გავუფრთხილდეთ გრძნობათა ორგანოებს
ამიტომაც განიცდის ადამიანი ასე მწვავედ მათი ფუნქციის დაქვეითებას ან გაქრობას.
მხედველობათვალის ყველაზე გავრცელებული დაავადებებია:
1. კატარაქტა, რომელიც ადრე 50-55 წელს გადაცილებულთა პრობლემად მიიჩნეოდა, ახლა კი 40 წლის ასაკშიც გვხვდება;
2. გლაუკომა. ის შეუქცევად სიბრმავეს იწვევს და მთელ მსოფლიოში იმდენად არის გავრცელებული, რომ სოციალურ პრობლემადაც კი მიიჩნევა;
3. რეფრაქციის ანომალიები: ჰიპერმეტროპია ანუ შორსმხედველობა, როდესაც საჭიროა პლუს სათვალის ტარება და ახლომხედველობა, რომელიც მინუს სათვალის ტარებას საჭიროებს. უკანასკნელ ხანს საკმაოდ გახშირდა ახლომხედველობა, რაც კომპიუტერის ფართო და ხანგრძლივ გამოყენებას უკავშირდება;
4. თვალის თანდაყოლილი პათოლოგიები: თანდაყოლილი გლაუკომა და კატარაქტა, ბადურას თანდაყოლილი პათოლოგიები, რქოვანას დეგენერაციის თანდაყოლილი ფორმები.
რა აზიანებს თვალს
ყველაზე ხშირად - სტრესოგენული ფაქტორები, ნერვული დაძაბულობა, კვების რეჟიმის დარღვევა, რადიაციული ფონის მომატება, შრომის არაჯანსაღი პირობები, დასვენების არარაციონალური რეჟიმი. თვალის დაზიანებას ზოგჯერ რომელიმე დაავადება იწვევს: შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, სარკოიდოზი, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია. მხედველობას ვნებს თითქმის ყველა მძიმედ მიმდინარე ინფექციური დაავადება.
მხედველობის გაუარესების პირველი ნიშნებია:
- მხედველობის პერიოდული დაქვეითება, პერიოდული დაბინდვა, სიმძიმის შეგრძნება თვალში;
- სინათლის წყაროს ყურებისას თვალწინ ფერადი რგოლების გაჩენა;
- კითხვისას ახლომდებარე საგნების აღსაქმელად სათვალის საჭიროება;
- მზეზე თვალების აჭრელება, ტკივილი, ცრემლდენა, თვალში უცხო სხეულის შეგრძნება.
მხედველობისთვის სასარგებლო პროდუქტები
მხედველობის გაფრთხილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვობასა და შუახნის ასაკში. ამ კუთხით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორგანიზმის ისეთი საკვებით მომარაგებას, რომელიც მხედველობაზე სასიკეთო გავლენას ახდენს.
შავი მოცხარი მდიდარია ბიოფლავონოიდების ჯგუფის ანტიოქსიდანტებით და აძლიერებს ორგანიზმის ანტიოქსიდანტურ დაცვას, ხელს უწყობს ღამის მხედველობას, აუმჯობესებს უჯრედული მემბრანების მდგომარეობას, აღადგენს ამა თუ იმ დაავადების, მათ შორის - ათეროსკლეროზისა და დიაბეტის დროს თვალის დარღვეულ მიკროცირკულაციას.
შავი მოცხარის ფლავონოიდები ამაგრებს და ამტანობას მატებს ბადურას კაპილარებს, ასტიმულირებს თვალის პიგმენტის - როდოფსინის რეგენერაციას, რომელიც უზრუნველყოფს მხედველობას მცირე განათებისას და სიბნელეში.
C, A და E ვიტამინების, აგრეთვე თუთიის შემცველი პროდუქტები ხანდაზმულ პაციენტებს ეხმარება, თავიდან აიცილონ ბადურას ასაკობრივი დისტროფიით გამოწვეული დაავადება და მისი თანმხლები მხედველობის დაქვეითება. ყველაზე ხელმისაწვდომი და იმავდროულად A ვიტამინით მდიდარი პროდუქტია სტაფილო, რომელიც კვებავს და ამაგრებს თვალს, ამიტომ წელიწადში ერთხელ ყველა ხანშიშესულმა 1 თვის განმავლობაში ყოველდღიურად უნდა სვას 1 ჭიქა ახალგამოწურული სტაფილოს წვენი.
A ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს აგრეთვე პომიდორი, ღვიძლი, წიწიბურა, წიწაკა, ხენდრო, მარწყვი, ფორთოხალი, ლიმონი, მანდარინი, გარგარი, ნესვი.
