ერთი შეხედვით უწყინარი სათამაშო, რომელმაც შეიძლება ბავშვის სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდოს - ექიმების საგანგაშო გაფრთხილება
ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ვრცელდება ინფორმაცია ბავშვების მიერ მაგნიტების გადაყლაპვის მძიმე შემთხვევებზე. სულ ახლახან, 5 წლამდე ასაკის ბავშვმა 16-მდე მაგნიტი გადაყლაპა და ორი კვირა საავადმყოფოში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაატარა. გასულ დეკემბერში კი კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც 10 წლის ბავშვის ორგანიზმიდან მაგნიტის გამოსვლას მშობლები რამდენიმე დღის განმავლობაში, შიშითა და შფოთვით ელოდნენ.
ეს ნივთები, რომლებიც ხშირად სენსორული თამაშებისთვის გამოიყენება და საკანცელარიო მაღაზიებში თავისუფლად იყიდება, ერთი შეხედვით უწყინარ გასართობს ჰგავს. თუმცა, როდესაც საქმე ბავშვების ჯანმრთელობას ეხება, „უწყინარი“ ნივთი შეიძლება უდიდეს რისკად იქცეს.
რა საფრთხეს შეიცავს მაგნიტი, რატომ არის ის სხვა მეტალებზე საშიში და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი კრიტიკულ სიტუაციაში? ამ თემაზე კლინიკა იაშვილისა და „კურაციოს“ ექიმები გვესაუბრებიან.
როდის ხდება მაგნიტი „მტერი“? – ლევან ხარაშვილის რეკომენდაციები
იაშვილის კლინიკის აბდომინური, ზოგადი და თორაკო ქირურგიის განყოფილების უფროსი, ლევან ხარაშვილი, ინტერვიუში გვიყვება, რომ მაგნიტის გადაყლაპვისას გადამწყვეტია სამი ფაქტორი: ზომა, ენერგია და რაოდენობა. ექიმი ხაზს უსვამს, რომ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მაშინ, როცა საქმე რამდენიმე მაგნიტს ეხება.
“მაგნიტი, ისევე როგორც სხვა უცხო სხეული შეიძლება გადაყლაპოს ბავშვმა. თუმცა რომ გითხრათ, რომ შემთხვევები გახშირდა ასე არ არის. ადრეც ყლაპავდნენ, ახლაც ყლაპავენ და სამწუხაროდ კიდევ ჩაყლაპავენ. გარდა ცალკე აღებული მაგნიტებისა, ბევრ სათამაშოსაც აქვს მაგნიტი, მაგალითად ჭადრაკის ფიგურებს, რომელიც მეტალის ქვაზე ეკრობა.
თავად მაგნიტი არ წარმოადგენს პრობლემას, ისეთივე უცხო სხეულია, როგორც სხვა მეტალი, მაგალითად ხურდა ფული, რომლის გადაყლაპის შემთხვევებიც ყველაზე ხშირია ბავშვებში. თუმცა მაგნიტის შემთხვევაში სამი რამ არის მნიშვნელოვანი:
მაგნიტის ზომა: თუ მაგნიტი დიდია, მაშინ ის ენდოსკოპიით უნდა იქნას ამოღებული, თუ არადა ბევრს არაფერს დააშავებს განავალთან ერთად გამოვა.
სახიფათო მაგნიტი: ეს არის მაგნიტი, მაღალი ენერგიით, რომელიც არ გამოიყენება სათამაშოებში და უფრო სამრეწველო წარმოებაში გვხვდება და მაღალი ენერგია აქვს. საფრთხეს ქმნის იმ თვალსაზრისით, რომ გადაყლაპვის შემთხვევაში თუ ნაწლავებში გადავიდა და ბავშვს სხეულზე აქვს მეტალის შემცველი ქამარი ან ბალთა, შეიძლება შიგნიდან მიეკრას და ასე დიდი ხნის განმავლობაში იყოს და ნაწლავი დააზიანოს. თუმცა ეს ძალიან იშვიათი შემთხვევებია.
რაოდენობა: ყველაზე საყურადღებო ამ დროს მაინც გადაყლაპული მაგნიტების რაოდენობაა. თუ ერთი მაგნიტია, პრობლემას არ ქმნის, კი აქვს გარკვეული მიზიდულობა, მაგრამ თუ მეტალი ვერ ნახა, ცხადია ვერაფერს მიეკრობა და გამოვა გარეთ. თუ ორი ან რამდენიმე მაგნიტია, მაშინ შესაძლებელია ამ მაგნიტებმა თუ ერთმანეთზე მიკრულები არ არიან, ნაწლავებში მიგრაცია დაიწყონ ცალც-ცალკე და ნაწლავის სხვადასხვა მონაკვეთში არსებული მაგნიტები ერთმანეთს მიეკროს. მათ შორის ნაწლავის კედელია და ხანგრძლივი ზეწოლის შემდეგ ხდება ნაწლავის გახვრეტა, რაც საკმაოდ სახიფათო გართულობაა. ამიტომ დაიმახსოვრეთ, თუ ორი ან მეტი მაგნიტი აქვს ბავშვს გადაყლაპული, საკმაოდ საყურადღებოა.“
– როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როდესაც გაიგებს, რომ მისმა შვილმა გადაყლაპა მაგნიტი?
“უცხო სხეულის გადაყლაპვის შემთხვევში, თუ ის არის მეტალო კონტრასტული, ის აუცილებლად ჩანს რენტგენზე და უნდა მოხდეს გადაღება, რადგან ჩვენ არ ვიცით, ერთია თუ რამდენია. ამ დროს ბავშვმა შეიძლება ასაკიდან გამომდინარე ვერც თქვას რაოდენობა, ან შიშის გამო დამალოს. თუ ერთია და პატარა ზომის არის შედარებით მარტივად არის საქმე, მაგრამ თუ რამდენიმეა მაშინ დიდი ალბათობით ენდოსკოპია უნდა გაკეთდეს თუ კუჭშია, რადგან ნაწლავებში გადასვლის შემთხვევაში, შესაძლებელია დაზიანება.“
– უნდა თამაშობდეს თუ არა ბავშვი ამ ტიპის მაგნიტებით და ძირითადად რას ყლაპავენ ისინი?
„როგორ გითხარით შემთხვევების რაოდენობა წინა წლებთან მომატებული არ არის. თუმცა ასაკობრივი ზღვარი უნდა იყოს დაცული. იმ ასაკის ბავშვს რომელსაც შეიძლება გადასცდეს არ უნდა მივცეთ. ისედაც 2-3 წლის ბავშვს რად უნდა მაგნიტებით თამაში.
რაც შეეხება სხვა საგნებს, ძირითადად ხურდა ფულებს ყლაპავენ. სხვათაშორის ამერიკის სტატისტიკით ეს შემთხვევები შემცირებულია, რადგან იქ ქეში ფული აღარ არის, ყველა ელექტრონულ გადახდაზეა გადასული. საქართველოში მაინც არის მიმოქცევაში ხურდა ფული.“
ცხვირი, ყური და ელემენტის საფრთხე – ხათუნა გიორგაძის გაფრთხილება
კლინიკა „კურაციოს“ ოტოლარინგოლოგიის ექიმ-ასისტენტი, ხათუნა გიორგაძე, ყურადღებას ამახვილებს კიდევ უფრო აგრესიულ საგანზე – ელემენტზე და იმ გართულებებზე, რასაც უცხო სხეული ცხვირისა და ყურის ღრუში იწვევს.
„ელემენტის გადაყლაპვა კიდევ უფრო საშიშია. ელემენტი კუჭში ან საყლაპავში მოხვედრისას სწრაფად იწვევს ქიმიურ დამწვრობას. რამდენიმე საათშიც კი შესაძლებელია ლორწოვანის მძიმე დაზიანება, სისხლდენა, საყლაპავის და კუჭის ძლიერი გართულებები. ზოგ შემთხვევაში ეს მდგომარეობა სიცოცხლისთვის შეიძლება საშიში აღმოჩნდეს. თუ არსებობს ეჭვი გადაყლაპვაზე, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს ან სასწრაფო დახმარება დაუყოვნებლივ გამოიძახონ. ლოდინი და თვითმკურნალობა დაუშვებელია ამ შემთხვევაში.
