იცით თუ არა, რომ...
მამაკაცთა უშვილობას ფაფებით ებრძვიან
მამაკაცებს, რომელთაც სპერმის წარმოქმნა დაქვეითებული აქვთ, ხოლო მისი ხარისხობრივი მაჩვენებლები - გაუარესებული, სპეციალისტები რაციონში ფაფების ჩართვას ურჩევენ - თურმე სპერმის ხარისხი კვებაზე უშუალოდ ყოფილა დამოკიდებული. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მხრივ ფოლიუმის მჟავათი ორგანიზმის სათანადო მომარაგებაა. ფოლიუმის მჟავას უხვი შემცველობით გამოირჩევა მარცვლოვანი კულტურები, შვრია, წიწიბურა, ბურღულეული, ასე რომ, მამაკაცებო, გაითვალისწინეთ - უშვილობას ფაფებით ებრძვიან.
ნამდვილ ოსტატს წლები ქმნის (გამოცდილების ბანკი)
ადამიანი წლების განმავლობაში მიღებული პრაქტიკული გამოცდილების წყალობით ხშირად იღებს გაუცნობიერებელ, თუმცაღა მართებულ გადაწყვეტილებებს. ჯერ კიდევ ძველ ინდოეთში უთქვამთ, ნამდვილ ოსტატს მხოლოდ წლები ქმნისო, მაგრამ იმ დროს არ იცოდნენ, რომ ყოველივე ამას საფუძვლად თავის ტვინში მიმდინარე ბიოქიმიური რეაქციები უდევს, რაც საბოლოოდ ადამიანის ინტუიციად წოდებულ უნარს წარმოქმნის. თურმე ადამიანი ქვეცნობიერ დონეზე ინახავს სურათებს, გამოსახულებებსა და სენსორული სიგნალების ნაკრებს, რომლებსაც გადაწყვეტილების მიღებისას იყენებს. ამ დროს ის შედარებით ანალიზს აწარმოებს ტვინში შენახულ ძველსა და ახალ ინფორმაციას შორის, რის შედეგადაც დროის დაუკარგავად, სპონტანურად, ინტუიციაზე დაყრდნობით იღებს სწორ გადაწყვეტილებებს. სუნი, ჟესტები, გარეგნული ნიშნები, ნანახის შედეგად მიღებული შთაბეჭდილებები ხშირად გვკარნახობენ იმაზე მეტს, ვიდრე გვგონია. სწორედ ამას ვუწოდებთ ინტუიციას. წლების განმავლობაში მიღებული გამოცდილების შედეგად ადამიანის ტვინის განსაზღვრულ უბანში ქვეცნობიერის დონეზე ე.წ. გარდასულ გამოცდილებათა ბანკი იწყებს ფუნქციონირებას. ამ ბანკის მონაცემთა ასამუშავებლად ან მასში შენახულ ინფორმაციაში გარკვეულ ცვლილებათა შესატანად აუცილებელია ინტერესი, სპეციალური განწყობა და მეხსიერება. ჩვენ ვერასოდეს შევიძენთ პროფესიული საქმიანობისთვის საკმარის ცოდნასა და უნარ-ჩვევებს მხოლოდ წიგნებიდან; პრაქტიკული გამოცდილება ამ თვალსაზრისით ფასდაუდებელია.
მწვანე მცენარეები მხოლოდ მამაკაცებს მოსწონთ
ოფისში მწვანე დეკორატიული მცენარეები და სარკმლიდან გამოჩენილი სიმწვანე საგრძნობლად აუმჯობესებს განწყობას, ხელს უწყობს ურთიერთობის მოგვარებას ხელმძღვანელებსა და კოლეგებთან. თუმცა ბევრისთვის მოულოდნელი იქნება ცნობა, რომ მცენარეები მხოლოდ მამაკაცების სამუშაო მუხტსა და ტონუსს სწევენ მაღლა. ქალების გუნება-განწყობაზე მათი პოზიტიური გავლენა პრაქტიკულად არ შეინიშნება.
8 პროდუქტი, რომლებიც სიცოცხლეს ახანგრძლივებს
1. თაფლი - ებრძვის სტრესსა და მის ნეგატიურ შედეგებს.
2. ნიორი - წინ ეღობება სისხლძარღვებში ქოლესტერინული ფოლაქების ჩალაგებას და ამით ებრძვის ათეროსკლეროზს.
3. თხილი, ნიგოზი - ხელს უწყობს სახსრების ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
4. ყვავილოვანი კომბოსტო - ორგანიზმს წიდისგან წმენდს.
5. შოკოლადი - ორგანიზმს ინფარქტისგან იცავს.
6. სტაფილო - აუმჯობესებს კანისა და გულის ფუნქციებს.
7. ყველი - აძლიერებს ძვლებსა და კბილებს.
8. პომიდორი - აძლიერებს იმუნიტეტს.
ძუძუთი კვება ზრდის ინტელექტის კოეფიციენტს
ბავშვები, რომლებიც სიცოცხლის პირველ სამ თვეს მხოლოდ ბუნებრივად იკვებებოდნენ, მოგვიანებით ინტელექტზე ტესტირებისას სხვებზე უკეთეს შედეგებს აჩვენებენ. კოგნიტურ უნარებსა და ვერბალურ ტესტებში მათ 7 ქულით უკეთესი შედეგები აქვთ, არავერბალურში - 3-ით, ზოგად ინტელექტში კი მათი მაჩვენებლები 6 და მეტი ქულით უკეთესია. გარდა ამისა, ასეთ ბავშვებს გაცილებით უკეთ შეუძლიათ კითხვა, თვლა და წერა. ჯერჯერობით უცნობია, რა უდევს საფუძვლად ამგვარ კანონზომიერებას ან რა გზით მოქმედებს ბუნებრივი კვება ინტელექტზე. ვარაუდობენ, რომ ეს ან თავად რძის შემადგენლობასა და თვისებებს უკავშირდება, ან იმ ფიზიკურ და სოციალურ ფაქტორებს, რომლებიც დედა-შვილს შორის ძუძუთი კვებისას დამყარებული კონტაქტის წყალობით წარმოიშობა.
საზამთრო ვიაგრას შეცვლის
საზამთრო საგრძნობლად ამაღლებს მამაკაცის ლიბიდოს, ამიტომ სულ მალე მან შესაძლოა ისეთი გავრცელებული აფროდიზიაკიც კი ჩაანაცვლოს, როგორიც ვიაგრაა. საზამთრო შეიცავს ნუტრიენტებს ანუ საკვებ ნივთიერებებს - პიგმენტებს, ამინმჟავებს, ცილებს... ადამიანის ფერმენტებთან კონტაქტის დროს ისინი ასტიმულირებენ ან, პირიქით, ამუხრუჭებენ ორგანიზმში მიმდინარე ამა თუ იმ პროცესს. ახლახან კი საზამთროს შემადგენლობაში აღმოაჩინეს ახალი ნუტრიენტი ციტრულინი. მას წითელი რბილობი შეიცავს. როდესაც ორგანიზმი საზამთროს ინელებს, ციტრულინი გარდაიქმნება ამინმჟავა არგინინად, რომელიც სისხლძარღვებს აფართოებს. სწორედ ამით აიხსნება მისი ვიაგრისმაგვარი ეფექტი და მამაკაცის ერექციაზე დადებითი ზემოქმედება. გარდა ამისა, არგინინი აძლიერებს გულის კუნთს, იმუნურ სისტემას და ორგანიზმს II ტიპის დიაბეტის წინააღმდეგ ბრძოლის უნარს სძენს. საზამთრო დადებითად მოქმედებს შარდსასქესო სისტემაზეც, ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას უწყობს ხელს. უკვე ცნობილი ნუტრიენტებიდან საზამთრო შეიცავს ბეტა კაროტინსა და ლიკოპინს, რომლებიც აძლიერებს იმუნიტეტს, დადებითად მოქმედებს ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებზე, ხელს უშლის ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების წარმოქმნასა და გამრავლებას.
ზოგჯერ სექსი წამალია
სქესობრივი კავშირის დადებითი გავლენა ორგანიზმზე მეცნიერებს არაერთხელ დაუსაბუთებიათ. ამასთან, ეს ეფექტი განსაკუთრებით თვალშისაცემია, როდესაც ადამიანი კვირაში ორჯერ მაინც ეძლევა სიყვარულით ტკბობას. სქესობრივ ურთიერთობას სიცოცხლის გამახანგრძლივებელი და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს. ყოველივე ეს გამოწვეულია როგორც თავად სქესობრივი აქტის მიმდინარეობით, ისე იმ ემოციებით, რომლებსაც ადამიანი ინტიმური სიახლოვისას განიცდის. სქესობრივი ურთიერთობა პოზიტიურად მოქმედებს ორგანიზმის ფიზიკურ მდგომარეობაზე, რაც განსაკუთრებით ქალებზე ვრცელდება. სქესობრივი კავშირის 6 მთავარი შედეგი:
1. მას გრიპისა და გაციებისგან განკურნება შეუძლია. კვირაში 1-2-ჯერ სქესობრივი ურთიერთობით ორგანიზმში სამჯერ იმატებს იმუნომასტიმულებელი თვისებების მქონე ანტისხეულების - იმუნოგლობულინ A-A-ს დონე, რომლებიც ორგანიზმს რესპირატორული დაავადებების გამომწვევი ვირუსებისგან იცავს.
2. სექსი ზოგჯერ კოსმეტოლოგის კაბინეტს სჯობია. ქალები, რომლებიც კვირაში 4-ჯერ ტკბებიან სიყვარულით, თანატოლებზე 7-12 წლით ახალგაზრდულად გამოიყურებიან. სქესობრივი ურთიერთობისას სისხლში იზრდება ესტროგენების დონე, რაც თმას - ბზინვარებას, ხოლო კანს ელასტიკურობას უნარჩუნებს.
3. სქესობრივი კავშირის დროს წუთში 4 კკალორია იწვება. ნახევარსაათიანი სასიყვარული ურთიერთობით შესაძლებელია 4 მოზრდილი შოკოლადის მეშვეობით მიღებული კალორიების დაწვა.
4. სექსი შაკიკისა და თავის ტკივილის წამალია. ქალები სქესობრივ კონტაქტზე უმეტესად თავის ტკივილის გამო ამბობენ უარს, არადა სქესობრივი ურთიერთობისას, განსაკუთრებით - აღგზნებისა და ორგაზმის ფაზაში, სისხლში საგრძნობლად იმატებს ენდორფინებისა და კორტიკოსტეროიდების დონე, რომლებსაც შესანიშნავი ანალგეტიკური თვისება აქვთ.
5. სექსი მენსტრუალურ ციკლს აწესრიგებს. რეგულარული სქესობრივი ურთიერთობის მქონე ქალებს ყოველთვის უფრო მოწესრიგებული აქვთ ციკლი, ვიდრე მათ, ვინც მიზეზთა გამო სიახლოვეზე უარს ამბობს. მნიშვნელოვანია თავად სიახლოვე და არა ორგაზმი.
6. სქესობრივი ურთიერთობა აუმჯობესებს მენჯის კუნთების მდგომარეობას, რაც ასაკის მატებასთან ერთად შარდვის პროცესებთან დაკავშირებულ ბევრ უსიამოვნებას გვაცილებს თავიდან.