ვიტამინების უხვი შემცველობის გამო თვალის დიეტაში უცვლელი ადგილი უკავია ყვავილოვან კომბოსტოს, მწვანე წიწაკას, ისპანახს, მჟაუნას, მწვანე ხახვს, კამას, სალათს, ახალ მწვანე ბარდას, ასკილს, წითელ მოცხარს, მარწყვს, თხილს, არაქისს, გოგრას, ასკილს, კუნელს, სიმინდსა და ბრინჯს.
თევზი თვალების საყვარელი საკვებია. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით მდიდარ ზღვის პროდუქტებს, განსაკუთრებით კი ცხიმიან თევზს, უნარი შესწევს თავიდან აგაცილოთ ყველაზე გავრცელებული მიზეზებით გამოწვეული მხედველობის დაქვეითება.
ბოსტნეულიდან განსაკუთრებით ოხრახუშია სასარგებლო, უკეთ - მისი წვენი რომელიც თვალის სისხლძარღვთა გამამაგრებელი უნიკალური საშუალებაა და მხედველობის სიმახვილის აღდგენასაც უწყობს ხელს. თვალებისთვის სასარგებლოა ჭარხლის წვენიც.
მხედველობის ჰიგიენა
წელიწადში ერთხელ აუცილებელია თვალის ექიმთან ვიზიტი, რომელიც მხოლოდ მხედველობის სიმახვილესა და თვალშიგა წნევას კი არ გაგიზომავთ, არამედ ადრეულ სტადიაშივე აღმოაჩენს ამა თუ იმ პათოლოგიურ პროცესს. თვალის დაზიანებას ხშირად იწვევს ალერგიული რეაქცია კოსმეტიკური საშუალებების მიმართ.
- თვალები ხშირად უნდა დაასვენოთ: თუ კარგი მხედველობა გაქვთ - 40 წუთში ერთხელ, თუ მსუბუქი ხარისხის ახლომხედველი ბრძანდებით - ნახევარ საათში ერთხელ. ამასთან, გაითვალისწინეთ: შესვენება სულაც არ ნიშნავს ტელევიზორის ყურებას ან კომპიუტერთან ჯდომას; შესვენება გულისხმობს სუფთა ჰაერზე გასვლას, გასეირნებას, თვალების კუნთების გამამაგრებელი ვარჯიშების ჩატარებას.
- 14 წლამდე ასაკის მოზარდმა კომპიუტერთან არ უნდა გაატაროს დღეში 2 საათზე მეტი, ამასთან, თვალები ყოველ 15 წუთში უნდა შეასვენოს.
- წიგნი და რვეული თვალებიდან 40 სმ-ით უნდა იყოს დაშორებული. ასეთ დისტანციაზე თვალის კაკალი ყველაზე ნაკლებად დეფორმირდება. გაზომეთ ეს მანძილი, მონიშნეთ და ასწავლეთ შვილსაც, როგორ დაიჭიროს დისტანცია.
- თვალის სრულფასოვანი ფუნქციობის აუცილებელი პირობაა ნორმალური ძილი და მხედველობის ორგანოს სრულფასოვანი დასვენება.
- განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს დიპლოპია - მხედველობის გაორება. ის შესაძლოა უკავშირდებოდეს როგორც მწვავე ინფექციურ, ისე მძიმე სომატურ დაავადებას: ენცეფალიტს, მენინგიტს, მიკროინსულტს, თავის ტვინის იმ დაავადებებს, რომლებიც თვალის მამოძრავებელი კუნთების პარეზს, მათი სინქრონული მოძრაობის დარღვევასა და მხედველობის გაორებას იწვევს (ეს ის შემთხვევაა, როცა ერთ თვალში მიღებული გამოსახულება კუნთების ასინქრონული მოქმედების გამო არ ემთხვევა მეორეში მიღებულს).
- უკანასკნელ ხანს ჩვენშიც დამკვიდრდა `კომპიუტერული თვალის~ ცნება, რომლითაც მოზრდილებში მხედველობის გაუარესების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმას აღნიშნავენ.
- დიდხანს ნუ გაჩერდებით დაბინძურებული ჰაერით სავსე შენობაში; სამუშაო ოთახში დროდადრო აუცილებლად დაატენიანეთ ჰაერი.
- გახსოვდეთ, მშრალი თვალის სინდრომისთვის დამახასიათებელი სიმპტომები თავისთავად არ გაქრება, შეიძინეთ ცრემლის შემცვლელი სითხეები, რათა შეივსოთ ცრემლის დეფიციტი, დაინოტივოთ რქოვანა და თვალი გარეგანი მავნე ფაქტორების ზემოქმედებისგან დაიცვათ. თუ ხელოვნური ცრემლების გამოყენების შედეგად შემაწუხებელი სიმპტომები რამდენიმე დღეში არ გაქრა, მიმართეთ ექიმს.
