სავალდებულო გამოკვლევები
- ჩვენს ქვეყანაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე ევროპაში, ამერიკასა თუ იაპონიაში, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა კი გაცილებით მცირე, და ყოველივე ეს - მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს თანამემამულეთა უმრავლესობა ისე უვლის გვერდს ექიმის კაბინეტს, აზრადაც არ მოსდის, სიცოცხლეში ერთხელ მაინც მანამდე შეაღოს იგი, ვიდრე რამე შეაწუხებდეს. ჩვენი საზოგადოება, როგორც წესი, იგნორირებას უწევს სპეციალისტთა რეკომენდაციებს სავალდებულო გამოკვლევათა თაობაზე და ამიტომ ბევრს წარმოდგენაც არ აქვს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. არსებობს ნუსხა გამოკვლევებისა, რომლებიც ყველამ უნდა ჩაიტაროს წელიწადში 1-2-ჯერ, განსაკუთრებით - 50 წლიდან. უპირველეს ყოვლისა, ესენია გულ-სისხლძარღვთა გამოკვლევები, რადგან ჯანმრთელი გული და სისხლძარღვები, მოწესრიგებული სისხლის მიმოქცევა ყველა ორგანოსა და ორგანოთა სისტემის სრულფასოვანი ფუნქციობის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. მდგომარეობის კონტროლისთვის აუცილებელია, 30 წლიდან ადამიანმა 2 წელიწადში ერთხელ გადაიღოს ელექტროკარდიოგრამა და ზუსტად იცოდეს საკუთარი არტერიული წნევის მაჩვენებელი. კარდიოგრამის გადაღება აუცილებელია ვირუსული დაავადების შემდეგაც. თუ არტერიული წნევის მაჩვენებელი აჭარბებს 140/90 მმ ვწყ სვ-ს, აუცილებელია ექიმთან დამატებითი ვიზიტი და მკურნალობა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის ერთ-ერთი დაუძინებელი მტერი ათეროსკლეროზული პროცესია. ეს პათოლოგია რომ არ გამოგვეპაროს, აუცილებელია, ადამიანმა 30 წლიდან 5 წელიწადში ერთხელ გაიზომოს სისხლში ქოლესტერინის მაჩვენებელი, საჭიროების შემთხვევაში კი უფრო ხშირადაც. ამასთან, უნდა გაირკვეს ტრიგლიცერიდების, "კარგი" და "ცუდი", დაბალი და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების დონე. ამავე ასაკიდან აუცილებელია მხედველობის შემოწმება: 40 წლამდე - 2-3 წელიწადში ერთხელ, 40 წლიდან კი ყოველ 1-2 წელიწადში. თანაც ეს სჭირდება ყველას - არა მხოლოდ მათ, ვინც სათვალეს ატარებს. მხედველობის ორგანოს გამოკვლევა აუცილებელია კატარაქტის, გლაუკომის და თვალის ასაკობრივი მაკულოდისტროფიის დროულად აღმოსაჩენად. ეს უკანასკნელი პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც აზიანებს მხედველობის ცენტრალურ ანალიზატორს და იწვევს თვალისჩინის თანდათანობით კლებას. მხედველობის ორგანოს კვლევისას შესაძლოა აღმოვაჩინოთ თავის ტვინში ფარულად მიმდინარე პათოლოგიური პროცესის თანმხლები ქალასშიდა წნევის მატებაც. იგივე ითქმის სტომატოლოგიურ კვლევაზეც - სტომატოლოგთან ვიზიტი აუცილებელია 1-2 წელიწადში ერთხელ. თანაც ეს მხოლოდ კარიესის პროფილაქტიკისთვის როდია საჭირო - ამგვარი შემოწმებისას სტომატოლოგი ხშირად აღმოაჩენს პირის ღრუსა და ლორწოვანი გარსის ისეთ დაავადებებს, რომლებიც შესაძლოა სხვა, გაცილებით საშიში პათოლოგიების წინაპირობას წარმოადგენდეს.
ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკა
- ჰაერგამტარი გზებისა და ფილტვების, აგრეთვე შუასაყრის სიმსივნეების პროფილაქტიკისთვის მნიშვნელოვანია გულმკერდის ღრუს გამოკვლევა, რომელიც საჭიროა 25 წლიდან 3 წელიწადში ერთხელ, ხოლო 40 წლიდან - ყოველწლიურად. 40-50 წელს გადაცილებული ქალებისთვის აუცილებელია ყოველწლიურად მამოგრამის გადაღება. 50 წელს გადაცილებულმა მამაკაცებმა წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტარონ წინამდებარე ჯირკვლის ექოსკოპიური კვლევა და გაიკეთონ ანალიზი პროსტატის სიმსივნის სპეციფიკური ანტიგენის აღმოსაჩენად.
