სუნთქვის სიხშირე და სხვა მახასიათებლები
როგორ ვსუნთქავთ
სუნთქვა ორგანიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა. სუნთქვის გაჩერება კლინიკურ სიკვდილს იწვევს, სულ რაღაც 5-6 წუთის შემდეგ კი პროცესი შეუქცევადი ხდება. სუნთქვის მექანიზმი კარგად არის შესწავლილი. ჩვენი ორგანიზმის უჯრედები სასიცოცხლო ენერგიას საკვებ ნივთიერებათა დაჟანგვის შედეგად იღებენ, ამიტომაც უჯრედებს მუდმივად უნდა მიეწოდებოდეს ჟანგბადი, სასურველია, მავნე მინარევების გარეშე. ამ უკანასკნელს ორგანიზმიდან ღვიძლი, თირკმელები და სხვა ორგანოები გამოდევნიან. სუნთქვა აირთა ცვლის ფიზიოლოგიური პროცესია. ფილტვისმიერი სუნთქვა ალვეოლების ჰაერიდან სისხლის მიერ ჟანგბადის ათვისება და ალვეოლებში ნახშირორჟანგის (და წყლის) გაცემაა, ქსოვილოვანი, ანუ შინაგანი სუნთქვა კი ქსოვილების მიერ სისხლიდან ჟანგბადის ათვისებას და მასში ნახშირორჟანგის გაცემას გულისხმობს. ფილტვისმიერი სუნთქვისგან განსხვავებით, ფილტვების ვენტილაცია (გარეგანი სუნთქვა) გარემოს (ატმოსფეროს) და ალვეოლებს შორის ჰაერის გაცვლა-გამოცვლაა. ვენტილაციის მექანიზმს საფუძვლად უდევს სუნთქვითი აქტი, რომელიც ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვისგან შედგება. ის გულმკერდის ყაფაზის რიტმული მოძრაობით, გაგანიერებითა და დაშვებით (დაწევით) ხორციელდება. ჩასუნთქვისას სასუნთქი კუნთები აქტიურად მუშაობენ. ეს სუნთქვის აქტიური ფაზაა, რომელიც ცენტრალური ნერვული სისტემიდან წამოსულ იმპულსს მოჰყვება. გულმკერდის ყაფაზის გაფართოებას მისი ღრუსა და ფილტვის გაფართოებაც მოსდევს. ამ დროს ალვეოლური წნევა იკლებს, ამიტომ ატმოსფეროს ჰაერი ალვეოლებში შედის. ამოსუნთქვა პასიურად ხდება სასუნთქი კუნთების მოდუნებისა და გულმკერდის ყაფაზის დაშვების შედეგად. ალვეოლების ელასტიკური ქსოვილი, რომელიც ჩასუნთქვისას დაჭიმული იყო, ამოსუნთქვის დროს ეშვება. ამ დროს ალვეოლებში ჰაერის წნევა ატმოსფეროს წნევას აჭარბებს და ჰაერი გარეთ გამოდის. ალვეოლურ ჰაერსა და სისხლს შორის აირთა ცვლა (დიფუზია) მათში ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის პარციალურ წნევათა სხვაობის შედეგია. აირები მეტი წნევის ადგილიდან მცირე წნევის ადგილისაკენ გადაინაცვლებს. ჟანგბადის წნევა ალვეოლურ ჰაერში მეტია (ვერცხლისწყლის სვეტის 100 მმ), ვიდრე სისხლში (ვერცხლისწყლის სვეტის 60 მმ), ამიტომ ჟანგბადი სისხლში გადადის; ნახშირორჟანგის წნევა კი სისხლში მეტია, ვიდრე ალვეოლურ ჰაერში, ამიტომ ის ალვეოლების ჰაერში გადადის. ფილტვების ვენტილაცია დამოკიდებულია სუნთქვის სიღრმესა და სიხშირეზე, რომელიც ცნობიერად თუ ქვეცნობიერად ორგანიზმის მოთხოვნილებათა შესაბამისად რეგულირდება. ჩვენს ორგანიზმს ყველაზე მეტად უხდება შენობა-ნაგებობების გარეთ არსებული სუფთა ჰაერი, რომელიც შეიცავს 20,9% ჟანგბადს, 0,03% ნახშირორჟანგს, 79,1% აზოტსა და მცირე რაოდენობით კეთილშობილ აირებს. სუნთქვის პროცესი წვრთნას ემორჩილება. ჩვენ შეგვიძლია ვმართოთ ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის სიღრმე და ხანგრძლივობა, ასევე - პაუზების ხანგრძლივობა ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის შემდეგ. შეგვიძლია ვისუნთქოთ ერთი ან ორივე ნესტოთი, მათი მონაცვლეობით ან პირით. სუნთქვა და პაუზები დამოკიდებულია აგრეთვე სხეულის მიერ მიღებულ პოზაზე. პარამეტრები, რომლებითაც ფილტვების მდგომარეობას აკონტროლებენ, სუნთქვის სიხშირე და ფილტვების სასიცოცხლო ტევადობაა.