- სპეციალური მოვლა სჭირდება თვალს როგორც ცივ, ქარიან, ისე ცხელსა და მზიან ამინდში. გამოიყენეთ სპეციალური დამცავი კოსმეტიკური საშუალებები, დილით - მატონიზებელი კრემები, საღამოს და ღამით კი მკვებავი მალამოები. საუკეთესოა საცხები, რომლებსაც ერთსა და იმავე დროს აქვს როგორც მატონიზებელი, ისე მკვებავი თვისებები.
სმენის ორგანო
სმენის დაკარგვის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:
- ხმაური. უკანასკნელ ხანს საკმაოდ იმატა ადამიანის ყურზე აკუსტიკური გამღიზიანებლების ზემოქმედების ძალამ და სიხშირემ. დიდი ქალაქების ხმაური, ხმამაღალი მუსიკის ხშირი და ხანგრძლივი მოსმენა, კომპიუტერთან ყურსასმენებით დიდხანს მუშაობა, შრომით პროცესთან დაკავშირებული საწარმოო ხმაური საგრძნობლად აქვეითებს სმენას.
- ასაკი. ორგანიზმის ბიოლოგიური სიბერის კვალდაკვალ ცვლილებები მიმდინარეობს შიგნითა ყურში, რაც ასევე სმენის დაქვეითების მიზეზია.
- დაფის აპკის გახეთქვა, რასაც ინფექცია ან ტრავმა იწვევს.
- ზოგიერთი დაავადება, მათ შორის - მენიერის დაავადება, სიფილისი, ნერვის სიმსივნე, ასევე - ტოქსიკური პრეპარატის გამოყენება ე.წ. სენსონერვული ტიპის სმენის დაქვეითებას განაპირობებს.
- ოტოტოქსიკური პრეპარატები. ზოგიერთი მათგანი, სმენის ნერვზე ტოქსიკური ზემოქმედების გამო, სმენას აქვეითებს.
- დაუდგენელი მიზეზები. სმენა შესაძლოა გაურკვეველი მიზეზითაც დაირღვეს. ამას სმენის იდიოპათიურ დაკარგვას უწოდებენ. ადამიანის ყური საკმაოდ რთული აპარატია, რომელიც ყურადღებასა და მზრუნველობას მოითხოვს. აუცილებელია რამდენიმე წესის დაცვა:
1. ყურის ნიჟარისა და სასმენი მილის რეგულარული გასუფთავება წყლითა და საპნით. ამ დროს საჭირო არ არის ზედმეტი გულმოდგინება. მცდარია წარმოდგენა, რომ რაც უფრო ღრმად გაიწმენდთ ყურებს, მით უკეთესია. გოგირდი ჭუჭყი როდია - იგი საჭიროა ყურში ჰაერთან ერთად მოხვედრილი მტვრის მოსაცილებლად, ბგერითი ტალღების გასაძლიერებლად და მიკრობებთან საბრძოლველად. "საგულდაგულო" წმენდის შედეგად გოგირდოვანი მასები გადაინაცვლებენ დაფის აპკისკენ და გოგირდოვან საცობებს ქმნიან, რომლებიც, თუ დროულად არ მოვიცილეთ, ყურში ანთებითი პროცესების განვითარებას განაპირობებს. ადამიანებს, რომლებიც მიდრეკილნი არიან გოგირდოვანი საცობების წარმოქმნისკენ, წელიწადში 2-ჯერ სპეციალისტის კონსულტაცია სჭირდებათ. გარდა ამისა, ყურების არასწორმა წმენდამ შესაძლოა გამოიწვიოს სასმენი ძვლების ნორმალური კავშირის რღვევა, რაც მოგვიანებით თავბრუხვევის მტანჯველი შეტევების მიზეზად იქცევა.
2. ყურში წყლის მოხვედრის თავიდან აცილება. ამისთვის წყალში ჩასვლამდე სასმენ მილში ვაზელინი გამოისვით. თუ წყალი მაინც ჩაგივიდათ ყურში, გამოიყენეთ მარტივი მეთოდი: ღრმად ჩაისუნთქეთ, თითები ცხვირზე მოიჭირეთ და პირმოკუმულმა ღრმად ამოსუნთქეთ. შიგნით შექმნილი წნევა ზედმეტ წყალს გარეთ გამოდევნის. ნუ გაიშრობთ ყურებს თმის საშრობით - მისი ხმაური არცთუ ძლიერია, მაგრამ ზოგჯერ მაინც აზიანებს სმენას.
