ზაფხული და ალკოჰოლური სასმელები
საბედნიეროდ, ეს გამონაკლისი გახლდათ. სამაგიეროდ, უამრავია ისეთი ხალხი, ვისაც სურს, ორიოდეკვირიანი თავისუფლებით ბოლომდე დატკბეს, ჩვეულებრივზე მეტს სვამს და ამით საკუთარ თავსაც და ირგვლივ მყოფებსაც უფუჭებს უქმეებს.
ალბათ ყველასთვის საინტერესო იქნება იმაზე საუბარი, როგორ არ გადავიდეთ ზღვარს, რომელიც “კარგ დროსტარებასა” და ორგანიზმისთვის სასტიკი დარტყმის მიყენებას შორის ძევს ან შეიძლება თუ არა ზაფხულის ცხელ დღეებში ალკოჰოლიანი სასმელების მიღება, ხოლო თუ შეიძლება, რომლის.
-
მზის დაკვრა
ცალკე თემაა ალკოჰოლის მიღება მზეზე. დიდი მნიშვნელობა არ აქვს, პლაჟზე ლუდის ბოთლს მიიტანთ თუ შეზლონგში ჩაწოლილი კოქტეილს მოწრუპავთ. სიცხეში ორგანიზმის ალკოჰოლური კონტროლი ქვეითდება, ხოლო დათრობის შანსი იზრდება, სპირტიანი სასმლის მცირე დოზის მიღების შემთხვევაშიც კი. ამასთან, სიცხეში ადამიანს მადა არ აქვს, რაც მდგომარეობას უფრო მეტად ამძიმებს. ყველაზე ბანალური შედეგი მზის გულზე ჩაძინებაა შემდგომი დამწვრობითა და წუწუნით სულელურად მიღებული დამწვრობის შესახებ. ადვილად შეიძლება მიიღოთ სითბური დაკვრაც! და საერთოდ, ასეთ მდგომარეობაში ბანაობაც სახიფათოა.
არ მინდა, საშვებულებო განწყობა გაგიფუჭოთ, მაგრამ ზაფხულში დამხრჩვალთა 80%-ის სისხლში ალკოჰოლია აღმოჩენილი.
-
“ყველაფერი გამორთულია”
კიდევ ერთი საფრთხე: დასვენების პირველ დღეებში ადამიანი მსუბუქ ეიფორიას განიცდის, დუნდება და… იწყებს დილიდან საღამომდე სმას. ჭიქა ლუდი საუზმემდე, კოქტეილი (გამეორებით) აუზამდე და აუზის შემდეგ, ღვინო სადილამდე, სადილზე და მის შემდეგ, ხოლო ვახშმის წინ - “რაიმე უფრო მაგარი”. ეს საშუალოსტატისტიკური დამსვენებლის მეტ-ნაკლებად ნორმალური საშვებულებო რეჟიმია, სისტემით “ყველაფერი ჩართულია”. აი, ზღვაზე კი ხშირად თვითკონტროლი “გამორთულია” (ხომ გვაქვს მოდუნების უფლება, სტრესის მოხსნა გვინდა, არც საჭეს ვუზივართ და არც ოფისში ვართ წასასვლელი). ყველაფერი შეიძლება ეგრეთ წოდებული “ალკოჰოლური დაკვრით” დასრულდეს.
ეს ისეთი მდგომარეობაა, როდესაც ორგანიზმში გროვდება სპირტის დაშლის იმდენი პროდუქტი, რომ ერთ არცთუ მშვენიერ დღეს არტერიული წნევა მკვეთრად იწევს მაღლა, იწყება ტკივილი ღვიძლის მიდამოში, ხოლო გული საგულედან ამოხტომას ლამობს, თუნდაც იმ დღეს არაფერი დაგელიოთ. რა თქმა უნდა, დამსვენებლის ერთ-ერთი სანუკვარი სურვილი გამოძინებაა, მაგრამ ამ დროს ალკოჰოლი ბოროტად გვეხუმრება.
სპირტიანი სასმლის მიღების შემდეგ ძილი თავდაპირველად საკმაოდ ღრმაა, მაგრამ ეს ფიზიოლოგიური კი არა, ნარკოტიკული ძილია. ორგანიზმი აგრძელებს ალკოჰოლის გადამუშავებას და სისხლიდან თუ კუნთებიდან ჟანგბადს ექაჩება. ამიტომ არის, რომ მეორე დღეს ადამიანი უფრო მეტ დაღლილობას გრძნობს - ეს ჰიპოქსიასთან დაკავშირებული მოდუნებაა, უსიცოცხლობა.
-
რა დავლიოთ და რა - არა
ზაფხულის სიცხეში ორგანიზმზე ყველაზე ვერაგულად ქილის კოქტეილები მოქმედებსო, მიაჩნიათ ექსპერტებს. ამ კოქტეილებს ხშირად “ლიმონათის” გემო აქვთ, ხოლო სუნი - ხილისა, კენკრისა, კარამელისა, რაც ადამიანის ტვინში სპირტიან სასმელებთან არამც და არამც არ ასოცირდება. შედეგად დღეში რამდენიმე ქილას იღებთ და ქრონიკული თრობის მდგომარეობაში ისე ვარდებით, გონს მოსვლასაც ვერ ასწრებთ!
