ორგანოთა ფუნქციობის ნორმები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ორგანოთა ფუნქციობის ნორმები

ორგანოთა ფუნქციობის ნორმის ფორმები

არსებობს ორგანოთა ფუნქციობის ნორმის რამდენიმე ფორმა:

  • სტატისტიკური ნორმა;
  • კლინიკური ნორმა;
  • იდეალური ნორმა;
  • ფიზიოლოგიური ნორმა.

სტატისტიკური ნორმა ითვალისწინებს  და აღწერს, რამდენად არის გადახრილი ესა თუ ის მაჩვენებელი საშუალო ნორმის საზღვრებიდან. კლინიკურია ნორმა, რომელიც ადგენს ორგანოთა ფუნქციობის მაჩვენებლებს დაავადების გამოვლენის გარეშე. იდეალური ნორმა ასახავს ყველაზე ხელსაყრელ პირობებში ორგანოთა ფუნქციობის მახასიათებლებს. ფიზიოლოგიურია ნორმა, რომელზეც ესა თუ ის ორგანო და იმავდროულად ორგანიზმიც ინარჩუნებს თავის ფუნქციურ შესაძლებლობებს. როდესაც ორგანოები ნორმის ფარგლებშია, ეს იმას ნიშნავს, რომ შენარჩუნებულია ჰომეოსტაზი - ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობა, სხეულს შეუძლია ოპტიმალურად მუშაობა დამატებითი დაჭიმვისა და სარეგულაციო მექანიზმების ჩაურთავად, აუმოქმედებლად.

ნორმის საზღვრები

ნორმა შინაგანი გარემოსა და ორგანოების, ორგანოთა სისტემების მოქმედებათა პარამეტრების საშუალოსტატისტიკური მახასიათებელია, რომელიც ყოველი ადამიანისთვის ინდივიდუალურია, ამიტომ ნებისმიერ ნორმის მაჩვენებელს აქვს თავისი საზღვრები, მცირედ განსხვავებული საშუალო მაჩვენებლისგან. მაჩვენებელთა ამპლიტუდა სხვადასხვა ორგანოსთვის სხვადასხვაა. ზოგან იგი დიდია, ზოგან - მცირე. მაგალითად, ახალგაზრდა ადამიანის არტერიული წნევის მაქსიმალური მაჩვენებელი 110/120 მმ-ია. ამასთან, ის სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვაა, სიცოცხლის პირველ წელს სისტოლური წნევის ნორმა 95 მმ-ია, 5 წლის ასაკში - 100, 10 წლის ასაკში კი - 105. ნორმის მაჩვენებელი თავის საზღვრებში იცვლება დღეღამური რიტმის მიხედვითაც, მაგალითად, სხეულის ნორმალური ტემპერატურა 36-37 გრადუსია, ნორმასა და პათოლოგიაში ტემპერატურა ყველაზე დაბალია ნაშუაღამევის 2-5 სააათზე, ხოლო ყველაზე მაღალი - საღამოს 5-7 საათზე, ამიტომ ტემპერატურის გაზომვა საჭიროა დილის 7-8 საათსა და საღამოს 5-7 საათზე, ზოგჯერ კი ყოველ 2 საათში ერთხელ. ნორმის საზღვრებში დღეღამური რიტმის მიხედვით იცვლება სისხლში ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, ჰორმონების, კონცენტრაციაც.

