საცივიდან — სარბენ ბილიკამდე, ანუ როგორ გავუმკლავდეთ ორკვირიან საახალწლო სუფრას ისე, რომ 15 იანვარს სასწორმა არ გაგვლანძღოს
ახალი წელი მოდის – დრო, როცა სუფრები იშლება, შამპანური ქაფდება და სადღეგრძელოების რაოდენობა უფრო სწრაფად იმატებს, ვიდრე ჩვენი პულსი.
როგორ გადავურჩეთ ამ კულინარიულ მარათონს ისე, რომ 15 იანვარს სარკეში საკუთარი თავი ვიცნოთ და დიეტის დღიურში არ ჩავწეროთ ტრაგიკული ფრაზა: „ახალ ცხოვრებას ვიწყებ... ალბათ 15 იანვრიდან... ან სულაც თებერვალში, როცა გოზინაყი საბოლოოდ გათავდება“.
„მკურნალი“ ბალანსის მომხრეა: არანაირი „მშრალი კანონი“, მხოლოდ სტრატეგიული მანევრირება ხაჭაპურსა და საცივს შორის.
გთავაზობთ ვირტუალურ, მხიარულ ინტერვიუს mkurnali.ge-სთან:
- ექიმო, პირდაპირ გკითხავთ: საცივის, ხაჭაპურისა და ოლივიეს „ტოქსიკური“ სიყვარულის შემდეგ, რა დღეში ვარდება ჩვენი კუჭი?
-კუჭი ამ დროს დაახლოებით იმას გრძნობს, რასაც ბუღალტერი წლის ბოლოს – მუშაობს ზეგანაკვეთურად, შესვენების გარეშე და სულ ფორსაჟის რეჟიმშია. ცხიმიანი კერძები, მაიონეზი და კომბინაცია – „ერთი ლუკმა ეს, ერთიც ის, მერე ცოტა ნამცხვაი, გოზინაყი და ბოლოს ერთი ჭიქა სასმელი“ – იწვევს ისეთ სიმძიმეს, რომ ერთადერთი სურვილი დივანზე უძრავად წოლაა.
გამოსავალი? საცივს ნუ გამოუცხადებთ ომს, უბრალოდ ტემპი დააგდეთ:
- თეფშის ნახევარი ბოსტნეულით დაამშვენეთ – ეს კუჭს საქმეს შეუმსუბუქებს.
- ცხიმიანი კერძი ისე ჭამეთ, თითქოს დეგუსტაციაზე ხართ და არა შეჯიბრზე.
- სადღეგრძელოებს შორის წყლისთვისაც გამონახეთ ადგილი - ორგანიზმს ეგონება, რომ ეხმარებით.
მთავარია, სუფრას ისე არ მივუვარდეთ, თითქოს კაცობრიობის ისტორიაში ბოლო ვახშამია.
-„ზომიერად დალევა“ საერთოდ არსებობს, თუ ეს ისეთივე მითია, როგორც ყოველი ორშაბათიდან ვარჯიშის დაწყება?
-არსებობს, უბრალოდ ჩვენს დნმ-ში ეს ფუნქცია „სადღეგრძელოს“ რეჟიმით გადაიფარა. ზომიერება ნიშნავს, რომ სადღეგრძელოებს შორის პაუზებს აკეთებთ. თუ თამადა ყოველ 5 წუთში „განსხვავებულს“ ითხოვს, თქვენი „განსხვავებული“ წყალი ან მინერალური წყალი იყოს. დაიმახსოვრეთ: 3 ჭიქა ღვინო სიამოვნებაა, 3 ლიტრი კი – უკვე ფილოსოფიური დებატებია მეორე დღის ნაბახუსევთან.
- ყველასთვია ნაცნობია 1 იანვარს გაღვიძება „გასიებული“ თავით და ფიქრით „აღარასდროს დავლევ“ – არის რამე შველა?
- ნაბახუსევის სამკურნალო წამალი დალევამდე უნდა დალიოთ – და ამ წამალს წყალი ჰქვია. თუ მაინც ბახუსი თავს დაგაცხრათ, მაშინ:
* წყალი, ბევრი წყალი.
* მსუბუქი ბულიონი (ჩიხირთმა გადაგვარჩენს, ოღონდ არა ცხიმიანი).
* ცოტა ჟანგბადი – აივანზე გასვლა მაინც, თუ გარეთ ვერ გადიხართ.
ჯადოსნური აბი არ არსებობს. 1 იანვარი ორგანიზმისთვის „სარეაბილიტაციო ცენტრად“ უნდა აქციოთ და არა ნაბახუსევზე ჭამის გაგრძელებად.
- ბებია რომ გვიდებს თეფშზე მესამე პორცია გოზინაყს სიტყვებით „არაფერს ჭამ, შვილო“ – როგორ გადავრჩეთ?
-ბებიასთან დიპლომატიაა საჭირო. არასდროს უთხრათ „დიეტაზე ვარ“ – ეს ოჯახურ ომს ნიშნავს. უთხარით: „ბე, ისეთი გემრიელია, ნელ-ნელა უნდა ჩავატკბარუნო პირი, რომ გემო არ დავკარგოო“. სტრატეგია ასეთია: აიღეთ ცოტა, ჭამეთ დიდხანს და ბევრი არა. კუჭიც გადარჩება და ბებიის ავტორიტეტიც.
- შეიძლება საახალწლოდ დიეტაზე ყოფნა ისე, რომ ფსიქიკა არ დაგვიზიანდეს?
