პრაქტიკული რჩევები
ბლოკნოტი გამოგადგებათ ექიმის კაბინეტშიც, რათა დეტალურად ჩაიწეროთ მისი რეკომენდაციები, წამლების მიღების სიხშირე, დოზირება და სხვა საჭირო ინფორმაცია, მათ შორის - ისიც, როგორ მოემზადოთ გამოკვლევისთვის და დაგეგმოთ მომავალი ვიზიტი.
კითხვების ჩამონათვალი
1. რისი ბრალია ჩემი ჯანმრთელობის გაუარესება?
2. ძირითადის გარდა, ხომ არ არსებობს სხვა, ნაკლებმნიშვნელოვნი მიზეზი?
3. რომელი გამოკვლევები დამჭირდება?
4. (თუ თანმხლები დაავადებაც გაქვთ) როგორ შეეთავსება ერთმანეთს რამდენიმე დაავადების მკურნალობა?
5. რა მეკრძალება?
6. აქვს თუ არა ანალოგები ექიმის მიერ დანიშნულ წამლებს?
7. ხომ არ მოეპოვება ექიმს რაიმე ბროშურა, საიდანაც ამ დაავადების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი?
8. ხომ არ შეუძლია, მოგცეთ ინტერნეტში თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის შემცველი საიტის მისამართი?
ვიზიტის დღეს
- არ დაგავიწყდეთ წინასწარ დარეკვა და ვიზიტის დროის დაზუსტება.
- თან იქონიეთ წინა გამოკვლევების პასუხები, სამედიცინო დაზღვევის ბარათი და პირადობის მოწმობა.
- თუ ღელავთ და გგონიათ, რომ ექიმმა შესაძლოა რაიმე არასასიამოვნო გაუწყოთ, გირჩევთ, ახლობელი წაიყოლოთ.
- გირჩევთ, კლინიკაში რამდენიმე წუთით ადრე მიბრძანდეთ.
- ყურადღებით გაეცანით დამატებით ინფორმაციას, რომელიც გამოკრულია კედელზე ან დევს პაციენტებისთვის განკუთვნილ მაგიდაზე.
- შეგიძლიათ, ეს დრო გამოიყენოთ ჩანაწერების გადასათვალიერებლად. შესაძლოა, ამ მომენტში ახალი კითხვაც დაგებადოთ.
- წინასწარ მოამზადეთ ტანსაცმელი. ის მოხერხებული უნდა იყოს, რათა საჭიროების შემთხვევაში ადვილად გაიხადოთ და ექიმს წნევის გაზომვაში, ფილტვებისა თუ გულის ტონების მოსმენაში ხელი არ შეეშალოს.
- ვიზიტის წინ ჩაიტარეთ ჩვეული ჰიგიენური პროცედურები. ნაწლავები და შარდის ბუშტი უმჯობესია დაცლილი იყოს. წინა დღეს ნუ მიირთმევთ აირების წარმომქმნელ საკვებს.
- გინეკოლოგთან ან პროქტოლოგთან ვიზიტისას უმჯობესია თან წაიღოთ წინდები, რათა სავარძელზე წოლისას არ შეგცივდეთ.
- ნუ შეგრცხვებათ რაიმეს კითხვის, დაუსვით ექიმს თქვენთვის საინტერესო ყველა შეკითხვა.
- შეგიძლიათ სთხოვოთ ექიმს, ჩამოგიწეროთ რეკომენდაციები, რომლებიც მოგცათ.
- ეს რეკომენდაციები ექიმის კაბინეტშივე გადაიკითხეთ და თუ რამე გაუგებარი აღმოჩნდა, მაშინვე გაარკვიეთ.
- დასასრულ, კიდევ ერთხელ დააზუსტეთ წამლების მიღების განრიგი და მომდევნო ვიზიტის დრო.
- იმ შემთხვევისთვის, თუ შინ დაბრუნებულს რაიმე ეჭვი ან კითხვა გაგიჩნდათ, გამოართვით ექიმს ტელეფონის ნომერი.
ამგვარად ექიმთან ვიზიტი გაცილებით შედეგიანი გახდება და შესაძლოა, ექიმსა და პაციენტს შორის საუკეთესო ურთიერთობასაც ჩაუყაროს საფუძველი.