია, მისი ნაყოფი უკიდურესად საშიშია, ადამიანს აგიჟებსო. რუსეთში მას “ცოფიან კენკრას” უწოდებდნენ.
- 1991 წლიდან ევროპაში სტაფილოს აღარავინ უწოდებს ბოსტნეულს - მას ხილად მიიჩნევენ. პორტუგალიელები მისგან მურაბას ამზადებენ, ევროპული სტანდარტების მიხედვით კი მისი მომზადება მხოლოდ ხილისგან შეიძლება.
- ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ბოსტნეული არქტიკული პირშუშხაა. მას ცივ გრენლანდიაშიც კი წააწყდებით. იგი მაშინაც ყვავილობს, როდესაც გარეთ ძლიერი ყინვაა.