უძილობა სერიოზული პრობლემაა
უძილობის მე-4-5 დღეს ადამიანს ეწყება ფსიქიკური დარღვევებიც. საძილე საშუალებების გამოყენება არ არის გამოსავალი. საჭიროა, სასწრაფოდ მიმართოთ ნევროპათოლოგს, გამოიკვლიოთ უძილობის მიზეზი და ერთად მოძებნოთ მისი აღმოფხვრის საშუალება. ექიმი-ჰიგიენისტები გვირჩევენ, დღე-ღამეში სრული 8 საათი გვეძინოს. ასეთია, მათი აზრით, ჯანმრთელი ადამიანის ფიზიოლოგიური ნორმა. უნდა დავიცვათ რეჟიმი და ყოველდღე დავწვეთ დასაძინებლად ერთსა და იმავე დროს. ორგანიზმი ეჩვევა ამ რეჟიმს და თავის მთხოვნილებებს აყალიბებს. როცა ამ მოთხოვნილებებს ვეწინააღმდეგებით, იწყება კონფლიქტი ადამიანსა და მის ორგანიზმს შორის და სწორედ ასე წარმოიშობა უამრავი პრობლემა, მათ შორის - უძილობაც. საღამო დასვენებისა და მოდუნების დროა. თავი არიდეთ ფსიქიკურ და ფიზიკურ დატვირთვას. ძილის წინ კარგია და აუცილებელიც ოთახის განიავება. ყურადღება მიაქციეთ, რომ ოთახის ტემპერატურა 18-20 გრადუსის ფარგლებში იყოს. იდეალურია სეირნობა ძილის წინ. გონიერი ექიმები უსაფუძვლოდ როდი ურჩევენ ქრონიკული უძილობით გატანჯულ პაციენტებს ძაღლის ყოლას - ძაღლს განსაზღვრული რეჟიმი სჭირდება, მათ შორის - სახლიდან გაყვანა დილა-საღამოს. ეს მის პატრონსაც გარკვეულ რეჟიმში ყიფნას აიძულებს, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სასიკეთოდ აისახება. დღის მეორე ნახევარში არ გაეკაროთ ყავას. თუ რამით ხართ გაღიზიანებული და შფოთავთ, დალიეთ ერთი ჭიქა თბილი თაფლიანი რძე. ძილის წინ ნუ დაიზარებთ მაკიაჟის მოშორებას, მიიღეთ თბილი შხაპი, ჩაიცვით ლამაზი, ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული ღამის პერანგი ან პიჟამა. იზრუნეთ იმაზე, რომ ფეხები თბილად გქონდეთ. ხშირად უძილობა საწოლის ბრალია. ის საკმაოდ ფართო და მოხერხებული უნდა იყოს, რათა ძილის დროს თავისუფლად შეგეძლოთ გადაბრუნებ-გადმობრუნება, არ იყოთ შეზღუდული. ბალიშის ჩვეული ფორმა მოძველებულია. მის ნაცვლად სპეციალისტები რეკომენდაციას უწევენ წაგრძელებულ, მუთაქის მსგავს ბალიშს, რომელიც ორი მკლავის სისქისაა. ის კისრის ქვეშ იდება, იკავებს ხერხემლის კისრის განყოფილებას და ხელს უწყობს მოდუნებას. მნიშვნელოვანი ელემენტია ლეიბი. იმაზე, თუ რისგან არის დამზადებული იგი, მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული, რამდენად ჯანსაღი იქნება ჩვენი ღამის ძილი.
ვინც რბილად იძინებს
თბილად ვიხსენებთ იმ სასიამოვნო განცდას, როცა ბებიის შეკერილ მატყლის ან ბუმბულის საბანსა და ლეიბში ჩავეფლობოდით ხოლმე - თითქოს ღრუბლებში დავცურავდით. თუმცა დამტკიცებულია, რომ რბილ ლეიბზე ძილი მავნებელი უფროა, ვიდრე სასარგებლო. უპირველეს ყოვლისა, ეს მავნეა ხერხემლისთვის; მეორე - ბუმბულმა და მატყლმა შეიძლება ალერგია გამოიწვიოს. უმჯობესია, შეიძინოთ ორთოპედიული ლეიბი. ასეთი ლეიბი ადაპტირებულია ადამიანის სხეულის ბუნებრივ ნადრეკებთან და სპეციალურად გათვლილი დრეკადობა აქვს, რის წყალობითაც ხერხემალს ანატომიური მდგომარეობის შენარჩუნებაში ეხმარება. კარგი, ხარისხიანი ორთოპედიული ლეიბი რამდენიმე ფენისგან შედგება. მასში რბილი და დრეკადი ფენები ერთმანეთს ენაცვლება. რაც უფრო მეტია ასეთი ფენა, მით უკეთესია ლეიბი. ზამბარიან ლეიბებს შორის უფრო გამოკვეთილი ორთოპედიული თვისებები აქვს მოდელებს, რომლებშიც ზამბარები ერთგვარ ბლოკებად არის განლაგებული, რაც "ტალღის ეფექტს" გამორიცხავს - თუ ერთ ზამბარას დავაწვებით, დანარჩენები არ შეირხევა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თავის ნახევარზე განუწყვეტლივ მბრუნავი მეუღლე ძილს ვერ დაგიფრთხობთ.
რა გვიშლის ხელს და რა გვეხმარება
- ავოკადო - მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით და ფოლიუმის მჟავათი, რომელთა დახმარებითაც ორგანიზმი გამოიმუშავებს "ძილის ჰორმონს" - მელატონინს.
- ბანანი - შეიცავს "ნატურალურ საძილე საშუალებას" ტრიპტოფანს. ნერვულ სისტემაზე მისი მოქმედება უზრუნველყოფს მშვიდ, უშფოთველ ძილს.
- ჩილი - მატებს მადას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, რის შედეგად წარმოშობილი შიმშილის გრძნობა აძნელებს დაძინებას, ამიტომ ერიდეთ ძილის წინ ცხარე საკვების მიღებას.
- შოკოლადი - ძლიერ აღაგზნებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, აღგზნებული ნერვული სისტემით კი ძილი შეუძლებელია, ამიტომ არ შეიძლება ღამით მისი მიღება. ისევე როგორც ყავისა, ჩაისა, კოკა-კოლასი - ეს სასმელები შეიცავს კოფეინს.
გაითვალისწინეთ ყველა რჩევა და სრულფასოვანი და ღრმა ძილი გარანტირებული გაქვთ.