სუნთქვის სიხშირე
ზრდასრული ადამიანის სუნთქვის სიხშირე წუთში 10-დან 18-20 ჩასუნთქვა-ამოსუნთქვამდე მერყეობს, ახალშობილისა კი 40-დან 50-მდე. სუნთქვის სიხშირე მაჯისცემასთან ასეთ თანაფარდობაშია - 1:4. ქალი უფრო ხშირად სუნთქავს. სუნთქვა ხშირდება მოძრაობის, ჭამის, აღელვების, გარემოს ტემპერატურის აწევის დროს. დაჟინებული წვრთნა იოგებს საშუალებას აძლევს, წუთში 2-4-ჯერ ისუნთქონ. სუნთქვა შეიძლება გაიშვიათდეს ან გახშირდეს. გაიშვიათება ანუ ბრადიპნოე მოსალოდნელია შხამიანი ნივთიერების ზემოქმედების (მოწამვლა, თირკმლის ფუნქციის უკმარისობა, დიაბეტური ან ღვიძლის კომა) ან ქალასშიგა წნევის მომატების (ტვინის სიმსივნე, სისხლის ჩაქცევა) დროს. ბრადიპნოესაგან განსხვავებით, ოლიგოპნოე სუნთქვის წუთმოცულობის შემცირებაა. სუნთქვის გახშირება ანუ ტაქიპნოე ვითარდება სისხლში ჟანგბადის უკმარისობისა და ნახშირორჟანგის დაგროვების შედეგად. ფიზიოლოგიურად ის ფიზიკური დატვირთვისა (დაქანცვის) და ემოციების შემთხვევაში აღინიშნება, პათოლოგიურად კი:
- სუნთქვიდან ფილტვის დიდი ნაწილის გამოთიშვის გამო;
- სისხლის მიმოქცევის სისტემის ორგანოთა დაავადებების დროს;
- ძლიერი სისხლნაკლებობისას;
- ცხელებითი მდგომარეობის დროს (ამ დროს სუნთქვა ხშირდება ნივთიერებათა ცვლის მოშლის პროდუქტებით, თვით ტემპერატურის მომატებითა და ინფექციური ტოქსინებით სასუნთქი ცენტრის გაღიზიანების გამო);
- ძლიერი ტკივილის დროს (ღრმად ჩასუნთქვის შეუძლებლობის გამო ავადმყოფი იძულებულია ზერელედ ისუნთქოს);
- ისტერიკის დროს (სუნთქვა წუთში 60-80-მდე ხშირდება და მეძებარი ძაღლის სუნთქვას ჰგავს).
ტაქიპნოესაგან განსხვავებით, პოლიპნოე სუნთქვის წუთმოცულობის ზრდაა. სუნთქვითი მოცულობა ჩასუნთქული (ამოსუნთქული) ჰაერის მოცულობაა მშვიდი სუნთქვის დროს. ის განსაზღვრავს სუნთქვის სიღრმეს (საშუალოდ 0,5 ლ). ჩასუნთქვის სათადარიგო მოცულობა აირის მაქსიმალური მოცულობაა, რომელიც შეიძლება ადამიანმა კიდევ ჩაისუნთქოს მშვიდი ჩასუნთქვის შემდეგ (1,5 ლ). ამოსუნთქვის სათადარიგო მოცულობა აირის მაქსიმალური მოცულობაა, რომელიც შეიძლება ადამიანმა ამოისუნთქოს მშვიდი ამოსუნთქვის შემდეგ (1,0-1,5 ლ). ნაშთი მოცულობა ღრმა ამოსუნთქვის შემდეგ ფილტვებში დარჩენილი აირის მოცულობაა (1,0-1,5ლ). ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა აირის მაქსიმალური მოცულობაა, რომელიც შეიძლება ამოვისუნთქოთ ღრმა ჩასუნთქვის შემდეგ. ის სუნთქვითი, ჩასუნთქვის სათადარიგო და ამოსუნთქვის სათადარიგო მოცულობათა ჯამია. ჩასუნთქვითი ტევადობა აირის მოცულობაა, რომელიც შეიძლება ღრმად ჩავისუნთქოთ. ის სუნთქვითი და ჩასუნთქვის სათადარიგო მოცულობათა ჯამია. ფილტვების ფორსირებული სასიცოცხლო ტევადობა იმ აირის მოცულობაა, რომელსაც რაც შეიძლება სწრაფად (ფორსირებულად) ამოვისუნთქავთ ღრმა ჩასუნთქვის შემდეგ (ის ერთ წამში ფილტვის ჭეშმარიტი სასიცოცხლო ტევადობის 70-83 %-ს უდრის). სუნთქვის წუთმოცულობა იმ აირის მოცულობაა, რომელიც ერთ წუთში გაივლის ფილტვებში (3,2-10 ლ). ფილტვების მაქსიმალური ვენტილაცია იმ აირის მოცულობაა, რომელმაც მაქსიმალურად ღრმა და სწრაფი სუნთქვის დროს შეიძლება გაიაროს ფილტვებში ერთ წუთში (50-180 ლ).
სუნთქვის საინტერესო ასპექტები
ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა ფილტვების მოქნილობის მაჩვენებელია. ის დამოკიდებულია ასაკზე, სქესზე, ადამიანის კონსტიტუციასა და ზომებზე, სხეულის მდებარეობასა და ნავარჯიშეობაზე. მაგალითად, 180 სმ სიმაღლის მამაკაცის ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა საშუალოდ 4,5 ლიტრს შეადგენს,Gნავარჯიშები მოცურავის ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა კი ზოგჯერ 8 ლიტრსაც აღწევს. თუ მოსვენებისას სუნთქვის წუთმოცულობა საშუალოდ 7 ლიტრია, ფიზიკური დატვირთვისას ის შესაძლოა 120 ლიტრს გაუტოლდეს. მთის რეგიონში, სადაც, მიუხედავად იმისა, რომ ჰაერში ჟანგბადის შემცველობა ისეთივეა, როგორიც ბარში (20,9%), დაბალი ატმოსფერული წნევა იწვევს ჟანგბადის პარციალური წნევის შემცირებას და ნახშირორჟანგის პარციალური წნევის მომატებას არტერიულ სისხლში. ეს, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ნერვული სისტემისა და კუნთების მოდუნებას, რაც გულის შეკუმშვათა გაიშვიათებას განაპირობებს. ზომიერი ჟანგბადოვანი შიმშილი ერთგვარ გამაჯანსაღებელ ეფექტს ახდენს და დაბერების პროცესებს აფერხებს. ცნობილია, რომ იოგები, რომლებსაც სუნთქვა გავარჯიშებული აქვთ, 200-250 წელს ცოცხლობენ. ერთ-ერთი მათგანი, სახელად ტაპასვიჯი, 1955 წელს 186 წლისა გარდაიცვალა. თუ მთიან რეგიონში რეგულარულად დასვენებას ვერ ახერხებთ, იგივე ეფექტი შეიძლება მიიღოთ სუნთქვის ყოველდღიური 15-20-წუთიანი ვარჯიშით. არტერიულ სისხლში ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ოპტიმალური ბალანსი სწორედ სუნთქვითი ვარჯიშებით შეგიძლიათ შექმნათ. სუნთქვის ვარჯიშების შესრულების დროს მთავარი მიზანი სწორედ სისხლში ნახშირორჟანგის დაგროვებაა. დადგენილია, რომ ზედაპირული და შედარებით ნელი სუნთქვა სიცოცხლის ხანგრძლივობას 20-30 წლით ზრდის, რადგან ხელს უწყობს აირთა ცვლას და აფერხებს სხვადასხვა დაავადების განვითარებას. შედეგად, გარდა იმისა, რომ უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლის პროცესები, ძლიერდება (ისევე როგორც შიმშილობისას) იმუნური სისტემაც. ნახშირორჟანგის უკმარისობა, რომელიც პირით ღრმა და ხშირი სუნთქვით არის განპირობებული, იწვევს სისხლძარღვთა სპაზმს და ბრონქების შევიწროებას. სისხლძარღვთა სპაზმის გამო იმატებს არტერიული წნევა, ვენური სისხლის ნაკადი მცირდება. სისხლის შეგუბება კი სხვადასხვა პათოლოგიას აძლევს დასაბამს. ფილტვებმა აირთა ცვლა სრულფასოვნად რომ განახორციელონ, აუცილებელია, ნელა ვისუნთქოთ, ანუ ნელა ჩავისუნთქოთ და ნელა ამოვისუნთქოთ. ამასთან, ამოსუნთქვის შემდეგ ძალდაუტანებელი პაუზა ყოველთვის სასარგებლოა. სწორედ ამოსუნთქვის შემდეგ პაუზა იძლევა ნახშირორჟანგის დაგროვების საშუალებას, შედეგად კი სისხლის წნევა მცირდება. პაუზა ჩასუნთქვის შემდეგ, პირიქით, ხელს უწყობს სისხლის ნახშიროჟანგით გაღარიბებას და არტერიული წნევის მომატებას განაპირობებს, ამიტომ ეს უკანასკნელი უკუნაჩვენებია ჰიპერტონიული დაავადებით, ბრონქული ასთმითა და ფილტვების ემფიზემით დაავადებულთათვის. სუნთქვის ვარჯიში ზრდის ფილტვების მოცულობას, აფართოებს სუნთქვის შესაძლებლობათა დიაპაზონსა და ხარისხს. გარდა ამისა, სუნთქვის ვარჯიში საუკეთესო საშუალებაა ფსიქიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და ემოციების კონტროლისთვის. ასე რომ, გახსოვდეთ სწორი, ჯანსაღი სუნთქვის მნიშვნელობა და ნუ დაიზარებთ, ავარჯიშოთ ის საგანგებოდ შემუშავებული მეთოდებით.