როგორ ნარჩუნდება ნორმა

ადამიანის ორგანიზმზე მთელი სიცოცხლის განმავლობაში განუწყვეტლივ მოქმედებს ძლიერი ემოციური და ფიზიკური დატვირთვები, გეოფიზიკური ფაქტორები: დაბალი და მაღალი ტემპერატურა, გეომაგნიტური ველი, მზის რადიაცია. ამ პირობებში ნორმის შენარჩუნება საკმაოდ ძნელი იქნებოდა, რომ არა ფიზიოლოგიური სისტემები, რომლებიც მის მუდმივობას უზრუნველყოფს. ეს სისტემები ევოლუციის პროცესში ჩამოყალიბდა. ისინი სხვადასხვა მექანიზმით ხელს უწყობენ ჰომეოსტაზის შენარჩუნებას, რათა თითოეულ ორგანოს მუდმივად ჰქონდეს ოპტიმალური ფუნქციობისთვის საჭირო პირობები. სიმშვიდის ფაზაში ორგანოები და ორგანოთა სისტემები მინიმალური დატვირთვით, ფიზიკური დაძაბვის გარეშე მუშაობენ, გარეგან ფაქტორთა გავლენით კი ისინი ინტენსიური მუშაობის რეჟიმზე გადადიან, რომლის დროსაც დაძაბულობა შესაძლოა 10-ჯერაც კი გაიზარდოს. სწორედ ამ დროს ირთვება ფიზიოლოგიური საიმედოობის დამცავი მექანიზმები.

ორგანოში სტრუქტურული ელემენტების რეზერვი

ნებისმიერ ორგანოს აქვს სტრუქტურული ელემენტების რეზერვი. მათი რაოდენობა სხვადასხვა ორგანოში სხვადასხვაა. ესე იგი ყოველ ორგანოში გაცილებით მეტი მოფუნქციე ელემენტია, ვიდრე საჭიროა სიმშვიდის პირობებში მუშაობის უზრუნველსაყოფად. მაგალითად, დასვენებისას 1 მმ2 კუნთის ფართობზე დაახლოებით 30-მდე ღია კაპილარი (მორიგე კაპილარები) მუშაობს, მაქსიმალური დატვირთვისას კი კუნთის იმავე ფართობს 3000-მდე კაპილარი ამარაგებს სისხლით. სტრუქტურული ელემენტების რეზერვი ისეა შექმნილი, რომ როცა ერთნი მუშაობენ, მეორენი ისვენებენ. გულის კუნთში ერთდროულად ფუნქციობს კაპილართა 50% და ისვენებს იმდენივე. ღვიძლს სტრუქტურული ერთეულების ყველაზე დიდი რეზერვი აქვს. ამის ხარჯზე მას სერიოზული დანაკარგის პირობებშიც კი საკმაოდ დიდხანს შეუძლია ნორმალურ რეჟიმში მუშაობა.


დუბლირებული ორგანოები

ნორმალური მაჩვენებლების შენარჩუნებაში მნიშვნელოვანია დუბლირებული ორგანოების როლი. ამ შემთხვევაში ფუნქციები გაცილებით საიმედოდ სრულდება. ასეთებია: ფილტვები, თირკმელები, თვალი, ყური, ნერვული ტოტები და ღეროები, საკვერცხეები, სათესლეები. ერთის დაზიანების შემთხვევაში მეორეს შეუძლია, გაძლიერებული მუშაობის ხარჯზე საკუთარ თავზე აიღოს დაზიანებული მეწყვილის ფუნქცია, რათა ორგანიზმს ნაკლები ზიანი მიადგეს.

ადაპტაცია

ადაპტაცია რეაქციებისა და მექანიზმების კომპლექსია, რომელიც ორგანიზმს გარემოს მუდმივად ცვლად პირობებთან შეგუებას უადვილებს. ადაპტაციური რეაქციები შეიძლება იყოს თანდაყოლილიც და შეძენილიც. ისინი მოქმედებენ როგორც უჯრედულ, ისე ორგანულ, სისტემურ და ორგანიზმულ დონეზე. განსხვავებულია მათი მოქმედების ხასიათი და შინაარსიც, მაგალითად, სისტემატური ფიზიკური დატვირთვისას იზრდება კუნთები, ჟანგბადით ღარიბი ჰაერით სუნთქვის პირობებში სისხლში ქვეითდება ჰემოგლობინის დონე, იზრდება კაპილარების რაოდენობა ქსოვილებში და ფილტვების ვენტილაცია, რათა დაგროვილი ნახშირორჟანგი დროულად გამოიდევნოს სხეულიდან. დაბალი ტემპერატურის მოქმედებისას ჩქარდება ნივთიერებათა ცვლა.

