როგორ მოვემზადოთ ექიმთან ვიზიტისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვემზადოთ ექიმთან ვიზიტისთვის

მოგეხსენებათ, დღეს ექიმის სამუშაო განრიგი მკაცრად არის განსაზღვრული. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიღებული რეკომენდაციის თანახმად, ექიმმა ერთ პაციენტს 15-20 წუთი უნდა დაუთმოს. ამ რეკომენდაციას უკვე ჩვენს კლინიკებშიც იზიარებენ და პაციენტებსაც, რომელთათვისაც, თანამედროვე ცხოვრების ტემპის გათვალისწინებით, ყოველი წუთი ძვირფასია, ექიმთან ვიზიტზე სწორედ ასეთი ინტერვალით იბარებენ. 15-20 წუთი ნამდვილად არ არის ბევრი, ამიტომ უნდა ვიცოდეთ, როგორ გამოვიყენოთ რაციონალურად ეს წუთები. უწინარეს ყოვლისა, ავადმყოფმა უნდა მოახერხოს, დროის ამ მონაკვეთში ლაკონიურად ჩამოაყალიბოს თავისი პრობლემები, რაც სულაც არ არის იოლი, ამიტომ სპეციალისტები გვთავაზობენ რეკომენდაციებს ექიმთან ვიზიტისთვის მოსამზადებლად. დაფიქრდით, რისთვის დაგეგმეთ ვიზიტი და შეადგინეთ გეგმა, რაზე და როგორ ისაუბროთ, რომ თქვენთვის გამოყოფილი დრო ექიმმა რაციონალურად დახარჯოს. საზღვარგარეთ მიღებულია, მრავალი პრობლემის შემთხვევაში შესთავაზონ პაციენტს 2-3 უმნიშვნელოვანესის გამოყოფა, ხოლო დანარჩენების მოსაგვარებლად კიდევ ერთი ვიზიტის დაგეგმვა. ჩვენთვის ასეთი მიდგომა უცხოა, უფრო მეტიც - მიუღებელია. პაციენტთა უმრავლესობას სურს, ერთი ვიზიტი ამყოფინოს ექიმთან საუბარს, გასინჯვას, ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ გამოკვლევას, სპეციალისტის კონსულტაციას და დიაგნოზიც იმ დღესვე გაიგოს. მიუხედავად დიდი სურვილისა, ეს შეუძლებელია.

ავადმყოფობის ისტორია

განურჩევლად იმისა, ექიმთან ერთჯერად ვიზიტზე მიბრძანდებით თუ, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სისტემატურად აპირებთ სიარულს, ექიმი ვალდებულია, შეადგინოს თქვენი ავადმყოფობის ისტორია. მის შესავსებად აუცილებელია, რამდენიმე კითხვას უპასუხოთ. ნუ იფიქრებთ, რომ ეს უბრალო ფორმალობაა. ავადმყოფობის ისტორიაში არსებული მონაცემები ნამდვილად გვეხმარება კვლევისა და მკურნალობის პროცესში. დროის ოპტიმალურად გამოყენებისთვის გირჩევთ, ექიმთან მისვლამდე წინასწარ დააზუსტოთ:

  • რომელი ინფექციური დაავადებები გაქვთ გადატანილი;
  • რა ოპერაციული ჩარევა გაქვთ გადატანილი (აპენდექტომია - ბრმა ნაწლავის ოპერაცია, გინეკოლოგიური ოპერაცია - საშვილოსნოსა და საკვერცხეების ამოკვეთა, ნაღვლის ბუშტის ოპერაცია და ა. შ.);
  • გქონიათ თუ არა ოდესმე ალერგიული რეაქცია, როგორ გამოვლინდა ალერგია (კანზე გამონაყარი, ქავილი, სურდო, ხიხინის შეტევა, ანაფილაქსიური შოკი). თუ მიგაჩნიათ, რომ ალერგია მედიკამენტმა გამოიწვია, ეცადეთ, გაიხსენოთ ან დააზუსტოთ მისი დასახელება. ეს არ არის ნაკარნახევი ექიმის უბრალო ცნობისმოყვარეობით; ალერგიის გამომწვევი მედიკამენტის დასახელება უნდა იცოდეთ, რათა თავიდან აიცილოთ მისი განმეორებითი მიღება - ეს შესაძლოა საბედისწერო გახდეს. თუ დასახელების დამახსოვრება გიჭირთ, სასურველია, ჩაიწეროთ;
  • რამდენ ღერ სიგარეტს ეწევით დღეში, რამდენ ფინჯან ყავას ან ჩაის სვამთ;
  • რამდენ ალკოჰოლს იღებთ;
  • გადატანილი გაქვთ თუ არა ა ჰეპატიტი (ბოტკინი), გაქვთ თუ არა ჩატარებული მკურნალობა ტუბერკულოზის გამო;
  • მშობლებისა და და-ძმების ის დაავადებები, რომელთა აღმოცენებაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს გენეტიკა (ჰიპერტენზია, დიაბეტი, გულის იშემიური დაავადება, ინსულტი).

