როგორ აღვადგინოთ ენერგია შვებულების გარეშე და ვისწავლოთ „არაფრის კეთება“ სწორად
ზოგმა ახლახან დაიწყო ახალ პოზიციაზე მუშაობა, ზოგი ფინანსური სირთულეების გამო შვებულებას სამომავლოდ დებს. შედეგად, ადამიანების ნაწილი წლობით რჩება დასვენების გარეშე. დაღლილობა მუდმივი ხდება, რაც არა მხოლოდ ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე მოქმედებს უარყოფითად, არამედ სერიოზული დაავადებების განვითარების რისკსაც ზრდის. როგორ უნდა დავისვენოთ სრულფასოვნად, როცა შვებულების აღებას ვერ ვახერხებთ?
რა ემართება სხეულს შვებულების გარეშე
ადამიანები დატვირთვაზე განსხვავებულად რეაგირებენ. ზოგისთვის სახლში რამდენიმე მშვიდი დღის გატარებაც საკმარისია, ზოგს კი ძალების აღსადგენად გაცილებით მეტი დრო სჭირდება. ფაქტია, რომ ყველაზე გამძლე ადამიანებსაც კი ესაჭიროებათ დასვენება.
კარდიოლოგების აზრით, შვებულების გარეშე ხანგრძლივმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს:
-
მაღალი არტერიული წნევა.
-
ორგანიზმში ანთებითი პროცესების გააქტიურება.
-
იმუნური სისტემის დასუსტება.
ზარალდება ემოციური მდგომარეობაც. დასვენების ნაკლებობა იწვევს კონცენტრაციისა და გონებრივი სიცხადის დაქვეითებას, ასევე ზრდის დეპრესიის რისკს. კვლევების თანახმად, თუ ადამიანი 6 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ გადის შვებულებაში, გულის შეტევის ალბათობა ორმაგდება.
დაღლილობის ფარული სიგნალები
უკიდურესი დაღლილობა თითქოს შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს, თუმცა ადამიანები ხშირად აგრძელებენ სამსახურში სიარულს, ასრულებენ ჩვეულ მოვალეობებს და საკუთარ მდგომარეობას „ნორმალურად“ მიიჩნევენ. ორგანიზმს შეუძლია, დიდი ხნის განმავლობაში გაუწიოს კომპენსირება გადატვირთვას, თუმცა პირველი ნიშნები სრულ გადაწვამდე ბევრად ადრე ჩნდება:
-
მცირე, მაგრამ სისტემატური თავის ტკივილი.
-
ქუთუთოების კანკალი (ტიკი) და კუნთების ტკივილი.
-
საჭმლის მონელების პრობლემები და უძილობა.
-
გულისცემის გახშირება და ქოშინი.
ზოგჯერ ფიზიკური სიმპტომები არ იკვეთება, მაგრამ საღამოობით ენერგია მხოლოდ ტელეფონის ეკრანის უმიზნოდ სქროლვისთვის გყოფნით, შაბათ-კვირას კი საოჯახო საქმეებს ალევთ. შედეგად, ორშაბათს ისეთი შეგრძნებით იღვიძებთ, თითქოს საერთოდ არ დაგისვენიათ.
როგორ დავისვენოთ შვებულების გარეშე
ძალების აღსადგენად, პირველ რიგში, უნდა გაიაზროთ, რა გღლით ყველაზე მეტად, რადგან დასვენების უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს:
-
ვიზუალური გადატვირთვისას: თუ თქვენი სამუშაო კომპიუტერის მუდმივ გამოყენებას მოითხოვს, დასვენება არა ახალი შთაბეჭდილებების მიღება, არამედ მათი ნაკლებობაა. თვალების 15 წუთით დახუჭვაც კი დაგეხმარებათ სტრესის შემცირებაში.
-
გონებრივი დაღლილობისას: თუ მთელი დღე გადაწყვეტილებებს იღებთ და პრობლემებს წყვეტთ, დაასვენეთ არა მხოლოდ სხეული, არამედ გონება. ამისთვის იდეალურია მსუბუქი ფილმი, სეირნობა ან წიგნი.
-
ფიზიკური დაღლილობისას: იოგა, მასაჟი, სუნთქვითი ვარჯიშები ან თბილი აბაზანა დაგეხმარებათ კუნთების მოდუნებაში.
-
რუტინული დაღლილობისას: ზოგჯერ დაღლილობა ერთფეროვნებით არის გამოწვეული. სცადეთ ახალი ჰობი ან უბრალოდ „ხელახლა აღმოაჩინეთ“ ნაცნობი ქალაქი ტურისტის თვალით.
რატომ გვჭირდება დასვენება შვებულების შემდეგაც?
ზოგჯერ სრულფასოვან შვებულებასაც კი არ მოაქვს სასურველი შვება. მიზეზი ის არის, თუ როგორ ისვენებს ადამიანი. ბევრი შვებულებას კიდევ ერთ ამოცანად აღიქვამს: ჩქარობენ დაგეგმილის შესრულებას და მაქსიმალური შთაბეჭდილებების მიღებას.
ნუ მიიღებთ დასვენებას ახალ, სუპერ-დავალებად, რომელიც იდეალურად უნდა შეასრულოთ.
მისეცით საკუთარ თავს უფლება, უბრალოდ არაფერი აკეთოთ. უსაქმოდ ყოფნა გადატვირთული ადამიანებისთვის სტრესია და დანაშაულის განცდას იწვევს, თუმცა ხშირად, დივანზე უბრალოდ წოლა თქვენი ორგანიზმისთვის ყველაზე სასარგებლო აღდგენითი პროცესია.
როდესაც დასვენება არ შველის: როდის მივმართოთ ექიმს
ქრონიკულ დაღლილობას მრავალი საფუძველი შეიძლება ჰქონდეს: ხანგრძლივი სტრესი, ვიტამინების დეფიციტი ან შინაგანი ორგანოების ფუნქციონირების დარღვევა.
თუ იცავთ ჯანსაღი ცხოვრების წესს, სრულფასოვნად იკვებებით, გძინავთ მინიმუმ 7 საათი და დილით მაინც დაღლილი იღვიძებთ, ან დაღლილობას სხვა ფიზიკური სიმპტომებიც ახლავს თან — ნუ დააბრალებთ ამას მხოლოდ სამუშაო გრაფიკს. ასეთ დროს აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, რათა გამოირიცხოს სხვა, ფარული სამედიცინო პრობლემები. ორგანიზმს სრულფასოვანი აღდგენისთვის არა მხოლოდ დასვენება, არამედ პროფესიონალური სამედიცინო ყურადღებაც სჭირდება.