რეგენერაცია

რეგენერაცია განახლებაა, აღდგენა - პროცესი, რომლის დროსაც დაზიანებული ორგანო ან ქსოვილი აღდგება დარჩენილი ჯანმრთელი უჯრედების გამრავლების ხარჯზე ან მოხდება მათი რაოდენობრივი ზრდა ახალი სტრუქტურული ელემენტების სინთეზის შემდეგ. მაგალითად, ორგანიზმში ყოველ 80 დღეში ახლდება ცილების 50%, ყოველდღიურად განახლებას განიცდის კანის 5% და ა.შ.

ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების ეკონომიური ფუნქციობა

ორგანოები საკმაოდ ეკონომიურად ფუნქციობენ. ამაში მათ მრავალი მექანიზმი ეხმარება. მაგალითად, გული სიმშვიდისას წუთში 60-80-ჯერ იკუმშება, სწრაფი სირბილისას კი 150-200-ჯერ. სიმშვიდისას, კომფორტული ტემპერატურის პირობებში და უზმოზე ორგანიზმი საათში 70 კილოკალორიას ხარჯავს, მძიმე ფიზიკური სამუშაოს შესრულებისას კი 600-ს და მეტს, ანუ ენერგიის ხარჯვა 8-10-ჯერ იზრდება. ეკონომიური მუშაობის კლასიკური მაგალითია ჰორმონები - სისხლში მინიმალური კონცენტრაციით მოხვედრის შემთხვევაშიც კი ისინი საკმაოდ ძლიერ რეაქციებსა და ცვლილებებს იწვევენ.

ორგანოთა სარეგულაციო მექანიზმები

ჰომეოსტაზის შენარჩუნებაში დიდია ორგანოთა სისტემების სარეგულაციო ჰუმორული, ნერვული და კუნთური მექანიზმების როლიც.

პათოლოგიის ფორმები

როდესაც ორგანოთა ფუნქციობა იცვლება და უწინდელ მაჩვენებლამდე მათი თავისთავად დაბრუნება შეუძლებელი ხდება, ორგანიზმში პათოლოგიური მდგომარეობა ვითარდება. პათოლოგიამდე ორგანიზმი გაივლის შემდეგ ფუნქციურ მდგომარეობებს:

1. ფიზიოლოგიური ნორმის მდგომარეობა - ამ დროს ადაპტაცია დამაკმაყოფილებელია, ორგანიზმის ფუნქციური შესაძლებლობები - მრავლობითი და საკმარისი. ჰომეოსტაზი ნარჩუნდება სარეგულაციო სისტემების მინიმალური დაძაბვის ხარჯზე.

2. ნოზოლოგიამდელი მდგომარეობა - გარემოსთან წონასწორობის შესანარჩუნებლად აუცილებელია რესურსების მობილიზება, რაც სარეგულაციო მექანიზმების დაძაბვას მოითხოვს. ორგანიზმის ადაპტაციური მექანიზმები დაქვეითებულია, ადაპტაციის უნარი - რამდენადმე შესუსტებული, ჰომეოსტაზი მხოლოდ სარეგულაციო მექანიზმების დაძაბვის ხარჯზე ნარჩუნდება.

3. პრემორბიდული მდგომარეობა - ამ დროს ორგანიზმის ადაპტაციის უნარი გარემოს ცვლადი ფაქტორების მიმართ არადამაკმაყოფილებელია. ორგანიზმის ფუნქციური მდგომარეობა დაქვეითებულია, ჰომეოსტაზი ნარჩუნდება სარეგულაციო მექანიზმების საგრძნობი დაძაბვის ხარჯზე და საკომპენსაციო მექანიზმების დახმარებით. პრემორბიდულ მდგომარეობებს შეიძლება მივაკუთვნოთ მრავალი ფუქციური დაავადება, ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია, ფსიქოემოციური მოშლილობები, სისხლძარღვოვანი  დარღვევები და სხვა.

4. საადაპტაციო მექანიზმების მოშლა, ორგანიზმის ფუნქციური მდგომარეობა საგრძნობად არის დაქვეითებული, როგორც ორგანულ, ისე ორგანოთა სისტემურ დონეზე იწყება სპეციფიკური პათოლოგიური ცვლილებები - ვითარდება დაავადება.