შემდგომი ეტაპი წარსულში არსებული დაავადებების გახსენებაა. ეცადეთ გონება დაძაბოთ და მოიგონოთ, რა დაავადებების გამო გაქვთ ჩატარებული მკურნალობა, რის გამო მოხვდით საავადმყოფოში, რომელი კვლევები ჩაგიტარდათ დიაგნოსტიკის მიზნით და რა სამკურნალო რეჟიმი იქნა შერჩეული. თუ ხელთ გაქვთ ჩატარებულ გამოკვლევათა მონაცემები, ექიმის დანიშნულებები, ნუ დაიზარებთ თან წაღებას. ნუ დაირცხვენთ, თუ ფურცლები გაცრეცილი და ძველია. ინფორმაცია, რომელიც მათი მეშვეობით შეიძლება მივიღოთ, არცთუ იშვიათად ფასდაუდებელია. შესაძლოა, ასეთი ჩანაწერები საკმაოდ სქელ დასტას ქმნიდეს. ნუ მოჰყვებით მათ დახარისხებას, ჯობს, ეს ექიმს მიანდოთ, რადგან საჭირო მონაცემებს შესაძლოა სწორედ თქვენი აზრით უმნიშვნელო ფურცლები შეიცავდეს. შესაძლოა, ექიმთან ვიზიტის მომენტისთვის მკურნალობას უკვე იტარებდეთ. ამ შემთხვევაში აუცილებელია, ჩაიწეროთ და გააცნოთ ექიმს ყველა მედიკამენტის დასახელება. შეგიძლიათ, ვიზიტზე უშუალოდ პრეპარატები წაიღოთ პატარა პარკით, რათა ექიმმა შეაფასოს თქვენი მკურნალობა. გაითვალისწინეთ: მნიშვნელოვანია ინფორმაცია საკვები დანამატების (ე. წ. ბადების) და ფიტოპრეტარატების შესახებაც, რადგან არცთუ იშვიათად ისინიც ახდენენ გავლენას მედიკამენტების მეტაბოლიზმზე. აცნობეთ ექიმს თქვენი ქრონიკული დაავადებების (მაღალი წნევის, დიაბეტის, გულის იშემიური დაავადების, სიმსივნის) შესახებ.

ვიზიტის მიზეზი

ყოველივე ამის შემდეგ კი უშუალოდ თქვენს ჩივილებთან დაკავშირებული საკითხები უნდა დააზუსტოთ.

  • ეცადეთ, ზუსტად მიუთითოთ, რა გაწუხებთ  - ტკივილი, სიმძიმე, სისუსტე, ჰაერის უკმარისობა...
  • ტკივილის შემთხვევაში აუცილებლად დააზუსტეთ მისი ლოკალიზაცია, სიძლიერე, დააკვირდით, რა აძლიერებს ან ამცირებს მას.
  • ეცადეთ, ამგვარადვე აღწეროთ სხვა ჩივილებიც.
  • ექიმთან საუბრისას მხოლოდ ჩივილები აღწერეთ, ნუ ეცდებით მათი წარმოშობის ახსნას, მაგალითად, ასე: "მოუნელებლობა მაქვს და ეს ქოლეცისტიტის ბრალია". ჩივილების ნაცვლად დიაგნოზის მითითებას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ ეს დიაგნოზი სამედიცინო დაწესებულებაშია დასმული.
  • ხშირად პაციენტს უჭირს, ექიმს დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს საკუთარი შეგრძნებებისა და ჩივილების თაობაზე. ეს სავსებით ბუნებრივია. მსგავს შემთხვევებში ექიმი ცდილობს, კონკრეტული შეკითხვების მეშვეობით მოიპოვოს ინფორმაცია. ეცადეთ, ზუსტად და ადეკვატურად უპასუხოთ მას. მაგალითად, თუ ექიმი კითხულობს: "ძლიერდება თუ არა ტკივილი გულმკერდში ფიზიკური დატვირთვისას?" - პასუხი "ყველაფერთან ერთად შეკრულობა მაქვს და საფაღარათოებს ვიღებ" მისთვის არაფრისმთქმელი იქნება.

