რა უნდა ვიცოდეთ რძის შესახებ
ქარხნული რძის კიდევ ერთი სახეობაა აღდგენილი რძე, რომელიც რძის ფხვნილისაგან მზადდება. საზოგადოდ, რაც უფრო მეტად არის დამუშავებული რძე, მით უფრო ნაკლებია მასში სასარგებლო კომპონენტი, ამიტომ ყველაზე მეტ სასარგებლო ნივთიერებას სოფლის რძე შეიცავს, თუმცა მისი არჩევა უფრო რთულია - სოფლის რძის შეძენა ყოველთვის სარისკოა.
როგორ შევარჩიოთ სოფლის რძე?
სოფლის რძის არჩევისას რამდენიმე საკითხს უნდა მივაქციოთ ყურადღება:
- რამდენად სუფთადაა მოწველილი რძე;
- რამდენად სუფთა და უსაფრთხო ჭურჭელში ასხია იგი;
- ხომ არ არის ცხიმმოხდილი ან წყლით გაზავებული;
- ახალია თუ არა.
პირველ რიგში, კარგად დააკვირდით რძეს: თუკი მასში მიწისა თუ თივის ნაწილაკები ან ძროხის ბალანი შეამჩნიეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მოწველის დროს ჰიგიენური ნორმები არ დაუცავთ. ასეთი რძე არ შეიძინოთ! სოფლის რძეს უმეტესად პლასტმასის, ანუ პოლიეთილენის ან პოლივინილქლორიდის მეორად ბოთლებში ჩასხმულს ყიდიან, როგორც წესი, ბოთლის ყოველგვარი სტერილიზაციის გარეშე (პლასტმასის ბოთლები ვერც უძლებს სტერილიზაციას), ამიტომ დიდია ალბათობა, რძე დაბინძურდეს. ასეთი ბოთლით შეძენილი რძე შინ მიტანისთანავე მომინანქრებულ ჭურჭელში გადაასხით, აადუღეთ და ისე შეინახეთ მაცივარში. თუ შესაძლებლობა არის, გირჩევთ, თავად მიაწოდოთ გამყიდველს სტერილიზებული შუშის ქილები და სთხოვოთ, მომავალში რძე ამ ქილებით მოგიტანოთ. ცხიმმოხდილი ან გაზავებული რძის ამოსაცნობად:
- დააკვირდით რძის ფერსა და კონსისტენციას. მოუხდელი რძე თეთრია, ოდნავ მოყვითალო. თუ რძეს აქვს მოცისფრო ელფერი და წყალწყალა კონსისტენცია, სავარაუდოდ, მოხდილი ან წყალგარეულია.
- შეანჯღრიეთ რძის ჭურჭელი. თუ ქაფი წარმოიქმნა, რძე გაუზავებელია.
- დაიწვეთეთ რძე ფრჩხილზე: მოუხდელი და გაუზავებელი რძე ამოზნექილ წვეთს წარმოქმნის. თუ რძის წვეთმა ფრჩხილზე ოდნავ შესამჩნევი სველი კვალი დატოვა, მაშინ რძე მოხდილია. თუ რძე ფრჩხილიდან ჩამოვარდნისას საერთოდ არ ტოვებს კვალს, წყალი აქვს გარეული.
გაზავებული ან ცხიმმოხდილი რძე, რა თქმა უნდა, საზიანო არ არის, თუმცა მისი კვებითი ღირებულება მოუხდელ საღ რძეზე გაცილებით დაბალია. ახალია თუ არა რძე, ამის ამოსაცნობად უბრალოდ დაყნოსეთ იგი - დაძველებულ რძეს დამახასიათებელი მჟავე სუნი ექნება. ზოგჯერ არაკეთილსინდისიერი გამყიდველები ამჟავების პროცესის შესაჩერებლად რძეში სოდას ამატებენ. ასეთი რძე სასმელად უვარგისია! რძეში სოდის აღმოსაჩენად გადმოასხით ცოტაოდენი რძე კოვზზე და დაამატეთ რამდენიმე წვეთი ძმარი ან ლიმონის წვეთი - თუ რძე აქაფდა, ეს იმას ნიშნავს, რომ რძეში სოდაა დამატებული. ის შეგიძლიათ რამის გამოსაცხობად გამოიყენოთ, მომავალში კი რძეს იმავე გამყიდველისგან ნუღარ შეიძენთ.