3. ხმაურისგან თავის დაცვა - დიდი ზიანი მოაქვს ძლიერ ხმაურს, რომელიც აქტუალური გახდა მუსიკის მოსასმენი სტერეოსისტემების დანერგვის შემდგომ. იგი იწვევს ძლიერ ვიბრაციას, რომელიც სასმენი ორგანოს წვრილ ძვლებში მცირე ბზარებს აჩენს. ამის შედეგად ნელ-ნელა მცირდება შუა ყურში ძვლების მოძრაობის ხარისხი და შესაძლოა, საქმე სმენის დაჩლუნგებამდე მივიდეს.
სასმენი აპარატი
სმენის ძლიერი დაქვეითებისას ადამიანი იძულებული ხდება, ბგერების აღსაქმელად სასმენი აპარატი გამოიყენოს. თავდაპირველად ეს ერთგვარ უხერხულობას ქმნის, როგორც ნებისმიერი პროთეზი, - მასთან შესაგუებლად დროა საჭირო. სასმენი აპარატის გამოყენებისას ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ეს მოწყობილობა განსხვავდება სათვალისგან, რომელიც მორგებისთანავე აუმჯობესებს მხედველობას.
სმენის აპარატმა ფუნქციის სრულად განხორციელება რომ შეძლოს, 3-4 კვირა, ზოგჯერ მეტიც, სჭირდება. ბევრი სასმენ აპარატს მხოლოდ მაშინ იკეთებს, როდესაც სოციალური ფუნქციების შესრულება უწევს, რაც დიდი შეცდომაა. ამ შემთხვევაში ბგერები უსიამოვნოდ აღიქმება, რაც აპარატისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებას უფრო მეტად აღრმავებს. აუცილებელია, იგი თანდათან თქვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აქციოთ. ასე ტვინსაც გაუადვილებთ ფონურ ხმაურთან მიჩვევას და ბგერებსაც გაცილებით იოლად აღიქვამთ.
ყნოსვა
ყნოსვის დარღვევას იწვევს:
- ცხვირის ღრუში მიმდინარე ნებისმიერი ანთებითი პროცესი - სურდო, გრიპი, ზედა სასუნთქი გზების კატარი;
- ქსოვილოვანი წარმონაქმნები: პოლიპები, სიმსივნეები.
ყნოსვამ რომ არ გიღალატოთ
თავიდან უნდა აიცილოთ ყველა ის მიზეზი, რომელიც მის დაქვეითებას ან სრულ გაქრობას იწვევს:
- აუცილებელია, დროულად ჩატარდეს ქირურგიული ოპერაცია, რომელიც გააუმჯობესებს ცხვირით სუნთქვას და აღმოფხვრის ყველა იმ წინააღმდეგობას, რომელიც ხელს უშლის ჰაერის ნორმალურ მოძრაობას.
- სურდოს დროს ყნოსვის რამდენიმე დღით დაქვეითებაში ან გაქრობაში საგანგაშო არაფერია, - ასეთი დარღვევა მალე თავისთავად გაივლის, მაგრამ თუ რესპირატორული დაავადების მორჩენის შემდეგ ყნოსვის დაქვეითება 2 კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, ექიმთან ვიზიტი არ გაწყენთ.
- მტვრიან შენობაში აუცილებელია მტვრისგან თავის დასაცავი საშუალებების - სპეციალური რესპირატორების - გამოყენება, შენობის ხშირი განიავება და ეფექტიანი ვენტილაცია.
- განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ პაციენტებს, რომლებიც დიდი ხანია იღებენ ჰორმონულ პრეპარატებს და იტარებენ სხივურ ან ქიმიოთერაპიას.
გემოვნება
გემოვნების დარღვევაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს პათოლოგიები, რომლებიც ნერწყვის ნორმალურ შემადგენლობას ცვლის, ამიტომ აუცილებელია, დროულად აღმოვფხვრათ პირის ღრუში არსებული ნებისმიერი წარმოშობის ინფექციური პროცესი, განსაკუთრებით - ბაქტერიული და სოკოვანი, და პირის ღრუ გავიჯანსაღოთ. შედეგიანია იმ პრეპარატების მიღების შეწყვეტა, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ გემოს რეცეპტორებზე და ართულებენ მათ რეგენერაციას. საჭიროა კვებისას განსაზღვრული წესების დაცვა. კვებისას ყურადღება უნდა მიაქციოთ საკვების სიმკვრივეს, ტემპერატურასა და სიცხარეს. არ არის რეკომენდებული მეტისმეტად ცხელი სასმლისა თუ საკვების მიღება. საკვები საგულდაგულოდ უნდა დაიღეჭოს და ისე გადაიყლაპოს. ეცადეთ, ყოველთვის ახალი და საკვებად ვარგისი პროდუქტები მიირთვათ. ყურადღება მიაქციეთ ასევე მაცივარში შენახულ სურსათს - ეცადეთ, დაიცვათ მისი მოხმარების წესები და შენახვის ვადა.