რასაკვირველია, ექიმთან საუბარი დაკითხვაზე ჩვენების მიცემა არ არის. ავადმყოფობით დაღლილ და შეწუხებულ ადამიანს შესაძლოა გაუჭირდეს ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება. ამ შემთხვევაში აუცილებელია, საუბარი მომდევნო შეხვედრის დროს გაგრძელდეს, ჩვენ კი უნდა შევეგუოთ აზრს, რომ სრულყოფილი დიაგნოსტიკა და სათანადო მკურნალობის შერჩევა ხანგრძლივი პროცესია და ამისთვის შეიძლება რამდენიმე ვიზიტი გახდეს აუცილებელი.


პაციენტის შეკითხვები

ბუნებრივია, თქვენც გაქვთ კითხვები ექიმთან. კარგი იქნება, თუ მათ ფურცელზე ჩამოწერთ - არ დაგავიწყდებათ. პაციენტს უმეტესად აინტერესებს:

  • რა არის მისი ჩივილების შესაძლო მიზეზი;
  • მისი ჩივილი ერთი დაავადების ნიშანია თუ სხვადასხვა მდგომარეობასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული;
  • რა სახის გამოკვლევა ან გამოკვლევებია საჭირო;
  • რამდენად ზუსტია ისინი დიაგნოსტიკის თვალსაზრისით;
  • რამდენად უსაფრთხოა;
  • როგორ განვითარდება დაავადება მკურნალობის ფონზე და მის გარეშე;
  • არის თუ არა მდგომარეობის გაუარესების რისკი;
  • როდის არის საჭირო მომდევნო ვიზიტი;
  • რა გვერდითი ეფექტები აქვს მედიკამენტებს;
  • როგორია გამოკვლევის შედეგი.

ხანშიშესულთა ვიზიტი ექიმთან

შესაძლოა იფიქროთ, რომ პაციენტის ასაკის ხაზგასმა უადგილოა, მაგრამ რეალურად ასე არ არის. ხანდაზმულთა ვიზიტს რამდენიმე თავისებურებები ახასიათებს:

  • რაც უფრო ხანდაზმულია ადამიანი, მით მეტ ინფორმაციას შეიცავს ავადმყოფობის ისტორია, შესაბამისად, პაციენტსაც მეტი აქვს მოსაყოლი ექიმისათვის.
  • ხანდაზმული პაციენტები ბევრ მედიკამენტს იღებენ და არცთუ იშვიათად მათი სახელწოდებები არც კი იციან.
  • ხანში შესულებს ხშირად აქვთ მეხსიერების დარღვევები, ამიტომ უჭირთ ზოგიერთი დიაგნოზისა თუ სამკურნალო ღონისძიების გახსენება.
  • ასაკთან ერთად მრავლდება ქრონიკული დაავადებები და იზრდება მათი გართულების საფრთხე, ამიტომ პაციენტთან საუბრისთვის, მისი გამოკვლევისათვის უფრო მეტი დროა საჭირო.
  • ხანში შესულ პაციენტს ზოგჯერ უჭირს მეტყველების კონტროლი, ის ხშირად იმეორებს ერთსა და იმავეს, ჰყვება უმნიშვნელო დეტალებს. ზოგჯერ ამის მიზეზი ადამიანებთან ურთიერთობის, აუდიტორიის დეფიციტია.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, აუცილებელია დავსახოთ ღონისძიებები, რათა ხანდაზმულთა ვიზიტი ექიმთან მაქსიმალურად ეფექტური იყოს. ურიგო არ იქნება, მოხუცს ექიმთან წაჰყვეს პირი, რომელსაც ყველაზე მეტი ინფორმაცია აქვს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. გასაგებია, რომ, ცხოვრების დღევანდელი რიტმიდან გამომდინარე, ეს ყოველთვის ვერ მოხერხდება. ასეთ დროს ჯობს პაციენტს დავეხმაროთ სათანადო ჩანაწერების შეგროვებაში, მასთან ერთად ჩამოვწეროთ მედიკამენტების სახელწოდებები, მივუთითოთ დიაგნოზები.