ბავშვის მიერ მაგნიტების ან ნებისმიერი უცხო სხეულის (როგორიცაა პატარა ბურთულები, მძივების ბურთულები, ასევე ლობიო, სიმინდის მარცვალი რაც ჩვენს პრაქტიკაში ხშირია) ცხვირში შეტენამ შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს. ამის შედეგად ვითარდება ლორწოვანის დაზიანება, შესაძლებელია სისხლდენა, შეშუპება, ტკივილი. ხანგრძლივად დარჩენის შემთხვევაში შესაძლებელია ინფექცია, ჩირქოვანი პროცესების გართულება. ანთება და ცხვირის ფორმის დაზიანებაც კი. ასევე არსებობს სუნთქვის გაძნელებისა და ინფექციის გავრცელების რისკი. ამიტომ მაგნიტის და სათამაშო ბურთულების და სხვა საგნების ცხვირში მოხვედრის შემთხვევაში დაუშვებელია მისი თვითნებურად ამოღება და აუცილებელია ექიმთან დაუყოვნებლივი მიმართვიანობა.
მშობელი თითების ძრომიალით არ უნდა ეცადოს ბავშვის სასუნთქ გზებში “დახმარების გაწევას“. ვინაიდან ხელის ჩაყოფამ შეიძლება გამოიწვიოს შეშუპება, უფრო ღრმად ჩავიდეს სასუნთქ გზებში და ამ დროს იოლი შესაძლებელია განვითარდეს სუნთქვის უკმარისობა და მეტად გართულდება მისი ამოღება. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ მშობლებმა არც პინცეტი, არც ბამბის ჩხირი და სხვა.
ცხვირის ღრუში უცხო სხეულის მთავარი გამოვლინებაა ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ხმაურიანი სუნთქვა, ჩირქოვანი, უსიამოვნო სუნის მქონე და შესაძლებელია სისხლიანი გამონაჟონის არსებობაც. ასევე ყურშიც ძალიან ხშირი შემთხვევაა უცხო სხეულის მოხვედრა, ჩვენი პატარა მეგობრები ამას მარტივად აკეთებენ.
უცხო სხეულის ამოღებამდე აუცილებელია ყურის დათვალიერება ექიმის მიერ უცხო სხეულის ხასიათის დასადგენად. მცირე ზომის, გლუვი კიდეების მქონე უცხო სხეულმა შესაძლოა არ გამოიწვიოს ჩივილები. მკვეთრი კიდეების უცხო სხეულები კი ნამდვილად იწვევს უსიამოვნო, ზოგჯერ მტკივნეულ შეგრძნებებს, ასევე შესაძლებელია ყურებში ხმაურიც, სმენის დაქვეითების შეგრძნებებიც.“
პრევენცია მშობლებისთვის: ოქროს წესები
ექიმი ხათუნა გიორგაძე მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს:
- არასოდეს დატოვოთ ბავშვისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე მცირე ზომის მაგნიტები, ელემენტები და სხვა წვრილი საგნები.
- სათამაშოების შეძენისას იყავით ფრთხილად.
- აუხსენით ბავშვს ასაკის შესაბამისად, რომ წვრილი საგნების პირში ან ცხვირში ჩადება საშიშია ჯანმრთელობისთვის.
- განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებზე.
ბავშვობის ცნობისმოყვარეობა ბუნებრივია, თუმცა ჩვენი, უფროსების პასუხისმგებლობაა, რომ ეს ცნობისმოყვარეობა საბედისწერო არ აღმოჩნდეს. როგორც ვხედავთ, ერთი პატარა მაგნიტიც კი შეიძლება იქცეს რთული ოპერაციისა და ხანგრძლივი რეაბილიტაციის მიზეზად. მთავარი იარაღი აქ პრევენციაა. სანამ ბავშვს „სენსორული თამაშისთვის“ მაგნიტების ნაკრებს მივცემთ, დავფიქრდეთ: შეესაბამება თუ არა ეს ნივთი მის ასაკს?
და თუ მაინც მოხდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა, გახსოვდეთ – დრო გადამწყვეტია. ნუ დაელოდებით მეორე დღეს, ნუ ეცდებით ნივთის თვითნებურად ამოღებას. ენდეთ პროფესიონალებს, რადგან ხშირად რენტგენის ერთი კადრი სიცოცხლის გადარჩენის ტოლფასია.
ნინო გიგიშვილი