სქესობრივი ჯანმრთელობა
- როდესაც ადამიანი სქესობრივად აქტიურია, სქესობრივი პარტნიორის შეცვლის შემდეგ საჭიროა გამოკვლევა უროგენიტალურ ქლამიდიოზზე, აგრეთვე ბაქტერიოსკოპული და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევები სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების აღმოსაჩენად. პაპილომავირუსზე გამოკვლევა 30 წელს გადაცილებულებმა წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტარონ. ასევე 30 წელს გადაცილებულებმა წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტარონ პაპ-ტესტი, ხოლო 3 უარყოფითი პასუხის შემდეგ - 2-3 წელიწადში ერთხელ. ამ მეთოდით შესაძლებელია სიმსივნური უჯრედების აღმოჩენა საშოსა და საშვილოსნოს ყელში. 20 წელს გადაცილებულთათვის წელიწადში ერთხელ აუცილებელია მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევა. არანაკლებ მნიშვნელოვანია გამოკვლევა ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივის განსაზღვრის მიზნით. 50 წელს გადაცილებულ ქალებში ოსტეოპოროზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. იგი მენოპაუზის პერიოდში და ზოგიერთი პრეპარატის ხანგრძლივი მიღების შემდეგ იჩენს თავს. ის, ვისაც აწუხებს დისბაქტერიოზი, ენტეროკოლიტი, მეტეორიზმი, ქრონიკული დიარეა ან ყაბზობა, ბუასილი, სწორი ნაწლავის ნახეთქები, 50 წლამდე ორ წელიწადში ერთხელ უნდა ესტუმროს პროქტოლოგს, ხოლო 50 წლიდან - წელიწადში ერთხელ.
ენდოკრინული დაავადებების პროფილაქტიკა
- 25 წლიდან 3 წელიწადში ერთხელ საჭიროა სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრა, ხოლო მომატებული მაჩვენებლის შემთხვევაში - გაცილებით ხშირად. ასევე აუცილებელია ორსულობამდე ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონთა დონის დადგენა. პერიოდულობა საჭიროების მიხედვით განისაზღვრება.
დატვირთული მემკვიდრეობა
- არსებობს სპეციალური პროფილაქტიკური გამოკვლევები მათთვის, ვისი პირველი ხარისხის ნათესავსაც სიმსივნური პათოლოგიები ჰქონდა ან აქვს. მაგალითად, სარძევე ჯირკვლის სიმსივნის შემთხვევაში აუცილებელია გაიაროთ გულმკერდის ღრუს კლინიკური დათვალიერება წელიწადში ორჯერ, ხოლო მამოგრაფიის გადაღება დაიწყოთ იმ ასაკზე 10 წლით ადრე, რომელშიც თქვენს ნათესავს სიმსივნე აღმოაჩნდა. მსხვილი ნაწლავის სიმსივნის შემთხვევაში აუცილებელია, 40 წლიდან 5 წელიწადში ერთხელ ჩაიტაროთ კოლონოსკოპია. გამოკვლევა ასეთივე პერიოდულობით არის საჭირო მათთვის, ვის ნათესავსაც ნაწლავთა პოლიპოზი ჰქონდა. დიაბეტით დატვირთული მემკვიდრეობის შემთხვევაში 30 წლიდან აუცილებელია ყოველწლიური გამოკვლევა სისხლში შაქრის შემცველობაზე. საკვერცხის კიბოს შემთხვევაში 30-35 წლიდან წელიწადში ერთხელ საჭიროა ტრანსვაგინალური ულტრაბგერითი გამოკვლევა და სიმსივნური ანტიგენ ჩA-125 ანალიზი. კანის კიბოთი დატვირთული მემკვიდრეობის შემთხვევაში საჭიროა დერმატოლოგთან ვიზიტი წელიწადში ერთხელ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ოჯახურ ანამნეზში იყო მელანომის შემთხვევები, თქვენ კი გაქვთ მრავალი ხალები, გარქოვანებული კანის შრეები და სხვა. დღეს ანალიზების ბუმია, რაც ერთგვარი გამოძახილია იმისა, რომ ხალხი ანალიზების ჩაბარებით დიაგნოზის გაგებას ცდილობს. სინამდვილეში ანალიზი სულაც არ არის დიაგნოზი; ის მხოლოდ ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს ასახავს. რომელი დაავადებაა ამ პროცესთა მიზეზი და რამდენად საშიშია იგი, ამის განსაზღვრა მხოლოდ ექიმს შეუძლია, ისიც - კომპლექსური გამოკვლევის შემდეგ, რომელიც, ჩვეულებრივ, სამი ეტაპისგან შედგება:
1. პაციენტთან საუბარი და მისი დათვალიერება;
2. ლაბორატორიული ანალიზები;
3. დიაგნოსტიკის ფუნქციური მეთოდები.
თავად ლაბორატორიული გამოკვლევაც არ იძლევა 100 პროცენტით საიმედო პასუხს, ვინაიდან ლაბორატორიული კვლევა - ეს ქიმიური რეაქციაა, რომლის დროსაც ცდომილებებისგან დაზღვეული არავინ არის, ამიტომ ნუ აჰყვებით "კეთილ" რჩევებს, ჩაიტარეთ მხოლოდ და მხოლოდ ექიმის მიერ მითითებული ანალიზი. ვინც ნამდვილად უფრთხილდება საკუთარ ჯანმრთელობას, აუცილებლად ჩაიტარებს სავალდებულო პერიოდულ გამოკვლევებს. გონიერმა ადამიანმა კარგად იცის, რომ გაცილებით უკეთ ექვემდებარება მკურნალობას ადრეულ სტადიაში აღმოჩენილი პათოლოგიური პროცესები. ბევრ დაავადებას ახასიათებს ფარული მიმდინარეობა და როცა გამოვლინდება, უკვე ძალზე საშიშია, გამოცდილი ექიმი კი გამოკვლევისას დროულად იეჭვებს მის არსებობას და ორგანიზმში მიმდინარე ნებისმიერ არაჯანსაღ ცვლილებას მანამდე აღმოფხვრის და დაამარცხებს, ვიდრე იგი ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მიყენებას მოასწრებდეს.