გამოვლინდა ცხარე საკვების რეგულარულ მოხმარებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკები
ჯანმრთელ ადამიანებში ზომიერი რაოდენობით მიღების შემთხვევაში, მას შეუძლია საჭმლის მონელების სტიმულირება, მიკროცირკულაციის გაუმჯობესება და ანთების საწინააღმდეგო ეფექტიც კი ჰქონდეს, რაც, როგორც წესი, სერიოზულ პრობლემებს არ იწვევს. თუმცა, თუ ქრონიკული დაავადებები გაქვთ, ან ცხარე საკვები თქვენი ყოველდღიური რაციონის განუყოფელი ნაწილია, რისკები მნიშვნელოვნად იზრდება.
რა საფრთხეს შეიცავს ცხარე საკვების ჭარბი მოხმარება?
-
ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და კუჭ-ნაწლავის პრობლემები: ცხარე საკვების მთავარი აქტიური ნივთიერება, კაპსაიცინი, აღიზიანებს ლორწოვან გარსს. რეგულარული ზემოქმედების შედეგად, საყლაპავში, კუჭსა და ნაწლავებში შესაძლოა ქრონიკული ანთებითი პროცესები განვითარდეს. თუ უკვე გაწუხებთ გასტრიტი, კუჭის წყლული, რეფლუქსური დაავადება, კოლიტი ან კრონის დაავადება, ცხარე საკვები მარილმჟავას გამომუშავებას ზრდის. ეს მჟავა დაზიანებულ ქსოვილს უტევს, იწვევს ტკივილს, გულძმარვას და აფერხებს ეროზიების შეხორცებას.
-
გრძელვადიანი რისკები: ზოგიერთი კვლევა ცხარე წიწაკის ჭარბ მოხმარებას საყლაპავის კიბოს გაზრდილ რისკთან აკავშირებს. ქრონიკული ანთება უჯრედების რეგენერაციის პროცესს არღვევს, რამაც, პოტენციურად, ქსოვილების დეგენერაცია შეიძლება გამოიწვიოს. ცხარე საკვების ცხელ სასმელებთან, ალკოჰოლთან, ციტრუსებთან, გაზიან სასმელებთან და ცხიმიან საკვებთან შერწყმა აღნიშნულ რისკს კიდევ უფრო ზრდის, რადგან ისინი ერთობლივად არღვევენ ლორწოვანი გარსის დამცავ ბარიერს.
-
ალერგია და ინდივიდუალური აუტანლობა: ზოგიერთ ადამიანს ცხარე საკვების კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა ან ალერგია უვითარდება. ეს შეიძლება გამოვლინდეს გამონაყარით, ქავილით, ტუჩების ან ენის შეშუპებით და, იშვიათ შემთხვევებში, მძიმე ალერგიული რეაქციებით.
-
გავლენა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე: კაპსაიცინი მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზეც. მძიმე ჰიპერტენზიის (მაღალი წნევა), გულის უკმარისობისა და თანდაყოლილი დეფექტების დროს, მას შეუძლია გამოიწვიოს გულისცემის გახშირება (ტაქიკარდია), არტერიული წნევის მატება და არითმია.
-
რეცეპტორების ადაპტაცია: რეგულარული მოხმარებისას ორგანიზმი ეჩვევა სიცხარეს, გემოვნების რეცეპტორების მგრძნობელობა მცირდება და ადამიანს მეტი წიწაკის მიღების მოთხოვნილება უჩნდება, რითაც ის თანდათან სცდება უსაფრთხო დოზის ზღვარს.
თუ ქრონიკული დაავადებები არ გაქვთ, ცხარე საკვების ზომიერი მოხმარება სავსებით მისაღებია. თუმცა, კუჭ-ნაწლავის ან გულ-სისხლძარღვთა პრობლემების, ასევე ალერგიისკენ მიდრეკილების შემთხვევაში, უმჯობესია, ასეთ საკვებს ექიმთან კონსულტაციის გარეშე მოერიდოთ.
რა არის ცხარე საკვები და როგორ მოქმედებს ის ორგანიზმზე?
ცხარეა საკვები, რომელიც მძაფრ ნივთიერებებს შეიცავს. მათგან ყველაზე ცნობილია კაპსაიცინი, რომელიც ჩილის წიწაკაში გვხვდება. საკვების სიცხარე სკოვილის შკალით იზომება. უნდა აღინიშნოს, რომ „წვის“ შეგრძნება სინამდვილეში არა გემოვნური რეაქცია, არამედ ენასა და ლორწოვან გარსებზე განლაგებული სითბოს რეცეპტორების გააქტიურების შედეგია.
კაპსაიცინის ზემოქმედება სხვადასხვა სისტემაზე:
-
მონელება: ასტიმულირებს კუჭის წვენის გამომუშავებას, აუმჯობესებს პერისტალტიკას და ეხმარება ორგანიზმს პათოგენურ ბაქტერიებთან ბრძოლაში. თუმცა, უკუნაჩვენებია გასტრიტის, წყლულის, გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადებისა და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის გამწვავების დროს.
-
მეტაბოლიზმი: დროებით აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და შესაძლოა, მცირედით შეუწყოს ხელი წონის კლებას. მეორე მხრივ, ზოგიერთ ადამიანში ის მადას ზრდის, რაც ჭარბი კვების მიზეზი ხდება.
-
სისხლის მიმოქცევა: აფართოებს სისხლძარღვებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს „ცუდი“ ქოლესტერინის შემცირებას. ამან შეიძლება გამოიწვიოს კანის დროებითი სიწითლე, ალები და გაძლიერებული ოფლიანობა.
-
ნერვული სისტემა: ტკივილის საპასუხოდ ორგანიზმში იწვევს ენდორფინებისა და დოფამინის („კარგი განწყობის“ ჰორმონების) გამოყოფას. თუმცა, მგრძნობიარე პირებში მისმა ჭარბმა მოხმარებამ, შესაძლოა, დისკომფორტი ან თავის ტკივილი გამოიწვიოს.
როგორ მივირთვათ ცხარე საკვები სწორად?
-
დაიწყეთ თანდათანობით: თუ არ ხართ მიჩვეული ცხარე საკვებს, სანელებლების დოზა ეტაპობრივად გაზარდეთ, რათა თქვენს გემოვნების რეცეპტორებსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტს ადაპტაციის საშუალება მისცეთ.
-
„ცეცხლის“ სწორად ჩაქრობა: კაპსაიცინი წყალში არ იხსნება, ამიტომ ცხარე კერძის შემდეგ წყლის დალევა უსარგებლოა. წვის შეგრძნების მოსახსნელად საუკეთესო საშუალებებია: ცხიმიანი რძის პროდუქტები (რძე, არაჟანი, იოგურტი), ნაყინი, ან ერთი კოვზი შაქარი/თაფლი.
-
მომზადების უსაფრთხოება: ცხარე წიწაკასთან მუშაობისას აუცილებლად გამოიყენეთ ხელთათმანები და მოერიდეთ თვალებსა და სახეზე შეხებას.