სხვათა შორის, 9%-იანი ალკოჰოლური კოქტეილის ერთი ქილა დაახლოებით 110 გრამი არაყია. სინთეტიკური დანამატები, გემოს გამაძლიერებლები მადას აქვეითებენ და ადამიანი მისაყოლებელზე არ ფიქრობს. არადა, ხომ დიდი ხანია ცნობილია, რომ დალევა მისაყოლებლის გარეშე ღვიძლისთვის მიყენებული ატომური დარტყმაა.
ლუდი მეორე ადგილზე დგას. ბევრი მას სულაც არ მიიჩნევს ალკოჰოლიან სასმელად. უფრო გამაგრილებელი სასმლის ფუნქციას აკისრებენ. არადა, ის ძალიან ცუდ გავლენას ახდენს კუჭქვეშა ჯირკვალზე, იწვევს მის ანთებასა და გაფაშრებას. “ლუდისმიერი ალკოჰოლიზმი” - ესეც სამედიცინო, საკმაოდ რეალური დიაგნოზია. სამწუხაროდ, ბევრი თინეიჯერი სწორედ ზაფხულობით ეტანება ლუდს. სხვათა შორის, ერთი ბოთლი ჩვეულებრივი ლუდი 60 გრამი არყის ეკვივალენტურია, სამი ბოთლი კი თითქმის ერთ ჭიქა არაყს უდრის.
ლიდერთა სამეულს მრავალი ინგრედიენტის შემცველი კოქტეილები აბოლოებენ. რა თქმა უნდა, დასვენებისას ეგზოტიკური ნაზავის გასინჯვა ნამდვილი ნეტარებაა, მაგრამ თუ სასმელში ორზე მეტი სახის ალკოჰოლური ინგრედიენტია შერეული, ის მძიმე, ერთობ უსიამოვნო ნაბახუსევის სინდრომს იწვევს და მცირე რაოდენობით მიღების შემთხვევაშიც კი ძლიერ დარტყმას აყენებს ღვიძლსა და თირკმელებს.
მშრალი წითელი და თეთრი ღვინო - ტონუსში მოჰყავს სისხლძარღვები, წყალთან ან მინერალურ წყალთან განზავებული კი კლავს წყურვილს, აქრობს დაღლილობას. სიცხეში შეიძლება მისი მიღება, მაგრამ არა უმეტეს ორი ჭიქისა, ისიც - არა მშიერ კუჭზე.
შემაგრებული ღვინო, ვერმუტი, ლიქიორები - ტკბილი სასმელები აუწყლოებს ორგანიზმს და წყურვილს იწვევს, ხოლო მიუჩვეველ, ეგზოტიკურ საკვებთან ერთად შესაძლოა ალერგიული რეაქციაც გამოიწვიოს. თუ მაინც ვერ იკავებთ თავს, მიიღეთ ძალიან ცოტა (მაგალითად, სირჩა მარტინი და ხილის წვენი), ხოლო ტკბილი ლიქიორებისგან, უმჯობესია, თავი შორს დაიჭიროთ.
ლუდის მაქსიმალურად უსაფრთხო დოზა დღეში ერთი ლიტრი ღია ფერის, მსუბუქი სასმელია (4%-მდე ალკოჰოლის შემცველობით). 6%-ზე მეტი სიმაგრის ლუდი, არა უმეტეს 0,5 ლიტრისა, შეიძლება დალიოთ მხოლოდ ხორციან კერძთან ერთად. ისიც გახსოვდეთ, რომ ლუდის სმის დროს თრობა სწრაფად არ ხდება, ამიტომ ადამიანს დროულად შეჩერება უჭირს და შესაძლოა, სულაც არ სურდეს, მაგრამ ბოლოს მაინც თვრება.
არაყი, ვისკი, ტეკილა - მაგარი სასმელები სიცხეში ორგანიზმის გაუწყლოებას იწვევს, ჯერ სისხლძარღვების გაფართოებას უწყობს ხელს, მერე კი - მათ სპაზმს; ამრიგად, ხელს უწყობს ორგანიზმის გადახურებას, შედეგად კი სითბურ დაკვრას. მათი მიღება შეიძლება საღამოს, აგრილებისას, მხოლოდ კარგ სუფრაზე.
დაბოლოს, კონიაკი - ფერმენტების შეცველობის გამო ის წამალივით მოქმედებს - ძლიერ აფართოებს სისხლძარღვებს და იწვევს გაძლიერებულ ოფლდენას, რაც ზაფხულში მაინცდამაინც სასიამოვნო არ არის. კონიაკი უფრო ზამთრის სასმელია.