სოფლის რძის შენახვა და მოხმარება სახლში
მიუხედავად იმისა, რომ რძე ადუღებისას ბევრ სასარგებლო ნივთიერებას კარგავს, სოფლის რძე მოხმარების წინ აუცილებლად უნდა აადუღოთ. ადუღებისას ისპობა ბაქტერიების უმეტესობა და რძე უფრო უვნებელი ხდება. თუ რძის შენახვას აპირებთ, გაითვალისწინეთ, რომ ოთახის ტემპერატურაზე სოფლის რძე მალე მჟავდება, ამიტომ იგი აუცილებლად მაცივარში უნდა ინახებოდეს. ჯობს, რძე წინასწარ აადუღოთ, გააგრილოთ და ასე შედგათ მაცივარში. ახალი რძე მაცივარში 5-7 დღე ინახება. თუ რძე აგიმჟავდათ, დასალევად იგი უკვე გამოუსადეგარია, თუმცა მისი გამოყენება შეიძლება, მაგალითად, რაიმე კულინარიული ნაწარმის მოსამზადებლად. ანდა, უბრალოდ, წამოადუღეთ ამჟავებული რძე ნელ ცეცხლზე და შემდეგ დოლბანდში გადაწურეთ - მიიღებთ შესანიშნავ ხაჭოს, რომელიც კალციუმით მდიდარია და ძალიან სასარგებლოა.
ქარხნული რძის არჩევა
ქარხნული რძის ასარჩევად უნდა გაითვალისწინოთ, რამდენ ხანს და რა პირობებში აპირებთ მის შენახვას:
- პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული პასტერიზებული რძე მხოლოდ მაცივარში შეიძლება შეინახოთ და ისიც - არა უმეტეს 36 საათისა, ე. წ. ტეტრაპაკში მოთავსებული სტერილიზებული რძე კი მაცივარში 6 თვემდე ძლებს.
- სტერილიზებული რძე ოთახის ტემპერატურას (+20 გრადუსს) უძლებს და 10 დღემდე ასე შეიძლება შეინახოს.
- ულტრასტერილიზებული რძე 3-6 თვე ინახება.
თუმცა ისიც გაითვალისწინეთ, რომ რაც მეტადაა დამუშავებული რძე (და რაც მეტია მისი შენახვის ვადა), მით ნაკლებად სასარგებლოა იგი. ყურადღება მიაქციეთ იმასაც, პროდუქტი ნატურალური რძისგან არის დამზადებული თუ რძის ფხვნილისგან არის აღდგენილი. რა თქმა უნდა, ნატურალური პროდუქტი უფრო სასარგებლოა. პროდუქტის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ:
- გამოშვების თარიღს და შენახვის ვადას. არ იყიდოთ ვადაგასული პროდუქტი;
- შეფუთვის მთლიანობას;
- პირობებს, რომლებშიც ინახება რძე მაღაზიაში. თუ შენახვის პირობები დარღვეულია, ეტიკეტზე მითითებულ შენახვის ვადას მნიშვნელობა აღარ აქვს და ეს პროდუქტი გაფუჭებულად შეიძლება ჩაითვალოს.
ქარხნული რძის შენახვა და მოხმარება სახლში
ქარხნული რძე სტერილურია, ამიტომ მოხმარების წინ მისი ადუღება სავალდებულო არ არის, მაგრამ თუ პაკეტი გახსენით და ასე შეინახეთ, შესაძლოა რძე დაბინძურებულიყო. ამიტომ გახსნილი რძე აუცილებლად მაცივარში უნდა შედგათ, ხოლო მოხმარების წინ წამოადუღოთ. გაუხსნელი რძის პაკეტის შენახვის პირობები იგივეა, რაც მაღაზიაში. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ რძეს ნუ დალევთ, მხოლოდ კულინარიული ნაწარმის ან ხაჭოს მოსამზადებლად გამოიყენეთ. მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია `საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის~ მასალების მიხედვით.