-დიეტა სასჯელაღსრულების დაწესებულება არ არის. უბრალოდ „აკრძალვა“ შეცვალეთ „არჩევანით“. ნაცვლად ფრაზისა „არ ვჭამ ხაჭაპურს“, თქვით: „ამ ერთ ნაჭერს შევჭამ და მერე სალათზე გადავალ“. ეს ფსიქოლოგიური ტრიუკია – როცა საკუთარ თავს მკაცრად არ უკრძალავ, ისე აღარ გინდება. შიმშილით ახალ წელს ვერავინ შეხვდება, მთავარია „კულინარიული ხარბობა“ დავამარცხოთ.
- ნუგბარი – ნამცხვრები, ჩურჩხელა, გოზინაყი, ჩირი – ეს ხომ ნამდვილი საახალწლო რიტუალია. „ვაიმე, არ შეიძლება“ თუ „ერთი ნატეხი არაფერს მიზამს“?
-ნამცხვარი, გოზინაყი და ჩურჩხელა დემონები არ არიან, თუ მათთან ერთად არ იძინებთ. მთავარია – ტაქტიკური პაუზა. თუ სამივეს ერთად დაგემოვნება გსურთ, აიღეთ მინი-ულუფები: მეოთხედი ნაჭერი ნამცხვარი, ერთი ნატეხი გოზინაყი და ჩურჩხელის მერვედი. მიირთვით ნელა და დაელოდეთ 10 წუთი. რატომ? იმიტომ, რომ ტვინს ზუსტად ეს დრო სჭირდება იმის გასაანალიზებლად, რომ ორგანიზმში „ბედნიერების ჰორმონები“ უკვე შევიდა. როგორც წესი, 10 წუთში ხვდებით, რომ სიტკბოს დოზა სრულიად საკმარისია და „სტოპ-სიგნალიც“ თავისით მოდის.
- ღამის ჭამა... როცა 02:00-ზე გგონია, რომ თუ ახლა საცივს არ შეჭამ, სამყარო დაიქცევა?
ეგ შიმშილი კი არა, საახალწლო ეიფორიაა – როცა გარეთ ყველაფერი ბრწყინავს, კუჭიც „დღესასწაულს“ ითხოვს. ღამით ორგანიზმს სძინავს (ან უნდა ეძინოს), ამიტომ მაცივართან ღამის „რეიდებისას“ მთავარია, იქიდან „მძიმე არტილერიით“ (ხაჭაპურით ან მაიონეზიანი სალათით) არ გამოხვიდეთ.
თუ მაინც ვერ ისვენებთ, აირჩიეთ „მშვიდობიანი ალტერნატივა“:
- მსუბუქი ცილა: ერთი ნაჭერი მოხარშული ინდაური (საცივის გარეშე!) ან ყველი.
- „ცოცხალი“ წასახემსებელი: კიტრი ან მწვანე ვაშლი – ღეჭვის პროცესი ტვინს დაამშვიდებს.
- თბილი სითხე: ერთი ჭიქა პიტნის ჩაი ან უბრალოდ თბილი წყალი ლიმონით – ხშირად ორგანიზმს სითხე აკლია და ჩვენ ეს შიმშილი გვგონია.
მოკლედ: თუ მაცივრის კარს მაინც გააღებთ, ეცადეთ იქიდან ისეთი რამ გამოაპაროთ, რაც დილით სარკის წინ არ ინანებთ.
- რა არის თქვენი მთავარი საახალწლო ფორმულა?
-ნუგბარი – შეიძლება. ღვინო – შეიძლება. ყველაფერი შეიძლება, თუ საკუთარ სხეულს ისე მოექცევით, როგორც საყვარელ ადამიანს და არა როგორც ნაგვის ურნას.
- გვითხარით 3 რჩევა 2026 წლისთვის, რომელიც რეალურია და არა კოსმოსური.
- კვირაში სამჯერ მაინც ისე იარეთ ფეხით, რომ სუნთქვა აგიჩქარდეთ.
- დღეში ერთხელ მაინც ჭამეთ რამე მწვანე (და არა, ტარხუნის ლიმონათი, ეს არ ითვლება).
- გამოიძინეთ! გამოუძინებელი ადამიანი უფრო მეტს ჭამს, იმიტომ რომ ორგანიზმი ენერგიას საკვებში ეძებს.
დაბოლოს
ახალი წელი იმისთვისაა, რომ გავიხაროთ და არა იმისთვის, რომ 15 იანვარს სასწორზე დადგომის გვეშინოდეს. ჭამეთ – გემოვნებით ზომიერად, სვით – გონიერებით და იცეკვეთ – ბევრი! ჯანმრთელობა იწყება კარგი განწყობით და არა შიმშილით.
ახალწელს სადღეგრძელოები აუცილებელია, მაგრამ ჯანმრთელობის სსწმინდარი ზომიერ პორციებშია. ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!“
📌 მხიარული რეკომენდაციები:
- „სუფრა მტერი არ არის – უბრალოდ, დროზე დააჭირეთ „სტოპ ღილაკს“.
- „სუფრასთან ისე მოიქეცით, როგორც პირველ პაემანზე: ცოტა მორიდება და ბევრი დაკვირვება“.
- „საცივი არ არის მტერი, მტერი მეხუთე პორციაა“.
- „ერთი ჭიქა – ჯანმრთელობისთვის, ორი – განწყობისთვის, სამი – უკვე პოლიტიკაზე სასაუბროდ. გაჩერდით მეორეზე!“
- „ბებიას ხათრით ნაჭამი ხაჭაპური კალორიებში არ ითვლება (ხუმრობაა, ითვლება, თან როგორ!).“
- „ღამის 3 საათზე მაცივართან? თუ მაინც გააღეთ, შიგნიდან წყალი გამოიღეთ და სასწრაფოდ დახურეთ!“