გადაუდებელი ვიზიტი

ზოგჯერ ავადმყოფობა მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით მოულოდნელია. ასეთ დროს განსაკუთრებული მობილიზაციაა საჭირო, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ექიმთან ვიზიტის ყოველი წუთი. სანამ კაბინეტში მოვხვდებოდეთ, უნდა ჩამოვაყალიბოთ პასუხი შემდეგ კითხვებზე:

  • ადრე გქონიათ თუ არა ის პრობლემა, რომლის გამოც ახლა მიხვედით ექიმთან?
  • როდის იჩინა თავი სიმპტომებმა?
  • შეგიძლიათ თუ არა, მიუთითოთ, სხეულის რომელ ნაწილშია პრობლემა?
  • რამდენად ხანგრძლივი და მუდმივია ჩივილი?

შეეცადეთ, დეტალურად აღწეროთ თქვენი ჩივილი:

  • რა აუარესებს მდგომარეობას?
  • რა აუმჯობესებს მდგომარეობას?
  • როდის აღმოცენდება ჩივილი?
  • ტკივილის 0-დან 5-მდე სკალით შეფასება რომ ვცადოთ, რამდენ ქულას მიანიჭებდით მას?

ჯობს, თავიდან ავიცილოთ...

სავსებით გასაგებია ყველა პაციენტის სურვილი, ექიმისთვის მისი პრობლემა იყოს უმთავრესი, მაქსიმალური დრო და ყურადღება სწორედ მას დაუთმოს, თუმცა რეალობა სხვაგვარია: თანამედროვე ექიმი სამუშაო დღის განმავლობაში, სულ ცოტა, ათ, ზოგიერთ კლინიკაში კი გაცილებით მეტ პაციენტს იღებს. ნუ ვიფიქრებთ, რომ მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში ხდება ასე და ცუდი მენეჯმენტის ბრალია - მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში ექიმს გაცილებით მეტი პაციენტის მიღება უხდება. ასეთი დატვირთვის პირობებში, უპირველეს ყოვლისა, სწორედ პაციენტის ინტერესებში შედის, ექიმს უმნიშვნელო დეტალებზე საუბრით არ გაუფანტოს ყურადღება. მაგალითად, ექიმისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდის დაგეწყოთ მუცლის ტკივილი, იყავით თუ არა ამ დროს მშიერი, რა ჭამეთ მანამდე, რომელი მედიკამენტი მიიღეთ და გამოიღო თუ არა ამან შედეგი. ერთი სიტყვით, მნიშვნელოვანია უშუალოდ ჩივილთან დაკავშირებული ყველა ფაქტი, მაგრამ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, როგორ აიღეთ ხელში ყურმილი, რათა სასწრაფო გამოგეძახებინათ, როგორ მოვიდა თქვენი მეზობელი და რა გითხრათ, შეწუხებული რომ გნახათ, როგორ ჩაიცვით ტანსაცმელი და ასე შემდეგ. მით უფრო არ არის საჭირო ამ უმნიშვნელო ფაქტების მრავალგზის გამეორება - ფუჭად დაკარგავთ დროს და ყურადღებას გაუფანტავთ ექიმს, რომელსაც შესაძლოა ამის გამო მნიშვნელოვანი დეტალები გამორჩეს.

გულახდილი საუბარი

ჩვენი საუბრის შედეგად შესაძლოა დაგრჩეთ შთაბეჭდილება, რომ ექიმთან გულახდილ საუბარს გიკრძალავთ. რასაკვირველია, ასე არ არის. ძალზე მნიშვნელოვანია, ექიმმა თქვენი პირადი პრობლემების შესახებაც იცოდეს, მით უფრო - თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი დაავადება შეიძლება მათი ბრალიც იყოს. ასეთ დროს ექიმი ყურადღებით მოგისმენთ, მაგრამ დიდია ალბათობა, რომ პრობლემათა მოგვარებაში რეალური დახმარება ამან ვერ გაგიწიოთ, რადგან ასეთ ვითარებაში კომპეტენტური პირი არა ექიმი, არამედ ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტია.