მოთხოვნები სასურსათო მაღაზიებისადმი
მაღაზია ვალდებულია, შეძლებისამებრ რეგულარულად ამოწმოს, რამდენად შეესაბამება გასაყიდი სურსათი კანონმდებლობის მოთხოვნებს (”დისტრიბუტორი თავისი საქმიანობის ფარგლებში ვალდებულია უზრუნველყოს და რეგულარულად შეამოწმოს სურსათის... შესაბამისობა ამ კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან”, კანონი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ, მუხლი 15, პუნქტი 1). რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მაღაზიამ სურსათის ლაბორატორიული კვლევა უნდა ატაროს - მაღაზიას უფლება აქვს ენდოს სურსათის ეტიკეტს და თანმხლებ დოკუმენტებს. მაგრამ ვალდებულია, წაიკითხოს ისინი და მათ შესაბამისად მოიქცეს, მაგალითად, დაიცვას მითითებული ვარგისობის ვადა და ვადაგასული სურსათი გასაყიდად არ გამოიტანოს (”დაუშვებელია საკვები პროდუქტების... რეალიზაცია... ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ”, ”ჰიგიენური მოთხოვნები სასურსათო ნედლეულისა და საკვები პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი”, ნაწილი IV, პუნქტი 17, ქვეპუნქტი გ). გარდა ამისა, თუ, მაგალითად, სურსათის თანდართულ დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ იგი საკვებდანამატებს შეიცავს, მაღაზიამ უნდა გადაამოწმოს, დაშვებულია თუ არა ეს საკვებდანამატები საქართველოში. სურსათი, რომელიც საქართველოში აკრძალულ საკვებდანამატებს შეიცავს, გასაყიდად არ უნდა გამოიტანონ (”ჩვეულებრივი კვერცხი ინახება არა უმეტეს 20 გრადუს ტემპერატურაზე 25 დღის განმავლობაში”, ”სანიტარული წესები სასურსათო ვაჭრობის საწარმოებისთვის”, ნაწილი IX, პუნქტი 22 ბ). გარდა ამისა, მაღაზია ვალდებულია დაიცვას სურსათის შენახვის პირობები, რომელიც სურსათის შეფუთვაზე, ან თანდართულ დოკუმენტებში, ან სანიტარულ წესებში, ან ჰიგიენურ წესებშია მითითებული. თუკი სურსათის შენახვის პირობები დაირღვა, სურსათი უვნებელი აღარ არის და მაღაზია ვალდებულია, ასეთი სურსათი გაყიდვიდან ამოიღოს (”დისტრიბუტორი, რომლის საქმიანობის სფერო საცალო ვაჭრობა ან დისტრიბუციაა, ვალდებულია უზრუნველყოს იმ პროდუქტის ბაზრიდან ამოღება, რომელიც ვერ აკმაყოფილებს უვნებლობის მოთხოვნებს”, კანონი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ, მუხლი 15, პუნქტი 5). ”სურსათის რეალიზაციისას დაცული უნდა იყოს ეტიკეტზე მითითებული შენახვის პირობები, რომელთა უზრუნველყოფის გარეშე იკრძალება პროდუქციის რეალიზაცია” (საცალო ვაჭრობაში დაუფასოებელი პროდუქციის მიწოდებისა და რეალიზაციის ჰიგიენური პირობები და წესები, მუხლი 5, პუნქტი 9). მაგალითად, თუკი მაცივარი, რომელშიც მალფუჭებადი პროდუქტები აწყვია, გამოირთო და სამაცივრო კამერაში ტემპერატურა +6 გრადუსზე მაღლა ავიდა, ასეთი სურსათი უვნებელი აღარ არის. ასევე არ არის უვნებელი, მაგალითად, გაყინული სურსათი, რომელიც შენახვის პერიოდში გალღვა და ხელახლა გაიყინა. არ არის უვნებელი კვერცხი, რომელიც სიცხეში დახლზე დევს და ისე იყიდება. სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის მიზნით მაღაზიამ უნდა უზრუნველყოს სავაჭრო ფართისა და საწყობების სისუფთავე, აგრეთვე რეგულარულად ამოწმოს თანამშრომლების ჯანმრთელობა (”სურსათის საცალო ვაჭრობის ობიექტში მომუშავეებმა მუშაობის დაწყებამდე უნდა გაიარონ წინასწარი და შემდგომ პერიოდული სამედიცინო შემოწმება”, საცალო ვაჭრობაში დაუფასოებელი პროდუქციის მიწოდებისა და რეალიზაციის ჰიგიენური პირობები და წესები, მუხლი 6, პუნქტი 1) და გადამდები დაავადებების მატარებელი ადამიანები სურსათთან არ დაუშვას.
უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ყველა იმ ჭურჭლის სისუფთავე, რომელშიც დაუფასოებელი სურსათია მოთავსებული და მათი დაფასოებისა და მომხმარებლისთვის მიწოდების ისეთი პირობები, რომლებიც სურსათის დაბინძურებას გამორიცხავს. მაგალითად, დაუშვებელია, გამყიდველმა შეუფუთავი პური მოგაწოდოთ იმ ხელით, რომლითაც ფულს იღებს. დაუშვებელია, შეუფუთავი პური განთავსებული იყოს მაღაზიის დახლზე სარეცხი ფხვნილის გვერდით. გარდა უვნებლობისა, სურსათის გამყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებელი აუცილებელი ინფორმაციით, რათა მან სასურველი სასურსათო პროდუქტის სწორად შერჩევა შეძლოს. ამისთვის მაღაზიამ უნდა შეამოწმოს, რომ დაფასოებულ სურსათს აქვს ქართული ეტიკეტი, რომელზეც დატანილია ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც კანონმდებლობა ითვალისწინებს. დაუფასოებელი სურსათის შემთხვევაში ეს ინფორმაცია მომხმარებელს მაღაზიამ უნდა მიაწოდოს.
მოთხოვნები სასურსათო პროდუქტებისადმი
ეს მოთხოვნები მრავალ სხვადასხვა ტიპის დოკუმენტში შეიძლება იყოს გაფანტული: კანონებში, ტექნიკურ რეგლამენტებში, სანიტარულ წესებსა და ნორმებში, სხვა ნორმატიულ აქტებში. მათი დაცვა ნიშნავს, რომ, მაგალითად:
- ბაქტერიების, მავნე ნივთიერებების ან სამკურნალო საშუალებების (ანტიბიოტიკების) შემცველობა სურსათში არ უნდა აღემატებოდეს იმ ზღვრულ რაოდენობას, რომელიც ამ სანიტარულ ნორმებშია მითითებული;
- პესტიციდების შემცველობა პროდუქტებში არ უნდა აღემატებოდეს ამ სანიტარულ ნორმაში დადგენილ ზღვრულ ოდენობებს;
- სურსათი არ უნდა შეიცავდეს აკრძალულ საკვებდანამატებს, სხვა საკვებდანამატების კონცენტრაცია კი ნებადართულ ზღვრულ ოდენობას არ უნდა აჭარბებდეს;
- გასაყიდი ხორცი უნდა იყოს სათანადოდ შემოწმებული და დადამღული, როგორც ამას ვეტერინარული უსაფრთხოების წესი ითხოვს და ხორცპროდუქტებიც მხოლოდ ასეთი ხორცისგან უნდა იყოს დამზადებული;
- გასაყიდი ან წყალგაყვანილობის სისტემით მომხმარებლისთვის მიწოდებული სასმელი წყლის შემადგენლობა უნდა შეესაბამებოდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.
გარდა ამისა, ვინაიდან სურსათი იოლად ფუჭდება, რაც უნდა კარგი შემადგენლობა ჰქონოდა სასურსათო პროდუქტს მისი დამზადების მომენტში, ის უვნებელია მხოლოდ ვარგისობის ვადის განმავლობაში, და ისიც მხოლოდ სათანადო შენახვის პირობების დაცვის შემთხვევაში. თუ შენახვის ვადა გადაცილებულია ან შენახვის პირობები დარღვეულია, სურსათი უვნებელი აღარ არის და მაღაზია ვალდებულია, ასეთი სურსათი გაყიდვიდან ამოიღოს. პროდუქტის შენახვის ვადა და პირობები, როგორც წესი, პროდუქტის ეტიკეტზეა მითითებული, განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტებისთვის კი ისინი სანიტარული ნორმებით არის დადგენილი. მეორე სავალდებულო მოთხოვნა გაყიდვაში არსებული სასურსათო პროდუქტებისადმი არის საკმარისი თანდართული ინფორმაციის არსებობა იმისათვის, რომ მომხმარებელმა სწორად აირჩიოს სასურველი სურსათი. ეს იმას ნიშნავს, რომ სურსათის შეფუთვაზე ან ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს:
- ამ პროდუქტის დასახელება;
- მწარმოებელი და ქვეყანა, სადაც წარმოებულია პროდუქტი;
- დამზადების თარიღი, შენახვის ვადა და პირობები;
- პროდუქტის წონა ან მოცულობა;
- შემადგენლობა;
- კალორიულობა, ვიტამინიზებულობა, უკუჩვენებები;
- სპეციფიკური თვისებები (მაგალითად: დასხივებულია, გენმოდიფიცირებულია);
- სტანდარტი ან რეგლამენტი, რომლის მიხედვითაც დამზადებულია პროდუქტი.
ეს ინფორმაცია უნდა იყოს გასაგები, ადვილად წასაკითხი, მოცემული ქართულ ენაზე და განთავსებული შესამჩნევად. რაც მთავარია, იგი უნდა იყოს სწორი. ეტიკეტზე არსებულ წარწერებს მომხმარებელი შეცდომაში არ უნდა შეჰყავდეს! იგივე ინფორმაცია დაუფასოებელი სურსათის შესახებ მოცემული უნდა იყოს თანმხლებ დოკუმენტაციაში, რომელიც მომხმარებელს მოთხოვნისთანავე უნდა მიაწოდონ. ეტიკეტირების ეს მოთხოვნები არ ეხება დაუმუშავებელ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას - ისეთს, როგორიცაა ნედლი ხილი, ბოსტნეული, თევზი, ხორცი, ქათამი.
მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” მასალების მიხედვით.